• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 25.07.2025
      • N1880
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 6 თებერვლის №2/2/1880 განჩინება საქმეზე „კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/2/1880
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 6 თებერვალი 2026
გამოქვეყნების თარიღი 19 თებერვალი 2026 15:19

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 21 ნაწილისა და 301-ე მუხლის 12 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1880) მომართა კახაბერ გოგოძემ. №1880 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 31 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 6 თებერვალს.

2. №1880 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. სადავო ნორმებით გათვალისწინებულია ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მეშვეობით, კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების სპეციალური წესი.

4. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 21 ნაწილის თანახმად, „თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილების ანალოგიური წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

6. №1880 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის პრობლემას წარმოშობს ის გარემოება, რომ სადავო ნორმები საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, სხვა კრედიტორებთან მიმართებით, უდგენს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების განსხვავებულ წესს. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ზოგადი წესის მიხედვით, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან მომდინარე კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასული უძრავი ნივთის ღირებულება სრულად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას ან როდესაც უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. თუმცა, ეს დათქმა არ ვრცელდება კრედიტორებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტები არიან. შესაბამისად, მათ უფლება აქვთ, უზრუნველყოფილი მოთხოვნა სრულად დაიკმაყოფილონ და, ამ მიზნით, სარეალიზაციოდ მიაქციონ, მათ შორის, მოვალის დაუტვირთავი ქონება.

7. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების არსებული მოწესრიგება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მოვალეებს და დაუცველს ტოვებს მათ იმ პირებთან შედარებით, რომლებმაც იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი სხვა, კერძო კრედიტორებისაგან აიღეს. მოსარჩელის მტკიცებით, გაუგებარია, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გამცემ კრედიტორთა მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის ამგვარი უპირატესობის მინიჭების ლეგიტიმურობა და საჯარო ინტერესი. შედეგად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები არღვევს თანასწორობის უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

8. ამავდროულად, ვინაიდან მსგავსი მოწესრიგება უსამართლოდ და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტების მოვალეთა, ანუ მომხმარებელთა უფლებებს, გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაშია აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებით დადგენილ მოთხოვნებთან.

9. ამდენად, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, აუცილებელია, რომ იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1880 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 21 ნაწილისა და 301-ე მუხლის 12 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. სადავო ნორმების თანახმად, თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც უზრუნველყოფის საგნის ღირებულება/მისი რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. გამონაკლისია საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტები, რომლებსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.

4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების არსებული მოწესრიგება, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მოვალეებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი სხვა, კერძო კრედიტორებისაგან აიღეს, ვინაიდან, კრედიტორთა ამ კატეგორიას მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია, მხოლოდ უზრუნველყოფილი საგნის (იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის) ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს კი მოთხოვნის გავრცელება შეუძლიათ მოვალის სხვა, დაუტვირთავ ქონებაზეც, მოთხოვნის სრულად დაფარვამდე.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, თანასწორობის კონსტიტუციური უფლების მიზანს არ წარმოადგენს პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა ან/და მათი ხელოვნური გათანაბრება. „თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). თანასწორობის უფლების ეს ასპექტი „საკუთარ თავში მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ადამიანების მიმართ თანაბარი მოპყრობა. ამ უკანასკნელის ფუნქცია კი შედარებადი პირების მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებაში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებაში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). თანასწორობის შეზღუდვის დასასაბუთებლად, როგორც წესი, ვერ გამოდგება, აგრეთვე, მითითება იმ განსხვავებულ მდგომარეობაზე, რომელიც განპირობებულია ცვლადი ფაქტობრივი გარემოებებით ან/და თავად პირთა მიერ გაკეთებული სხვადასხვა პერსონალური არჩევანით.

6. გასაჩივრებული რეგულაციების ანალიზით ცხადი ხდება, რომ, ზოგადად, სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება, მიემართება იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გამცემ პირებს, ანუ კრედიტორებს და არა მოვალეებს. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმიც, შესაძლოა, სწორედ კრედიტორებს განესაზღვროთ. თავის მხრივ, სესხის/კრედიტის ამღებ პირთა რაიმე ნიშნით გამოყოფილი ჯგუფის, ანუ მოვალეების მიმართ, სადავო ნორმები განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს არ ადგენს და ნეიტრალური ხასიათისაა. ამავდროულად, გასაჩივრებული დებულებები არ ავალდებულებს რომელიმე ნიშნით გამორჩეულ პირთა კატეგორიას იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების საქართველოს ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში მყოფ სუბიექტთან დადებას. შესაბამისად, საკითხს იმის შესახებ, თუ რომელი ტიპის კრედიტორთან გააფორმებს პირი უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებას და აქედან გამომდინარე, რა ტიპის სამართლებრივ რეჟიმს დაექვემდებარება იგი, განსაზღვრავს თავად მოვალე და არა გასაჩივრებული დებულებები. ამასთან, უშუალოდ კონსტიტუციურ სარჩელშიც არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სადავო რეგულაციები, მოვალეთა რაიმე ნიშნით გამოყოფილი ჯგუფის მიმართ, იწვევს პირდაპირ ან არაპირდაპირ დიფერენცირებას და, ამ გზით, მათი თანასწორობის უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის №2/11/1833 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15-27).

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1880 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 21 ნაწილისა და 301-ე მუხლის 12 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8. №1880 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 21 ნაწილისა და 301-ე მუხლის 12 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.

9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით თვითნებური და არაგონივრული უპირატესობა აქვთ მინიჭებული იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გამცემ იმ სუბიექტებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში იმყოფებიან. შედეგად, ამ სუბიექტების მომხმარებელთა, ანუ მოვალეთა უფლებები შევიწროებულია და არ არის სათანადოდ განმტკიცებული.

10. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „აღნიშნული დანაწესი ეხება საბაზრო ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს ‒ მომხმარებელს და ადგენს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის დონეზე მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვის კონსტიტუციურ ვალდებულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-34).

11. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნა სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას, „შექმნას სათანადო სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც მომხმარებელს დაიცავს ბაზრის ეკონომიკური აგენტების მიერ საკუთარი საქმიანობის არაკეთილსინდისიერად წარმართვისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რისკებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-34).

12. როგორც №1880 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების საფუძველზე, მომხმარებელთა უფლებები თვითნებურად ირღვევა იმდენად, რამდენადაც საქართველოს ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში მყოფ სუბიექტებს, უფრო კონკრეტულად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა აქვთ ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაიკმაყოფილონ, არა მხოლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ფარგლებში, მისი რეალიზების ან საკუთრებაში მიღების მეშვეობით, არამედ სრულად, მათ შორის, მოვალის დაუტვირთავი ქონების რეალიზების გზითაც.

13. ამ კუთხით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით წინასწარ ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, სესხის გამცემის, ანუ კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის, მოვალის, ანუ მომხმარებლის დაუტვირთავი ქონების მეშვეობით, თავისთავად, უსამართლო და თვითნებური არ არის. თავის მხრივ, არც კონსტიტუციურ სარჩელშია წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის შესახებ, რატომ არ უნდა შეეძლოს კრედიტორს საკუთარი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, თუნდაც მოვალის დაუტვირთავი ქონების რეალიზებით და რატომ არის საკითხის მსგავსი მოწესრიგება უსამართლო და მოვალის, როგორც მომხმარებლის უფლებების შემლახავი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1880 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 21 ნაწილისა და 301-ე მუხლის 12 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1880 კონსტიტუციური სარჩელი („კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ