საქართველოს მოქალაქე ზურაბ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/716 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივნისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 ივნისი 2018 15:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზურაბ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ზურაბ სანიკიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თამარ მესხია, თინათინ ერქვანია და გიორგი ჩიფჩიური.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №716) მომართა საქართველოს მოქალაქე ზურაბ სანიკიძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 9 თებერვალს.
2. №716 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 19 აპრილსა და 2017 წლის 11 მაისს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის თანახმად, „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1990 წლის 28 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად, თუმცა მომდევნო წლებში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების შედეგად იგი უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და გამოასახლეს საცხოვრებელი სადგომიდან. თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების საფუძველზე, 2005 წლის 14 ივნისს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსი. ხოლო მოსარჩელის სარჩელი საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლების საფუძვლით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი, სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევის გამო.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ადგენს პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის ერთწლიან ვადას. აღნიშნული უფლების განხორციელების კონკრეტული ვადით შეზღუდვა კი, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
8. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასზე პოლიტიკური რეპრესია ხორციელდებოდა მის მიერ გამოხატული შეხედულებების გამო. მოსარჩელის მტკიცებით, განსხვავებული აზრისა და გამოთქმული მოსაზრებების გამო პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების კონკრეტული ვადით შეზღუდვა და ამ ვადის გასვლის შემდგომ პირის მიმართ დამდგარი ზიანის კომპენსირებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლს. ამავდროულად, სახელმწიფოს მიერ უფლების განხორციელებაზე კონკრეტული ვადის დაწესება შესაძლებელია, ჩაითვალოს წარსულში განხორციელებული რეპრესიის გაგრძელებად, რადგან პირს საშუალებას არ აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ქვეყანაში არსებული ვითარების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით შეარჩიოს დრო და მიმართოს სასამართლოს დარღვეული პოლიტიკური ან/და სამოქალაქო უფლებების აღდგენის მიზნით.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული საფუძვლებით, მათ შორის, პოლიტიკური მოტივით დარღვეულ უფლებათა აღდგენის მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვა წარმოადგენს რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ უფლებას. ამავდროულად, ვინაიდან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების უფლება პირდაპირ სახელდებული არ არის კონსტიტუციაში, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან, სადავო ნორმა აგრეთვე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
10. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელის პოზიციით, სასამართლოსათვის მიმართვისთვის ხანდაზმულობის ვადების დადგენის მიზანია, უზრუნველყოს სამართლებრივი სტაბილურობა და გადაწყვეტილების საბოლოობა. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში რეპრესირებული პირებისთვის დარღვეული უფლებების აღდგენის საჭიროება გადაწონის სამართლებრივი სიცხადისა და სტაბილურობის ინტერესების დაცვის აუცილებლობას. ამავდროულად, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა, თავის მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სადავო კანონისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე, მოითხოვოს პოლიტიკური მოტივით განხორციელებული რეპრესიისათვის დამახასიათებელი მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
11. მოსარჩელე მხარემ აგრეთვე აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული სადავო ცვლილებები არ არის ასახული ძირითად კანონში, რითაც დარღვეულია ნორმატიული აქტების მიღების ფორმალური მოთხოვნები. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციას ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.
12. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა აზრის, სიტყვისა და რწმენის თავისუფლება. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმიდან მომდინარე კონკრეტული უფლებრივი სფეროს შეზღუდვის შესახებ. შესაბამისად, ამ ნაწილში არ იკვეთება აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციის მე-19 მუხლთან.
13. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლზე მსჯელობისას მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ ამ მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაზე, რომელიც უშუალოდ სახელდებული არ არის კონსტიტუციაში, თუმცა გამომდინარეობს მისი პრინციპებიდან და სულისკვეთებიდან. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან მოსარჩელე მხარე თავად აპელირებდა კონსტიტუციის მე-19 მუხლის დარღვევაზე, სადავო ნორმას არ აქვს შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციის 39-ე მუხლთან.
14. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს კონკრეტული უფლების არსებობას, რომლის დაცვაც იზღუდება სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავდროულად, აუცილებელია უფლებრივი მიმართება მოსარჩელესა და სასარჩელო მოთხოვნას შორის. კონკრეტულად კი, მოპასუხე მხარეს უნდა ჰქონდეს უფლების დარღვევის მსხვერპლის სტატუსი, სადავო ნორმა უშუალოდ უნდა ზღუდავდეს მის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ ჰქონდა მკაფიოდ წარმოდგენილი არგუმენტაცია მისი უფლების დარღვევასთან დაკავშრებით. მოპასუხემ აგრეთვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს კანონის ფორმალურ შესაბამისობაზე კონსტიტუციასთან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 33-ე მუხლში აღნიშნული სპეციალური სუბიექტები მომართავენ სასამართლოს ნორმის ფორმალური კონსტიტუციურობის შესამოწმებლად, სხვა შემთხვევაში პირის სარჩელის საფუძველზე ფორმალური ნორმათკონტროლის განხორციელება დაუშვებელია. ამრიგად, მოპასუხე მხარის მტკიცებით, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
15. მოპასუხე მხარე თავის არგუმენტაციას ამყარებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე თავს მიიჩნევს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მის მიერ გამოთქმული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ხოლო ამ სტატუსის მინიჭებისთვის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის კონკრეტული ვადით შეზღუდვა აბრკოლებს მას, სრულად აღიდგინოს უფლებები.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს ადამიანის პირადულ სფეროს, მის თავისუფლებას, იქონიოს, გაიზიაროს ან/და უარყოს შეხედულება, რელიგია, რწმენა. კონსტიტუციის მიზანია ჩამოაყალიბოს აზრის, სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების, როგორც forum internum, ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი პირადი სფეროს ხელშეუხებლობის გარანტია. ეს არის უფლება (უფლების ასპექტი), რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. არავის ძალუძს და არ აქვს უფლება, აიძულოს ადამიანი, მიიღოს ან შეცვალოს საკუთარი აზრი და რწმენა. ადამიანი ასევე დაცულია იძულებისაგან თქვას ის, რაც მას არ სურს ან გამოთქვას საკუთარი აზრი. ეს უფლება არ ექვემდებარება რეგულირებას, ვინაიდან ის ინდივიდის თავისუფლების, მისი იდენტობის, ავტონომიის საფუძველს ქმნის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები- დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-10).
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს პირის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და შეხედულებები, არ იდევნებოდეს საკუთარი შეხედულებებისა და გამოთქმული მოსაზრებების გამო. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება არ მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს კომპენსაცია აზრისა და შეხედულებების დაუსაბუთებელი, არაკონსტიტუციური შეზღუდვის, აგრეთვე, აზრისა და შეხედულებების გამოთქმისათვის დევნის გამო. სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით ანაზღაურების საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის სადავო ნორმის შინაარსი პრობლემატურია არა იმდენად, რომ იგი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს პირის მიერ აზრის გამოთქმასთან დაკავშირებით, არამედ იმის გამო, რომ გამორიცხავს წარსულში გამოხატული პოლიტიკური შეხედულებების გამო რეპრესირებულად აღიარების უფლებას და მიყენებული მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული წესი რაიმე ფორმით უზღუდავს მას აზრის/შეხედულების გამოთქმას, ადგენს აზრის/შეხედულების გამოთქმის გამო მისი დევნის შესაძლებლობას ან რაიმე სახით საერთოდ რომ უკავშირდება ამ საკითხს. როგორც აღინიშნა, აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლების დარღვევისათვის ან/და აზრის/შეხედულების გამოთქმის გამო დევნისათვის რაიმე ფორმით ანაზღაურების უფლება არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. ამრიგად, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციით მე-19 მუხლით დაცული უფლების ფარგლებისა და შინაარსის არასწორ აღქმას.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებასთან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის 4562-Iს მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, N716 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის კონსტიტუციურობას ასევე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. მისი პოზიციით, პოლიტიკური მოტივით დარღვეულ უფლებათა აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აღიარებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით და მიეკუთვნება იმ კონსტიტუციურ უფლებათა რიცხვს, რომლებიც არ არიან მოხსენიებული კონსტიტუციაში, მაგრამ გამომდინარეობენ მისი პრინციპებიდან.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიზანია, „უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია 39-ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-22,23).
8. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, ერთი მხრივ, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების უფლება საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებით არ არის დაცული, ხოლო, მეორე მხრივ, იმის შესახებ, რომ აღნიშნული უფლება წარმოადგენს ისეთ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებას, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან. მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ასეთი უფლება არაერთი საერთაშორისო აქტით არის დაცული, არ არის საკმარისი სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართების არსებობის დასაბუთებულად მიჩნევისათვის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის 4562-Iს მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, №716 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა, ვინაიდან კონკრეტული ვადით შემოსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი რეალიზაცია „... მოითხოვს იმ კონკრეტული უფლების არსებობას, რომლის დაცვაც განაპირობებს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის №1/2/440 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანატოლი კოზლოვსკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1) ანუ აუცილებელია, იყოს prima facie უფლება, რომლის სასამართლო წესით დაცვაც სურს მოსარჩელეს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისთვის პირს დარღვეული უნდა ჰქონდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები და თავისუფლებები ან უნდა იდგეს ასეთი დარღვევის უშუალო და გარდაუვალი საფრთხის წინაშე (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „… ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოვოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ჰქონდეს ამ უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვის ეფექტური მექანიზმები. აღნიშნული კონსტიტუციური გარანტია არ განსაზღვრავს სხვა კონსტიტუციური უფლებების შინაარსსა და ფარგლებს. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაცავი კონსტიტუციური უფლება ან/და კანონიერი ინტერესი და სადავო ნორმა ზღუდავს ამ უფლებისა თუ ინტერესის სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას. ხოლო თუ სადავო ნორმა მიმართულია თავად მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ან/და გაუქმებისაკენ, მაშინ სახეზეა არა უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმების შეზღუდვა, არამედ თავად ამ უფლების მატერიალური შინაარსის რეგულირება. ამდენად, სადავო ნორმის კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, იგი განსაზღვრავს ამა თუ იმ მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შინაარსსა და ფარგლებს, თუ მათი დაცვის საპროცესო წესრიგს.
12. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა კონკრეტული ვადით შემოფარგლავს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის მიმართვა წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების პროცედურის ნაწილს და, ამავე დროს, ხსენებული სტატუსის მიღების ერთადერთ გზას. ამ პროცესში პირველი ინსტანციის სასამართლო მონაწილეობს როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა სხვა ორგანოს ქმედების კანონიერების მაკონტროლებელი. სასამართლოსათვის მიმართვა ემსახურება არა რომელიმე ორგანოს მიერ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმებას, არამედ თავად ამ სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, სადავო ნორმით ხდება არა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობასთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილებიდან დაცვის საპროცესო წესრიგის დადგენა, არამედ თავად ამ მატერიალური უფლების რეალიზების დროით შემოფარგვლა. სადავო ნორმა არსობრივად ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ პირს უფლება აღარ აქვს, მოითხოვოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობა.
13. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სტატუსის მინიჭება და აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებული რაიმე სარგებლის მიღება დამოუკიდებელი უფლებაა. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა, ვადების დაწესებით, გარკვეულ ჩარჩოებს ადგენს აღნიშნული მატერიალური უფლებით სარგებლობისათვის. აშკარაა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესაძლებლობის ვადით შემოფარგვლა, თავისი არსით, მატერიალურ რეგულირებას წარმოადგენს და არა საპროცესო წესს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის უფლების ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის საპროცესო უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის 4562-Iს მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №716 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №716 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ზურაბ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი