ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/49/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 27 მაისი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს წარდგინება.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა.
საქმის განხილვის მონაწილენი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლოს სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 1997 წლის 5 მაისს, შემოვიდა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მოსამართლის მ. კოტრიკაძის კონსტიტუციური წარდგინება.
1997 წლის 8 აპრილს, ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მოსამართლე მ. კოტრიკაძე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2215-2216 მუხლებით დადგენილი წესებით განიხილავდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულ ბადრი დარჩიას დამცველის - ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილის საჩივარს, ბრალდებულ ბადრი დარჩიას მიმართ წინასწარი გამოძიების სტადიაზე შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების და წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების კანონიერების და დასაბუთებულობის შესახებ.
როგორც კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, მოქალაქე ბადრი დარჩიას და კიდევ სხვა პირთა მიმართ, 1996 წლის 10 მაისს, აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. 1996 წლის 18 მაისს ბადრი დარჩია, როდესაც საქართველოში გერმანიიდან დაბრუნდა, დაკავებული იქნა ქ. თბილისის აეროპორტში. ბადრი დარჩია, ჯერ დაკითხულა მოწმის სახით და ამის შემდეგ, პროკურორის მიერ გაცემულ იქნა სანქცია მისი დაპატიმრების შესახებ.
ბადრი დარჩიას საქმეზე წინასწარი გამოძიება დამთავრებულა 1997 წლის 29 იანვარს, კანონით დადგენილი 9 თვიანი საპატიმრო ვადის გასვლამდე. იმავე დღიდან, ბრალდებულ ბადრი დარჩიასთან ერთად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულმა სხვა ბრალდებულებმა, დაიწყეს 24 ტომიანი წინასწარი გამოძიების მასალების გაცნობა, ბრალდებულ ბადრი დარჩიასათვის წინასწარი გამოძიების მასალები გასაცნობად წარუდგენიათ 1997 წლის 18 თებერვალს, მაგრამ ბრალდებულ ბადრი დარჩიას მასალების გაცნობაზე უარი განუცხადებია იმ მოტივით, რომ მის მიმართ უკვე ამოწურული იყო წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4 პუნქტით, განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შეიძლება გააგრძელოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული წინასწარი პატიმრობა - 9 თვემდე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი 89-ე მუხლის მე- 3 ნაწილით, ბრალდებულის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება და პატიმრობაში მყოფი ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. იმავე 89- ე მუხლის მე-4 ნაწილით, პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ვადის გამოანგარიშებისას, ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ვადა არ გაითვალისწინება.
კონსტიტუციურ წარდგინებაში მოსამართლე მ. კოტრიკაძე მომართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიმარტოს, ხომ არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მოსამართლის მ. კოტრიკაძის კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1.საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით, სასამართლოს უფლება აქვს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამობად, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
მოქმედი კანონმდებლობით, ცნება ‘’სასამართლო’’ განსაზღვრულია მართლმსაჯულების განმხორციელებელ კოლეგიურ ორგანოდ (საქართველოს 1990 წლის 28 დეკემბრის კანონის ‘’საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ’’ მე-12, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლები). ერთპიროვნულ მოსამართლეს არა აქვს უფლებამოსილება მართლმსაჯულების განხორციელებისა. საქართველოს საპროცესო და სასამართლო წყობილების შესახებ კანონმდებლობა განასხვავებს ცნებებს - “სასამართლო’’ და “მოსამართლე’’. ისინი იდენტურნი არ არიან. შესაბამისად, ის უფლება მოსილება, რაც შეუძლია განახორციელოს სასამართლომ, როგორც კოლეგიურმა ორგანომ, არ შეიძლება განახორციელოს ერთპიროვნულმა მოსამართლემ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთპიროვნული მოსამართლე უფლებამოსილი არაა კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2. საქართველოს კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, საერთო სასამართლოს უფლება აქვს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2215-2216 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს არა მთლიანად ‘’საქმეს’’, არამედ მხოლოდ საჩივარს - ბრალდებულის დაპატიმრების და ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ.
ამრიგად, ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მოსამართლე მ. კოტრიკაძის მიერ 1997 წლის 8 აპრილს, ერთპიროვნულად გამოტანილი დადგენილება, არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსხვავებულად მიღების საფუძველს, რადგან კონსტიტუციური წარდგინება შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ (საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტი).
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89- ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-20 და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მოსამართლის მ. კოტრიკიძის კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად არ იქნეს მიღებული და საქმეზე სამართალწარმოება შეწყდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა.