საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/574 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 18 თებერვალი 2014 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I- აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N574) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავამ.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, „ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას“. აღნიშნული ნორმა ადგენს სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების სამართლებრივ საფუძვლებსა და წინა პირობებს.
5. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია, შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. დასახელებული მუხლის გასაჩივრებული დებულება ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას, რომ ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე გიორგი უგულავა 2010 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერად. 2013 წლის 18 დეკემბრიდან მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. 2013 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, განსახილველი საკითხების მიმართ საზოგადოების უდიდესი ინტერესი არსებობდა და მან დღის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა მისი სურვილისა და მზადყოფნის შესახებ, ზეპირი მოსმენის ფარგლებში განხილულიყო თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ შუამდგომლობა, სადაც ის შეძლებდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის უსაფუძვლობის წარმოჩენას. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 2013 წლის 22 დეკემბერს მიიღო განჩინება, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებული გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
7. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მას არაკონსტიტუციურად მიაჩნია აღნიშნული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება ქალაქ თბილისის მერის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებას.
8. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“.
9. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება იცავს როგორც აქტიურ, ისე პასიურ საარჩევნო უფლებას. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს პირის უფლებას, არჩევნების გზით, არჩეულ იქნეს ამა თუ იმ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით და ამ ვადის განმავლობაში განახორციელოს მისთვის მინიჭებული თანამდებობრივი უფლებამოსილებანი. ქალაქ თბილისის მერის შემთხვევაში კი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა შეადგენს 4 წელს.
10. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, „1.საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
11. მოსარჩელის მტკიცებით, პირის უფლება, არჩეულ იქნეს თანამდებობაზე, ასევე დაცულია აღნიშნული კონსტიტუციური ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის დაცვის ქვეშ ექცევა არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის თანამდებობაზე დანიშვნისათვის გონივრული, არადისკრიმინაციული რეგულაციების დადგენის ვალდებულება, არამედ საჯარო მოსამსახურეების უფლება, დაცული იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან.
12. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „შრომა თავისუფალია“. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული უფლებით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლების შესაძლებლობას.
13. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ზემოთ ხსენებული კონსტიტუციური დებულებები ერთმნიშვნელოვნად იცავენ მოსარჩელის უფლებას, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რომლებიც მას ქალაქ თბილისის ამომრჩევლებმა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრის გზით, 4 წლის ვადით მიანიჭეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულირება კი ეწინააღმდეგება აღნიშნულ კონსტიტუციურ ნორმებს და ზღუდავს მის უფლებებს.
14. მოსარჩელის არგუმენტაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი ასევე ეწინააღმდეგება განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპს. ნორმა, სათაურიდან გამომდინარე, აწესრიგებს მხოლოდ ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების გამოყენების საფუძველს და არ ითვალისწინებს იმ ბრალდებულთა კატეგორიებს, რომელთა მიმართაც შესაძლებელია აღნიშნული საპროცესო მოქმედების გამოყენება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი ნათლად არ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართაც შესაძლებელია აღნიშნული უფლებაშემზღუდველი ნორმის გამოყენება. ამავე დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია, სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს“. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს განჩინების აღსრულება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მიიღებს განჩინებას დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
15. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, ცალკეულ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისგან ჩამოცილების) საკითხი წყდება სპეციალური კანონმდებლობით. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი არ შეიცავს იმ პირთა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა თანამდებობიდან გადაყენების საკითხი სპეციალური კანონმდებლობით წესრიგდება. მაგალითად, აღნიშნული ნორმა არ მოიაზრებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს. მოსარჩელის მტკიცებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის სტრუქტურული განთავსება უშუალოდ იმ ნორმებთან ერთად, რომლებიც ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს, განჩინების მიღებისა და აღსრულების წესს ადგენს, წარმოადგენს საერთო სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის იმგვარი განმარტების საფუძველს, თითქოს, მასზე დაყრდნობით, შესაძლებელია ნებისმიერი ბრალდებულის თანამდებობიდან დროებით გადაყენება, გარდა 162-ე მუხლში ჩამოთვლილი პირებისა. მოსარჩელის შემთხვევაში სწორედ ამგვარად განმარტა სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ფარგლები.
16. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს კონსტიტუციის მიერ დადგენილი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის ფარგლებში და კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებზე, რომლებითაც გათვალისწინებულია დემოკრატიული სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები.
17. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ქალაქ თბილისის მერის გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინების „აღსრულების ორგანიზების უზრუნველყოფა“ დაევალა მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორს. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმის განმარტების შედეგად, სასამართლოს ეძლევა უფლებამოსილება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალ პროკურატურის ორგანოებს დააკისროს სასამართლოს განჩინების აღსრულება, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.
18. მოსარჩელე ასევე ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
19. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
20. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება სამართლიან სასამართლოზე, გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. ამასთან, იმისათვის, რომ შედგეს კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და მიღებულ იქნეს ობიექტური გადაწყვეტილება, ეს უფლება მოიცავს შესაძლებლობათა შემდეგ მინიმუმს: პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით.
21. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ შუამდგომლობის, ზეპირი მოსმენის გარეშე, განხილვის შესაძლებლობას, ბრალდებულთან მიმართებით უფლებაშემზღუდველი ნორმაა. აღნიშნული ნორმის როგორც სიტყვასიტყვითი, ისე სხვა ნორმებთან კონტექსტში განმარტება, მხოლოდ იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ მის საბოლოო მიზანს წარმოადგენს მოსამართლისთვის გარკვეული დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება - ზეპირი მოსმენის გარეშე ან მხარეთა მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილოს შუამდგომლობა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მოსარჩელის მტკიცებით, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობას სასამართლოები დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავენ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არ მიუთითებს უფლების შეზღუდვის კანონიერ მიზანზე და, შესაბამისად, ვერ იქნება დაცული თანაზომიერება დასახულ მიზანსა და დაწესებულ შეზღუდვას შორის.
22. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა არღვევს მის უფლებას შეჯიბრებით მართლმსაჯულებაზე, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით. კონსტიტუციის დასახელებული ნორმის თანახმად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
23. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია“.
24. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დაცვის უფლება გულისხმობს საკუთარი თავის დასაცავად პოზიციის პირადად გამოხატვას და დამცველით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. პირის მიერ დაცვის უფლების და საჯარო მოსმენის უფლების განხორციელების გარეშე შეუძლებელია შესაბამის პროცედურასა და შედეგებზე ეფექტური გავლენის მოხდენა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ასევე არღვევს მოსარჩელის დაცვის უფლებას.
25. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
26. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიზანია, უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებით, ირღვევა რა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპის კონვენციით დაცული უფლებები, შესაბამისად, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლიც. მოსარჩელის მითითებით, კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტი, როგორც ძირითად წესს, ადგენს სასამართლოში საქმის განხილვას ღია სხდომაზე. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლიდან გამომდინარეობს ადამიანის ისეთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლების დაცვის გარანტია, როგორიცაა საქმის ღია (საქვეყნო, საჯარო) მოსმენაზე (განხილვაზე) საყოველთაოდ აღიარებული უფლება, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი კომპონენტია და დაცულია ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპის კონვენციის მე-6 მუხლით.
27. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა წარმოადგენს არა დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის გამოხატულებას, რომელიც ბრალდებულს უფლებათა დაცვის ეფექტურ საშუალებებს მიანიჭებდა ღია, საჯარო, მიუკერძოებელი პროცესის ფარგლებში, არამედ „პარტიზანული მართლმსაჯულების“ განხორციელების საფუძველს, როდესაც სასამართლო დამოუკიდებლად, პროცესის მიზნებისა და პრინციპების გაუთვალისწინებლად, ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს.
28. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა ზოგადი ხასიათისაა და არ ითვალისწინებს მისი გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ იმ გარემოებების არსებობისას, როდესაც დასაშვები იქნებოდა, ბრალდებულის დასწრების გარეშე, მის მიმართ მიმდინარე უფლებაშემზღუდველი საპროცესო ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოება ზეპირი მოსმენის გარეშე.
29. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
30. მოსარჩელე შუამდგომლობით ითხოვს, საქმის განხილვაზე,მოწმის სახით, მოწვეულ იქნენ: ირაკლი აბესაძე, რომელიც არის ქ. თბილისის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; ექსპერტის სახით - მამუკა ჟღენტი, მამუკა აბულაძე და კარსტენ მანკე.
31. მოსარჩელე ასევე შუამდგომლობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე შუამდგომლობების უმრავლესობის გადაწყვეტა პრაქტიკაში ზეპირი მოსმენის გარეშე ხდება და სადავო ნორმების მოქმედება იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს საქართველოს კონსტიტუციით დაცული, სარჩელში მოყვანილი ძირითადი უფლებების დარღვევის თვალსაზრისით.
32. კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით განაწილებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე არჩეული თანამდებობის პირის ვადამდე გადაყენების (ან/და მისთვის უფლებამოსილების შეჩერების) ინსტიტუციური რეგულირება, ამ საკითხთან დაკავშირებული კონსტიტუციური გარანტიების შეფასება, წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხს. ამიტომ განსახილველმა საქმემ ,,თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა”. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა N574 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმის მიერ განხილვის საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 18 თებერვალს.
II- სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე არჩეული თანამდებობის პირის ვადამდე გადაყენების (ან/და მისთვის უფლებამოსილების შეჩერების) ინსტიტუციური რეგულირება, ამ საკითხთან დაკავშირებული კონსტიტუციური გარანტიების შეფასება, წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხს. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ ,,თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა”.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმი მიიჩნევს, რომ მართებულია N574 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III - სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 212 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N574) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
კონსტანტინე ვარძელაშვილი
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი