ციალა კუტალაძე, პავლე ლაბაძე, ანზორი სისვაძე, ზურაბ ცაბაძე, იაშა სამხარაძე და ბიჭიკო ფარქოსაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/25/1482 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 21 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2020 17:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ციალა კუტალაძე, პავლე ლაბაძე, ანზორი სისვაძე, ზურაბ ცაბაძე, იაშა სამხარაძე და ბიჭიკო ფარქოსაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1482) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა ‒ ციალა კუტალაძემ, პავლე ლაბაძემ, ანზორი სისვაძემ, ზურაბ ცაბაძემ, იაშა სამხარაძემ და ბიჭიკო ფარქოსაძემ. №1482 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2020 წლის 13 თებერვალს. №1482 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 21 დეკემბერს.
2. №1482 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 311 მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ (შემდგომში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული წესი) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით დადგენილია, რომ ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება; მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, განსაზღვრულია, რომ დახმარება ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დახმარების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით კი გარანტირებულია შრომისთავისუფლებადა დადგენილია, რომ ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები კი დაცულია ორგანული კანონით.
5. როგორც №1482 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, მოსარჩელეები წარმოადგენდნენ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების მიმღებ პირებს, რომლებიც „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების საფუძველზე, მიყენებული ზიანის კომპენსაციას ყოველთვიურად იღებდნენ 1999‒2007 წლებში. მოსარჩელეთა განმარტებით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით (შემდგომში, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება) ახლებურად მოწესრიგდა მოსარჩელეთა მიმართ, შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. კერძოდ, აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს უფლება მიენიჭა, მოსარჩელეთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ ნაცვლად გაეცა ერთჯერადი კომპენსაცია, ზიანის ანაზღაურების სარჩოს მიმღებთან შეთანხმებით.
6. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ დამსაქმებლისათვის მინიჭებულმა ამგვარმა შესაძლებლობამ არსებითად გააუარესა მოსარჩელეთა უფლებრივი მდგომარეობა. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ დამსაქმებლებთან ერთჯერად კომპენსაციასთან დაკავშირებით, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებამ კი არ მოაწესრიგა, თუ რა შედეგი დადგებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩოს მიმღებთან ვერ იქნებოდა მიღწეული შეთანხმება ზიანის ანაზღაურების სარჩოს ნაცვლად ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე. პრაქტიკაში კი, მოსარჩელეთა მითითებით, ამგვარი შემთხვევა მოსარჩელეების მხრიდან კომპენსაციაზე უარის თქმად განიმარტა. შედეგად, 2007‒2013 წლებში მოსარჩელეებს არ მიუღიათ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩო და არც ერთჯერადი კომპენსაცია.
7. შემდგომში, მოსარჩელეთა მითითებით, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილება, რომლითაც გაიწერა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების მიღების ზოგადი პირობები, დახმარების მიმღებ პირთა წრე, დახმარების ოდენობები, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი და პირობები. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, დასახელებული დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, აღნიშნული წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს აგრეთვე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს „ჭიათურმანგანუმში” ან „საქნახშირის“ დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიციით, შესაბამისი დახმარების გაცემისათვის დადგენილ ზემოაღნიშნულ პირობებს გააჩნია კუმულატიური ხასიათი და სადავო დადგენილებით „ჭიათურმანგანუმის“ თანამშრომლებისათვის მოქმედებს რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, დასახელებული დახმარების მიღებისათვის პირებს 2007 წლის პირველ იანვრამდე დადგენილი უნდა ჰქონოდათ პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უნდა იყოს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება და სააგენტოს მხრიდან 2007‒2008 წლებში გაცემული უნდა ყოფილიყო ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულიყო დავალიანება.
8. მოსარჩელეთა პოზიციით, რამდენადაც სადავო დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი დახმარების დანიშვნის პერიოდად განსაზღვრავს განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველ რიცხვს, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მოითხოვონ და მიიღონ 2007‒2013 წლების პერიოდში მათი კუთვნილი კომპენსაცია. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესის ამოქმედებით, სახელმწიფომ უარი თქვა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული შრომის უსაფრთხო პირობებიდან მომდინარე უფლებებს, რამდენადაც, მოსარჩელეების მითითებით, მათ ჯანმრთელობა დაუზიანდათ უსაფრთხო სამუშაო პირობების არარსებობის გამო. შედეგად, დაკარგეს შრომისუნარიანობა და ამ პირობებში უკვე შეეზღუდათ შრომის უფლება, დახმარების გადახდა კი წარმოადგენს შეზღუდული შრომისუნარიანობის კომპენსირების გზას.
9. №1482 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ სადავო წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, ვინაიდან ამგვარ შემთხვევაში ყოველთვიურად გადასახდელი დახმარების ოდენობა დგინდება იმ ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც პირი იღებდა იმ პერიოდში, როდესაც მიადგა საწარმოო ტრავმა და მხედველობაში არ მიიღება ფულის ღირებულების გაუფასურების მაჩვენებელი. შედეგად, შესაძლებელია, ყოველთვიურმა დახმარებამ დაკარგოს თავისი მიზანი და მნიშვნელობა და მხოლოდ სიმბოლური დახმარების ხასიათი მიიღოს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1482 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები სადავოდ მიიჩნევენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმების შესაბამისად, განსაზღვრულია, რომ დახმარება ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დახმარების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე, ამასთან, აღნიშნული წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. მოსარჩელეთა პოზიციით, გასაჩივრებული ნორმა დახმარების დანიშვნის პერიოდად განსაზღვრავს განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველ რიცხვს. შესაბამისად, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, მოითხოვონ 2007‒2013 წლების პერიოდისათვის კუთვნილი ზიანის ანაზღაურების სარჩო/ერთჯერადი კომპენსაცია, რომელთა მიღებაც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელთან შეთანხმებით მიუღწევლობის გამო შეუწყდათ. მოსარჩელეები აგრეთვე მიუთითებენ, რომ სადავო დადგენილების საფუძველზე დანიშნული ყოველთვიურად გადასახდელი დახმარების გადაანგარიშებისას ფულის ღირებულების გაუფასურების მაჩვენებლის გაუთვალისწინებლობა ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
3. №1482 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მოსარჩელის პრობლემას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ და სადავო წესის ამოქმედების მომენტისათვის ლიკვიდირებულ საწარმოთა გარკვეულ ნაწილში (მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საწარმოები ‒ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი და ლიკვიდირებული საწარმო სს „ჭიათურმანგანუმი” ან „საქნახშირი“) შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის გამო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს შეწყვეტა ან/და ზიანის ანაზღაურების სარჩოს ნაცვლად მისაღები ერთჯერადი კომპენსაციის მიუღებლობა წარმოადგენს. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმებით უფლების სავარაუდო შეზღუდვის იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინოს, განხორციელდა თუ არა სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელეებისათვის ზიანის ანაზღაურების სარჩოს შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურების სარჩოს ნაცვლად მისაღები ერთჯერადი კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმა ან/და გამოირიცხა თუ არა აღიარებული მოთხოვნებისა და სადავოდ გამხდარი უფლებების სასამართლოს გზით ან/და სხვაგვარად დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულისათვის კი, თავის მხრივ, აუცილებელია, შეფასებულ იქნეს გასაჩივრებული წესის, ისევე, როგორც სადავო რეგულაციების არსი, მიზანმიმართულება და დანიშნულება.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი წესი განსაზღვრავს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანისათვის სოციალური დახმარებით საქართველოს მოქალაქის უზრუნველყოფის საფუძვლებსა და აწესრიგებს აღნიშნული დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს. საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული წესის საფუძველზე გასაცემი დახმარების სოციალურ ბუნებაზე მიუთითებს დასახელებული წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტიც, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დაზარალებული პირისათვის გასაცემი დახმარების მიზანი და დანიშნულება. კერძოდ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, დახმარება განიმარტება, როგორც პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა.
5. ამდენად, მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი წესის მიზანმიმართულება მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეების ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფაში ვლინდება, რომელთაც დადგენილი აქვთ პროფესიული დაავადება ან რომელთა ჯანმრთელობასაც მიადგა ზიანი, გარკვეულ დონეზე დაქვეითებული ან დაკარგული აქვთ შრომისუნარიანობა და ვეღარ ახერხებენ შრომითი საქმიანობის პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებასა და საკუთარი ცხოვრების მატერიალურ უზრუნველყოფას. ამგვარად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული წესის მოწესრიგების ფარგლებს მიღმაა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის/საპენსიო დავალიანებების უშუალოდ იმ საწარმოების მიერ ანაზღაურების საკითხი, რომელთა სასარგებლოდ მუშაობის გამოც მიადგა პირების ჯანმრთელობას ზიანი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული წესის მიზანი საწარმოთა გარკვეულ კატეგორიაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული პირების საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების ამოქმედების შემდგომი პერიოდისათვის სოციალური უზრუნველყოფა და ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანისათვის სოციალური დახმარების გაცემაა და არა უშუალოდ დასახელებულ საწარმოებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან/და აღნიშნული საწარმოების მიერ დაგროვილი საპენსიო დავალიანებების, ზიანის ანაზღაურების სარჩოს/კომპენსაციის დავალიანების გადახდაზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება.
6. ხსენებულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ სადავო რეგულაციები სწორედ ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების გაცემის მარეგლამენტირებელი წესის ნაწილს განეკუთვნება და მისი შინაარსი ამოიწურება მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული წესით საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული სოციალური დახმარების დანიშვნის თარიღის განსაზღვრითა და აღნიშნული წესის შესაბამისად დაანგარიშებული სოციალური დახმარების გადაანგარიშების დაუშვებლობის დადგენით. სადავო ნორმები არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 2007 წლამდე არსებული ზიანის ანაზღაურების სარჩოს შეწყვეტის ან/და ანაზღაურების სარჩოს ნაცვლად მისაღები ერთჯერადი კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს. გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული რეგულაციები არ შეეხება და, მით უმეტეს, არ გამორიცხავს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული პირისათვის მიყენებული ზიანის სასამართლო წესით ან სხვაგვარად 2007‒2013 წლების პერიოდისათვის მისაღები თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამავდროულად, №1482 კონსტიტუციურ სარჩელში ან მასზე თანდართული დოკუმენტებით არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც წარმოაჩენდა, რომ, პრაქტიკაში, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები მოსარჩელეთა მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურების სარჩოს/კომპენსაციის მიღების ან/და ამგვარი ზიანის ანაზღაურების სარჩოს/კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურების უფლების შესაზღუდად იქნა გამოყენებული.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1482 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული №1482 კონსტიტუციური სარჩელი („ციალა კუტალაძე, პავლე ლაბაძე, ანზორი სისვაძე, ზურაბ ცაბაძე, იაშა სამხარაძე და ბიჭიკო ფარქოსაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი