კონსტანტინე ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1-13/1307 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 ოქტომბერი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ოქტომბერი 2025 12:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე − წევრი;
გიორგი თევდორაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: კონსტანტინე ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 341-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 365-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1307) მომართა კონსტანტინე ბერუაშვილმა. №1307 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 10 აპრილს.
2. №1307 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლი კი განსაზღვრავს შეწყვეტილი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თავიდან ათვლის საკითხს, კერძოდ, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ხოლო თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. აღნიშნული მუხლის სადავო მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ამავე კოდექსის 365-ე მუხლი აწესრიგებს ვალდებულების შესრულებას შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არარსებობისას და ადგენს, რომ, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და ჩამოთვლის იმ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
5. №1307 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და 21-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, აგრეთვე, აღნიშნული უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლებსა და პირობებს. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილი იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება.
6. №1307 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე კონსტანტინე ბერუაშვილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, ასევე ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი ბერუაშვილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა სხვადასხვა დროს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე. მოსარჩელე მხარის მითითებით, აღნიშნული ორი დავა ფაქტობრივად იდენტური შინაარსის იყო, სასამართლოებმა კი განსხვავებულად გადაწყვიტეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხი. როგორც სარჩელზე დართული სასამართლო გადაწყვეტილებებიდან ირკვევა, კონსტანტინე ბერუაშვილის საქმეში ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა განაპირობა ნაწილობრივმა შესრულებამ, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო თავიდან და სახელშეკრულებო მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. გიორგი ბერუაშვილის მიმართ მიმდინარე საქმეში კი სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად ვალის არსებობის აღიარების შესახებ წერილი მიიჩნია და, ვინაიდან მასში განსაზღვრული არ იყო ვალდებულების შესრულების კონკრეტული თარიღი, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლისას, სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლს, რომლის ფარგლებშიც, კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხანდაზმულად არ ჩათვალა.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ზემოაღნიშნულ ორ დავაში, ფაქტობრივად იდენტურ შემთხვევებში, სასამართლოს განსხვავებული სამართლებრივი შეფასება განაპირობა გასაჩივრებული ნორმების ბუნდოვანმა და განუსაზღვრელმა ხასიათმა. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, გაურკვეველია რას გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისთვის მოთხოვნის არსებობის სხვაგვარი აღიარება და საჭიროებს თუ არა ის ამავე კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული, მათ შორის, ფორმალური მოთხოვნების დაცვას. ამავდროულად, მოსარჩელის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე და 365-ე მუხლების ერთობლივად წაკითხვის შემთხვევაში, ბუნდოვანია ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხიც.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებული ნორმები ვიწროდგანმარტებადი და განჭვრეტადი უნდა იყოს, ვინაიდან სწორედ მათზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კონკრეტული სამოქალაქო დავის ბედი, არამედ, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა და განსაზღვრულობა.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმების განუსაზღვრელი ხასიათი, ერთი მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და, მეორე მხრივ, საკუთრების უფლებასთან, ვინაიდან ბუნდოვანი და განუსაზღვრელი ნორმების მოქმედების პირობებში, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეს არ აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას.
10. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა. მისი მტკიცებით, აღნიშნულ ნორმებს დისკრიმინაციული ხასიათი შესძინა საერთო სასამართლოების მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში გაკეთებულმა განსხვავებულმა განმარტებებმა, რასაც განსხვავებული სამართლებრივი შედეგები მოჰყვა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, იგი დისკრიმინაციულ ვითარებაშია ყველა სხვა იმ პირთან მიმართებით, რომლებთან დაკავშირებითაც, სასამართლომ სადავო ნორმების სტანდარტული განმარტებები გამოიყენა.
11. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გასაჩივრებულ ნორმებთან მიმართებით, მოსარჩელის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სადავო ნორმებს გააჩნია ბუნდოვანი, განუსაზღვრელი შინაარსი. აღნიშნული კი სასამართლოს აღჭურავს ფართო დისკრეციით, შექმნას არაერთგვაროვანი პრაქტიკა და იგი განსხვავებული შინაარსით გამოიყენოს სხვადასხვა პირის მიმართ, რის გამოც, აღნიშნული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის როგორც საკუთრების უფლებასთან, ისე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან.
12. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებს იმ გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, შეიძლება საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა ხდება საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს საქმისწარმოების განახლების საფუძველი. ასეთ შესაძლებლობას კი მოცემული სადავო ნორმა გამორიცხავს.
13. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, უპირველესად, ხელისუფლების მიერ მიღებული ყველა იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისა და სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას გულისხმობს, რომელიც შეიძლება არღვევდეს ადამიანის უფლებებს. მოსარჩელის განმარტებით, ზოგადად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილ დაცვას.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლის საქმეებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმატიული აქტი, რომელსაც საერთო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა.
15. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციურ სარჩელში გადასაწყვეტია შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია, კონსტიტუციური სარჩელი გაყოს რამდენიმე საქმედ და ცალ-ცალკე გადაწყვიტოს. კონსტიტუციურ სარჩელში წამოჭრილი სადავო საკითხების ცალ-ცალკე შეფასების საჭიროება ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო კონტროლის სათანადოდ განხორციელება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც წესი, კომპლექსურობით ხასიათდება, რაც საჭიროებს საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას, მრავალი საკითხის სიღრმისეულ ანალიზსა და შესწავლას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების თითოეული ეტაზე კონსტიტუციური სარჩელით სასამართლოს წინაშე გადასაწყვეტი საკითხები, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, შინაარსობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, საჭიროებს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებულ ვადებს. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც კონსტიტუციური სარჩელით დაყენებული სხვადასხვა, შინაარსობრივად განსხვავებული საკითხებიდან ერთი რომელიმეს გადაწყვეტა სასამართლოს მხრიდან, ნაკლებ ვადაშია შესაძლებელი, მაშინ, როდესაც საკითხთა სიმრავლე და ერთობლივი გადაწყვეტა ზრდის აღნიშნული დროის ხანგრძლივობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მექანიზმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებას აძლევს, კონსტიტუციურ სარჩელში გადასაწყვეტი შინაარსობრივად განსხვავებული საკითხები ცალ-ცალკე გადაწყვიტოს, ხელს უწყობს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიანად განხორციელებას.
2. №1307 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, ერთი მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 341-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 365-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით და, მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმები აწესრიგებს ხანდაზმულობის, ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების შესრულების რიგ საკითხებს და განსაზღვრავს მათთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო ნორმა კი ადგენს საქმის წარმოების განახლების კონკრეტულ საფუძვლებს და გამორიცხავს სამოქალაქო სამართლის საქმეებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმატიული აქტი, რომელსაც საერთო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა.
4. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ №1307 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხები, რომელიც ერთი მხრივ, შეეხება სამოქალაქო საქმეზე ხანდაზმულობის, ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების შესრულების რიგ საკითხებს და მათთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებს, ხოლო, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ ეფექტებს, შინაარსობრივად არსებითად განსხვავებულ საკითხებს წარმოადგენს და უკავშირდება არსებითად სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემას. იმავდროულად, უფლებების დაცვის თვალსაზრისით, არ არსებობს აღნიშნული საკითხების ერთობლივად, ერთი საქმის ფარგლებში გადაწყვეტის აუცილებლობის ინტერესი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის შეფასება და გადაწყვეტა შესაძლებელია №1307 კონსტიტუციური სარჩელით სადავო გამხდარი სხვა ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის შეფასებისგან დამოუკიდებლად.
5. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, №678 კონსტიტუციური სარჩელით. კერძოდ, 2015 წლის 25 ნოემბრის №1-3/2/678 განჩინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, №678 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), რომლითაც სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს იმ მოტივით, რომ განსახილველი საქმე, თავისი შინაარსით, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2015 წლის 25 ნოემბრის №3/8/678 საოქმო ჩანაწერით, პლენუმზე განსახილველად მიიღო №678 კონსტიტუციური სარჩელი. შესაბამისად, №678 და №1307 კონსტიტუციურ სარჩელებზე დავის საგნის ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი აქვს შინაარსობრივად ერთი და იმავე საკითხები. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ №1-3/2/678 განჩინებით, გადასაწყვეტი საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია მისი პლენუმის მიერ განხილვა და შესაბამისი კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების პლენუმის მიერ დადგენა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის საკითხი სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით, უნდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. დავის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, იმსჯელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) არსებითად განსახილველად მიღების საკითხზე.
6. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, №1307 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება შესაძლებლია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობის შეფასებისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ცალკე, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს №1307 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი.
7. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ადგენს, რომ №1307 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გაიყოს ორ საქმედ, ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 341-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 365-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით და ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1307 კონსტიტუციური სარჩელი („კონსტანტინე ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გაიყოს ორ საქმედ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ ცალ-ცალკე იქნეს განხილული:
ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 341-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 365-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე