„მოქალაქე ირაკლი კორძახია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/4/28 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 30 მაისი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
იაკობ ფუტკარაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ ბენიძე;
ნიკოლოზ შაშკინი;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა,
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - ირაკლი კორძახია, მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - საქართველოს პალამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით მუმლაძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი ვიქტორ ლორთქიფანიძე, ექსპერტ-სპეციალისტი - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ამირან გაბისონია, მოწმეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის საგადასახადო პოლიტიკის, საერთაშორისო საგადასახადო ურთიერთობათა და საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსი ვასილ ხანიშვილი, თბილისის საბურთალოს რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის იურისკონსულტი დავით მაღლაკელიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი იურისტი პაატა ხოტენაშვილი, საქართველოს ბანკის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, თბილინტერბანკის დირექტორატის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ მაღრაძე.
საქმის დასახელება: „მოქალაქე ირაკლი კორძახია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
სასამართლომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა თანხმობით მტკიცებულებათა სახით შეაფასა წერილობითი დასკვნა და ახსნა-განმარტება საქმეზე ექსპერტ-სპეციალისტად მოწვეული ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ლადო ჭანტურიასი და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გივი ჯიღაურისა, რომლებიც ვერ გამოცხადდნენ სასამართლოს სხდომაზე.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტისა და 39-ე მუხლის საფუძველზე.
დავის საგანია „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 21 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბოლო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა გამოიწვია იმან, რომ თბილინტერბანკმა ი.კორძახიას მიერ 1996 წლის 23 დეკემბერს მიმდინარე სავალუტო ანგარიშის გახსნის შესახებ, შესაბამისი ნომრის ჩვენებით, აცნობა თბილისის საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციას.
მოსარჩელის აზრით, ბანკი მოქმედებდა „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც ადგენს, რომ ბანკები, საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებები და სხვა საწარმოები ვალდებული არიან გადასახადის გადამხდელების საანგარიშსწორებო და სხვა „ანგარიშების გახსნის შესახებ 5 დღის ვადაში აცნობონ შესაბამის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციებს“. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ამ ნორმით დაირღვა მისი უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით („ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ... ხელშეუხებელია“), 39-ე მუხლით (კონსტიტუცია არ უარყოფს მასში მოუხსენიებელ, მაგრამ მისი პრინციპებიდან გამომდინარე საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, - რაც, მოსარჩელის განმარტებით, შეიძლება განისაზღვროს, როგორც საბანკო-საფინანსო საიდუმლოების უფლება) და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია ადამიანის ფინანსების შესახებ არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა).
მოსარჩელემ განაცხადა, რომ მას ბანკში ანგარიშის გახსნისას საგადასახადო სამსახურში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია,თუმცა ეს კანონით მოეთხოვება გადასახადის გადამხდელს. იგი „ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის შესახებ“ და „ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ“ კანონების შესაბამისად გადასახადის გადამხდელია, მაგრამ საგადასახადო სამსახურში აღრიცხვაზე არ იმყოფება, ვინაიდან არაა მეწარმე - არამეწარმე ფიზიკური პირები არ აღირიცხებიან კომპიუტერული ტექნიკის ნაკლებობის გამო. ბანკები საგადასახადო ინსპექციებს აწვდიან ცნობებს ანგარიშის გახსნის შესახებ საგადასახადო სამსახურში აღრიცხვაზე აყვანილ იურიდიულ და მეწარმე ფიზიკურ პირებზე, ხოლო არამეწარმე ფიზიკურ პირზე ცნობა არ მიეწოდება.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ 1996 წლის კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს - „ცნობები... ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ... საგადასახადო სამსახურებს, სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“. სადავო ნორმის მიხედვით,ცნობა უნდა მიეწოდოს უპირობოდ, ხოლო მეორე შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს წინააღმდეგობა უნდა გადაწყდეს უფრო გვიან მიღებული და სპეციალური კანონის (ე.ი. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის) სასარგებლოდ. მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო სისტემის საფუძვლებისა და კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონებში გამონათქვამები „ანგარიშის გახსნის შესახებ... აცნობონ“ და „ცნობები ... ანგარიშების შესახებ“ ერთი და იმავე შინაარსისაა.აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელის აზრით, ბანკში ანგარიშის არსებობის შესახებ ცნობა საგადასახადო სამსახურს უნდა მიეცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის გაუქმებას.
მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების დ. მუმლაძისა და ვ. ლორთქიფანიძის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება არც კონსტიტუციის დებულებებს და არც „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს. მოსარჩელე არასწორად აყენებს საკითხს - თუ დაისმება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის საკითხი, მაშინ „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბოლო ნორმაზე კი არ უნდა იყოს დავა, არამედ მთლიანად ქვეპუნქტზე, ანუ გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის მექანიზმზე. ეს ერთი მთლიანი პროცესია, რაც უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს საგადასახადო სამსახურში. თუ ამ მექანიზმიდან რომელიმე რგოლს ამოვაგდებთ, შეუძლებელი გახდება გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაცია. ამასთანავე, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ეცნობება საგადასახადო სამსახურს. კანონის თანახმად, უნდა ეცნობოს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის შესახებ, ანუ ფაქტი ანგარიშის გახსნისა და ანგარიშის ნომერი, რაც არ წარმოადგენს საბანკო საიდუმლოებას. ეს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნას, რამდენადაც არ იძლევა ინფორმაციას ფინანსების შესახებ. თბილინტერბანკმა არ დაიცვა კანონის მოთხოვნა და აცნობა საგადასახადო სამსახურს არამეწარმე ფიზიკური პირის ანგარიშის გახსნის შესახებ. ამით ბანკმა დაარღვია კანონი და მოქალაქის კონსტიტუციური უფლება. საგადასახადო ინსპექციაში ცნობა იგზავნება მხოლოდ იმ სუბიექტებზე, რომლებიც სახელმწიფო საგადასახადო სამსახურში იმყოფებიან აღრიცხვაზე. არამეწარმე ფიზიკური პირები იქ არ აღირიცხებიან. ამიტომ საგადასახადო ინსპექციაში მათი საბანკო ანგარიშის გახსნის ცნობა არ იგზავნება - ამას არ მოითხოვს სადავო ნორმა. აქედან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან მოსარჩელის პოზიციას. მათ მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმა სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კანონი მაინც საჭიროებს სრულყოფას.
მოწმე ვ. ხანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკმა არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნა არ უნდა აცნობოს საგადასახადო სამსახურს. დარღვეულია მოსარჩელის ინტერესები. კანონი, მართალია, ითვალისწინებს ბანკებში ანგარიშის გახსნის შემდეგ საგადასახადო ინსპექციისათვის ცნობების მიწოდებას, მაგრამ ეს არ ეხება არამეწარმე ფიზიკურ პირს. ამგვარი შემთხვევა არ ყოფილა. ეს თვით მოსარჩელის მიერ შექმნილი სირთულეა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში შემოეტანა სარჩელი. კანონი არ ითხოვს, რომ ბანკებმა არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ აცნობონ საგადასახადო სამსახურს. ასეთ პირთა აღრიცხვა საგადასახადო სამსახურს არ ევალება, თუმცა მას აქვს ამისი ტექნიკური შესაძლებლობა. ცნობა იგზავნება იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშს ხსნიან იურიდიული პირები და ის ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. ანგარიშის ნომერი საიდუმლოებას არ წარმოადგენს. მოწმემ განაცხადა,რომ არამეწარმე ფიზიკური პირების ანგარიშების გახსნის შესახებ ბანკებს არასოდეს არ უცნობებიათ საგადასახადო ინსპექციისათვის. ბანკი ვალდებული არ იყო ეს გაეკეთებინა, მან კანონი დაარღვია.
მოწმე დ. მაღლაკელიხემ განაცხადა, რომ 1996 წლის 23 დეკემბერს საბურთალოს საგადასახადო ინსპექციაში თბილინტერბანკიდან მიიღეს ცნობა ი. კორძახიას ანგარიშის გახსნის შესახებ. ასეთ ფაქტს ადრე ადგილი არ ჰქონია,ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ მანამდე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. საგადასახადო ინსპექციები ცნობებს არამეწარმე ფიზიკურ პირებზე არ ითხოვენ, ვინაიდან მათ კანონი ამის უფლებას არ აძლევს.
მოწმე ზ. გვასალიამ აღნიშნა, რომ ბანკი არ იყო სწორი, როცა მოსარჩელის ანგარიშის გახსნის თაობაზე აცნობა საგადასახადო სამსახურს.ასეთი ცნობა გაიცემა, როცა ფიზიკური პირი ბანკს წარუდგენს საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელ დოკუმენტს. იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ბანკში გაეხსნებათ მხოლოდ ანაბარი ეროვნული ან უცხოური ვალუტით და ასეთ შემთხვევაში ანგარიშების შესახებ ცნობა არ ეგზავნება საგადასახადო ორგანოებს. სადავო ნორმა ეწინააღმდეგება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
მოწმე პ. ხოტენაშვილის აზრით, სადავო ნორმა მოსარჩელეზე არ ვრცელდება. ის ეხება გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ბანკში წარადგენენ ცნობას სახელმწიფო საგადასახადო სამსახურში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. მოსარჩელის მიერ გახსნილი ანგარიში წარმოადგენს ანაბარს და მას პროცენტები არ დაერიცხება. გადამხდელთა კატეგორია განსაზღვრულია „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონით. ამ კანონსა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონს შორის კოლიზია არ არსებობს.
მოწმე ვ. მაღრაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს თბილინტერბანკში, სადაც თვითონ დირექტორატის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობს, ი. კორძახიამ (იგი ამ ბანკის სამართლებრივ-სახელშეკრულებო სამსახურის უფროსია) გახსნა სავალუტო ანგარიში და „საგადასახადო სისტემის საფუძვების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შესაბამისი ცნობა გაეგზავნა საგადასახადო ინსპექციას.ამ კონკრეტულ შემთხვევამდე ისინი არ უგზავნიდნენ საგადასახადო ინსპექციას შეტყობინებას არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ. იფიქრეს, რომ რაღაც მომენტში შეიძლებოდა ვინმეს მოეთხოვა ასეთი ცნობა, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით გაუგზავნეს იგი საგადასახადო ინსპექციას და შექმნეს პრეცენდენტი.
ექსპერტ-სპეციალისტის ა. გაბისონიას აზრით „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-20, 39-ე მუხლებით და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით მოქალაქისათვის მინიჭებულ უფლებებს. ი. კორძახია არ არის ისეთი ფიზიკური პირი, რომელიც მეწარმეობას ეწევა. აქედან გამომდინარე,სადავო ნორმა მასზე არ ვრცელდება და მის მიმართ მისივე ბანკმა დაუშვა შეცდომა.ი.კორძახიას უფლებები დარღვეულია და მას სრული უფლება ჰქონდა ეჩივლა საკონსტიტუციო სასამართლოში. „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონებს შორის წინააღმდეგობა არ არის. ამასთან, „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი აბზაცი არასრულყოფილი რედაქციითაა ჩამოყალიბებული და შეიძლება გამხდარიყო შეცდომის საფუძველი.
ლ. ჭანტურიას დასკვნის მიხედვით, საქმის მასალების ანალიზი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სადავო ნორმა კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იქნეს მიჩნეული. „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ნორმა აწესრიგებს ბანკებში ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს. მაგრამ იგი სახელმწიფო ორგანოებს, ამ შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციას უფლებას არ აძლევს შეამოწმოს თანხის მოძრაობა გახსნილ ანგარიშზე. ამის უფლება მათ მხოლოდ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისას აქვს. მართალია, სადავო ნორმის მიჩნევა ანტიკონსტიტუციურად დაუსაბუთებელია, მაგრამ თვით ამ ნორმის არსებობა მოქმედ კანონმდებლობაში სრულიად გაუმართლებელია.
გ. ჯიღაურის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, შეესაბამება კონსტიტუციას. საგადასახადო სამსახური უფლებამოსილია იცოდეს ბანკში მეწარმე სუბიექტების ანგარიშის არსებობის შესახებ თუნდაც იმისთვის რომ სათანადო საფუძვლების არსებობისას აღძრას სარჩელი სასამართლოში და მოითხოვოს შემოწმება. იმ ფიზიკურ პირებს,რომლებიც არ ეწევიან მეწარმეობას და არ წარმოადგენენ გადასახადის გადამხდელებს, ეხსნებათ ანაბარი ეროვნული ან უცხოური ვალუტით. ანაბრის გასხნისათვის საჭირო არ არის საგადასახადო ინსპექციის ნებართვა ან მისთვის ცნობის მიწოდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის შედეგად დაადგინა შემდეგი გარემოება:
მოსარჩელის - მოქალაქე ირაკლი კორძახიას უფლების დარღვევა, რის გამოც მან მოითხოვა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა,ხელოვნურად შექმნილი პრეცედენტია.
„საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 21 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო - სადავო ნორმა ეხება სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციებისათვის ცნობების მიწოდებას გადასახადის იმ გადამხდელების შესახებ, რომლებსაც ბანკები, საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებები და სხვა საწარმოები ანგარიშებს უხსნიან მხოლოდ სახელმწიფო საგადასახადო სამსახურში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვაზე აყვანას კი, როგორც ეს საქმის არსებითად განხილვისას გაირკვა, იურიდიულ პირებთან ერთად მხოლოდ მეწარმე ფიზიკური პირები ექვემდებარებიან. არამეწარმე ფიზიკური პირები ამგვარ აღრიცხვას არ ექვემდებარებიან და, შესაბამისად, ბანკებიც მხოლოდ იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირების ანგარიშების გახსნის შესახებ აცნობებენ სათანადო საგადასახადო ინსპექციებს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბანკში ანგარიშის გახსნისას მას სახელმწიფო საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე აყვანის დოკუმენტი არ წარუდგენია, ვინაიდან სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მიერ არამეწარმე ფიზიკური პირები არ აღირიცხებიან. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ასეთი პრაქტიკა საყოველთაოდაა მიღებული საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურში. მოწმის სახით დაკითხულმა თბილინტერბანკის წარმომადგენლემაც დაადასტურა, რომ ბანკი არამეწარმე ფიზიკური პირების ანგარიშის გახსნის შესახებ საგადასახადო ინსპექციას ცნობებს არ უგზავნის და მოქალაქე ი. კორძახიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევაში ხელოვნურად შექმნეს პრეცედენტი.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბოლო ნორმა მოქალაქე ი. კორძახიაზე არ ვრცელდება.
ამგვარად, საქმეში არსებული მასალებით არ მტკიცდება, რომ სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციური სარჩელის ავტორის იმ უფლებებს, რომლებიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. აქედან გამომდინარე, მოქალაქე ი. კორძახია არაა უფლებამოსილი მოითხოვოს „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 21 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბოლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის, ფიზიკური პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს ნორმატიული აქტის (ან მისი ცალკეული ნორმის) კონსტიტუციურობას, თუ ამ აქტით გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. ასეთ ვითარებაში თბილინტერბანკის მიერ მოქალაქე ი. კორძახიას უფლების დარღვევის შესახებ საკითხის განხილვა არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას გამოვლინდა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების უზუსტობა და ურთიერთშეუთანხმებლობა,მათი შინაარსის სხვადასხვაგვარად გაგების შესაძლებლობა ისეთი საკითხების განსაზღვრაში, როგორიცაა გადასახადის გადამხდელები, საბანკო ანგარიშები, ფიზიკურ პირთა ასეთი ანგარიშების გახსნისა და მათ შესახებ ცნობების გაცემის წესი. საკონსტიტუციო სასამართლო სთხოვს საქართველოს პარლამენტს ამ გარემოების გათვალისწინებას საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვის პროცესში.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. უარყოფილი იქნეს მოქალაქე ირაკლი კორძახიას კონსტიტუციური სარჩელი „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 21 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბოლო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
2. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
ი. ფუტკარაძე - კოლეგიის თავმჯდომარე, სხდომის თავმჯდომარე
ო. ბენიძე - წევრი
ნ. შაშკინი - წევრი
ნ. ჩერქეზიშვილი - მომხსენებელი მოსამართლე