მოქალაქე ზვიად ცეცხლაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/1/119 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 18 იანვარი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე - თავმჯდომარე:
2. ავთანდილ აბაშიძე - წევრი;
3. იაკობ ფუტკარაძე - მომხსენებელი მოსამართლე;
4. ნიკოლოზ შაშკინი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქე ზვიად ცეცხლაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (I),, ზოგიერთი საარჩევნო ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ)1999 წლის 10 აგვისტოს №27/1999 დადგენილების, ,,საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 15 სექტემბერის №77/1999 დადგენილების, ამ (№77/1999) დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 20 სექტემბრის №83/1999 დადგენილების, ,,საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 4 ოქტომბრის №110/1999 დადგენილების, ,,საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიის (ბლოკის) მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 6 ოქტომბრის №144/1999 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით და (II) ,,არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ინფორმაციის, საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-გაცემის ფორმის, წესისა და პროცედურის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცსკ-0ს 1999 წლის 25 აგვისტოს №52/1999 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელის- მოქალაქე ზვიად ცეცხლაძის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელბახიანი.
მოქალაქე ზვიად ცეცხლაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 1999 წლის 15 ნოემბერს (რეგისტრაციის №119). სარჩელი, დადგენილი წესის შესაბამისად, 2002 წლის 8 იანვარს გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ამ საქმეზე გაიმართა 2002 წლის 14 იანვარს.
კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლი. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ,, ორიგინალური კანონის მე-19 მუხლის ,,ე,, პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 6 ოქტომბრის №141 დადგენილებით დაარღვია დეპუტატობის კანდიდატ ზვიად ცეცხლაძის კონსტიტუციური უფლება. დადგენილებამ მოსარჩლეს გაუუქმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბლოკ ,,საქართველოს აღორძინების,, პარტიულ სიაში და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგიგისტრაცია. მის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ნორმატული აქტები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, არ გამომდინარეობენ არც საქართველოს კონსტიტუციის და არც ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ,, ორგანული კანონის გარდა არ შეიძლება სხვა რომელიმე ნორმატულმა აქტმა განსაზღვროს არჩევნებში დეპუტატობის კანდიდიდატის მონაწილეობის დაუშვებლობის წესი. საქართველოს ცსკ კი გასცდა კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს. მან მიითვისა საკანონმდებლო ფუნქცია.
1. ცსკ-მ 1999 წლის 10 აგვისტოს №27 დადგენილებით დამტკიცებულ სააღრიცხვო ბარათის ფორმაში შეიტანა ისეთი რეკვიზიტები, რომლებსაც კანონი არ ითვალისწინებდა. ორგანული კანონი არსად არ მიუთითებს, რომ საანკეტო მონაცემების შეუვსებლობა იწვევს კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას. ამასთან, აღნიშნული დადგენილება, მოსარჩელის სიტყვით, მიღებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
2. კონსტიტუციური სარჩლის თანახმად, ცსკ-ის 1999 წლის 15 სექტმებერის №77 დადგენილებით, მასში იმავე წლის 20 სექტემბერს შეტანილი ცვლილებებით, კონსტიტუციისა და ორგანული კანონის უხეში დარღვევით საოლქო საარჩევნო კომისიას წაერთვა პარტიის (ბლოკის) მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების უფლება. მოსარჩელის განცხადებით, ამ ანტიკონსტიტუციურ აქტს მიეცა უკუქცევითი ძალა და მას ჩამოერთვა კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული საარჩევნო უფლება.
3. მოსარჩელის სიტყვით, ცსკ-ის 1999 წლის 4 ოქტომბრის №110 დადგენილებამ დამატებით დაამტკიცა ისეთი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მისთვის საარჩევნო უფლებების ჩამორთმევას.
4. ცსკ-ის 1999 წლის 25 აგვისტოს №52 დადგენილებით აიკრძალა კომისიაში შესული ყველა სახის დოკუმენტის დედნისა და ასლის გაცემა. დეპუტატობის კანდიდატებს და პარტიის რწმუნებულებს აეკრძალათ დოკუმენტების გაცნობა. მოსარჩელის აზრით, ამით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით მინიჭებული გარანტია, რომ მას უფლბა აქვს გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში - ცსკ-ში რეგისტრაციის შესახებ არსებულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.
მოსარჩელე ზ. ცეცხლაძე კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს. რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონასტიტუციურად ცნოს საქართველოს ცსკ-ის მიერ მიღებული სადავო ნორმატიული აქტები.
განმწესრიგებელ სხდომაზე აღინიშნა, რომ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის შემდეგ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცალკეული აქტები ძალადაკარგულად გამოცხადა.
სახელდობრ, ძალადაკარგულად ჩაითვალა:
1. 2000 წლის 24 იანვარის №9/2000 დადგენილებით - ,,არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ინფორმაციის, საქმიანი ქალღალდების, საარჩვნო დოკუმენტაციის მიღება-გაცემის ფორმის, წესისა და პროცედურის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცსკ-ის 1999 წლის 25 აგვისტოს №52/1999 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 2000, №5, მუხ. 50);
2. 2001 წლის 3 ოქტომბრის №6/2001 დადგენილებით - ,,საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ინსტუქციის დამტკიცების თაობაზე ცსკ- ის 1999 წლის 15 სექტემბრის №77/1999 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2001, №106, მუხ. 765, პუნქტი 6);
3. იმავე დადგენილებით - ,,საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ” ცსკ-ის 1999 წლის 4 ოქტომბრის №110/1999 დადგენილები (იქვე, პუნქტი 8).
გარდა ამისა, საქართველოს ცსკ-ის 2000 წლის 5 ივლისის №71/2000 დადგენილებით გაუქმდა ,,ზოგიერთი საარჩევნო ფორმის დამტკიცების შესახებ“1999 წლის 10 აგვისტოს №27/1999 დადგენილების მე-2 და მე-4 პუნქტები (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, 2000, №65, მუხ. 593).
მოსარჩელის წარმომადგენელმა ვალერი გელბახიანმა განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 25 აგვისტოს №52, 15 სექტემბერის №77 და 4 ოქტომბრის №110 დადგენილებები გაუქმებულია და პრეტენზია არ აქვს, ეს სამი აქტი სადავო ვერ იქნება.
რაც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამოცხადებულ დანარჩენ სამ დადგენილებას, ისინი, მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, კვლავაც ძალაშია და დღესაც მოქმედებენ. სახელდობრ, 1999 წლის 10 აგვისტოს №27 დადგენილება არავის არ გაუუქმებია, მისი მხოლოდ მე-2 და მე-4 პუნქტები გაუქმდა; 1999 წლის 15 სექტემბრის №77 დადგენილების გაუქმებისას ძალადაკარგულად არ გამოცხადდა მისი ცვლილება-დამატებანი, ამიტომ 1999 წლის 20 სექტემბრის №83 დადგენილება ძალაში დარჩა; ასევე ძალაშია 1999 წლის 6 ოქტომბრის №141 დადგენილება - იგი არის გაუქმებული არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არც სხვა ორგანოს მიერ. მოსარჩელის წარმომადგენელმა ვ. გელბახიანმა აღნიშნული სამი დადგენილება კვლავ სადავოდ მიიჩნია და სასამართლო კოლეგიას სთხოვა ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება. მისი განცხადებით, ამ აქტებით კონსტიტუციის 28-ე მუხლთან ერთად 29-ე მუხლიც პრაქტიკულად დარღვეულია.
სასამართლო კოლეგიამ გაანალიზა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სადავოდ მიჩნეული აქტების წარმომადგენლის მიერ სადავოდ მიჩნეული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი.
I. მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ მიაჩნია ცსკ-ის 1999 წლის 10 აგვისტოს №27 დადგენილება მთლიანად, მისი ყველა პუნქტი (გაუქმებულთა გამოკლებით).
ამ დადგენილებაში, ცსკ -ის 2000 წლის 5 ივლისის №71 დადგენილებით გაუქმებული მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა, კიდევ სამი პუნქტია, რომელიც დამტკიცდა ამომრჩეველთა სიის ფორმა (პუნქტი 1), საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ოქმის ფორმა (პუნქტი 3) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის, საარჩევნო ბლოკის პარტიული სიების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა (პუნქტი5).
სასამართლო კოლეგიის აზრით, განმწესრიგებელ სხდომაზე ვ. გელბახიანმა ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული პუნქებით დაირღვა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები. არც სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე ამ პუნქტებით გათვალისწინებული არც ერთი ფორმის ნიმუში არ ყოფილა წარმომადგენელი. კონსტიტუციურ სარჩელში ლაპარაკია მოსარჩელის საარჩევნო უფლებების დარღვევაზე №27 დადგენილების მხოლოდ მე-4 პუნქტთან მიმართებით და წარმომადგენელია მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული ფორმის ნიმუში - “საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარმომადგენელი პირის სააღრიცხვო ბარათი”.
ამგვარად, მოსარჩელესთან მიმართებით ცსკ-ის №27/1999 დადგენილება სადავოდ ვერ ჩაითვლება და საკონსტიტუციო სასამართლო მისი კონსტიტუციურობის საკითხს ვერ განიხილავს. სადავოდ ამ დადგენილების მხოლოდ მე-4 პუნქტის მიჩნევა შეიძლებოდა. ეს პუნქტი კი, როგორც უკვე ითქვა, გაუქმდა ცსკ-ის 2000 წლის 5 ივლისის №71 დადგენილებით. სანაცვლოდ, ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცდა პარლამენტის წევრობის კანდიდატად -წარდგენილი პირის სააღრიცხვო ბარათის სხვა ფორმა.
II. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის იმ მოსაზრებას, რომ ცსკ-ის 1999 წლის 15 სექტემბრის №77 დადგენილების გაუქმების დროს ძალადაკარგულად არ გამოცხადდა მისი ცვლილება-დამატება და ამიტომ ძალაში დარჩა 1999 წლის 20 სექტემბრის №83 დადგენილება . ამასთან დაკავშირებით კოლეგია მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე. ამ პუნქტის ძალით ,,ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან დამატების შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შევიდა ცვლილება ან დამატება.” აქედან გამომდინარეობს, რომ ნორმატიული აქტის გაუქმებით იურიდიულ ძალას კარგავს აგრეთვე მასში შეტანილი ცვლილება თუ დამატება.
მაშასადამე, ცსკ-ის 1999 წლის 20 სექტემბრის №83 დადგენილება, რომლითაც ცვლილებები შევიდა 1999 წლის 15 სექტემბრის დადგენილებაში, ამ უკანასკნელის გაუქმების შემდეგ იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტად ვერ ჩაითვლება.
III. მოსარჩელე მხარე ნორმატიულად და საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ სადავო აქტად მიიჩნევს ცსკ-ის 1999 წლის 6 ოქტომბრის №141 დადგენილებას ,,საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიის (ბლოკის) მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ.” სასამართლო კოლეგია ვერც ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.
აღნიშნული დადგენილებით, მოსარჩელეს (სხვებთან ერთად) უარი ეთქვა პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე. ამგვარად, ეს დადგენილება შეეხება კონკრეტულ პირებთან დაკავშირებულ, პერსონალურ საკითხებს. სასამართლო კოლეგია მიუთითებს იმ დროს მოქმედ ორგანულ კანონზე ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“, რომლის მე-11 (1) მუხლი განსაზღვრავდა: ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (გარდა იმ დადგენილებებისა, რომლებიც შეეხება საკადრო და პერსონალურ .. საკითხებს) არის ნორმატიული აქტი“. ანალოგიური შინაარსისაა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-15 (4) მუხლი, რომლის ძალითაც, ,,ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება (გარდა იმ დადგენილებებისა, რომლებიც შეეხება საკადრო და პერსონალურ .. საკითხებს)“.
აქედან გამომიდინარე, ცსკ-ის 1999 წლის 6 ოქტომბრის №141 დადგენილება ნორმატიულ აქტად ვერ იქნება მიჩნეული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 16 იანვარის ცნობითაც, იგი ,,ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ,,საქართველოს საკანონდმებლო მაცნეში“ არ არის გამოქვეყნებული და შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში არაა რეგისტრიტრირებული.“
მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა ორგანული კანონის - ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიურლი აქტი“. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ძალით, ცსკ-ოს დადგენილება მართლაც ყოველთვის, გამონაკლისების გარეში, ნორმატიული სამართლებრივი აქტია. მაგრამ საქმე ისაა, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პერსონალურ საკითხებზე დადგენილება საერთოდ აღარ მიიღება (იხ. მუხ. 29, ნაწ.2). ასეთი საკითხები არანორმატიული აქტით - განკარგულებით რეგულირდება. ასე, რომ პერსონალურ საკითხზე მიღებული სამართლებრივი აქტის ნორმატიულობა არც ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ნორმებით არ დასტურდება.
არანორმატიულობის გამო ცსკ-ის 1999 წლის 6 ოქტობრის №141 დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად სადავო აქტად ვერ მიიჩნევა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქალაქის სარჩელის საფუძველზე კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მხოლოდ და მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას განიხილავს.
რაც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ დასახელებულ და შემდგომ ძალადაკარგულად ჩათვლილ აქტებს (აქტის გაუქმებულ პუნქტს), საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციასთან მათი შესაბამისობის თაობაზე ვერ იმსჯელებს იმის გამო, რომ იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების (აქტის ნაწილის) კონსტიტუციურობის საკითხი. ამასთან, სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ დებულებაზე, რომ “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის ,,ე” პუნქტით, 31-ე და 39-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-13 მუხლის მე-2 პუქტით, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტითა და 21-22 მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-40 მუხლებითა და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ზვიად ცეცხლაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ (I) ,,ზოგიერთი საარჩევნო ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 10 აგვისტოს №27/1999 დადგენილების, ,,საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 15 სექტემბრის №77/1999 დადგენილების, ამ (№77/1999) დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 20 სექტემბრის №83/1999 დადგენილების, ,,საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 4 ოქტომბრის №110/1999 დადგენილების, ,,საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტმობრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიის (ბლოკის) მიერ წარდგენილი პარალმენტის წევრობის კანდიდატების რესიგოსტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 4 ოქტომბრის №110/1999 დადგენილების ,,საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტმობრის არჩევნებში მონაწილეობის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 6 ოქტმობრის №141/1999 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით და (II) ,, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ინფორმაციის საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-გაცემის ფორმის, წესისა და პროცედურის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.
საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 25 აგვისტოს №52/1999 დადგენილების კოსნტიტუციურობის საკითხზე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო საქართველოს ცსკ-ის 1999 წლის 6 ოქტმობრის №141 დადგენილებას, ძალადაკარგულია, ხოლო ამ ახალი გარემოების იურიდიული შედეგის განსაზღვრა მოქალაქე ზვიად ცეცხლაძის მიმართ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ საერთო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება;
4. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ა.აბაშიძე (წევრი)
ი.ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ.შაშკინი (წევრი)