ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/8/116 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 30 ნოემბერი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2.ბესარიონ ზოიძე – წევრი;
3.ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
4.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება.
დავის საგანი: (1) “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 1997 წლის 30 მაისის კანონის მე-3 მუხლისა და (2) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის დებულების პირველი თავის პირველი პუნქტის, მე-2 თავის მე–2 და მე-10 პუნქტების, მე-3 თავის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: განმწესრიგებელი სხდომა, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 42-ე მუხლისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარდგინების ავტორის დაუსწრებლად წარიმართა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ღია განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი. წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 1999 წლის 5 ოქტომბერს. 11 ნოემბერს იგი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამარლთოს პირველ კოლეგიას, რომლის განმწესრიგებელი სხდომაც 19 ნოემბერს გაიმართა.
კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ იგი შემოტანილია “საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “ა” პუნქტის, საქართველოს კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-19 მუხლის “ა” პუნქტის, მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე და 42-ე მუხლების, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” 1–ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე”.
წარდგინების მიხედვით, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 1999 წლის 30 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოდან განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. სამინისტრო თავის თანამშრომელს ი. კიტოვანს ედავება სამინიტროსში ძირითად საჯარო სამსახურთან ერთად სხვა საქმიანობის განხორციელების გამო. როგორც წარდგინებაშია აღნიშნული, ასეთი საქმიანობა იკრძალება კანონით “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”. სადავო საქმიანობა იმით გამოიხატება, რომ ი. კიტოვანი აირჩიეს სააქციო საზოგადოება “საქრუსენერგოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად შრომის ანაზღაურების გარეშე. არჩევა მოხდა ს/ს –ის აქციონერთა კრებაზე, სადაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აქვს ხმების 50% (მის საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისად).
კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, სამინისტროს თანამშრომლის არჩევა სამეთვალყურეო საბჭოში, შრომის ანაზღაურების გარეშე, გამომდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების მე-3 თავის მე-5 პუნქტიდან. დებულება კი ამ მიმართებით შეესაბამება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 1997 წლის 30 მაისის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და მე-4 პუნტქს. მეორე მხრივ, სამინიტროს თანამშრომლის საქმიანობა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ეწინაამღდეგება “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნას, რის გამოც ი. კიტოვანი ამავე მუხლის მე-11 პუნქტით ექვემდებარება დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას.
ამდენად, კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინიტროს მოქმედი დებულების შესაბამისად მოქალაქე ი. კიტოვანის საქმიანობა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მისსავე უფლებას: “ეკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით, ამ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 29 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული კანონებით “საჯარო სამსახურის შესახებ” და “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. ამ პირობების სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია იმის გამო, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონი და სამინიტროს დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მოითხოვს დადგინდეს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოქმედი დებულების პირველი თავის პირველი პუნქტის, მე-2 თავის მე-2 და მე-10 პუნქტებს, მე-3 თავის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ქ. თბილისი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ წარდგინებაში არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნით, კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის ნორმები, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების შეტანის უფლებას აძლევს. ამ მხრივ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან შემოტანილ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველთა შორის უმართებულოდ დასახელებულია “საქართველოს კონსტიტუციის სასამართლოს შესახებ” 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი”, აგრეთვე მე-19 მუხლის “ა” პუნქტი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია, წარდგინების ავტორის ამ განცხადების საპირისპიროდ, აღნიშნავს, რომ 1) საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს 89-ე მუხლის “ა” პუნქტი, „საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი“, აგრეთვე მე–19 მუხლის ა პუნქტი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია, წარდგინების ავტორის ამ განცხადების საპირისპიროდ, აღნიშნავს, რომ: 1. საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს 89-ე მუხლის „ა“ პუნქტი (არის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, რომელსაც, ჩანს, გულისხმობდა წარდგინების ავტორი; 2) მოქმედებს არა კანონი, არამედ ორგანული კანონი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”; 3) ამ ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსის განმსაზღვრელი ზოგადი ნორმა – მოცემულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკანონმდებლო დეფინიცია და მასში, ბუნებრივია, არაფერი არაა ნათქვამი კონსტიტუციური წარდგინების ავტორისათვის წარდგინების შეტანის უფლების მიცემის შესახებ; 4) არანაირად არ შეიძლება კონსტიტუციური წარდგინებით შეტანის საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ა” პუნქტის მიჩნევა. საქმე ისაა, რომ ესენი (კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ა” პუნქტი) არსებითად სხვა, კონსტიტუციური წარდგინებისაგან საგნობრივად განსხვავებულ ურთიერთობებს ეხებიან (სახელდობრ, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, ისინი განსაზღვრავენ საკონსტიტუციო სასამართლოში არა საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების, არამედ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ერთი მეხუთედის კონსტიტუციური სარჩელის შეტანას).
კონსტიტუციურ წარგინებაში მკაფიოდ, გამოკვეთილად არ არის განსაზღვრული დავის საგანი, რის გამოც ბუნდოვნად, გაურკვევლადაა მითითებული მოთხოვნის არსი (მოთხოვნის არსის მითითება გათვალისწინებულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტში. წარდგინების მიხედვით, დავა შეეხება 1997 წლის 30 მაისის კანონს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოქმედ დებულებას (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით “საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინიტროს დებულების შესახებ”).
წარდგინებაში ჯერ ლაპარაკია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის “შესაბამისი მუხლების” არაკონსტიტუციურად ცნობაზე. შემდეგ აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა იქონიოს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან. ბოლოს კი წარდგინების ავტორი მოითხოვს დადგინდეს აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის კონსტიტუციურობა. ამგვარად, აქ დავის საგნად ცალ-ცალკე წარმოდგენილია: “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესაეხბ” კანონი საერთოდ; ამ კანონის “შესაბამისი მუხლები; აღნიშნული კანონის მე-3 მუხლი. თანაც, კანონის მე-3 მუხლი (“სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების და მართვის ორგანოები”) 7 პუნქტისაგან შედგება (მე-3 პუნქტში 3 ქვეპუნქტია), რომელთა უმრავლესობა წარდგინებაში საერთოდ ნახსენებიც კი არაა (წარდგინებაში მხოლოდ მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი იხსენიება).
ანალოგიური მდგომარეობა აგრეთვე ქონების მართვის სამინისტროს დებულებასთან მიმართებით. წარდგინებაში ლაპარაკია: სამინისტროს დებულების “ცალკეული პუნქტების” არაკონსტიტუციურად ცნობაზე; საერთოდ ამ დებულების შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან; დებულების პირველი თავის პირველი პუნქტის, მე-2 თავის მე-2 და მე-10 პუნქტების, მე-3 თავის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების კონსტიტუციურობის დადგენის შესახებ. გასაკვირია, რომ წარდგინების ავტორი მოითხოვს ქონების მართვის სამინისტროს მოქმედი დებულების პირველი თავის პირველი პუნქტის, მე-2 თავის მე-2 და მე-10 პუნქტებისა და მე-3 თავის პირველი პუნქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მათ წინასწარ საერთოდ (გაკვრითაც კი) არ ახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილ წარდგინებაში.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც წარდგინების ავტორის აზრით არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი. ასეთი დებულებები ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან შემოტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში პირდაპირ არ არის მითითებული. წარდგინებაში აღნიშნულია, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინიტროს დებულების შესაბამისად “მოქ. ი. კიტოვანის საქმიანობა ხელყოფს მისსავე უფლებას, დადგენილს საქართველოს კონსტიტუციის 29 მუხლის 1-ლი პუნქტით”. წარდგინების ავტორის აზრით, არსებობს წინაამღდეგობანი “ერთის მხრივ კანონს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” და სამინისტროს დებულებასა და, მეორეს მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 29 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებს შორის”. კონსტიტუციურ წარდგინებაში ზოგადად არის ნათქვამი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მუხლებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების პუნქტების “არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ”, მათი “საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად” კონსტიტუციური წარდგინების შეტანაზე, იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმჯელოს სადავო აქტების “შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან”.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური წარდგინება შეიტანა იმ შემთხვევაში, თუ “არსებობდა საკმარისი საფუძველი” იმისათვის, რომ სადავო ნორმატიული აქტი მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეული იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლში პირდაპირაა მითითებული, რომ “კონსტიტუციური ofhlubyt,f დასაბუთებული უნდა იყოს”. ეს მუხლი, აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი მოითხოვს კონსტიტუციურ წარდგინებაში იმ მტკიცებულებების მითითებას, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ წარდგინების საფუძვლიანობას. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება ამ მხრივ ვერ უპასუხებს კანონმდებლობით დადგენილ მთოხოვნებს. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, თბილისი ვაკე-საბურთალოს რაიონული “სასამართლოს მომართა მოქ. ი. კიტოვანმა და ... წარმოადგინა საკონსტიტუციო სარჩელის ასლი, რომელიც მის მიერ შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში 1999 წლის 30 ივლისს, ნომრით 112”. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის სიტყვით, წარდგინება მას შეუდგენია “მოქ. ი. კიტოვანის საკონსტიტუციო სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებებისა და მოსაზრებების გაანალიზებით”, “მოქ: ი. კიტოვანის მიერ მოყვანილ მტკიცებულებათა” საფუძველზე. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზება და შეფასება თვით საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა, კონსტიტუციური წარდგინება კი საერთო სასამართლოში არსებული საქმის სათანადო მონაცემებით უნდა იყოს დასაბუთებული.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს წარდგინების ავტორის დასახელება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად შემოტანილია “თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნ. დურგლიშვილის... კონსტიტუციური წარდგინება”... ანალოგიურ შემთხვევასთან (ხაშურის რაიონული სასამართლოდან შემოტანილ კონტიტუციურ წარდგინებასთან) დაკავშირებით 1999 წლის 22 სექტემბერს მიღებულ და პრესაში (სახელდობრ, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” 1999 წლის 29 სექტემბრის 261-ე ნომერში) გამოქვეყნებულ განჩინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უკვე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტს, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის, აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართოს საქმის განმხილველმა საეთრო სასამართლომ.
სასამართლო კოლეგია ამჯერად პირდაპირ მიუთითებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ტექსტზე: “თუ საერთო სასამართლოში კონკრუტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ”. ასეთივეა, საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი და შესაბამისი ნორმა ასახულია აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილში. ამასთან ერთად, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”. ორგანული კანონის 42-ე მუხლი ადგენს, რომ “ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქმის განმხილველ სასამართლოს”.
ამგვარად, კონსტიტუციური წარდგინების შეტანა სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. ასეთი უფლებამოსილებით კონსტიტუციური წარდგინებით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღჭურვილია ქ. თბილისი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლო. სწორედ მას, მხოლოდ მას აქვს უფლება, რომ წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
ვითარებას არ ცვლის ის გარემოება, რომ რაიონულ სასამართლოში საქმე მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად განიხილება.
საქმეთა განხილვა რაიონულ სასამართლოში “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-15 მუხლით განისაზღვრება: “რაიონული (საქალაქო) სასამარლთო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, კანონით დადგენილი წესით”. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლიც (“სასამართლოს შემადგენლობა”) აწესებს, რომ “სამოქალაქო საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ხორციელდება ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ” (ნაწილი 1).
აქედან ნათლად ჩანს, რომ ორგანული კანონით “საერთო სასამართლოების შესახებ” და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ერმთანეთისაგან განირჩევა- ერთმანეთთან არაა გაიგივებული რაიონული სასამართლო და მოსამართლე, რომელიც ამ სასამართლოში საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს. კონსტიტუციური წარდგინების ავტორობა სასამართლო ორგანოს პრეროგატივაა. წარდგინების შეტანა მოსამართლის სახელით არ შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს და სასამართლო ორგანოს ერთგვარი ფუნქციური შეზღუდვის მაჩვენებელი (ცხადია, სხვა საქმეა სასამართლოს სახელით შეტანილ წარდგიგებაზე ხელის მოწერა).
ზემოთ წარმოდგენილი მონაცემებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი უნდა იყოს არა “თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება. სასამართლო კოლეგია კვლავ მიუთითეთბს, რომ საკუთრივ მოსამართლე კონსტიტუციურ წარდგინებასათნ მიმართებით უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით კი, კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ შეტანილი არ არის უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
ამასთან ერთად, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს აგრეთვე, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება არც ფორმითა და არც შინაარსით არ შეესაბამება “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლითა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაშიც, ხსენებული კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის ძალით, კონტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიიღება (“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტი განსაზღვრავს, რომ “კონსტიტუციური წარდგინება გასახილველად არ მიიღება, თუ... ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”).
ხელმძვანელობს რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 21-22 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-40 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება (1) “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 1997 წლის 30 მაისის კანონის მე-30 მაისის კანონის მე-3 მუხლისა და (2) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის დებულების პირველი პუნქტის, მე-2 თავის მე-2 და მე-10 პუნქტების, მე-3 თავის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ზოიძე (წევრი)
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)