• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური წარდგინება
ნომერი N1938
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - რევაზ ნადარაია,
ავტორ(ებ)ი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
თარიღი 29 იანვარი 2026



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

2. საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 პუნქტი - „პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს“. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება).
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ „საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება -„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [...], 45​​​1 [...] მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება).

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;

გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვები „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა [...] უნდა [...] განახლდეს. ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება „საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუქნტის მე-2 წინადადების შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;

დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;

ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;

ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1. 2026 წლის 12 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოდან თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში შემოსულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბეჟანა გაბუნიას მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით.

2. #000043162 სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 1 ნოემბერს, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-13 კმ-ზე შეჩერებულ იქნა ტოიოტას მარკის ავტომობილი ს/ნ CC745RR, რომლის მძღოლმა ბეჟანა გაბუნიამ შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან წარმოადგინა თეთრ ქაღალდში შეხვეული მომწვანო-მორუხო მცენარეული მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით 0.27 გრ.

3. ქიმიური ექსპერტიზის #46/7/10/1-7047 დასკვნის თანახმად, ხელნაწერიან უჯრედიანი ქაღალდის ნახევში გახვეული სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით 0.27 გრ. წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით (ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის თვალსაზრისით) ბეჟანა გაბუნიას ნასამართლობის არმქონეა.

4. სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ბეჟანა გაბუნიამა აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა და განმარტა, რომ ეთანხმება ჯარიმის გამოყენებას, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის მიმართ 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ორჯერ აქვს გულის სტენდირება გაკეთებული და სხვა საქმიანობით ვერ კავდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ძალიან იშვიათად მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, ნაქირავები ტაქსი წარმოადგენს მის ერთადერთ შემოსავალს, მის კმაყოფაზეა 87 წლის ინფარქტიანი დედა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე მუხლის შენიშვნის მე-11 პუნქტის მიხედვით, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45​​​1 ან 100​2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება სასამართლომ პირს შეიძლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია ჩამოსართმევი უფლებების ჩამონათვალი:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი #2-ის (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა) 92-ე გრაფაში გამომშრალი მარიხუანას მცირე ოდენობა განსაზღვრულია 5 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით).

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, მას ავტომატურად ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლით, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების, საადვოკატო საქმიანობის უფლებისა და პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და ექვემდებარება სანქციის ინდივიდუალიზაციას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევას გააჩნია შემდგომი სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენის პრევენციის პოტენციალი, ასევე გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლების დასაქმებას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ან საქმიანობის სფეროში და იარაღთან დაშვებას, რის შედეგადაც მცირდება აღნიშნული უფლებებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთათვის დამახასიათებელი ქცევისა და ინტერესების მქონე პირების მიერ არასათანადო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული უფლებების ავტომატური შეზღუდვის პირობებში, რომელიც არ ექვემდებარება მოსამართლის მიერ ამ სანქციის ინდივიდუალიზაციას, მნიშვნელოვანია არსებობდეს ქმედების ხასიათს, ამგვარი შეზღუდვის გამოყენებასა და არსებულ საჯარო ინტერესს შორის სამართლიანი და თანაზომიერი ბალანსი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, საჯარო ლეგიტიმური მიზნისათვის მიყენებულ ზიანსა და პირისთვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულო ჩამორთმევით სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მკვეთრი დისპროპორცია.

აღნიშნული დისპროპორციის საჩვენებლად სასამართლო უპირველესად მიანიშნებს თავად ადამინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათზე - 5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ან მცენარე კანაფის შეძენა, შენახვა. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, განსაკუთრებით ეს ეხება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას (ზოგადად აღსანიშნავია, რომ მთავარი ინტერესი ამ უფლების მიმართ არსებობს), საპროცესო შეთანხმებით შესაძლებელია ვადის შემცირება, ხოლო, როგორც წესი (საპროცესო შეთანხმებების თითქმის 100%-ში), სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება 6 თვით, მათ შორის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში და, მათ შორის, 4000 გრამზე მეტი ოდენობის შემთხვევებშიც (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს პრაქტიკის მაგალითზე). ნიშანდობლივია, რომ მაგ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილის მაქსიმალური სანქცია 500-ლარიანი ჯარიმაა. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, შესაძლებელია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება. მსგავსი შესაძლებლობა სამართალდარღვევების შემთხვევაში არ არსებობს.

მართალია, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სამართალდარღვევის გამო ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საშუალებას (მე-6 მუხლის 13 პუნქტი), თუმცა მხოლოდ ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, 2500 ლარი ჯარიმის გადახდით და დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბოლოოდ კი ეს პროცედურა მაინც არ იძლევა უფლებების აღდგენის გარანტიას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ... [არაადამიანური და დამამცირებელი] სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში მიხედულების საკმაოდ ფართო არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო ახდენს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების შეფასებას და პროგნოზირებას, ისევე, როგორც ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტული სახისა და ზომის ნორმატიულად განსაზღვრას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს #1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი ნორმა არსებითად განსახილველად იქნეს მიღებული, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახდელის კონკრეტული ზომა არის იმდენად მკაცრი, რომ ის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის #4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ან მცენარე კანაფის 5 გრამამდე ოდენობით (ამ ოდენობის ჩათვლით) შეძენა-შენახვა სავალდებულოდ იწვევს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების 3 და 5 წლით ჩამორთმევას, რაც აკრძალული ქმედების სიმძიმესა და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის (სახდელის) ურთიერთმიმართების ფონზე აშკარა დისპროპოციაზე მიუთითებს. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შესაბამისი შეზღუდვების დაწესება ზოგადად გამართლებული შეიძლება იყოს, თუმცა უფლებების ჩამორთმევის სავალდებულო ხასიათი მოსამართლის მიერ სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას არ ტოვებს. კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას შეფასებულ იქნეს სამართალდამრღვევი პირის ინდივიდუალური გარემოებები, მაგალითად: წარსული ადმინისტრაციული სახდელდადებულობა ან ნასამართლობა, აღიარება და მონანიება, ოჯახური მდგომარეობა, ჩამოსართმევი უფლებების მიმართება სამართალდამრღვევი პირის მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობაზე და ა.შ., ვინაიდან პირობითად 6 ან 12 თვით (ან ნაკლებით ან მეტით) უფლებების ჩამორთმევამ შესაძლოა, პირველ ჯერზე უზრუნველყოს კანონმდებლის მიზნის შესრულება, თუმცა მოსამართლე ვალდებულია მისი ვადა მაინც 3 ან 5 წლით განსაზღვროს.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მიემართოს კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 პუნქტისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [...], 45​​​1 [...] მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით“ - იმ ნორმატიული შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულო ჩამორთმევას და გამორიცხავს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამავე სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ