თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/1478 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 26 თებერვალი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 მარტი 2021 18:12 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვარს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1478) მიმართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე − ბადრი ნიპარიშვილი). №1478 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2020 წლის 10 იანვარს. №1478 კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 26 თებერვალს.
2. №1478 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადებით დადგენილია, რომ პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევაში, მხარეებთან შეთანხმების შედეგად, დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად. დასახელებული კოდექსის 48-ე მუხლი კი აწესრიგებს მოწმის მიერ ფიცის დადების საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს. ამავდროულად, სასამართლომ ფიცის დადების წინ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და განუმარტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით, ხოლო მე-7 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ბრალდებულის მიერ, მოწმის სახით, ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სხვდასხვა უფლებრივი კომპონენტი. კერძოდ, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, არავინ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით.
5. №1478 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე გიორგი და გურამ აკოფაშვილებისა და სულიკო და ლევან ბეჟუაშვილების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. სისხლის სამართლის საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, დაცვის მხარემ, მოწმის სახით, დასაკითხად გამოიძახა ბრალდებული გიორგი აკოფაშვილი. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მითითებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ბრალდებული მოწმის მიერ ჩვენების მიცემამდე ფიცის დადების პროცედურას და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებას მტკიცებულებითი ძალა არ ექნება. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის 370-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ბრალდებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში.
6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულს გააჩნია საკუთარი თავის დაცვისა და, ამ მიზნით, ჩვენების მიცემის უფლება. ბრალდებული, საკუთარი დაცვის სტრატეგიის გათვალისწინებით, უფლებამოსილია, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის დასაცავად ან ისარგებლოს დუმილის უფლებით. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის მიერ საკუთარი თავის დასაცავად ჩვენების მიცემა წარმოადგენს ბრალდებულის უფლებას და არა ვალდებულებას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გარანტიებს ბრალდებულის დუმილისა და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლების რეალიზაციისათვის. კერძოდ, დადგენილია, რომ ბრალდებულის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის, აგრეთვე, დუმილის უფლებით სარგებლობის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
7. მიუხედავად ზემოხსენებულისა, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ბრალდებულს დუმილის უფლებით სარგებლობასა და ცრუ ჩვენების მიცემას შორის არჩევანის გაკეთების ვალდებულების წინაშე აყენებს ჩვენების მიცემამდე სავალდებულო ფიცის დადებისა და სიმართლის თქმის ვალდებულების დაკისრების გზით. მსგავსი უსამართლო დილემისა და მოწესრიგების პირობებში, ბრალდებული პირები, უმეტესწილად, დუმილის უფლებით ისარგებლებენ, რაც ფაქტობრივად გაზრდის ბრალდებულების დამნაშავედ ყოფნის პრეზუმფციას. ამდენად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მითითებით, ქართული სამართლებრივი სისტემა ხელს უწყობს ბრალდებულების მიერ დუმილის უფლებით სარგებლობას და ცრუ ჩვენების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მკაცრ სანქციებს მსუსხავი ეფექტი გააჩნია, ბრალდებულების მიდრეკილებაზე მისცენ ჩვენება. ამგვარი სანქციები უბიძგებს ბრალდებულ პირებს, ისარგებლონ დუმილის უფლებით, როდესაც არჩევანი დანაშაულის აღიარებასა და ცრუ ჩვენების მიცემას შორის მოუწევთ, ვინაიდან ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში არსებობს მათთვის მკაცრი სანქციის დაკისრების რისკი. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ საკუთარი მოწმეების გამოძახებისა და ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში დაკითხვის უფლებასა და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას.
8. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, დამატებით, მიუთითებს, რომ ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემის არსებული სისტემის შეცვლა და ჩვენების მიცემამდე სავალდებულო ფიცის დადებისა და სიმართლის თქმის ვალდებულების მექანიზმის გაუქმება მეტ ბრალდებულს წაახალისებს, მისცეს ჩვენება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სიზუსტეს, ჩართულობას, ლეგიტიმურობას, შეჯიბრებითობასა და თანასწორობას, საბოლოოდ კი, საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.
9. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ იძენს, აღნიშნული კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელთა შესაბამისადაც ბრალდებული ჩვენების მიცემამდე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის ფიცს, ან ფიცის შემცვლელი დადასტურებით სარგებლობს და აღნიშნული არ ხელყოფს ბრალდებულის უფლებას, არ მისცეს თვითმამხილებელი ჩვენება და ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, ბრალდებულს ჩვენების მიცემამდე განემარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცრუ ჩვენების მიცემისათვის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით.
10. №1478 კონსტიტუციურ წარდგინებაში განცალკევებულ სამართლებრივ პრობლემად არის წარმოდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების სიტყვების „მხარეთა თანხმობის შემთხვევაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, სადავო რეგულაციით სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში საქმის განმხილველი მოსამართლე უფლებამოსილია, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და მხოლოდ მხარეთა თანხმობით ‒ სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად, დასვას დამაზუსტებელი შეკითხვა. მისი პოზიციით, სისხლის სამართლის საქმის თაობაზე შეფასების განმახორციელებელი და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი მოსამართლეა, რომელიც, თითოეულ შემთხვევაში, საქმის საბოლოოდ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს არკვევს (მაგ., მოწმის პასუხის ბუნდოვანებას, დანაშაულის შემადგენლობის (მაკვალიფიცირებელი გარემოების) რომელიმე ნიშნის ბუნდოვანებას და სხვ.). შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მხარეთა თანხმობისგან დამოუკიდებლად დასვას დამაზუსტებელი შეკითხვები, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის აუცილებლობითაა განპირობებული.
11. №1478 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1478 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1478 კონსტიტუციური წარდგინება.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში