თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
| ნომერი | N1939 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი თევდორაშვილი, |
| ავტორ(ებ)ი | თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო |
| თარიღი | 29 იანვარი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
2. საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტი - „პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება). |
| „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ „საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება -„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [...], 45-ე [...] მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება). |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვები „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა [...] უნდა [...] განახლდეს. ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება „საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუქნტის მე-2 წინადადების შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2025 წლის 24 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებიდან თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში შემოსულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ოთარ მესტვირიშვილის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
#000117343 სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 20 ნოემბერს, ოთარ მესტვირიშვილს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს მოხმარება.
ქიმიური ექსპერტიზის #46/12/3-201630 დასკვნის თანახმად, ოთარ მესტვირიშვილს 2025 წლის 20 ნოემბერს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - ალფა-პვპ-ს და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარება. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით (ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის თვალსაზრისით) ოთარ მესტვირიშვილის მიერ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით სატრანსპორტო საშუალებით მართვის ან ნარკოტიკული დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები არ ფიქსირდება.
სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ოთარ მესტვირიშვილმა აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა და განმარტა, რომ ეთანხმება ჯარიმის გამოყენებას, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის მიმართ 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ზედმეტად მკაცრი სასჯელია, ოჯახს მანქანით არჩენს, ამასთან, ავტოსტრანსპორტო საშუალების მართვას არ ახორციელებს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. იმავე მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტის მიხედვით, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება სასამართლომ პირს შეიძლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია ჩამოსართმევი უფლებების ჩამონათვალი:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, მას ავტომატურად ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლით, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების, საადვოკატო საქმიანობის უფლებისა და პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და ექვემდებარება სანქციის ინდივიდუალიზაციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევას გააჩნია შემდგომი სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენის პრევენციის პოტენციალი, ასევე გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლების დასაქმებას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ან საქმიანობის სფეროში და იარაღთან დაშვებას, რის შედეგადაც მცირდება აღნიშნული უფლებებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთათვის დამახასიათებელი ქცევისა და ინტერესების მქონე პირების მიერ არასათანადო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული უფლებების ავტომატური შეზღუდვის პირობებში, რომელიც არ ექვემდებარება მოსამართლის მიერ ამ სანქციის ინდივიდუალიზაციას, მნიშვნელოვანია არსებობდეს ქმედების ხასიათს, ამგვარი შეზღუდვის გამოყენებასა და არსებულ საჯარო ინტერესს შორის სამართლიანი და თანაზომიერი ბალანსი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, საჯარო ლეგიტიმური მიზნისათვის მიყენებულ ზიანსა და პირისთვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულო ჩამორთმევით სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მკვეთრი დისპროპორცია.
აღნიშნული დისპროპორციის საჩვენებლად სასამართლო უპირველესად მიანიშნებს თავად ადამინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათზე - ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს მოხმარება. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, განსაკუთრებით ეს ეხება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას (ზოგადად აღსანიშნავია, რომ მთავარი ინტერესი ამ უფლების მიმართ არსებობს), საპროცესო შეთანხმებით შესაძლებელია ვადის შემცირება, ხოლო, როგორც წესი (საპროცესო შეთანხმებების თითქმის 100%-ში), სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება 6 თვით, მათ შორის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, შესაძლებელია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება. მსგავსი შესაძლებლობა სამართალდარღვევების შემთხვევაში არ არსებობს. ნიშანდობლივია, რომ თავად ეს ფაქტი - ოთარ მესტვირიშვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, გამოვლენილია სისხლის სამართლის #036201125002 საქმის გამოძიების ფარგლებში, რა დროსაც ოთარ მესტვირიშვილის სახლიდან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა 537.44 გრ. ოდენობით, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმებისას მას დაუდგინდა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ოთარ მესტვირიშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მას საპროცესო შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც იგი ცნობილია დამნაშავედ სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ოთარ მესტვირიშვილს 6 თვით აქვს აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ნარკოტიკული დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელად გათვალისწინებულია მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წლით, უპირობოდ უნდა ჩამოერთვას იგი სამართალდარღვევისთვის, რომლისთვისაც მაქსიმალური სახდელი 60 დღით პატიმრობაა, რაც თავისთავად უჩვენებს სადავოდ გამხდარი ნორმის მოქმედების წესის ცვლილების აუცილებლობაზე.
მართალია, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სამართალდარღვევის გამო ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საშუალებას (მე-6 მუხლის 13 პუნქტი), თუმცა მხოლოდ ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, 2500 ლარი ჯარიმის გადახდით და დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბოლოოდ კი ეს პროცედურა მაინც არ იძლევა უფლებების აღდგენის გარანტიას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ... [არაადამიანური და დამამცირებელი] სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში მიხედულების საკმაოდ ფართო არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო ახდენს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების შეფასებას და პროგნოზირებას, ისევე, როგორც ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტული სახისა და ზომის ნორმატიულად განსაზღვრას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს #1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი ნორმა არსებითად განსახილველად იქნეს მიღებული, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახდელის კონკრეტული ზომა არის იმდენად მკაცრი, რომ ის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის #4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სავალდებულოდ იწვევს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების 3 და 5 წლით ჩამორთმევას, რაც აკრძალული ქმედების სიმძიმესა და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის (სახდელის) ურთიერთმიმართების ფონზე აშკარა დისპროპოციაზე მიუთითებს. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შესაბამისი შეზღუდვების დაწესება ზოგადად გამართლებული შეიძლება იყოს, თუმცა უფლებების ჩამორთმევის სავალდებულო ხასიათი მოსამართლის მიერ სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას არ ტოვებს. კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას შეფასებულ იქნეს სამართალდამრღვევი პირის ინდივიდუალური გარემოებები, მაგალითად: წარსული ადმინისტრაციული სახდელდადებულობა ან ნასამართლობა, აღიარება და მონანიება, ოჯახური მდგომარეობა, ჩამოსართმევი უფლებების მიმართება სამართალდამრღვევი პირის მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობაზე და ა.შ., ვინაიდან პირობითად 6 ან 12 თვით (ან ნაკლებით ან მეტით) უფლებების ჩამორთმევამ შესაძლოა, პირველ ჯერზე უზრუნველყოს კანონმდებლის მიზნის შესრულება, თუმცა მოსამართლე ვალდებულია მისი ვადა მაინც 3 ან 5 წლით განსაზღვროს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მიემართოს კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [...], 45-ე [...] მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით“ - იმ ნორმატიული შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულო ჩამორთმევას და გამორიცხავს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამავე სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა