• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • თინათინ ერქვანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 27.06.2025
      • N1875
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №1/4/1875 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თინათინ ერქვანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

თინათინ ერქვანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/4/1875
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 8 ოქტომბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 20 ოქტომბერი 2025 13:21

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: თინათინ ერქვანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 პუნქტებისა და 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.  

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1875) მომართა თინათინ ერქვანიამ. №1875 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 30 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 ოქტომბერს.

2. №1875 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართელოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ამავე კანონის 33-ე მუხლი განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური პერსონალის ვინაობასა და საქმიანობის ფარგლებს. უფრო კონკრეტულად, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან; ამ მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს, რომ პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით. რაც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტს, აღნიშნულით განსაზღვრულია, რომ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის პრინციპს.

5. მოსარჩელესთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ პროფესორი (ნებისმიერ საფეხურზე და არა მაგალითად მხოლოდ ასისტენტის რანგში) შესაძლოა აღმოჩნდეს პირი, რომელსაც არ გააჩნია დოქტორის აკადემიური ხარისხი. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია სრული სტატუსობრივი გათანაბრება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურგავლილ) და არმქონე პირებს შორის. პირთა ეს ორი ჯგუფი პროფესორის თანამდებობაზე, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება სტატუსობრივად ერთმანეთისაგან. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე პირის არჩევას პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და მის სრულ სტატუსობრივ გათანაბრებას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორის სტატუსთან.

6. №1875 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოში დოქტორის ხარისხის მქონე პირთა და, ზოგადად, მეცნიერთა აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოფილი არ არის. დოქტორის ხარისხის არმქონე პირები პროფესორის სტატუსით სარგებლობენ და არ არის უზრუნველყოფილი ფიქსირებული ხელფასები პროფესურისათვის კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიქსირებული ხელფასების დანიშვნა აკადემიური თანამდებობის პირებისათვის ხდება სელექციურად, უფრო კონკრეტულად, მოსარჩელის მითითებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც დოქტორის ხარისხის არქმონე პროფესორს გააჩნია ფიქსირებული ხელფასი, დოქტორის ხარისხის მქონე პროფესორს კი - არა. მისი თქმით, აღნიშნული იწვევს სრულ თვითნებობას საუნივერსიტეტო სივრცეში. მოსარჩელის ხაზგასმით, არსებული საათობრივი ანაზღაურება იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია კვლევა და სწავლება, რაც იწვევს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუარესებას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ აკადემიური თავისუფლება, როგორც კონსტიტუციური პრინციპი საქართველოში უარყოფილია. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აკადემიური თავისუფლება არის კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას მისი უზრუნველყოფისა და რეალიზაციის კონტექსტში.

7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ შესადარებელი პირები არიან დოქტორის ხარისხის მქონე და დოქტორის ხარისხის არმქონე პროფესორები. ამასთანავე, მისი მითითებით, პირთა ამ ორი ჯგუფის ერთმანეთთან გათანაბრებით ხდება ინტენსიური ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებაში, ვინაიდან დოქტორანტურის საფეხურის გავლა რთულ აკადემიურ წინაპირობებთან და მეცნიერულ კვლევასთან არის დაკავშირებული, რაც წლებს მოითხოვს. მოსარჩელე მხარე საკუთარ გამოცდილებაზე მიუთითებს, კერძოდ, მას სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიერ გერმანულ ენაზე წარდგენილი და დაცული დისერტაციის შედეგად, რაც ქართული ანალოგიური რეალობისაგან განსხვავებით მეტ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს. დოქტორანტურის საფეხურის გავლის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი გერმანიასა და საქართველოში, შესაბამისად, 3-5 წელიწადია. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ დოქტორანტურა, როგორც აკადემიური საფეხური მნიშვნელოვნად ზრდის და აყალიბებს მეცნიერს მეცნიერული კარიერის ფარგლებში. ამ საფეხურის გავლის გარეშე კი რთულია შესაბამისი „პროფესორების“ აკადემიურობასა და მეცნიერული კვლევის სტილისტიკაში გათვითცნობიერებაზე, ასევე, ზოგადად, მეცნიერულ მიღწევებზე საუბარი. შესაბამისად, მისი აზრით, ჩარევა თანასწორობის ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ინტენსიურია და განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები უნდა შეფასდეს ე. წ. მკაცრი ტესტით.

8. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზანზე. კერძოდ, მისი აზრით, ჩარევის გამართლებისათვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისა და მეცნიერების განვითარება/ფორმირება ქვეყანაში იმგვარად, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გზა გაეხსნას ახალ თაობას და უმაღლესი განათლების სივრცე და მეცნიერება იყოს ღია ახალი კადრისთვის. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გასაჩივრებული რეგულაციები ვერ აკმაყოფილებენ თანაზომიერების პრინციპის ვერც ერთ კრიტერიუმს. უფრო კონკრეტულად, მოსარჩელის არგუმენტაციით, მეცნიერება ვერ განვითარდება დოქტორის ხარისხის არმქონე პროფესორის მიერ, რადგან მას მეცნიერული კვლევების გამოცდილება დოქტორის ხარისხის საგანმანათლებლო საფეხურზე გავლილი არ აქვს, შესაბამისად, მეცნიერული გამოცდილების არარსებობის პირობებში, ეს მიზნები ვერ მიიღწევა და ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემა, ასევე, მეცნიერება ვერ შეესატყვისება თანამედროვე სტანდარტებს მსოფლიოში.

9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პროფესორი უნდა განსხვავდებოდეს სხვა პროფესორებისაგან კვლევითი გამოცდილების არსებობით საკუთარ სფეროში. მისთვის გაუგებარია ის, თუ სამივე ტიპის პროფესორისათვის (ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული და სრული პროფესორი) რა აუცილებლობით არის გამოწვეული ერთი და იმავე სტანდარტის გათვალისწინება. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის კომპონენტს. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას ვიწრო პროპორციულობის თაობაზე, მისი განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში კერძო და საჯარო ინტერესები არ არის ერთმანეთთან შესატყვისი. დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის გავლას აზრი ეკარგება, ვინაიდან დოქტორის ხარისხის არმქონე პირის პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნით მნიშვნელოვნად ფერხდება სწავლისა და კვლევის შესაბამისი შედეგების განხორციელება. ამასთანავე, საჯარო უნივერსიტეტებში იშვიათად ცხადდება კონკურსი, უფრო მეტიც, ძირითადად, ხდება არსებული პროფესურის დაწინაურება (გადანიშვნა) და არა - ახალი კადრის მიღება. კონკურსის მიმდინარეობის შესახებ საჯარო განცხადებები კი თავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და არ არსებობს რაიმე ერთიანი საჯაროდ ცნობილი პლატფორმა საამისოდ. მათ შორის, არ არსებობს ფიქსირებული ხელფასი კერძო უნივერსიტეტებში, რასთან დაკავშირებითაც კანონმდებლობით არაფერია გათვალისწინებული. მოსარჩელის მტკიცებით, არ არსებობს რაიმე სახის კრიტერიუმი, რომელიც საქართველოში დოქტორის ხარისხის მქონე პირს ამ ხარისხის არმქონე პირისგან პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის კონტექსტში განასხვავებს. დამატებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიც კი არ მოიხსენიებს ტერმინებს - „დისერტაცია“ ან „პროფესორი“. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

10. №1875 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესორის სტატუსის მქონე პირთა მიმართ არსებულ სამართლებრივ მდგომარეობაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებული კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე, მათ შორის, სადავოდ ხდის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. აღსანიშნავია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი განმარტავს პროფესორის ცნებას. განსახილველი სადავო ნორმა შემოიფარგლება მხოლოდ ტერმინთა განმარტებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, ტერმინთა განმარტების მიზანი ამა თუ იმ კანონში გამოყენებული ცნების შინაარსის განსაზღვრაა. საკანონმდებლო დეფინიციები გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის №1/9/1477 განჩინება საქმეზე „ნუგზარ კობახიძე საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“, II-4). მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი საკანონმდებლო დეფინიცია გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება. მისი მიზანი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ტერმინის, მოცემულ შემთხვევაში, „პროფესორის“ შინაარსის განსაზღვრაა. გასაჩივრებული რეგულაცია არ ადგენს რაიმე სამართლებრივ შედეგს და არ ქმნის უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ როგორ და რა ფარგლებში შეიძლება, სადავო ნორმამ შეზღუდოს სარჩელში მითითებული კონსტიტუციური თანასწორობის უფლება.

4. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1875 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართელოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

5. №1875 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ასევე არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე პირის არჩევას პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მის სრულ სტატუსობრივ გათანაბრებას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორის სტატუსთან.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).

7. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს, რომ სადავო ნორმა, მოსარჩელე მხარეს, სხვა არსებითად მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებთან შედარებით განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს, მისსავე კუთვნილებასთან დაკავშირებული რაიმე ნიშნით, ან პირიქით, არსებითად განსხვავებულ ვითარებაში მყოფ პირებს სახელმწიფო არსებითად ერთგვაროვნად ეპყრობა. ამდენად, იმისათვის, რათა №1875 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, მოსარჩელე მხარემ, ერთი მხრივ, ნათლად უნდა გამოკვეთოს შესადარებელი პირები, რომელთა შორისაც, სადავო ნორმების საფუძველზე, დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა, მეორე მხრივ კი, დაასაბუთოს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფასა და რეალიზაციასთან მიმართებით, იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ ან არსებითად უთანასწორო პირებს.

8. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე, კონსტიტუციურ სარჩელში შესადარებელ პირებად გამოყოფს, ერთი მხრივ, პროფესორებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის აკადემიურ ხარისხს და, მეორე მხრივ, პროფესორებს დოქტორის აკადემიური ხარისხის გარეშე. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოში დოქტორის ხარისხის მქონე პირთა და, ზოგადად, მეცნიერთა აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოფილი არ არის. დოქტორის ხარისხის არმქონე პირები პროფესორის სტატუსით სარგებლობენ და არ არის უზრუნველყოფილი ფიქსირებული ხელფასები პროფესურისათვის კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიქსირებული ხელფასების დანიშვნა აკადემიური თანამდებობის პირებისათვის ხდება სელექციურად. აღნიშნული კი იწვევს სრულ თვითნებობას საუნივერსიტეტო სივრცეში. არსებული საათობრივი ანაზღაურება იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია კვლევა და სწავლება, რაც იწვევს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუარესებას.

9. სადავოდ გამხდარი ნორმების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან [33-ე მუხლის პირველი პუნქტი]; პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ [33-ე მუხლის მე-3 პუნქტი]; აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით [33-ე მუხლის მე-5 პუნქტი]. ამგვარად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტი მხოლოდ იმას მიუთითებს, თუ რომელი სუბიექტებისაგან შედგება აკადემიური პერსონალი, მე-3 პუნქტი განსაზღვრავს პროფესორების ფუნქციებს, ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს, თუ ვინ განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის ზღვრულ ოდენობას. მაშასადამე, არც ერთი მათგანი არ შეეხება პროფესორის არჩევის წესს და არ შეიცავს რაიმე წინაპირობასა თუ კრიტერიუმს, თუ ვინ შეიძლება არჩეულ იქნეს პროფესორის თანამდებობაზე. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარეს არც რაიმე დასაბუთება წარმოუდგენია იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ფაქტი ან გარემოება მიუთითებს, რომ დოქტორის ხარისხის მქონე და არმქონე პირების პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა გამომდინარეობს სწორედ რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების შინაარსიდან. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მარტოოდენ აპელირებს იმაზე, რომ ქართული საკანონმდებლო სივრცე არ აღიარებს აკადემიურ თავისუფლებას, როგორც კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მითითებით, ეს უკანასკნელი არის კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას მისი უზრუნველყოფისა და რეალიზაციის კონტექსტში. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპი ირღვევა სწორედ მაშინ, როდესაც სახელმწიფო არსებითად განსხვავებულ პირებს თანასწორად ეპყრობა და პირიქით, არსებითად თანასწორებს - განსხვავებულად, თუმცა იმის დასასაბუთებლად, რომ ზემოხსენებული დარღვევა სწორედ ამ კონკრეტული სადავო ნორმათა შინაარსიდან მომდინარეობს, მოსარჩელე არ მიუთითებს რაიმე გარემოებაზე, ამასთანავე, არ წარმოადგენს სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის იდენტიფიცირებას ანდა იმას, თუ სადავო ნორმის მოქმედებით რა ხარისხისაა სახელმწიფოს მხრიდან თვითნებური ჩარევა თანასწორობის უფლებაში.

10. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დებულებიდან იდენტიფიცირებადია პირთა წრე, რომელთაგანაც უნდა შედგებოდეს აკადემიური პერსონალი უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, რით შემოიფარგლება პროფესორის მონაწილეობა სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში და, ამასთანავე, ვინ განსაზღვრავს, ზოგადად, აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას. უდავოა, რომ ტექსტობრივი ანალიზის შედეგად, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაციები ნეიტრალური ხასიათისაა და არ ადგენს განსხვავებულ მოპყრობას პირთა მიმართ მათსავე კუთვნილებასთან დაკავშირებული რომელიმე ნიშნით პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობის კონტექსტში და არც განსხვავებულ ვითარებაში მყოფთათვის ადგენს ერთგვაროვან სამართლებრივ სივრცეს. იმავდროულად, აშკარაა, რომ არც ერთ სადავო ნორმას შემხებლობა არ აქვს საკითხთან, თუ ვინ შეიძლება გახდეს პროფესორი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი. აღსანიშნავია ისიც, რომ სადავო ნორმები არ არეგულირებს პროფესორის თანამდებობაზე პირის თანამდებობრივი სარგოს დანიშვნის საკითხებს. როგორც ჩანს, მოსარჩელის არგუმენტი კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესურისთვის ფიქსირებული ხელფასების არარსებობასთან დაკავშირებით შეეხება მხოლოდ და მხოლოდ მის გულისტკივილს და არა სამართლებრივ მოცემულობას, რომელიც კავშირში იქნებოდა სადავო ნორმებიდან მომდინარე თანასწორობის უფლების შესაძლო შეზღუდვასთან. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში გარდა იმისა, რომ არ არის წარმოჩენილი ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას შორის, ასევე არ არის დასაბუთებული, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, არსებითად განსხვავებულ ვითარებაში მყოფ პირთა ჯგუფს სახელმწიფო არსებითად ერთგვაროვან ვითარებაში ამყოფებს და პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესში ერთსა და იმავე კრიტერიუმებს უწესებს.

11. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1875 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართელოს კანონის 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1875 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხი

13. №1875 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31-35).

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

16. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).

17. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს, შეიცავს თუ არა სადავო ნორმის მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს და შესაძლებელია თუ არა, გასაჩივრებული რეგულაციის მოქმედების შეჩერების გზით, ამგვარი საფრთხის თავიდან აცილება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ, უპირველესად, მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს მტკიცებულებები გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხის არსებობასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები ან არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ აზღვევს მის წინაშე სავარაუდოდ არსებულ რისკებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში აკადემიური თავისუფლების რეალიზაციისთვის კანონმდებლობით დადგენილი შესაძლებლობები.

18. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო №1875 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობაზე მოთხოვნის მხოლოდ იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედების შეჩერებას. მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნის დასასაბუთებლად სარჩელში მითითებული არ არის არც ერთი არგუმენტი თუ ინფორმაცია მაინც, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა და შემდგომში დაარწმუნებდა სადავო ნორმის მოქმედებიდან მომდინარე გამოუსწორებელი და შეუქცევადი საფრთხის არსებობაზე. კონსტიტუციური სარჩელიდან ცხადად იკვეთება, რომ სარჩელის ავტორი შემოიფარგლება მხოლოდ ერთი წინადადებით და ასახელებს შუამდგომლობას სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. უდავოა, რომ ეს უკანასკნელი მოკლებულია ყოველგვარ არგუმენტაციასა თუ მსჯელობას. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაუსაბუთებელია.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1875 კონსტიტუციური სარჩელი („თინათინ ერქვანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1875 კონსტიტუციური სარჩელი („თინათინ ერქვანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ