რეზო გიორგის ძე მარსაგიშვილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/68/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 21 დეკემბერი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: რეზო გიორგის ძე მარსაგიშვილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართვველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 24 ნოემბრის №29.01.284 დადგენილება “სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული განყოფილების კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ”.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელე: რეზო მარსაგიშვილი .
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 19 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა რევაზ მარსაგიშვილმა.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994 წლის 24 ნოემბრის №29.01-284 დადგენილების “სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული განყოფილების კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ” მე-2 და მე-3 პუნქტები.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისმა მამამ – გიორგი მარსაგიშვილმა, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, 1993 წლის 31 ივლისს გაიმარჯვა სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული განყოფილების მიერ ჩატარებულ კონკურსში, რომელზედაც გასაყიდად გამოტანილი იყო ყაზბეგის რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობა.
1993 წლის 10 ნოემბერს ყაზბეგის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებამ გ. მარსაგიშვილს სათანადოდ გაფორმებული აქტით ჩააბარა შეძენილი ქონება და გასცა მის სახელზე შედგენილი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №49\2-კ. გ. მარსაგიშვილი სახელმწიფომ ცნო ყაზბეგის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მესაკუთრედ.
1994 წლის 24 ნოემბრეს საქართვველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ყაზბეგის რაიუნული განყოფილების შემოწმების შედეგების საფუძველზე №29.01.284 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გააუქმა ყაზბეგის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებები სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის ყაზბეგის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობის, პრივატიზების შესახებ.
მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული დადგენილებით მოპასუხემ მოახდინა მისი მამის გ. მარსაგიშვილის საკუთრების კონფისკაცია, რითაც შეილახა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული მისი საკუთრების უფლება.
მოპასუხემ საკუთრების ჩამორთმევა იმით დაასაბუთა, რომ მისმა წარმომადგენელმა ყაზბეგის რაიონში დაარღვია “სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ” კანონი და მთავრობის 1994 წლის 29 მაისის №614 დადგენილებით დამტკიცებული დებულება “სახელმწიფო ქონების კონსკურსის წესით მიყიდვის შესახებ”. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1993 წელს ჩატარებულ კონკურსზე არ შეიძლებოდა 1994 წლის დადგენილების გავრცელება და გარდა ამისა, თუ კონკურსის ჩატარების დროს მოპასუხის წარმომადგენელმა ყაზბეგის რაიონში რაიმე დარღვევა დაუშვა, პასუხისმგებლობა მას უნდა დაეკისროს და არა გ. მარსაგიშვილს, რომელმაც ქონება შეიძინა გამყიდველის მიერ დადგენილი და შემოთავაზებული პირობებისა და წესების სრული დაცვით.
მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994 წლის 24 ნოემბერის №29.01.284 დადგენილების მე-2 და
მე-3 პუნქტები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ და უზრუნველყოფილ საკუთრების უფლებას და მოითხოვს მის არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1998 წლის 18 დეკემბრის №182\68\2 წერილით აცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონერბის მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 24 ნოემბრის №29.01.284 დადგენილება “სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული განყოფილების კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ” მორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი არ არის.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე რეზო მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი წლის წინათ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, საერთო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა და აღდგენილი იქნა მისი საკუთრების უფლება ყაზბეგის საყოფაცხოვრება მომსახურების სამმართველოს ახალ ადმინისტრაციულ შენობაზე. ამის გამო მის კონსტიტუციურ სარჩელს გამოეცალა საფუძველი და მოსარჩელე საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვს.
იხელმძღვანელა რა, საქათველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19, 39-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლით და მე-18 მუხლის “დ” ქვეპუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მოქალაქე რეზო მარსაგიშვილის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინააღმდეგ ამ სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 24 ნოემბრის №29.01.284 დადგენილება “სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული განყოფილების კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ” არაკონსიტუციურად ცნობის თაობაზე საქმის წარმოება შეწყდეს, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გია მეფარიშვილი;
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.