მოქალაქე ნოდარ ჭანკოტაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/4/11 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 19 ნოემბერი 1996 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – კოლეგიის თავმჯდომარე, სხდომის თავმჯდომარე
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: – მოქალაქე ნოდარ ჭანკოტაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
დავის საგანი: – “პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით დამტკიცებული ”პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” დებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:
მოსარჩელე – მოქალაქე ნოდარ ჭანკოტაძე
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქე ნოდარ ჭანკოტაძის კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტზე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტზე, 39-ე მუხლის პირველ პუნქტსა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლზე მითითებით.
მოპასუხედ კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულია საქართველოს პრეზიდენტი, ვინაიდან იგი არის უფლებამონაცვლე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა, რომელმაც მიიღო სადავო ნორმატიული აქტი.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანა გამოიწვია იმან, რომ ხაშურის რაიონის სასამართლომ 1996 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით გააუქმა მოქალაქე ნოდარ ჭანკოტაძის მიერ 1995 წლის 25 სექტემბერს ხაშურის ავტოტექმომსახურების საწარმოს აუქციონის წესით პრივატიზების შედეგები: სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის განყოფილებამ აუქციონის წესით ხაშურის ავტოტექმომსახურების საწარმოს ნ. ჭანკოტაძეზე მიყიდვით დაარღვია სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ბრძანებულებით დამტკიციბული “პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” დებულების მოთხოვნები, შელახა ხაშურის ავტოტექმომსახურების საწარმოს შრომითი კოლექტივისათვის მინიჭებული უფლებები და დაუკარგა მას საწარმოს პირდაპირი შესყიდვის უფლება.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმატიული აქტის საფუძველზე დაირღვა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული საკუთრების უფლების ხელშეუვალობა და მან განიცადა “უზარმაზარი ფინანსური და მატერიალური ზარალი”.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი ან აქტის ნაწილი, რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მოითხოვს, რომ:
1) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 21-ე მუხლთან შეუსაბამობისა და წინააღმდეგობის გამო სადავო ნორმატიული აქტი ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და გაუქმდეს (ან მოყვანილი იქნეს კანონთან შესაბამისობაში);
2) “საკუთრების უფლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე აღდგენილ იქნეს მისი საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და საკონსტიტუციო სასამართლომ მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება მთლიანად დააკისროს უკანონო აქტის გამომცემ ორგანოს.
მოსარჩელის ამ მოთხოვნებიდან, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტისა და 39-ე მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ისინი არ მიეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, “თუ მოსარჩელე... ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს”. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგამ განმწესრიგებ სხდომაზე მოქალაქე ნოდარ ჭანკოტაძის კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მოთხოვნებიდან განიხილა მხოლოდ ერთი - “პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 25 მაისის ბრძანებულებით დამტკიცებული “პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” დებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
გამოირკვა, რომ სადავო ნორმატიული აქტი ახლა აღარ მოქმედებს, იგი უკვე ძალადაკარგულია.
“პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების 1.1. პუნქტი განსაზღვრავს, რომ “პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” დებულება (დანართი №1) ძალაშია ბრძანებულებაზე ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში.
ამგვარად, სადავო ნორმატიული აქტი 1995 წლის 29 მაისამდე მოქმედებდა და, მაშასადამე, ამჟამად ძალადაკარგულია. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტიდან და 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან აშკარად ჩანს და ეს თავისთავადაც იგულისხმება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნორმატიული აქტებით კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც მოქმედებენ საქმის განხილვის დროს.
აქ გასათვალისწინებელია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის დებულება, რომ “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
აღნიშნულ გარემობათა საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს პირველი კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად მოქალაქე ნოდარ ჭანკოტაძის კონსტიტციური სარჩელი “პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით დამტკიცებული” პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფავცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” დებულების კონსტიტციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ი. ფუტკარაძე;
ო. ბენიძე;
ნ. შაშკინი;
ნ. ჩერქეზიშვილი