მოქალაქე ნოდარ ახალკაცი და მოქალაქე დავით კვინიკაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/27 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 6 ივნისი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – კოლეგიის თავმჯდომარე, სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: – მოქალაქე ნოდარ ახალკაცი და მოქალაქე დავით კვინიკაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: – „სპორტის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონის მე-5 მუხლის „ლ“ პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:
მოსარჩელეების – მოქალაქე ნოდარ ახალკაცისა და მოქალაქე დავით კვინიკაძის წარმომადგენელი ლევან გორხელაშვილი.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოქალაქე ნოდარ ახალკაცისა და მოქალაქე დავით კვინიკაძის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსაცხილველად მიღების საკითხთან დაკაშვირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „სპორტის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონის მე-5 მუხლის „ლ“ პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომელიც ადგენს: „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება „ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შეუსრულებლობისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევისას მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ფუნქციების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე“. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული დებულება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და სახელმწიფო მმართველობის ორგანოს მხრიდან მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობაში უკანონო ჩარევას.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 14 ივნისის კანონი წარმოადგენს ორგანულ კანონს. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო ნორმის თანახმად, „დაუშვებელია სახელმწიფო ორგანოების ან თანამდებობის პირთა ჩარევა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. მოსარჩელეთა აზრით, ასეთი შემთხვევების ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტში. ამასთან ერთად, მოსარჩელელთა აზრით, არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირის უფლებამოსილების ნებისმიერი სახით შეზღუდვა დაუშვებელია და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების შელახვაა. ამით ირღვევა ადამიანის უფლება, მოსარჩელეთა, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა საქმიანობის სამართლებრივი შეფასების უფლება ენიჭება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და არა სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მოითხოვენ სადავო ნორმის გაუქმებას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან შეუსაბამობის გამო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი პირის მიერ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. ამის შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირის, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე განიხილავს ნორმატიული აქტის (ან მისი ცალკეული ნორმის) კონსტიტუციურობას, თუ ამ აქტით გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
კონსტიტუციურ სარჩელში არაა აღნიშნული და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ვერ მოიყვანა მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდნენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. არ მტკიცდება, რომ „სპორტის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონის მე-5 მუხლის „ლ“ პუნქტით დაირღვა მოსარჩელეთა უფლებები.
სარჩელში არაა მითითებული, თუ მოსარჩელეთა, როგორც ფიზიკურ პირთა სახელდობრ რომელ კონსტიტუციურ უფლებას არღვევს „სპორტის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ლ“ პუნქტი.
ამასთან, მოსარჩელეები მიუთითებენ „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 14 ივნისის კანონის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საქმესთან – იგი მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობის შეწყვეტას, მათ ლიკვიდაციას შეეხება. ასევე, „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 14 ივნისის კანონი არ წარმოადგენს ორგანულ კანონს, ვინაიდან იგი არაა მიღებული საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული წესით.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტითა და 21-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-40 მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ნოდარ ახალკაცისა და მოქალაქე დავით კვინიკაძის კონსტიტუციური სარჩელი „სპორტის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონის მე-5 მუხლის „ლ“ პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. იაკობ ფუტკარაძე – კოლეგიის თავმჯდომარე, სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, (მომხსენებელი მოსამართლე).