ვახტანგ დალაქიშვილი და „შპს კავკაზუს ლიმითედი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/1872 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 ოქტომბერი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ოქტომბერი 2025 13:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ვახტანგ დალაქიშვილი და „შპს კავკაზუს ლიმითედი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1872) მომართეს ვახტანგ დალაქიშვილმა და „შპს კავკაზუს ლიმითედიმ“. №1872 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 24 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 ოქტომბერს.
2. №1872 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთანავე, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლებსა და წესს.
5. №1872 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები საქმიანობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების სფეროში, რაც გულისხმობს მათ საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილების (კატეგორია B) ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემას იმ პირებისათვის, რომლებსაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნიათ უფლება, მართონ მსუბუქი ავტომობილი საქართველოს ტერიტორიაზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ერთ-ერთი მოსარჩელის, ვახტანგ დალაქიშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო საქმის განხილვა, რომლის ფარგლებშიც, მას, როგორც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე დაყრდნობით, ედავებიან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას, 11 778 ლარის ოდენობით.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. საერთო სასამართლოების, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ თანმიმდევრულად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მსგავსი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ეკისრება, დამოუკიდებლად იმისაგან, ამ უკანასკნელს მიუძღვის თუ არა ბრალი ზიანის დადგომაში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ითხოვს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც პირს აკისრებს ვალდებულებას, დაზარალებულს აუნაზღაუროს მის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანი, მაშინ, როდესაც მიყენებული ზიანი არ არის გამოწვეული მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად და დადგენილია სამართალდამრღვევი პირი, რომელიც, იმავდროულად, არ იმყოფება სამსახურებრივ ურთიერთობაში მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრესთან.
7. მოსარჩელე მხარე, ზოგადად, არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საკუთრების სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, არაბრალეულ პირს დამდგარი ზიანისათვის დაეკისროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუმცა მაშინ, როდესაც იგი დაკავშირებულია ბრალეულ პირთან ან უგულებელყო სამოქალაქო წინდახედულების ნორმები − მაგალითად, თუ სატრანსპორტო საშუალება სამართავად გადასცა პირს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს მისი მართვის უფლება ან პირს, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური თრობის ქვეშ ან იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალეული პირის დადგენა ვერ ხერხდება. საპირისპიროდ, მოსარჩელეების პოზიციით, როდესაც ავტომობილის მესაკუთრემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დაშვებული ფორმების გამოყენებით, სატრანსპორტო საშუალება სამართავად გადასცა მესამე პირს, რომელიც იმყოფებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ვარგის მდგომარეობაში ანუ გააჩნდა საამისოდ აუცილებელი მართვის უფლება და დამრღვევი იდენტიფიცირებულია, არ არსებობს საჯარო ინტერესი, რომელიც პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას გაამართლებდა. მოსარჩელეები, აგრეთვე არ იზიარებენ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განვითარებულ პრეზუმფციას, რომლის შესაბამისადაც, სატრანსპორტო საშუალება, სხვა სამოქალაქო ბრუნვაში არსებულ ნივთებთან შედარებით, წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და მარტოოდენ აღნიშნული გარემოება საკმარისია იმისათვის, რომ დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს დაეკისროს.
8. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის, როდესაც ზიანი არ არის გამოწვეული მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად და იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია სამართალდამრღვევი პირის ვინაობა, რომელიც, იმავდროულად, არ იმყოფება სამსახურებრივ ურთიერთობაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან, არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე.
10. №1872 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის შეჩერების თაობაზე. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ვახტანგ დალაქიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო საქმე, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, №1872 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, შეუძლებელი იქნება დარღვეული უფლების აღდგენა, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამოქალაქო საქმეებზე უკუძალა არ გააჩნია. შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, არსებობს ვახტანგ დალაქიშვილისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალური, მყისიერი საფრთხე. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს მესამე პირების უფლებების ან საჯარო ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას, რამდენადაც დაზარალებულ პირს კვლავ რჩება შესაძლებლობა, მოითხოვოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, უშუალოდ ბრალეული პირისაგან, როგორც სამოქალაქო, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1872 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც პირს აკისრებს, მის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, მაშინ, როდესაც დამდგარი ზიანი არ არის გამოწვეული მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად და დადგენილია სამართალდამრღვევი პირი, რომელიც, იმავდროულად, არ იმყოფება სამსახურებრივ ურთიერთობაში მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრესთან.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, მათ შორის, არაპირდაპირი მფლობელი ანუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, მიუხედავად ზიანის დადგომის პროცესში მისი ბრალეულობისა. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება ადგენს ზოგადი წესისგან გამონაკლისს და მიუთითებს, თუ პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით სხვას მიაყენებს ზიანს, სამოქალაქოსამართლებრივი წესით, ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა დაეკისრება პირდაპირ მფლობელს (ანუ მოსარგებლეს). მოცემულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის პასუხისმგებლობა გამოირიცხება. ზემოხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად კი, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მფლობელს, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო, ხოლო მე-3 წინადადების მიხედვით, ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე, მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
4. მაშასადამე, ნათელია, რომ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა, ბრალეულობის ფაქტის გაუთვალისწინებლად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს წარმოეშობა, თუ იგი სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან, თუ მოსარგებლე მის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად კი, სატრანსპორტო საშუალების არაპირდაპირი მფლობელის (მესაკუთრის) პასუხისმგებლობა გამოირიცხება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სატრანსპორტო საშუალებას მისი ნებართვის გარეშე იყენებს. მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება ადგენს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის (მესაკუთრის) მიერ ანაზღაურების ზოგადი წესისგან გამონაკლისს და მსგავსი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობას, შესაბამისი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, არა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, არამედ მოსარგებლეს აკისრებს (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის №ას-182-2025 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 09 დეკემბრის №ას-1121-2024 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის №ას-541-2024 გადაწყვეტილება;საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის №ას-964-2023 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის №ას-594-652 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის №ას-254-239-2010 გადაწყვეტილება). ამდენად, ამ მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველ წინადადებას არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული უფლებაშემზღუდველი შინაარსი.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1872 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1872 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
7. №1872 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერების თაობაზე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, „სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას. ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთანავე, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
10. ამასთანავე, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
11. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
12. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების კუმულაციური წინაპირობები. კერძოდ: (ა) რამდენად არსებობს, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალური და მყისიერი საფრთხე; (ბ) გააჩნია თუ არა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენებას მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების პოტენციალი; და (გ) სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, ხომ არ წარმოშობს მესამე პირთა უფლებების ან/და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკებს.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოსარჩელე ვახტანგ დალაქიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, შეუძლებელი იქნება მისი დარღვეული უფლების აღდგენა, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკუძალა არ გააჩნია. მოსარჩელე მხარის შეფასებით, სადავო ნორმების მოქმედება ქმნის რეალურ და მყისიერ საფრთხეს, გამოუსწორებელი ზიანის მიყენების თვალსაზრისით. ამასთანავე, მოსარჩელეების პოზიციით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს არც მესამე პირების უფლებების ან/და საჯარო ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას, ვინაიდან დაზარალებულს კვლავ რჩება შესაძლებლობა, ზიანი მოითხოვოს უშუალოდ ბრალეული პირისგან როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ წესით.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არ აქვს უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი შეეხება კანონების სტაბილურად არსებობის პრინციპს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს პირის უფლებას, დაეყრდნოს იმ სამართლებრივ რეგულაციას, რომელიც ძალაში იყო უფლების დარღვევის მომენტში, რათა პირებს ჰქონდეთ სამართლებრივი მოლოდინი და ნდობა იმ ნორმების მიმართ, რომელთა საფუძველზეც, უნდა შეფასდეს კონკრეტული ქმედებები და გადაწყდეს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობები (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის №ას-1123-2023 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის №ას-1215-2018 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის №ას-1238-1158-2017 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის № №ას-548-511-2017 გადაწყვეტილება). შესაბამისად, მათ შორის, დელიქტურ ვალდებულებებთან და, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას, გამოიყენება აღნიშნული ურთიერთობის წარმოშობის მომენტში მოქმედი რეგულაციები.
15. №1872 კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა ეფუძნება მოსარჩელე ვახტანგ დალაქიშვილის წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავას. იმავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტებიდან ცხადი ხდება ისიც, რომ ვახტანგ დალაქიშვილის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, ანაზღაურებას დაქვემდებარებული ზიანი დადგა 2024 წლის 10 ოქტომბერს. შესაბამისად, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
16. რაც შეეხება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროში მოქმედების ეფექტს, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილება გამოიწვევს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას, სწორედ ხსენებული საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდგომი პერიოდისათვის, თუმცა გავლენას ვერ მოახდენს 2024 წელს დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების მექანიზმის გამოყენება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, ზეგავლენას ვერ მოახდენს გამოუსწორებელი ზიანის დადგომაზე და, შესაბამისად, არ გააჩნია მოსარჩელე მხარისათვის ამგვარი შედეგის თავიდან აცილების პოტენციალი. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების საფუძველი და მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1872 კონსტიტუციური სარჩელი („ვახტანგ დალაქიშვილი და „შპს კავკაზუს ლიმითედი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-4 ნაწილის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1872 კონსტიტუციური სარჩელი („ვახტანგ დალაქიშვილი და „შპს კავკაზუს ლიმითედი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე