• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.09.2025
      • N1892
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • This document is not available in English

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/17/1892
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ევა გოცირიძე,
თარიღი 8 ოქტომბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 20 ოქტომბერი 2025 13:04

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1892) მომართა გიორგი რეხვიაშვილმა. №1892 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 10 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 ოქტომბერს.

2. №1892 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს გირავნობის მოწმობის ლეგალურ დეფინიციას და ამასთანავე, მოგირავნის უფლებას, კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას გირავნობის მოწმობის საფუძველზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს, გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესებს, რომ „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.

5. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 5 აპრილს, მოსარჩელესა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, ხოლო გირავნობის საგანს წარმოადგენდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული გირავნობის ხელშეკრულება იმავე დღეს დარეგისტრირდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. მოგირავნის, სს „ლიბერთი ბანკის“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული იყო, რომ დამგირავებელმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, 2022 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დანაწესის შესაბამისად, გასცა გირავნობის მოწმობა.

6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო მოწესრიგების (მხედველობაშია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის პირველი ნაწილი) საფუძველზე, მოგირავნეს შესაძლებლობა ეძლევა, ბოროტად გამოიყენოს უფლება და გირავნობის მოწმობის მისაღებად მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც დაუყოვნებლივ გასცემს ამ მოწმობას და არ ამოწმებს იმას, ნამდვილად დაარღვია თუ არა მოვალემ ვალდებულება. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი უთითებს, რომ გირავნობის მოწმობის გაცემის საფუძველს უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებული მოთხოვნა უნდა წარმოადგენდეს და კანონი არ უნდა ახდენდეს ვალდებულების შეუსრულებლობის პრეზუმირებას.

7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა, სადავო დანაწესისა (მხედველობაშია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის მე-2 ნაწილი) და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რაც მოვალის მიმართ სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყების საფუძველია. ასეთ ვითარებაში, პირის მიმართ დგება ნეგატიური სამართლებრივი შედეგი იმგვარად, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, სასამართლო გზით, საპროცესო უფლებების გამოყენების საფუძველზე, ამტკიცოს საკუთარი სიმართლე, რაც არ არის შეთავსებადი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან და განაპირობებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებობის სტანდარტები, რომლითაც იხელმძღვანელებს საკონსტიტუციო სასამართლო

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამდენად, მოსარჩელის უფლებების სრულყოფილად რეალიზაციისათვის, ისევე, როგორც კონსტიტუციური წესრიგის დაცვისათვის, აუცილებელია, ერთი მხრივ, იმ მტკიცებულებების მოყვანა, რომელიც წარმოაჩენს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ძირითადი უფლების სწორად იდენტიფიცირება, რომლის რეალურ შეზღუდვასაც იწვევს სადავო ნორმა. ამ კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსისა და მისგან მომდინარე შეზღუდვის ზუსტად წარმოჩენას და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის კონსტიტუციის რელევანტურ მუხლთან დაყენებას, რათა მოხდეს უფლების შესაძლო შეზღუდვის სწორი, კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტით შეფასება.

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის პირველი ნაწილის არსებითად განსახილველად მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

2. მოსარჩელე მხარე, მათ შორის, სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული რეგულაცია ადგენს, რომ მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში, მოვალის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოგირავნის განცხადების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას, რაც, საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აძლევს მოგირავნეს უფლებას, მოითხოვოს დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მას ერთმევა მისი უფლებების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობა, რაც არაკონსტიტუციურია. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, სადავო ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე მიუთითებს მთლიანად 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან (როგორც პირველ ასევე მე-2 წინადადებასთან) მიმართებით.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის წესს. კერძოდ, მომსახურების სააგენტო სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობების არსებობისას (რაც არ გულისხმობს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვას) გასცემს გირავნობის მოწმობას. მისი რეგულირების სფერო ამოიწურება იმ საკითხების იდენტიფიცირებით, თუ რა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში არის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი გასცეს გირავნობის მოწმობა. საკანონმდებლო ჩანაწერიდან, რომ მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას, არ გამომდინარეობს არც პირდაპირ და არც ირიბად გირავნობის მოწმობის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა. ხსენებული ნორმა არ შეეხება მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოსათვის მიმართვის გზით დაცვის რეგულირებას, ანდა სასამართლოს მეშვეობით საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას. ამდენად, სადავო ნორმა არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით (ამავე პუნქტის როგორც პირველი, ასევე მე-2 წინადადებით) დადგენილ მოსარჩელის უფლებებს. მეორე მხრივ, არც მოსარჩელეს წარმოუდგენია კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში რელევანტური და ხელშესახები არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა სადავო ნორმის ზემოხსენებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების არსებობაზე.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1892 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის მე-2 ნაწილის არსებითად განსახილველად მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

5. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი უთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მას ერთმევა შესაძლებლობა, გააქარწყლოს მოგირავნის მოთხოვნის საფუძვლიანობა სასამართლოს გზით და დაამტკიცოს მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი, ამით კი თავიდან აიცილოს დაგირავებული ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა. მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელე, სადავო ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე მიუთითებს მთლიანად, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან (ამავე პუნქტის როგორც პირველ, ასევე მე-2 წინადადებასთან) მიმართებით, ისე, რომ არ აზუსტებს, ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ რომელ წინადადებასთან ხედავს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემას და რატომ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თითოეულ, როგორც პირველ ასევე მე-2 წინადადებასთან შესაძლო მიმართებაზე, ცალ-ცალკე იმსჯელებს.

6. სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში და ვისგან არის მოგირავნე უფლებამოსილი, მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა. დასახელებული ნორმის შინაარსობრივი დიაპაზონი ამოიწურება მხოლოდ იმ საკითხის იდენტიფიცირებით და სხვა სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი შინაარსი მას არ გააჩნია. გასაჩივრებული რეგულაცია საერთოდ არ არეგულირებს სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მით უმეტეს, არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. მეორე მხრივ, არც მოსარჩელეს წარმოუდგენია კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში რელევანტური და ხელშესახები არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან შინაარსობრივი მიმართების არსებობაზე.

7. რაც შეეხება სადავო ნორმის მიმართების საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების მარეგლამენტირებელი დებულებაა, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ აღინიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამავდროულად, სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

8. ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, ჰქონდეს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების სასამართლოს მეშვეობით, დაცვის ეფექტიანი მექანიზმები. ხოლო თუ სადავო ნორმა მიმართულია თავად მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ან/და გაუქმებისაკენ, მაშინ სახეზეა არა უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმების შეზღუდვა, არამედ თავად ამ უფლების მატერიალური შინაარსის რეგულირება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, თუ რას განსაზღვრავს იგი - ამა თუ იმ მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შინაარსსა და ფარგლებს თუ მათი დაცვის საპროცესო წესრიგს.

9. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს მოგირავნის უფლებას, კანონმდებლობით დადგენილი გარემოების არსებობისას (რაც არ მოიაზრებს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების სავალდებულოდ არსებობას), გირავნობის მოწმობის საფუძველზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს, გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა. სადავო ნორმა არ არეგულირებს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცედურულ საკითხებს, შესაბამისად მის საფუძველზე არ ხდება სასამართლოში საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული ასპექტის შეზღუდვა, რაც დაადასტურებდა გასაჩივრებული რეგულაციის შინაარსობრივ მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთება და არგუმენტაცია იმ მატერიალურ უფლებასთან მიმართებით, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე ნეგატიური შედეგი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1892 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1892 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ