სტატიათა კონკურსი
სტატიათა კონკურსი
„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ აცხადებს სტატიათა კონკურსს და იწვევს სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, მკვლევარებს და ექსპერტებს სამეცნიერო ნამუშევრების 2024 წლის მეორე გამოცემაში გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალის შესახებ
ჟურნალი გამოიცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (www.constcourt.ge) მიერ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (www.tsu.ge) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (www.gruni.edu.ge) მხარდაჭერით. ჟურნალი აქვეყნებს სხვადასხვა ტიპის სტატიას კონსტიტუციური სამართლის სფეროში და მიზნად ისახავს დარგის ირგვლივ აქტიური აკადემიური დისკუსიის წარმართვას.
ინფორმაცია სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) წარდგენის მსურველთათვის
სტატიის ავტორი თავისუფალია თემის არჩევაში, მნიშვნელოვანია, სტატია უკავშირდებოდეს საკონსტიტუციო სამართალსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კონკურსი ცხადდება შემდეგი ტიპის ნაშრომებისათვის:
- აკადემიური ნაშრომი;
- სტატია;
- სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა;
- ლიტერატურის მიმოხილვა.
ჟურნალი მიიღებს სტატიებს, რომლებიც შესრულებულია მაგისტრის ხარისხის მქონე, დოქტორანტურის სტუდენტების ან დოქტორის ხარისხის მქონე პირების მიერ. მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაკუთრებით პრობლემურ საკითხზე წარმოადგენენ ახლებურ მიდგომას, რაც იქნება დასაბუთებული კვლევის სათანადო მეთოდით.
- ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული;
- ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური;
- ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;
- ნაშრომი მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის მეცნიერების განვითარებისთვის;
- ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული.
ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები
სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სტატიას თან უნდა ახლდეს დაახლოებით 100-სიტყვიანი აბსტრაქტი (ორივე ენაზე) და ავტორის მოკლე რეზიუმე (ან ავტობიოგრაფია, CV). რედაქტირებისას, შესაძლებელია, სტატიების ზომისა და შინაარსის კორექტირება. სტატიების რედაქტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
ყველა ტიპის სტატია დამუშავდება ვიზუალური თვალსაზრისით, შესაძლოა შეიცვალოს შრიფტი, შრიფტის ფერები, გვერდის არეები (page margins), ხაზებს შორის დაშორება (line spacing), აბზაცებს შორის დაშორება (paragraph spacing) და ფორმატირების სხვა საკითხები.
საავტორო უფლებების საკითხი
ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებაზე, თარგმნაზე, ვიზუალურ დამუშავებაზე. ავტორებს რჩებათ უფლება გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალი, მითითებული იქნება, როგორც პირველადი გამოცემის წყარო და ამის შესახებ ჟურნალს წინასწარ ეცნობება წერილობითი სახით; ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით.
ნაშრომების წარდგენის პირველი ეტაპი:
ავტორებმა არაუგვიანეს 2024 წლის 3 ნოემბრისა ჟურნალს უნდა მიაწოდონ ნაშრომის სავარაუდო სათაური, დაახლოებით 100-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის/ავტორების რეზიუმე. ავტორებს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ მითითებული ვადის გასვლიდან ორი კვირის განმავლობაში.
ნაშრომების წარდგენის მეორე ეტაპი:
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულმა ავტორებმა არაუგვიანეს 2024 წლის 8 დეკემბრისა ჟურნალს უნდა მიაწოდონ დასრულებული ნაშრომი.
სტატია მიიღება უშუალოდ ავტორისაგან. სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.
ავტორებს პირველადი პასუხი გამოქვეყნების შესახებ ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. აღნიშნულ პერიოდში და მას შემდეგ ჟურნალის მხრიდან ავტორებს შეიძლება მოეთხოვოთ ნაშრომში გარკვეული რედაქციული ცვლილებების შეტანა, რისთვისაც ჟურნალი ცვლილებების მოცულობიდან გამომდინარე, ავტორებს განუსაზღვრავს შესაბამის ვადას.
მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word *.doc), თითოეული ტიპის სტატიისთვის დადგენილი მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.constcourt.ge/ka/journal/about-the-journal/journal-instructions-requirements
სტატიის შერჩევისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა. ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს ჟურნალის ეთიკის წესებს (პლაგიატის აკრძალვა, წყაროს მითითებისა და ციტირების წესი), რაც ხელმისაწვდომია აქ:
https://www.constcourt.ge/ka/journal/about-the-journal/ethics-standards
ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და ნაშრომების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jcl@constcourt.ge
გისურვებთ წარმატებას!