ხაშურის რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/6/115 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 22 სექტემბერი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ხაშურის რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება.
დავის საგანი: “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 1998 წლის 12 ივნისის კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
ხაშურის რაიონული სასამართლოდან შემოსული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით საქართვკლოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ წარდგინება შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე. წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო 1999 წლის 7 სექტემბერს შემოვიდა, ხოლო 9 სექტემბერს იგი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, რომლის განმწესრიგებელი სხდომაც 17 სექტემბერს გაიმართა.
კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოქალაქე თამარ ჩადუნელმა მიმართა სარჩელით, სადაც მიუთითა, რომ დაჯილდოებული იყო რა 1941-1945 წლების ომში “ზურგში მამაცური შრომისათვის” მედლით, “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად გაუთანაბრდა ომის ვეტერანებს და გაეზარდა პენსია 35 ლარამდე. მან 1998 წლის თებერვლის დასაწყისში მედლის მოწმობა და სათანადო განცხადება წარადგინა სოციალური ფონდის ხაშურის რაიონულ განყოფილებაში. თ. ჩადუნელს დაენიშნა გაზრდილი პენსია, მაგრამ მიიღო მხოლოდ ერთი თვისა – შემდეგ კი შეუწყვიტეს გაზრდილი პენსიის გაცემა და შეუმცირეს იგი 12 ლარამდე. მას განუმარტეს, რომ კანონში ცვლილებების შეტანის გამო გაზრდილ პენსიას მიიღებდა 1999 წლის 1 იანვრიდან. მოსარჩელემ რაიონულ სასამართლოში მოითხოვა, რომ 1998 წლის მარტიდან 1999 წლის 1 იანვრამდე 10 თვის მიუღებელი გაზრდილი პენსიის 350 ლარი აუნაზღაურდეს სოციალური ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილებისაგან.
წარდგინების მიხედვით, რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას გაირკვა: მოსარჩელე თ. ჩადუნელს და “მის მსგავსად ათასობით ადამიანს”, “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 1998 წლის 12 ივნისის კანონის მე-7 მუხლის ძალით, გაზრდილი პენსიის გაცემა შეუწყდათ იმ მიზეზით, რომ მათ ომის ვეტერანებთან გათანაბრების საბუთი სოცფონდის განყოფილებაში წარადგინეს 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ. ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებით მოქალაქე თ. ჩადუნელის სარჩელის განხილვა შეჩერდა. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანა იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლით, “კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არ აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს მდგომარეობას”. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, “...კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს”.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ “მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შემლახველ კანონის უკუქცევის ძალის გამოყენებას”, რადგან 1998 წლის 12 ივნისის კანონმა “იმავე წლის 1 იანვრიდან ეს იგი ხუთი თვის და 12 დღით უკუქცევით, გააუარესა ხშირ შემთხვევაში სოციალურად დაუცველ, დამსახურებულ პენსიონერთა მდგომარეობა და მიაყენა მათ ქონებრივი ზიანი”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიმართავს საკონსტიტუციური სასამართლოს: “გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წარდგინება და დაადასტუროთ “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე 1998 წლის 12 ივნისის კანონის მე-7 პუნქტის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ და მსგავს კატეგორიის საქმეებზე სასამართლო შეცდომა”.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილა ხაშურის რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კოლეგია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იგი არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
წარდგინებაში სრულად არ არის დაცული “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. სახელდობრ, მითითებული არ არის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 42-ე მუხლი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების შეტანის უფლებას აძლევს.
კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 1998 წლის 12 ივნისის კანონის მე-7 სადავო მუხლის (წარდგინების მიხედვით – პუნქტის) კონსტიტუციურობის საკითხი დასმულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიმართ. წარდგინების ავტორის აზრით, სადავო მუხლი არ შეესაბამება კონსტიტუციის იმ დებულებას, რომ “... კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს”. სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ კონსტიტუციის ამ დებულებით განისაზღვრება კანონის უკუძალა პასუხისმგებლობის საკითხთან კავშირში, უფრო ზუსტად – სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობასთან მიმართებით. ამას აშკარად ადასტურებს კონსტიტუციის ციტირებული დებულების წინა წინადადება – “არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა”. კონსტიტუციური წარდგინებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადავო მუხლის მიხედვით, პენსიონერ თ. ჩადუნელის მხრივ სამართალდარღვევაზე და მასთან დაკავშირებულ პასუხიმგებლობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. მაშასადამე, საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 1998 წლის 12 ივნისს მიღებული კანონის სადავო მუხლის კონსტიტუციურობის საკითხის დასმა და განხილვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით მართებულად ვერ ჩაითვლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოთი განსახილველად შემოტანილია “ხაშურის რაიონის მოსამართლე კუკური კოჟორიძის კონსტიტუციური წარდგინება”. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის, აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ძალით კი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართოს საქმის განმხილველმა საერთო სასამართლომ. საერთო სასამართლოების სისტემა განსაზღვრულია “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლით. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საერთო სასამართლოებია რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო. კონსტიტუციური წარგინებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლოა რაიონული სასამართლო და სწორედ იგია უფლებამოსილი, რომ წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის ვითარებას არ ცვლის ის გარემოება, რომ რაიონულ სასამართლოში საქმე მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად განიხილება.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი უნდა იყოს არა “ხაშურის რაიონის მოსამართლე კუკური კოჟორიძის”, არამედ ხაშურის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება. საკუთრივ მოსამართლე კონსტიტუციურ წარდგინებასთან მიმართებით უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ... შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ”.
სადავო მუხლის შემცვლელი აქტით ცვლილებები და დამატებები შევიდა “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 1997 წლის 12 დეკემბრის კანონში. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, “ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შევიდა ცვლილება ან დამატება”. აქედან გამომდინარე, სადავო მუხლის შემცველი აქტი – 1998 წლის 12 ივნისის კანონი საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე – “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის განუყოფელი ნაწილია.
“ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, “ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ... მიღებულია (გამოცემულია) შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს”. “საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 1999 წლის 19 მარტის კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ითვალისწინებენ, რომ “ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე” და “ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი”. კანონი “საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” ოფიციალურად გამოქვეყნდა 1999 წლის 1 აპრილს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” (I ნაწილი №10, მუხ.33).
ამგვარად, 1999 წლის 1 აპრილიდან ძალადაკარგულია კანონი “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”. მაშასადამე, ამით ძალა დაკარგა ამ კანონის განუყოფელმა ნაწილმაც – 1998 წლის 12 ივნისის კანონმა “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. თავისთავად ცხადია, რომ ამავე დროიდან – 1999 წლის 1 აპრილიდან ძალადაკარგულია აგრეთვე მისი მე-7 მუხლიც, რომელიც კარგა ხნის წინათ გაუქმების მიუხედავად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ივლისის განჩინების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 1999 წლის 7 სექტემბრის შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინების დავის საგანს წარმოადგენს (სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამ გაუქმებული მუხლის ანალოგიური შინაარსისაა “საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-13 მუხლი). “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს აგრეთვე კონსტიტუციურ წარდგინებაში დაშვებულ ისეთ უზუსტობაზე, როგორიცაა საქართველოს მოქმედი სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების არასწორად დასახელება (“სამოქალაქო სამართლის კოდექსი”, “სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი”). ასევე, კონსტიტუციური წარდგინების საპირისპიროდ, ამჟამად მოქმედებს არა კანონი – არამედ ორგანული კანონი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”. წარდგინებაში გამოყენებულია უსწორო ფორმა– კანონის “უკუქცევის ძალა”, ხოლო სადავო მუხლის შემცველი კანონის თარიღად 1998 წლის ნაცვლად ერთგან 1999 წელია დასახელებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 21-ე და 22-ე მუხლებითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად ხაშურის რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 1998 წლის 12 ივნისის კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობის საკითხზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ოთარ ბენიძე (წევრი)
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი)