თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/2/1478 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 20:16 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვარს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1478) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე − ბადრი ნიპარიშვილი). №1478 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 10 იანვარს. №1478 კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 26 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის №3/1/1478 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.
2. №1478 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადებით დადგენილია, რომ პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევაში, მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად. დასახელებული კოდექსის 48-ე მუხლი აწესრიგებს მოწმის მიერ ფიცის დადების საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს. სასამართლომ ფიცის დადების წინ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და განუმარტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით; ხოლო მე-7 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, არავინ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით.
5. №1478 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე გიორგი და გურამ აკოფაშვილებისა და სულიკო და ლევან ბეჟუაშვილების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. სისხლის სამართლის საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, დაცვის მხარემ, მოწმის სახით, დასაკითხად გამოიძახა ბრალდებული გიორგი აკოფაშვილი. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მითითებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ბრალდებული მოწმის მიერ ჩვენების მიცემამდე ფიცის დადების პროცედურას და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებას მტკიცებულებითი ძალა არ ექნება. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ბრალდებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში.
6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ბრალდებულს გააჩნია ჩვენების მიცემისა და, ამ გზით, საკუთარი თავის დაცვის უფლება. ბრალდებული, საკუთარი დაცვის სტრატეგიის გათვალისწინებით, უფლებამოსილია, მისცეს ჩვენება თავისი თავის დასაცავად ან ისარგებლოს დუმილის უფლებით. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის მიერ საკუთარი თავის დასაცავად ჩვენების მიცემა წარმოადგენს ბრალდებულის უფლებას და არა ვალდებულებას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გარანტიებს ბრალდებულის დუმილისა და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლების რეალიზაციისათვის. კერძოდ, დადგენილია, რომ ბრალდებულის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის, აგრეთვე დუმილის უფლებით სარგებლობის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
7. მიუხედავად ზემოხსენებულისა, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ჩვენების მიცემამდე სავალდებულო ფიცის დადებისა და სიმართლის თქმის ვალდებულების დაკისრების გზით, ბრალდებულს დუმილის უფლებით სარგებლობასა და ცრუ ჩვენების მიცემას შორის არჩევანის წინაშე აყენებს. წარდგინების ავტორის პოზიციით, ქართული სამართლებრივი სისტემა ხელს უწყობს ბრალდებულების მიერ დუმილის უფლებით სარგებლობას, რამდენადაც მსგავსი უსამართლო დილემის პირობებში, ბრალდებული პირები, უმეტესწილად, დუმილის უფლებით ისარგებლებენ, რაც გაზრდის მისი დამნაშავეობის პრეზუმფციას. ამასთან, ცრუ ჩვენების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მკაცრ სანქციებს მსუსხავი ეფექტი გააჩნია და უბიძგებს ბრალდებულს, ისარგებლოს დუმილის უფლებით, როდესაც არჩევანი დანაშაულის აღიარებასა და ცრუ ჩვენების მიცემას შორის მოუწევს.
8. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ იძენს, აღნიშნული კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელთა შესაბამისადაც, ბრალდებული ჩვენების მიცემამდე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის ფიცს ან ფიცის შემცვლელი დადასტურებით სარგებლობს და აღნიშნული არ ხელყოფს ბრალდებულის უფლებას, არ მისცეს თვითმამხილებელი ჩვენება და ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, ბრალდებულს ჩვენების მიცემამდე განემარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცრუ ჩვენების მიცემისათვის.
9. №1478 კონსტიტუციურ წარდგინებაში განცალკევებულ სამართლებრივ პრობლემად არის წარმოდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლე უფლებამოსილია, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად, და მხოლოდ მხარეთა თანხმობით, დასვას დამაზუსტებელი კითხვა. მისი პოზიციით, სისხლის სამართლის საქმის თაობაზე შეფასების განმახორციელებელი და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი მოსამართლეა, რომელიც ადგენს და აფასებს საქმის საბოლოოდ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს. შესაბამისად, მოსამართლეს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მხარეთა თანხმობისგან დამოუკიდებლად დასვას დამაზუსტებელი კითხვები, რომლებიც აუცილებელია ბუნდოვანების გასაფანტად, კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის აუცილებლობითაა განპირობებული.
10. №1478 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1478 კონსტიტუციურ წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. №1478 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმები, ერთი მხრივ, განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირის მიერ სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემი წესსა და რიგ პროცედურულ ასპექტებს; მეორე მხრივ, ადგენს სისხლის სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის მონაწილეობის ფარგლებს. ამავდროულად, აღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება მოთხოვნილია სხვადასხვა კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით ‒ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ბრალდებულის მიერ საკუთარი მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის უფლება და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის გარანტია.
3. ამგვარად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს განსხვავებული სამართლებრივი პრობლემების გამოკვლევასა და სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას თვისობრივად სხვადასხვა შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმებიდან გამომდინარე თითოეული საკითხის კონსტიტუციურობას ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით
1. სადავო ნორმების მოწესრიგების სფეროსა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
4. №1478 კონსტიტუციურ წარდგინებაში სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში მოწმის დაკითხვის მომწესრიგებელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგიერთი დებულება. კერძოდ, დასახელებული რეგულაციები განსაზღვრავს სასამართლოში ჩვენების მიცემამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გაფრთხილების აუცილებლობასა და ფიცის დადების სავალდებულო პროცედურას ან ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებას. ამასთან, სადავო ნორმებით დადგენილია, რომ სასამართლოში პირი მოწმის სტატუსსა და მის უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ ზემოაღნიშნული პროცედურების კუმულაციურად განხორციელების შემდგომ. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადება განსაზღვრავს, რომ ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი საპროცესო წესრიგის ფარგლებში ბრალდებული იძულებულია, არჩევანი გააკეთოს დუმილის უფლებით სარგებლობასა და საკუთარი დაცვის სასარგებლოდ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სიმართლის თქმას შორის, მაშინაც კი, თუ სიმართლის თქმა დანაშაულის აღიარებასა და თვითინკრიმინაციას გულისხმობს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებით განმტკიცებულ უფლებებს. ამგვარად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ ბრალდებულს ჩვენების მიცემის შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს ცრუ ჩვენების მიცემისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების რისკის გარეშე.
6. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად იცავს საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულებები ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის სასარგებლოდ ცრუ ჩვენების მიცემის შესაძლებლობას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებით გარანტირებული უფლებების დაცული სფეროები
7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს დაცვის მხარის მიერ მოწმეთა გამოძახებისა და ბრალდების მხარის თანაბარ პირობებში დაკითხვის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სტანდარტებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისათვის, რომ ბრალდებულს შეეძლოს საკუთარი პოზიციის ეფექტურად დაცვა, მოწინააღმდეგე მხარისათვის კონკურენციის გაწევა და პროცესის შედეგზე გავლენის მოხდენა, აუცილებელია, იგი უზრუნველყოფილი იყოს მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარდგენის ადეკვატური პროცესუალური შესაძლებლობებით და დაცული იყოს მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი. ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-72, 73).
8. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ტექსტში მოხსენიებული ტერმინი „მოწმე“ გულისხმობს, მათ შორის, ბრალდებულს, რომელიც საკუთარი დაცვის სასარგებლოდ ჩვენების მიცემას გადაწყვეტს. ბრალდებულის უფლება, განახორციელოს თავის დაცვა მოწმეების გამოძახებით, სრულყოფილად რეალიზებული ვერ იქნება საკუთარი თავის მოწმედ გამოძახებისა და დაკითხვის გარეშე. ამგვარად, დაცვის მხარის მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის უფლება გულისხმობს, მათ შორის, ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემას. ამ გზით, ბრალდებულს ეძლევა შესაძლებლობა, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს წინაშე წარადგინოს მოვლენათა განვითარების თავისი ვერსია, საკუთარი პოზიციის ხელშემწყობი ან/და ბრალდების მხარის არგუმენტაციის გამაბათილებელი მტკიცებულებები, დაიცვას საკუთარი თავი და გავლენა იქონიოს საქმის მიმდინარეობის პროცესსა და საბოლოო შედეგზე.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი განამტკიცებს გარანტიას, რომლის შესაბამისადაც, „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია, მათ შორის, თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს და მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის სხვა ისეთ ელემენტებთან, როგორებიცაა, უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაცვის უფლება. თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია აღჭურავს პირს საკუთარი თავის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების რაიმე ფორმით მიცემის დავალდებულების ან/და იძულებისაგან დაცვის გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).
10. თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ბრალდებულის ნების თავისუფლების პატივისცემასთან, შეინარჩუნოს დუმილის უფლება. შესაბამისად, დასახელებული კონსტიტუციური გარანტია ემსახურება პირისათვის დუმილისა და ჩვენების მიცემის უფლებებს შორის არჩევანის თავისუფლების გარანტირებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ზღუდავს იძულებით ან ზეწოლით ბრალდებულისაგან მაინკრიმინებელი ჩვენების მოპოვებას. შესაბამისად, სწორედ თვითმამხილებელი ჩვენების მიცემის პირდაპირი თუ ირიბი ვალდებულების ან/და იძულების არსებობის ფაქტი წარმოშობს თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიასთან მიმართებით ამა თუ იმ ღონისძიების არაკონსტიტუციურობის რისკებს. ხსენებული უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს რეგულირება, რომლის ფარგლებშიც არ ხორციელდება პირის ნებელობით ელემენტებზე ზემოქმედება მისგან მტკიცებულების/ჩვენების მოპოვების მიზნით (იხ. აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). აღნიშნულიდან გამომდინარე, თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სტანდარტები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს გარანტირებული აქვს დუმილის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი, ნებაზე ზემოქმედების გარეშე, თავად გადაწყვეტს ჩვენების მიცემას. სწორედ საკუთარი დაცვისთვის ჩვენების მიცემის შესახებ არჩევანის არსებობა არის აღნიშნული კონსტიტუციური პრივილეგიის განხორციელება.
11. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტების, ისევე, როგორც, ზოგადად, ძირითადი საპროცესო უფლებებითა და გარანტიებით ბრალდებული პირის აღჭურვის უმთავრესი დანიშნულებაა ბრალდებულის არასათანადო იძულებისაგან დაცვა, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და აღსრულების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომების დაშვებისა და უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილება. აღნიშნულის საპირისპიროდ, ძირითადი საპროცესო გარანტიების დანიშნულება არ არის, დამნაშავეს შეუქმნას ხელოვნური ბერკეტები პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებით დაცული უფლებების შეზღუდვა
12. კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის შემდგომ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ბრალდებული პირის მიერ ჩვენების მიცემის პროცედურა, ერთი მხრივ, რამდენად ზღუდავს დაცვის მხარის მიერ მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიას. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ბრალდებულის ჩვენების მიცემამდე ფიცის დადების სავალდებულო პროცედურა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გაფრთხილება, რამდენად გულისხმობს ჩვენების მიცემის პირდაპირ ან ირიბ იძულებას. ბუნებრივია, ამ პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას ზემოხსენებული კონსტიტუციური დებულებების ფარგლების ამომწურავად განსაზღვრის საჭიროების წინაშე.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. ხსენებული კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოწმე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად კი, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მოვალეობები ეკისრება, მათ შორის, ბრალდებულს. ამავდროულად, მოწმეთა სხვა კატეგორიისაგან განსხვავებით, ბრალდებული, საკუთარი სტატუსისაგან და უფლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის ვალდებული, სასამართლოში მისცეს ჩვენება. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად დადგენილია, რომ ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა და ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ბრალდებულს მოწმეთა სხვა კატეგორიისაგან განასხვავებს ის გარემოებაც, რომ მას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუძლია, ისარგებლოს დუმილის უფლებით. ამასთანავე, ბრალდებულის დუმილის უფლებით სარგებლობის ფაქტი არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამგვარად, ქართული კანონმდებლობა, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობისას, კრძალავს უარყოფითი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული 48-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცის მიუხედავად, ბრალდებულს კვლავ რჩება შესაძლებლობა, უარი განაცხადოს იმ ცალკეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისაგან, რომლებიც შესაძლებელია, მას დანაშაულის ჩადენაში ამხელდეს, რაც აგრეთვე არ შეიძლება, შეფასდეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
14. ამრიგად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, ბრალდებული, საკუთარი სტატუსისა და უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოწმეთა სხვა კატეგორიისაგან განსხვავებით, გათავისუფლებულია სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობის, მათ შორის, ჩვენების სასამართლოში მიცემის ვალდებულებისაგან. სასამართლოში ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა და თავისუფალი ნების საფუძველზე განხორციელებულ აქტს წარმოადგენს. ამგვარად, ბრალდებულს გააჩნია თავისუფალი არჩევანი ‒ გამოიყენოს დუმილის უფლება და ისარგებლოს თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიით ან საკუთარი დაცვის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება. ამასთან, იმ დათქმით, რომ დუმილის შენარჩუნების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება, შეფასებულ იქნეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
15. ამგვარ პირობებში, შემდგომ ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა გავლენას ახდენს ცრუ ჩვენების მიცემის თანმდევი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელობა ბრალდებულის საპროცესო უფლებებზე და რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ნების თავისუფლების პირობებში, ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკის გარეშე და რამდენად გააჩნია ამგვარ შესაძლებლობას კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძველი. ამისათვის კი, თავდაპირველად, აუცილებელია, გამოიკვეთოს მოწმის ჩვენების დანიშნულება, დადგინდეს ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემის მნიშვნელობა და შეფასდეს მისი ზეგავლენა სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტაზე.
16. სადავო არ არის, რომ ძირითადი კონსტიტუციური საპროცესო გარანტიები მიზნად ისახავს ბრალდებულის დაცვას უკანონო მსჯავრდებისაგან, თუმცა აღნიშნული გარანტიების პარალელურად, კონსტიტუციურ ღირებულებათა ნაწილია დანაშაულის გამოვლენისა და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმების შექმნა. დასახელებული გარანტიების არარსებობის პირობებში, საფრთხის ქვეშ დადგება სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი ‒ საქმეზე სიმართლის დადგენის მიზანი.
17. ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ძირითადი, ცალკეულ შემთხვევებში კი, გადამწყვეტი მტკიცებულებაა. მოწმის ჩვენების მოპოვებაზე არსებითად არის დამოკიდებული დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებული მნიშნველოვანი გარემოებების (დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დრო, ადგილი, მიზანი, მოტივი და სხვ.) გამოკვეთა ‒ დადასტურება ან უარყოფა და, საბოლოოდ, სისხლის სამართლის საქმის სწორად წარმართვა. ამგვარად, სისხლის სამართლის პროცესში, მოწმის ჩვენება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების საფუძველს წარმოადგენს.
18. მოწმის ჩვენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია, ისევე, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ითვალისწინებს ბრალდებულის ჩვენების დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებად წარდგენის შესაძლებლობას. ბრალდებული შესაძლოა, ფლობდეს ყველაზე მეტ, თანმიმდევრულ და საჭირო ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მოვლენათა განვითარების შესახებ. უფრო მეტიც, ხშირად, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე თავად ბრალდებულია. ამგვარად, საბოლოოდ, მათ შორის, ბრალდებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი (სასამართლო) ცდილობს, შექმნას დანაშაულთან დაკავშირებული სურათი, ჩამოიყალიბოს შინაგანი რწმენა პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე და უზრუნველყოს საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელება.
19. მიუხედავად განუსაზღვრელი მნიშვნელობისა, ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემის უფლება, საფუძველშივე შეზღუდულია მოწმეთა ჩვენების სანდოობის უზრუნველმყოფი სამართლებრივი მექანიზმებით. ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემისას ფიცის დადების სავალდებულო პროცედურა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გაფრთხილება ემსახურება, მათ შორის, სწორედ ბრალდებული მოწმის მხრიდან სასამართლოსათვის მხოლოდ სიმართლის შემცველი ინფორმაციის მიწოდებისა და, ამ გზით, ჩვენების სანდოობის სამართლებრივ უზრუნველყოფას. სწორედ მოწმის (ბრალდებული მოწმის) მიერ ცრუ ჩვენების მიცემისათვის გათვალისწინებული შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი, მნიშვნელოვანწილად, განაპირობებს მისი ჩვენების სანდოობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
20. თავის მხრივ, ჩვენების სანდოობის უზრუნველმყოფი გარანტიების შემუშავება მიზნად ისახავს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნამდვილობის შეფასების ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, ემსახურება სისხლის სამართლის საქმეზე სიმართლის დადგენის ინტერესს, მათ შორის, პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის სათანადოდ დადგენას. აღნიშნულის საპირისპიროდ, არასანდო, საეჭვო და ცრუ ინფორმაცია წარმოშობს საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების სერიოზულ რისკებს. ამასთან, მტკიცებულებათა დაცვის ამგვარი საჭიროება განსაკუთრებით არსებობს ბრალდებული პირის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემის შემთხვევაში, რამდენადაც ბრალდებულს, როგორც საქმის შედეგით პირდაპირ და უშუალოდ დაინტერესებულ პირს, როდესაც მოქმედებს პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის სურვილით, გააჩნია ცრუ ჩვენების მიცემისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანის მომეტებული ინტერესი. შესაბამისად, სწორედ სისხლის სამართლის საქმის შედეგისადმი პირადი ინტერესის გამო, ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემა შებოჭილია მტკიცებულებების სანდოობის უზრუნველმყოფი გარანტიებით, როგორებიც არის ფიცი ან ფიცის შემცვლელი დადასტურება, ისევე, როგორც ცრუ ჩვენებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
21. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ არ იარსებებდა ბრალდებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის პრევენციის სადავო რეგულაციებით გათვალისწინებული მატერიალურ-პროცესუალური გარანტიები, შემცირდებოდა კეთილსინდისიერი ბრალდებულის ჩვენების სანდოობის ხარისხიც. როგორც წესი, მტკიცებულება, რომლის ნამდვილობა და სანდოობა არ არის დაცული და გარანტირებული ისეთი მექანიზმით, როგორიც პასუხისმგებლობაა, ხარისხობრივად ნაკლებად სარწმუნოა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი, სისხლის სამართლის საქმის თაობაზე შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების პროცესში, ბუნებრივად, ნაკლებ მნიშვნელობას მიანიჭებდა ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებაში ასახულ ინფორმაციას, რაც არათუ კეთილსინდისიერი ბრალდებულის ინტერესებს მოემსახურებოდა, არამედ შეამცირებდა ბრალდებულთა ამგვარი კატეგორიის მიერ საკუთარი დაცვის სასარგებლოდ ჩვენების მიცემის უფლებით სარგებლობის კონსტიტუციურ სტანდარტებს.
22. ბრალდებულისათვის ცრუ ჩვენების მიცემის უფლების მინიჭება, ფაქტობრივად, მისთვის ჩვენების მიცემის უფლების შეზღუდვის ტოლფასია. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაეყრდნოს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც პასუხობს მათი სანდოობისა და უტყუარობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. ამავე დროს, უდავოა, რომ, ზოგადად, ბრალდებულს, თავის გამართლების მიზნით, ცრუ ჩვენების მიცემის ინტერესი გააჩნია და ძნელად წარმოსადგენია მისი ობიექტურ მოწმედ მიჩნევა. შესაბამისად, ცრუ ჩვენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების რისკის გარეშე, როგოც წესი, ბრალდებულის ჩვენების მტკიცებულებითი ძალა მინიმალური იქნება. ამ პირობებში მოსამართლეს მოუწევს მოისმინოს დაინტერესებული პირის ჩვენება, რომლის სანდოობა არაფრით არ იქნება გამყარებული. ბუნებრივია, მოსამართლე მსგავს ჩვენებას მნიშვნელოვან მტკიცებულებით წონას არ მიანიჭებს. ამდენად, კონსტიტუციური წარდგინების დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად შეამცირებს უდანაშაულო პირის მიერ საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობას.
23. ამგვარად, საკუთარი დაცვის სასარგებლოდ ჩვენების მიცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მხოლოდ სიმართლის თქმის ვალდებულებით ბრალდებულის შებოჭვა განპირობებულია მართლმსაჯულების ინტერესებით. იმ პირობებში კი, როდესაც ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა და საკანონმდებლო დონეზე ადგილი არ აქვს ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემის პირდაპირ ან ირიბ დავალდებულებას ან/და იძულებას ან ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ბრალდებულის მიერ, მოწმის სახით, ჩვენების მიცემის პროცესში სიმართლის თქმის ვალდებულებისაგან ბრალდებულის გათავისუფლება და ცრუ ჩვენების მიცემისათვის ნოყიერი ნიადაგისა და ხელოვნური მექანიზმების შექმნა შესაძლებელს გახდის ბრალდებულის მიერ მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანასა და პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევას.
24. შესაბამისად, არც საკუთარი დაცვის სასარგებლოდ ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემის და არც თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია არ გულისხმობს ბრალდებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის შესაძლებლობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მცდარი იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტების იმგვარად განმარტება, რომლის შედეგადაც, ბრალდებული აღიჭურვებოდა ცრუმოწმეობის უფლებით.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ის, თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცრუ ჩვენებად და როგორი უნდა იყოს ცრუ ჩვენების დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის დამფუძნებელი ელემენტები ან ცალკეული გარემოებები, შესაძლებელია, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, დაექვემდებაროს დამოუკიდებელ კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას. ამასთან, შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმისათვის არარელევანტურ დეტალებთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემამ გავლენა არ მოახდინოს სისხლის სამართლის პროცესზე და, ცალკეულ შემთხვევებში, პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობა არ არსებობდეს, თუმცა აღნიშნული პრობლემა სადავო ნორმებიდან არ გამომდინარეობს, რამდენადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ცრუ ჩვენებისათვის სადავო ნორმები არ განსაზღვრავს.
26. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს არ გააჩნია ცრუ ჩვენების მიცემის კონსტიტუციური უფლება. ამდენად, სამართლებრივი სისტემა, რომელიც ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ სიმართლის თქმის პირობით არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებით გარანტირებულ უფლებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით
1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გარანტირებული უფლების დაცული სფერო
27. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, „საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, რომლის მიზანია პირისათვის კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით დაცვის ეფექტური შესაძლებლობის მინიჭება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
28. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომების თავიდან აცილების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და, ზოგადად, სამართლიანი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც ჩამოიშლება ნდობა სამართლის აღსრულების, მისი უზენაესობისა და, ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ.
29. აღნიშნული კონსტიტუციური უფლება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ თითოეულ პირს ანიჭებს შესაძლებლობას, რომ მისი დამნაშავეობის საკითხი განიხილებოდეს და წყდებოდეს სამართლიანი პროცედურების დაცვით. ამასთანავე, არ არსებობს სამართლიანი პროცესის ცნების უნივერსალური განსაზღვრება და უცვლელი კრიტერიუმები, და, თითოეულ შემთხვევაში, პროცესის სამართლიანობა დამოკიდებულია არა იზოლირებულად პროცესის ერთი კონკრეტული ასპექტის ან ელემენტის არსებობა-არარსებობაზე, არამედ, მთლიანობაში, სამართალწარმოების მიმდინარეობაზე. შესაბამისად, ის, თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს პირის სამართლიანი და ეფექტიანი დაცვის საშუალებად, დამოკიდებულია ამა თუ იმ საქმის გარემოებებზე. თუმცა არც ის არის გამორიცხული, კონკრეტული ფაქტორი, თავისი ბუნებით, იყოს ისეთი გადამწყვეტი, რომ per se საფრთხის ქვეშ აყენებდეს პროცესის სამართლიანობას.
30. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის სისხლისსამართლებრივი დევნა ... სახელმწიფოს მონოპოლიას წარმოადგენს. სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა, საამისოდ კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით დაიცვას კონკრეტული პირებისა თუ საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესები. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა სისხლისსამართლებრივი დევნის, გამოძიებისა და მართლმსაჯულების მიზნობრივი, ეფექტური და სამართლიანი განხორციელება. საამისოდ ის მიხედულების შესაბამისი ფარგლებით არის აღჭურვილი. ამ მიზნისთვის სახელმწიფო უფლებამოსილია, არჩევანი შეაჩეროს ეფექტიან, ადეკვატურ მოდელზე. თუმცა, იმავდროულად, მიხედულების ფარგლები პირობადებულია ვალდებულებით, გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შერჩეული სისტემა/მოდელი უზრუნველყოფდეს საჯარო ინტერესებს, ... იცავდეს ამ პროცესში ყველა აქტორის უფლებებს ‒ როგორც კონკრეტულ პირებს იცავდეს უსაფუძვლო ბრალდებისა და მსჯავრდებისაგან, ისე ადეკვატურად პასუხობდეს დაზარალებული პირის კანონიერ ინტერესებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერი სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ფართოა სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. მთავარი მოთხოვნა, რომლითაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლებები მკაცრადაა შებოჭილი, არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანობაში პასუხობდეს მის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას – უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება, რისთვისაც ის აღჭურვილი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ყველა საჭირო, ადეკვატური და საკმარისი ბერკეტით. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ არ არსებობს სასამართლო ხელისუფლების სისტემის ერთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით, ... მიუკერძოებელ ... და სამართლიან მართლმსაჯულებას. ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-91).
32. ხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ხელისუფლებას აკისრებს სისხლის სამართლის პროცესის სისტემის იმგვარად ფორმირების ვალდებულებას, რომელშიც, ერთი მხრივ, მხარეთა საპროცესო უფლებები და ვალდებულებები სამართლიანად იქნება დაბალანსებული, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდებისა და დაცვის მხარის უფლებრივი სივრცის მხედველობაში მიღებით, სასამართლო აღჭურვილი იქნება სათანადო პროცესუალური მექანიზმებით, რაც, საბოლოოდ, უზრუნველყოფს როგორც ბრალდებულის ინტერესების დაცვას, აგრეთვე სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით
33. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. ამდენად, მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრობითობის პრინციპის პატივისცემა სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენს.
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპი გულისხმობს მხარეებისათვის ერთნაირი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით აღჭურვას, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვების, სასამართლოს წინაშე წარდგენისა და გამოკვლევის თვალსაზრისით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამ პრინციპის რეალური შინაარსი გულისხმობს, რომ პროცესის ორივე მხარეს უნდა გააჩნდეს თანაბარი და გონივრული შესაძლებლობები, სასამართლოში წარადგინოს საკუთარი მტკიცებულებები, გავლენა იქონიოს საქმის მიმდინარეობის პროცესზე და საბოლოო შედეგზე. ხსენებული პრინციპი ზღუდავს ბრალდების მხარისათვის დაუბალანსებელი პრივილეგიის მინიჭებას და ამ ფორმით საქმის გადაწყვეტაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობის ხელოვნურად გაზრდას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74).
35. შეჯიბრებითობის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მხარეებისათვის შექმნას შესაძლებლობა, წარმოადგინონ სისხლის სამართლის საქმის მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია, აღნიშნული ვერსიის ხელშემწყობი არგუმენტები და მტკიცებულებები; ასევე, გამოთქვან მოსაზრებები, გაეცნონ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებს, გამოხატონ პოზიციები აღნიშნულ მტკიცებულებებზე ან/და საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე, გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში და გავლენა მოახდინონ დასაბუთებული, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608, 609 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-18; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 23 მაისის 3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75).
36. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, საკუთარ თავში, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უფლებას მიუკერძოებელ სასამართლოზე. სასამართლოს მიუკერძოებლობა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რომლის არსებობის გარეშეც ეჭვქვეშ დადგებოდა თავად სასამართლოს ფუნქციონირების ძირითადი არსი და დანიშნულება. მხოლოდ სასამართლო განხილვის მიუკერძოებლობით არის შესაძლებელი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, სამართლის წინაშე თანასწორობის მიღწევა, სამართლის უზენაესობის გარანტირება და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელება. სასამართლოს მიუკერძოებლობის მოთხოვნა ვრცელდება არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, არამედ იმ პროცესზე, რომლის მეშვეობითაც და რომლის შედეგადაც მიიღება აღნიშნული გადაწყვეტილება. ხსენებული არსებითად გულისხმობს, რომ სასამართლომ საკუთარი ფუნქციები უნდა განახორციელოს ფავორიტიზმის, საქმის განხილვის რომელიმე მონაწილისადმი წინასწარი მიმხრობის ან წინასწარი განწყობის გარეშე. სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, თავი შეიკავოს სამართალწარმოების რომელიმე მხარის მიმართ კეთილგანწყობილი ან მტრული დამოკიდებულების გამოხატვისაგან ან/და იმგვარი ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც სასამართლოს საქმის განხილვის პროცესში მხარედ წარმოაჩენს. ამასთან, ამ პროცესში სასამართლო არა მხოლოდ ვალდებულია, იყოს მიუკერძოებელი, არამედ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის გარეგნულ გამოვლინებასაც. აუცილებელია, საქმის მხარეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, სასამართლო წარმოჩნდებოდეს და აღიქმებოდეს მიუკერძოებლად.
37. ამრიგად, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებისა და სასამართლო განხილვის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისა და ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელების შემადგენელი ელემენტი და აუცილებელი წინაპირობაა. სასამართლოა ის ორგანო, რომელიც, როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული, მიუკერძოებელი პროცესი. ამასთანავე, სწორედ სასამართლოს ეკისრება სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობისა და თანასწორობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა. სასამართლო ვალდებულია, მხარეებს, თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ თავისი აქტიური ქმედებებით ან სხვაგვარად არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა ან შეუქმნას ამგვარი განცდა. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მოთხოვნა ვერ იქნება მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების განხორცილება, რომელიც ზღუდავს მხარეთა თანასწორობას, შეჯიბრობითობას ან/და სასამართლოს წარმოაჩენს მიკერძოებულად.
38. აღნიშნული პრინციპების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეჯიბრებითი მოდელის მქონე სისხლის სამართლის პროცესის სისტემაში, რომლშიც სამართალწარმოების მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების როლები გამიჯნულია და რომელშიც მოსამართლის როლი შემოიფარგლება ნეიტრალური არბიტრის ფუნქციით, ხოლო ბრალდების დამადასტურებელი ან დაცვის ხელშემწყობი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის ინიციატივა მხარეებზეა მინდობილი, რამდენადაც მიიჩნევა, რომ „სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608, 609 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-15). ბუნებრივია, ხსენებული არ გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითი მოდელის შექმნა და ხელოვნურად შენარჩუნება წარმოადგენს რაიმე მხრივ კონსტიტუციურად დაცულ ღირებულ სიკეთეს, არამედ მხოლოდ მიზნის ‒ დანაშაულთან ბრძოლისა და პირების საპროცესო უფლებების დაცვის საშუალებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებით მოდელში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასამართლო, აღნიშნული პრინციპების დაცვის მოტივით, არ თავისუფლდება თავისი უმთავრესი პასუხისმგებლობისაგან ‒ პირის ბრალეულობის შესახებ გამორიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი და აღასრულოს მართლმსაჯულება.
39. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ მხარეების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები მათი პოზიციის დასაბუთების უმთავრესი მექანიზმია. აღნიშნული მტკიცებულებები ხშირად პირდაპირ მიანიშნებს პირის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაზე. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესის მხარეები, როგორც წესი, ცდილობენ, სასამართლოს წარუდგინონ მხოლოდ მათი პოზიციის ხელშემწყობი, გამამყარებელი მტკიცებულებები. ამ მხრივ, პრაქტიკაში, სისხლის სამართლის პროცესის მხარეები წინასწარ გეგმავენ მტკიცებულებების გამოკვლევისა და მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის სტრატეგიებს, შეიმუშავებენ კითხვების სერიებსა და კომბინაციებს და აღნიშნულ კითხვებზე მოსალოდნელი პასუხების შესაძლო ვარიაციებს და სხვ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს აქტიურმა ქმედებებმა, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში სისხლის სამართლის მხარეების ნებისაგან დამოუკიდებლად მონაწილეობამ, ზეგავლენა მოახდინოს მხარეთა სტრატეგიაზე. სხვადასხვა დეტალებთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ შესაძლებელია, ის მიმართულება მისცეს პროცესს, რაზეც მხარეებს არ უფიქრიათ ან რა მიმართულებით წაყვანასაც არ ისურვებდნენ.
40. თუმცა, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სისხლის სამართლის პროცესის მიზანი საქმეზე სიმართლის დადგენა და ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებაა. აღნიშნულ პროცესში დაცული ვერ იქნება სამართალწარმოების ვერც ერთი მხარის ინტერესი, ხელოვნურად შეაფერხოს მისი პოზიციის საწინააღმდეგო მტკიცებულების გამოკვლევა, მოწმის დაკითხვა ან მოწმეთაგან იმ ინფორმაციის მოპოვება, რომელიც აუცილებელია დავის სამართლიანად გადაწყვეტისათვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-98). ამგვარად, სისხლის სამართლის საქმეზე სიმართლის დადგენის ინტერესი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხარეთა სურვილზე ან კომპეტენციაზე. კონკრეტულ საქმეზე სამართლიანი და ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელების გარანტიას ინდივიდუალური მოსამართლე (ნაფიცი მსაჯულების სასამართლო) ქმნის. შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში, უპირობოდ იარსებებს საჭიროება, რომ მოსამართლეებმა მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში, როდესაც მსგავსი მონაწილეობა საქმეზე სიმართლის ძიებისა და საბოლოო სამართლიანობის მიღწევის ხელშეწყობის მიზნით არის განპირობებული. სასამართლოს პასიურობამ და ხელოვნურმა ბოჭვამ შესაძლოა, გამოიწვიოს უსამართლობა ‒ უდანაშაულო პირის მსჯავრდება ან დამნაშავე პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. მოსამართლის პასიურობა არის საფრთხის შემცველი, როდესაც თავისუფლების ან საკუთრების უსამართლოდ დაკარგვის შესაძლებლობას იძლევა და როდესაც აფერხებს პირის დარღვეულ უფლებებში აღდგენას.
41. მოსამართლისათვის კითხვის დასმის შესაძლებლობის შეზღუდვა იმ მოტივით, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება სხდომაზე არ გამოვლინდეს, არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მოთხოვნას არ წარმოადგენს, არამედ არსებითად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებს. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი თავის თავში არ მოიაზრებს რაიმე ფორმით სისხლის სამართლის საქმეზე სიმართლის დადგენის ხელოვნურად შეფერხებას.
42. ამავდროულად, ბუნებრივია, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი ავალდებულებს მოსამართლეს, სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას, მტკიცებულებების გამოკვლევის, მათ შორის, მოწმის პირდაპირი ან ჯვარედინი დაკითხვის პროცესში საკუთარი მონაწილეობით, ხელი არ შეუშალოს მხარეების მიერ მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევასა და მეორე მხარის მტკიცებულებათა გაბათილებას. მოსამართლემ კითხვების დასმის უფლებამოსილება უნდა განახორციელოს გონივრული სამოსამართლო თვითშეზღუდვის პირობებში. უმთავრესი მიჯნა და ძირითადი პრინციპი, რომელიც უნდა ზღუდავდეს მოსამართლისათვის ხსენებული უფლებამოსილების გამოყენებას, არის ის, რომ მისი ფუნქცია მდგომარეობს სასამართლო სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევაში, სიცხადის წახალისებაში და არა ახალი მტკიცებულების შექმნაში.
43. მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში მოსამართლის მონაწილეობამ არ უნდა შექმნას სასამართლოს მიკერძოებულობის განცდა. მან არ უნდა შეითავსოს მხარის ფუნქცია, კითხვის დასმა არ უნდა განხორციელდეს იმგვარი ენითა და ტერმინოლოგიით, ტონით, ჟესტიკულაციით, ქცევით ან ფორმითა და ინტენსივობით, რომ წარმოშვას მოსამართლის მიკერძოებულობის გონივრული ეჭვი ან შექმნას შთაბეჭდილება, რომ მას სჯერა მტკიცებულებათა ერთი ვერსიისა და არ იჯერებს ან ეჭვი ეპარება სხვა მტკიცებულებათა სისწორეში.
44. ზემოხსენებული პირობების დაცვით მოსამართლის მიერ კითხვის დასმა საქმის სრულყოფილი გამოკვლევის, სიმართლის დადგენისკენ მიმართულ ისეთ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც არ ხელყოფს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის ან/და სასამართლოს მიუკერძოებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს. კონსტიტუციური პრინციპების დაცვით საქმის სრულყოფილი გამოკვლევა კი, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებიდან მომდინარე მოსამართლის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მტკიცებულების, მათ შორის, მოწმის ჩვენების შინაარსის სათანადოდ აღსაქმელად, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული პირობების დაცვით კითხვის დასმა საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური მოთხოვნის განუყოფელი ნაწილია.
3. სადავო ნორმების შინაარსისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
45. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესში საქმის განმხილველი სასამართლოს მონაწილეობის ფარგლებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დასახელებული დებულება, მართალია, მოსამართლეს ანიჭებს პროცესის მიმდინარეობისას კითხვის დასმის შესაძლებლობას, თუმცა ამგვარ უფლებას ზღუდავს სამმაგი პირობით. კერძოდ, (ა) მოსამართლის მხრიდან კითხვის დასმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად; (ბ) კითხვა, თავისი ბუნებით, უნდა იყოს დამაზუსტებელი ხასიათის; (გ) მოსამართლის მხრიდან კითხვის დასმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შედეგად.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სადავო ნორმის ტექსტის უგულებელყოფის გარეშე, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, ბრალდებისა და დაცვის მხარეების შეთანხმებისაგან დამოუკიდებლად დასვას კითხვა, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, მოსამართლის მხრიდან იმ საკითხების გამოსარკვევად, რომლებიც ფუნდამენტური მნიშვნელობის შეიძლება იყოს სამართლიანი სასამართლოს აღსრულებისათვის და გადაწყვეტილების მიღებისათვის. ამასთან, სადავო წესი აბსოლუტური ხასიათისაა, რომლისგანაც არ არსებობს რაიმე სახის საკანონმდებლო გამონაკლისი, რათა მოსამართლემ, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში გადაუხვიოს მას.
47. სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობის საჭიროების წინაშე მოსამართლე გარემოებათა საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრის არსებობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს. ამ პროცესში შესაძლოა, წამოიჭრას სხვადასხვა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის, გამოაშკარავებისა და დაზუსტების საჭიროება, რომელიც აუცილებელია საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისათვის. მაგ., მაშინ, როდესაც არ არის მკაფიო დანაშაულად მიჩნეული ქმედების შემადგენლობა ან/და მისი რომელიმე ნიშნის არსებობა-არარსებობა, მოწმე, ექსპერტი ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე ბუნდოვან, დამაბნეველ და ურთიერთსაპირისპირო ჩვენებას იძლევა ან/და კითხვის დასმის საჭიროება განპირობებულია ჩვენებაში სიცხადის შეტანისა და მისი უკეთ გაგებისათვის; ან როდესაც მოსამართლე ცდილობს მოვლენათა თანმიმდევრობის დადგენას, საქმის ფაქტობრივი გარემოებების იდენტიფიცირებას და სხვ. ამასთან, რიგ შემთხვევებში, ამგვარი ბუნდოვანება შესაძლებელია, განპირობებული იყოს ბრალდების ან/და დაცვის მხარის განზრახვით, გაუფრთხილებლობით, გულგრილობით ან უბრალო დაუდევრობით ან/და სულაც მხარეთა კომპეტენციის ნაკლოვანებით. შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში, შესაძლებელია, მხარეებს არ სურდეთ ან არ შეეძლოთ ბუნდოვანების გაფანტვა იმ ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა სიცხადე კრიტიკულად აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად, დაცვის მხარისათვის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულის უფლებების დასაცავად და სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განსახორციელებლად.
48. იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეს ეზღუდება შესაძლებლობა, დასვას კითხვები მისთვის იმ გაუგებარ, გაურკვეველ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებელია შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისათვის, ხელი ეშლება გადაწყვეტილების მიღების პროცესს. სახელმწიფო, ერთი მხრივ, პირებს ანიჭებს უფლებას დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით ეკისრება ამგვარი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, ართმევს მნიშვნელოვან საპროცესო შესაძლებლობას, რათა საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა თუ მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების ზუსტი და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად, გამოიტანოს ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
49. სადავო ნორმის საფუძველზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ბუნდოვანების არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთოს და დააზუსტოს ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმეზე სიმართლის დასადგენად და რომელთა გამოკვეთასა და დაზუსტებას სხვადასხვა მოტივითა და მიზნით სისხლის სამართლის საქმის მხარეები არ ცდილობენ ან ვერ ახერხებენ. ბუნებრივია, სასამართლოსათვის ამა თუ იმ ინფორმაციის მიწოდებისას შესაძლებელია, მხარეები ფიქრობდნენ, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმის ჩვენება, სრულყოფილია და ამავე დროს მისი შინაარსი მოსამართლისათვის საკმარისად ცხადია. თუმცა ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა პირები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ მონათხრობს. შესაბამისად, ბუნებრივად არსებობს რისკი, რომ მოსამართლემ, მისთვის საკმარისი სიცხადით ვერ მიიღოს მტკიცებულებისაგან ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებასაც მხარეები ისახავენ მიზნად. უფრო მეტიც, ცალკეულ შემთხვევებში, სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას აკუმულირებული ბუნდოვანი საკითხების მოცულობისა თუ ბუნების გათვალისწინებით, შესაძლებელია, შეიქმნას რეალობა, რომელშიც სრულიად შეუძლებელი იქნება სასამართლოს მხრიდან არათუ დასაბუთებული და სამართლიანი, არამედ რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებაც კი.
50. ხელოვნური ბარიერების შედეგად, სასამართლოსათვის ინფორმაციის არასაკმარისი სიცხადით მიწოდება ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესებს. მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმის ჩვენების ბუნდოვანი ხასიათი არა მხოლოდ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში მოსამართლის სათანადოდ დარწმუნების შესაძლებლობას ამცირებს, არამედ ასევე შესაძლებელია, შექმნას პირის ბრალეულობის ცრუ განცდა და უდანაშაულო პირის მსჯავრდება გამოიწვიოს. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მტკიცებულების შინაარსის სრულყოფილად გააზრება არა რომელიმე მხარის, არამედ, ზოგადად, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელება კი ყველა კეთილსინდისიერი მხარის ინტერესს წარმოადგენს.
51. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსამართლეს ეზღუდება სისხლის სამართალწარმოების პროცესში კითხვის, მათ შორის, იმ ფორმით დასმის შესაძლებლობა, რომელიც არ ხელყოფს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპსა და მოსამართლის მიუკერძოებლობას. ყოველივე აღნიშნულმა შესაძლებელია, შეაფერხოს სისხლის სამართლის საქმეზე სიმართლის დადგენა, მოსამართლისათვის შეუძლებელი გახადოს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა, რაც შეზღუდავს როგორც ბრალდებულის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, აგრეთვე დაზარალებული მხარისა და სრულიად საზოგადოების ინტერესს სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში, აღსრულდეს მართლმსაჯულება.
4. უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება
4.1. შეფასების ტესტი
52. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, მიუხედავად მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობისა, არ არის აბსოლუტური ხასიათის და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
53. ამასთანავე, კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. „აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
4.2. ლეგიტიმური მიზანი
54. წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიიჩნევს, დაადგინოს, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო რეგულირებიდან მომდინარე შეზღუდვა, რადგანაც „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15).
55. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტს განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნული საკითხების თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ცნობილი არ არის საქართველოს პარლამენტის პოზიცია, მათ შორის, არც სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით.
56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების პროცესში, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის შებოჭილი მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნით, ისევე, როგორც მოპასუხე მხარის მიერ მისი დასახელებისგან თავის შეკავება, თავისთავად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ვერ განაპირობებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავად დაადგენს გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე ლეგიტიმურ მიზანს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). ამ შემთხვევაში არც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არის ნათელი, ობიექტურად, რა საჯარო მიზანს ემსახურება მოსამართლის მიერ კითხვის დასმის ბლანკეტური აკრძალვა.
57. განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნას წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში მოსამართლის გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო ბერკეტებით აღჭურვა, მათ შორის, კითხვების დასმის უფლებამოსილების მინიჭება, როდესაც აღნიშნული ემსახურება საქმეზე სიმართლის დადგენასა და სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას და ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის ფარგლებში სათანადო კრიტერიუმების დაცვითა და ფორმით. ამავდროულად, დადგინდა ისიც, რომ გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს მოსამართლის მიერ, მათ შორის, იმ კითხვების დასმის შესაძლებლობას, რომლებიც საკუთარი შინაარსითა და გამოხატულების ფორმით არ ხელყოფს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს ან/და მოსამართლის მიუკერძოებლობას.
58. სამართლებრივი სისტემა, რომელიც გამორიცხავს, კითხვების დასმის გზით, სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში მოსამართლის მონაწილეობასა და საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შესაძლებლობას, საფუძველშივე ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს. ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა მსჯელობა, რომ სამართალწარმოება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქმის სათანადოდ გამოკვლევას, სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე მხარის რაიმე ლეგიტიმური ინტერესისაგან მომდინარეობს ან მათ ემსახურება და რამენაირად თავსებადია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების კონსტიტუციურ მოთხოვნებთან.
59. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლისათვის კითხვის დასმის უფლების შეზღუდვას, როდესაც თავად აღნიშნული კითხვა თავისი ფორმითა და შინაარსით საფრთხეს არ უქმნის მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს ან/და მოსამართლის მიუკერძოებლობას, გააჩნია თვითმიზნური ხასიათი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 273 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13 და მე-16 პუნქტების, 44-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ კითხვის დასმის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ დადასტურდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით.
3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში