საქართველოს მოქალაქე დიმიტრი როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/706 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ივლისი 2017 15:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე დიმიტრი როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვებთან „დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - გიორგი გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თამარ მესხია და ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №706) მომართა საქართველოს მოქალაქე დიმიტრი როსტომაშვილმა. №706 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2015 წლის 25 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 16 მაისს.
2. №706 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
4. მოსარჩელის შვილი დაიბადა ქალაქ სინტ ნიკლაასში (ბელგიის სამეფო). 2015 წლის სექტემბერში მან სწავლა დაიწყო ბელგიის სამეფოს ქალაქ ასენტის დაწყებით სკოლაში. 2015 წლის 9 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. განცხადებაში დიმიტრი როსტომაშვილი მიუთითებს, რომ ოჯახის საქართველოში გადმოსვლამდე მისი შვილი სწავლობდა ქ. ასენტის დაწყებითი სკოლის პირველ კლასში. მან ასევე გასაუბრება გაიარა საერო სასწავლებელ „მარჯში“ (საქართველო), სადაც აღნიშნეს მისი გამორჩეული უნარ-ჩვევები და სწავლისადმი განსაკუთრებული მოტივაცია. განათლების სამინისტროს ნებართვის შემთხვევაში აღნიშნული სასწავლებელი მზად არის მისი შვილი მობილობის წესით ჩარიცხოს პირველ კლასში.
5. საქმეში არის წარმოდგენილი დიმიტრი როსტომაშვილისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 21 ოქტომბრის წერილი. წერილი პასუხობს დიმიტრი როსტომაშვილის 2015 წლის 15 ოქტომბრის განცხადებას. აღნიშნული წერილის თანახმად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. ხოლო მოქმედი კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ დავის ფარგლებს არ წარმოადგენს ზოგადად 6 წლიანი ასაკობრივი ცენზის არაკონსტიტუციურად ცნობა. ამ შემთხვევაში სადავოა ის, რომ 6 წელს მიუღწეველი ბავშვი საქართველოში დაბადებული თანატოლებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება იმით, რომ 6 წლის მიღწევამდე დაიწყო დაწყებითი განათლების მიღება. ხოლო სახელმწიფო ასეთ ბავშვებს ეპყრობა ისევე, როგორც საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ მის თანატოლებს, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ დაწყებითი განათლების მიღება.
7. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმა ადგენს ბლანკეტურ წესს, რომლის მიხედვითაც, სასკოლო ასაკი იწყება 6 წლის ასაკიდან. ამ წესიდან არ არსებობს არავითარი გამონაკლისი. ეს ნორმა არ ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ გარემოებას, კერძოდ იმას, რომ ბავშვს სხვა იურისდიქციაში შესაძლოა დაწყებული ჰქონდეს განათლების მიღება 6 წლის ასაკს მიღწევამდე ან ამ ასაკამდე დამთავრებული ჰქონდეს ერთი კლასი და უცხო ქვეყნის იურისდიქციიდან საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გადანაცვლების შემთხვევაში ვერ გააგრძელებს სწავლას იმ საფეხურიდან, რაც შეწყვიტა უცხო ქვეყანაში. სხვა სიტყვებით, სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს იმ პირის უწყვეტ, რეგულარულ განათლებას, რომელმაც სხვა ქვეყანაში დაიწყო ზოგადი განათლების მიღება.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ერთწლიანი წყვეტის შედეგად მისი მცირეწლოვანი შვილი საკლასო ოთახში აღმოჩნდება იმ ბავშვებთან ერთად, რომლებმაც, მისგან განსხვავებით, არ იციან წერა-კითხვა და ელემენტარული მათემატიკა. მოსარჩელის აზრით, მისი შვილის სასტარტო პირობები უპირატესია თავისი ქართველი თანატოლების სასტარტო პირობებთან შედარებით. ეს განსხვავება საზიანოა არა მხოლოდ მისი შვილისთვის, არამედ ასევე მისი პოტენციური თანაკლასელებისათვის. სასტარტო პირობებს შორის განსხვავებებს თან ახლავს სტრესი, გაუცხოება, კონფლიქტები, უპირატესობისა და ჩამორჩენის შეგრძნება როგორც ამ უპირატესობის მატარებელ ბავშვისთვის, ასევე მისი თანაკლასელებისთვის. მოსარჩელის განცხადებით, მოზარდები უფრო მძიმედ რეაგირებენ ამგვარ განსხვავებაზე, ვიდრე ეს უფროსების შემთხვევაში ხდება. ამგვარი განსხვავება შესაძლოა გაუმართლებელი აღმოჩნდეს პედაგოგიური მიზნებისთვისაც კი. მასწავლებელი იძულებული ხდება ერთ მოსწავლესთან მიმართებაში დანარჩენი კლასისაგან განსხვავებული პედაგოგიური მეთოდები გამოიყენოს.
9. განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენლმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ სადავო ნორმა ნამდვილად შეიცავს მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებულ ნორმატიულ შინაარსს, რაც ასაკის გამო უზღუდავს მოსარჩელის მცირეწლოვან შვილს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს სადავო ნორმის ძველ რედაქციაზე, რომლის თანახმადაც, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იყო 5 წელი. ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაძლებლობა ჰქონდა, განესაზღვრა საგამონაკლისო შემთხვევები. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმით არა მხოლოდ აიწია ზოგადი განათლების დაწყების ასაკმა 6 წლამდე, არამედ, იმავდროულად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წაერთვა ყოველგვარი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა.
10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ასევე უთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 21 ოქტომბრის წერილზე და აღნიშნავს, რომ ამ წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა მისი შვილის, მობილობის წესით, ბელგიის სამეფოს კონკრეტული სკოლიდან ქართულ სკოლაში გადმოყვანასთან დაკავშირებით.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვებს „დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
12. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში აგრეთვე შუამდგომლობს საქმის გადაწყვეტამდე სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე, ვინაიდან სასწავლო წლის დაწყების შემთხვევაში, მისი შვილი მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს, ვინაიდან არ ექნება უწყვეტი განათლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
13. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სარჩელი შემოტანილი არ არის იმ პირის მიერ, ვისი უფლებების დარღვევაზეც მიუთითებს სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია. მოპასუხე მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ვერ იდავებს საკუთარი შვილის კონსტიტუციური უფლებებისთვის და, ამდენად, სარჩელი არ არის არსებითად განსახილველად მისაღები.
14. მოპასუხე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას “actio popularis”-თან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის აზრით, კონსტიტუციური სარჩელი კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა იყოს მიღებული არსებითად განსახილველად. კერძოდ, საქართველოს პარალმენტის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ წარმოადგენს უფლების დამდგენ ნორმას და, ამდენად, მოსარჩელე მხარე არაუფლებამოსილი პირია, იდავოს კონსტიტუციის ამ დებულებასთან მიმართებით. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტს, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლი ადგენს დაწყებითი და საბაზო განათლების სავალდებულოობას და ასევე მისი დაფინანსების აუცილებლობას, რასაც კავშირი არ აქვს ზოგადი განათლების დაწყების ასაკთან.
15. სადავო ნორმის შეჩერების შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარე მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული დანაწესი სადავო ნორმის შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია გამოუსწორებელი შედეგის დადგომა. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ის ზიანი, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, უკვე დამდგარია მის მიმართ, ვინაიდან სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილია, დაახლოებით, ერთი თვე. მოსარჩელის შვილის მიმართ უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებით მოხდება სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერება, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, რაც ვერ მისცემს შესაძლებლობას მოსარჩელის შვილს, გააგრძელოს სწავლა პირველ კლასში, რადგან მას მთელი წლის სასწავლო პროგრამა არ გაუვლია. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის №2/2/438 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”).
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ნორმით დადგენილი სწავლის დაწყების ასაკი წარმოადგენს გაუმართლებელ ბარიერს იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც სწავლა უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში დაიწყეს, სურთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადმოსვლა, თუმცა ჯერ არ შესრულებიათ 6 წელი.
3. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ღ5 ქვეპუნქტის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა არის მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ამდენად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის სკოლის, მათ შორის უცხო ქვეყნის საშუალო განათლების დაწესებულების მოსწავლის მიერ სხვა სკოლაში სწავლის გაგრძელება წარმოადგენს მობილობას, რომლის წესსაც მინისტრი განსაზღვრავს.
4. სადავო ნორმა არეგულირებს სწავლის დაწყებას, ანუ ისეთ შემთხვევას, როდესაც მოსწავლეს არ გააჩნია მანამდე მიღებული, სათანადო წესით აღიარებას დაქვემდებარებული საშუალო განათლება და სწავლას იწყებს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე. აღნიშნული ნორმა, რა თქმა უნდა, თავისთავად, ვერ გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ხდება პირველკლასელი მოსწავლის გადასვლა სხვა სკოლაში. ასეთ მოსწავლეს სწავლა უკვე დაწყებული აქვს და ახორციელებს მობილობას, სკოლის შეცვლას. ამდენად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი სადავო ნორმას არ გააჩნია. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ზღუდავს მისი შვილის შესაძლებლობას, საქართველოში გააგრძელოს უცხო ქვეყანაში დაწყებული სწავლა, მაშინ მან კანონმდებლობის ის ნორმები უნდა გაასაჩივროს, რომელიც ამ პირობებში მოსწავლეთა მობილობას გამორიცხავს.
5. საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან არ იკვეთება, რომ მოსარჩელის შვილს სადავო ნორმის საფუძველზე ეთქვა უარი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე. უპირველს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის შვილის სკოლაში ჩარიცხვაზე უარის შესახებ. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 21 ოქტომბრის წერილი. თუმცა არც ამ წერილში არის მითითებული, რომ მოსარჩელის შვილის სკოლაში არმიღება სადავო ნორმას ეფუძნება. წერილში მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რაც ამ წერილის გარეშეც ნათელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ არის წარმოდგენილი არა თუ საერთო სასამართლოების პრაქტიკა, არამედ, თუნდაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით გამოყენებაზე მიუთითებს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დაზუსტების მიზნით მომხსენებელი მოსამართლემ წერილობით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისადმი მოწერილი 2017 წლის 16 თებერვლის წერილში მინისტრი მიუთითებს, რომ მოსწავლის მიერ საზღვარგარეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სასწავლებლად ქართულ სკოლაში გადმოსვლა განახილება როგორც მობილობა და არა სწავლის დაწყება. შესაბამისად, ხსენებული პროცესი რეგულირდება მობილობის წესის განმსაზღვრელი მინისტრის აქტით.
6. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას, მოსარჩელე პრობლემად მიუთითებს უცხო ქვეყანაში დაწყებული სწავლის საქართველოში გაგრძელების შეუძლებლობას და ასაჩივრებს ნორმას, რომელიც მობილობის წესს არ განსაზღვრავს. შესაბამისად, N706 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №706 (საქართველოს მოქალაქე დიმიტრი როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი