• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ეთერ მგალობლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 19.09.2025
      • N1896
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 6 თებერვლის №2/3/1896 განჩინება საქმეზე „ეთერ მგალობლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ეთერ მგალობლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/3/1896
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 6 თებერვალი 2026
გამოქვეყნების თარიღი 19 თებერვალი 2026 15:36

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ეთერ მგალობლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა)„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით;

ბ) „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1896) მომართა ეთერ მგალობლიშვილმა. №1896 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 22 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 6 თებერვალს.

2. №1896 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა“. „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი კი იცავს სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.

5. №1896 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს პირს, რომლის მიმართაც, 1991 წლის დეკემბრიდან 2003 წლამდე ადგილი ჰქონდა პოლიტიკური რეპრესიის სხვადასხვა ფორმის ზემოქმედებას. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სასამართლო განჩინებით და ის აღიარებულია რეპრესირებულად.

6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სადავო ნორმა, რომელიც ადგენს ფულად კომპენსაციას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთათვის, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო, პოლიტიკური რეპრესიის შედეგად გარდაცვლილი პირის სიცოცხლის საპირწონედ, გასცემს კომპენსაციას 1000-დან 2000 ლარამდე, ხოლო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსებისას, 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას. მისი პოზიციით, აღნიშნული ანაზღაურება, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის, ვერ იქნება მიჩნეული სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურებად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ეხება საქმე.

7. მოსარჩელე სადავოდ ხდის აგრეთვე იმ ნორმას, რომელიც კონკრეტული ვადით შემოფარგლავს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციურ გარანტიას, რამდენადაც გაუმართლებლად ზღუდავს პირის უფლებას, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და აღიდგინოს დარღვეული უფლება.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1896 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას 1000-დან 2000 ლარამდე. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს, რომელიც ადგენს სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის, სასამართლო წესით, სრული ანაზღაურების გარანტიას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2000 ლარი ვერ ჩაითვლება იმგვარ ანაზღაურებად, რომელიც საპირწონეა ადამიანის გარდაცვალების, დასახიჩრების ან სხვა რეპრესიის შედეგად მიყენებული ზიანისა, კერძოდ, ანაზღაურების მითითებული ოდენობა ვერ მიიჩნევა „სრულ ანაზღაურებად“ კონსტიტუციის მიზნებისთვის. ამ კონტექსტში, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის არგუმენტად მარტოოდენ კომპენსაციის სიმცირეზე მიუთითებს და მიაჩნია, რომ დადგენილი ანაზღაურება არ არის სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზიანის საპირწონე. სხვა მხრივ, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მყარი არგუმენტი, რომელიც მიმართული იქნებოდა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებისკენ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის არასაკმარისობის არგუმენტი აბსტრაქტული და ზედაპირულია, ამ კონტექსტში, ამგვარი არგუმენტაცია არ არის თვითკმარი საფუძველი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.

4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის მიხედვით, „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში“. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმით დადგენილი ვადა ზღუდავს მის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, ნებისმიერ დროს, უფლების დარღვევის თაობაზე.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოვოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, იგი განსაზღვრავს ამა თუ იმ მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შინაარსსა და ფარგლებს, თუ მათი დაცვის საპროცესო წესრიგს.

6. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმით, განსაზღვრულია სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით. სასამართლოსათვის მიმართვა კანონით გათვალისწინებული, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების პროცედურის ნაწილი და მითითებული სტატუსის მიღების ერთადერთი საშუალებაა. ხსენებულ პროცესში, პირველი ინსტანციის სასამართლო მონაწილეობს როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა სხვა ორგანოს ქმედების კანონიერების მაკონტროლებელი. ამ კონტექსტში, სასამართლოსათვის მიმართვა ემსახურება არა რომელიმე ორგანოს მიერ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმებას, არამედ თავად სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. შესაბამისად, სადავო ნორმით, არ არის დადგენილი, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობასთან დაკავშირებით, უკანონო გადაწყვეტილებისგან დაცვის საპროცესო წესი. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს საკუთრივ მატერიალური უფლების რეალიზების დროით შემოფარგვლას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/19/1382 განჩინება საქმეზე „თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

7. მაშასადამე, პირველი ინსტანციის სასამართლო სადავო ნორმით დადგენილ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად პირის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა სხვა ორგანოს ქმედების/გადაწყვეტილების კანონიერების მაკონტროლებელი. სადავო ნორმას, რომელიც გარკვეული ვადით შემოფარგლავს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, გააჩნია არა საპროცესო, არამედ მატერიალური წესის ხასიათი. სწორედ ამიტომ, გასაჩივრებული ნორმა არ არის უფლებებისა თუ თავისუფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის საპროცესო უფლების შემზღუდველი. შესაბამისად, №1896 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება, სადავო რეგულირებასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას შორის.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1896 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1896 კონსტიტუციური სარჩელი („ეთერ მგალობლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ