გიორგი გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1579 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი გოგიაშვილი |
თარიღი | 22 მარტი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი: „2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31პრიმა მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31პრიმა მუხლის მოთხოვნებს.
ბ. შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
გიორგი გოგიაშვილი 25 წელი და 11 თვე მსახურობდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რასაც ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 4 აპრილის №MOD 6 20 00339915 წერილი (დანართი №1). შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კომპენსაცია ენიშნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვს წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი წელი. შესაბამისად, ამ ნორმის მიხედვით მას ეკუთვნის კომპენსაცია.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურიდან გათავისუფლდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის თანახმად, ჩადენილი დანაშაულის გამო (მუხლი 21), მისთვის კომპენსაციის მიცემაზე უარის თქმის საფუძვლად ზემოაღნიშნულ წერილში (დანართი №1) თავდაცვის სამინისტრომ ერთმნიშვნელოვნად დაასახელა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. წერილში ვკითხულობთ: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო .... აქედან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ თქვენი თხოვნა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის ანგარიშის (წარდგინება) შედგენის შესახებ“. ამდენად, სწორედ გასაჩივრებული პუნქტის არსებობის გამო დაირღვა მოსარჩელის უფლება და მას უარი ეთქვა კომპენსაციის მიღებაზე.
გ. სარჩელში მითითებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
დ. სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე. სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-9 მუხლით.
ვ. კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავებისთვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი გახდება სადაო.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მიგვაჩნია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი („ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, რომლის მიხედვით: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ღირსების უფლების არსის განმარტებაზე: „პატივი და ღირსება ადამიანის სოციალური იდენტობის არსებითი ატრიბუტებია, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მორალურ მდგომარეობას საზოგადოებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის გარანტირებას ემსახურება ... ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
„თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბერის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“, II-17).
გასაჩივრებული ნორმა კომპენსაციის მიღების უფლებას უკრძალავს პირს, თუ იგი თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდენს რაიმე დანაშაულს ან სხვა არამართლზომიერი ქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ მან შესაძლოა მთელი ცხოვრება შეალია სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობას. ადამიანი თვითონ ირჩევს განვითარების გზას თავისი უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, მთელ თავის განვითარებას და ახალგაზრდულ წლებს ახმარს სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე ზრუნვას, ახორციელებს რა მისთვის დაკისრებულ სახელმწიფო მოსამსახურის ვალდებულებებს, თუმცა სახელმწიფო უარს ამბობს მის ღირსეულ დაცვაზე, ღირსეულ პატივისცემაზე, ღვაწლის დაფასებაზე, პირის რესპექტირებაზე და მიუხედავად მისი დამსახურების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და სიმძიმისა, მუდმივად და განუსაზღვრელი ვადით უარს ამბობს ყოველგვარი, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებული გარანტიების მიცემაზე და უზრუნველყოფაზე. რაც, საბოლოო ჯამში, უპირველეს ყოვლისა, პირის ღირსების უფლებას ეწინააღმდეგება.
შესაძლოა კომპენსაციის საკითხი თავისი არსით სოციალურ მიმართულებას წარმოადგენს და დაკავშირებული უნდა იყოს ადამიანის არსებობის საშუალებებთან, მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან, სოციალურ უსაფრთხოებასთან, თუმცა ჩვენ შემთხვევაში განიხილება არა კომპენსაციის ოდენობის საკითხი, არამედ ზოგადად - მისი დანიშვნის აკრძალვის არაკონსტიტუციურობის საკითხი. მოსარჩელე არა კომპენსაციის ოდენობას, არამედ მისი არდანიშვნის საკითხს ასაჩივრებს. მოსარჩელის პროტესტს, მისი უფლებების დარღვევას იწვევს სახელმწიფოს წინაშე ღვაწლის ერთი ხელის მოსმით უგულებელყოფა, რაც პირდაპირ უკავშირდება ღირსების უფლების დარღვევას.
ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის პრაქტიკულ რეალიზაციასა და დაცვას უზრუნველყოფს კონსტიტუციის ღირებულებათა სისტემა: `ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები წარმოადგენენ ადამიანის ღირსების დაცვის სამართლებრივ გარანტიას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამასთან, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). „ამ თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, ისევე, როგორც სხვა უფლებებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებული უფლებისთვისაც წარმოადგენს საფუძველს, რომლის დარღვევა გარდაუვლად იწვევს ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპის ხელყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
ადამიანის ღირსება ყველა ძირითადი უფლების საფუძველია, არ წარმოადგენს მხოლოდ განყენებულ, აბსტრაქტულ კატეგორიას და პრაქტიკულ რეალიზებას ადამიანის უფლებებში პოვებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). კონკრეტული უფლების ადეკვატური უზრუნველყოფით ადამიანის ღირსების დაცვისას, სახელმწიფო, იმავდროულად ვალდებულია, გაითვალისწინოს დემოკრატიულ, სამართლებრივ და სოციალურ სახელმწიფოში ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება. ამიტომ კანონმდებლობა უნდა შეიქმნას სოციალური თანაცხოვრების ხელშეწყობისა და შენარჩუნების გათვალისწინებით, თუმცა იმ სავალდებულო პირობით, რომ დაცული იქნება თითოეული პიროვნების თვითმყოფადობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-7). სადავო ნორმით კი არ ჩანს არც სოციალური თანაცხოვრების ხელშეწყობის და არც პიროვნების თვითმყოფადობის შენარჩუნების სურვილი, პირიქით, თითქოს სახელმწიფო არა სუბიექტად, არამედ მიზნის მიღწევის საშუალებად იყენებს ადამიანს, არაფრად აგდებს მის შრომას და ღვაწლს და თითქოს მიზეზს ეძებს, რომ როგორმე გაამართლოს ბიუჯეტიდან ზედმეტი თანხის გაღება, არ დაიხარჯოს ზედმეტად, სამუდამოდ უარი თქვას პირის რაიმე ფორმით მომავალ უზრუნველყოფაზე და დაფასებაზე. „ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30).
ანალოგიურ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო პირისთვის თანამდებობის დაკავების უფლების მუდმივად აკრძალვა. გასაჩივრებული იყო ნორმა, რომლის თანახმად, პირს სრულად და უვადოდ ერთმეოდა სახელმწიფო სამსახურის მნიშვნელოვან სეგმენტში საქმიანობის უფლება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე ყოფილი სსრკ-ის პერიოდში გარკვეულ პარტიულ თანამდებობებს იკავებდა. ჩვენ შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა: პირს სრულად და უვადოდ ერთმევა კომპენსაციის მიღების უფლება თუ მან, მიუხედავად ხანგრძლივი ნამსახურობის სტაჟისა, ჩაიდინა რაიმე დანაშაული. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ საქმეზე მიუთითა: „სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების შემოღებით სახელმწიფო მოსარჩელეს და მის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს მიზნის მიღწევის საშუალებად იყენებს, რითაც ილახება მათი ღირსება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
ორივე შემთხვევა ერთმანეთს იმით გავს, რომ პირს განუსაზღვრელი ვადით და უპირობოდ ერთმევა გარანტირებული უფლება. სწორედ ეს წესი არის მომეტებული საფრთხის შემცველი. აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველ უმთავრეს საკითხსაც „განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა“ წარმოადგენდა. სასამართლომ აღნიშნა: „განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელისთვის კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ყველა პირი, რომელსაც ფორმალურად ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები კომუნისტურ პარტიაში უშუალოდ არ მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის საქმიანობაში, უფრო მეტიც, არ იზიარებდა და ებრძოდა კიდეც კომუნისტურ იდეოლოგიას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
სასამართლომ აღნიშნა: „სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა მოქმედებს უვადოდ. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პირებმა, რომლებიც, თუნდაც ერთ დროს იზიარებდნენ კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიას და იკავებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებს კომუნისტურ პარტიაში, გარკვეული დროის შემდეგ შეიცვალონ დამოკიდებულება. კანონმდებელი არ ითვალისწინებს ადამიანის როგორც თავისუფალი ინდივიდის უნარს, შეიცვალოს შეხედულებები და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესის საფუძველზე პირებს სამუდამოდ და უპირობოდ აქვთ წართმეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). მოსარჩელისთვის სადავო აქტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების უვადო შეზღუდვა მთელი ცხოვრების მანძილზე სასჯელის ელემენტების მატარებელი რეპრესიული ღონისძიება უფროა, ვიდრე საფრთხეების პრევენციის საშუალება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ჩვენ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, პირმა რა დანაშაული ჩაიდინა, იყო თუ არა ის სახელმწიფო ინტერესებისათვის რეალურად საფრთხის შემცველი, იყო ჩადენილი განზრაზ თუ გაუფრთხილებლობით, ეხებოდა თუ არა სახელმწიფო სამსახურს და მის თანამდებობრივ უფლებასილებას, ინანიებს თუ არა პირი ჩადენილ დანაშაულს, კანონმდებელი მაინც განუსაზღვრელი ვადით - მთელი ცხოვრების მანძილზე უზღუდავს პირს კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც ასევე აღნიშნული საქმის მსგავსად „სასჯელის ელემენტების მატარებელ რეპრესიულ ღონისძიებას“ წარმოადგენს.
„საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზეც და ჩვენ განსახილველ შემთხვევაშიც სადავო ნორმები შინაარსობრივად აკრძალვას ეხება: ერთი - თანამდებობის დაკავების არძალვას განუსაზღვრელი ვადით, ხოლო მეორე - კომპენსაციის მიღების აკრძალვას ასევე განუსაზღვრელი ვადით. ამდენად, აბსულუტურად ერთგვაროვანი შემთხვევებია და ერთგვაროვნად უნდა გადაწყდეს. „სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება. ცხადია, ამ პროცესში სახელმწიფოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს ადამიანების თავისუფლება ამა თუ იმ ქმედების აკრძალვის გზით, ხოლო, მეორე მხრივ, აკრძალული ქმედების ჩადენისთვის სახელმწიფოს პასუხი არ იყოს გადამეტებული, არაპროპორციული, რადგან ასეთი პასუხიც ადამიანის თავისუფლების სფეროს, სახელმწიფოს მხრიდან შევიწროებას თავისთავად გულისხმობს. სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
საკონსტიტუციო სასამართლომ ანალოგიური მიდგომა დააფიქსირა უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით, მისი უვადო ხასიათის გამო: „თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა, რიგ შემთხვევებში, ითვლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად – მაგალითად, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივი ვადა, ასევე დანაშაულებრივი ქმედებისთვის დაკისრებული აშკარად არაპროპორციული საპატიმრო სასჯელი. ..... ხანგრძლივი და უვადო თავისუფლების აღკვეთა გათავისუფლების შანსის (შესაძლებლობის) გარეშე განიხილება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. იმავდროულად, გათავისუფლების შესაძლებლობის არსებობა ვერ გამოდგება სასჯელის არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელად მიჩნევის გამორიცხვისთვის, თუ სასჯელი მკვეთრად არაპროპორციულია ჩადენილი ქმედებისა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). მაშასადამე, აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არამარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
სარჩელის განხილვის დროს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსარჩელის პიროვნების და მისი ღვაწლის შეფასება. იგი თითქმის 26 წლის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საპასუხისმგებლო თანამდებობზე. მუშაობის პერიოდში მას ბევრი ჯილდო აქვს მიღებული სახელმწიფოს წინაზე გაწეული დამსახურებისთვის: 2010 და 2011 წლებში საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის ორჯერ დაჯილდოვდა მედლით „გენერალი კვინიკაზე“, 2014 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის დაჯილდოვდა მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის (III ხარისხი)“, ხოლო 2017 წელს წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის - მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ (იხ. დანართი #2). აღსანიშნავია ისიც, რომ მას შეფარდებული ჰქონდა სასჯელი სსკ 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება), თუმცა სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ ვერ დაინახა პიროვნების საფრთხე საზოგადოებისთვის და რამდენიმე თვეში შეუფარდა საპროცესო შეთანხმება და გააუქმა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა (იხ. დანართი #6). მით უმეტეს, რომ საქმის მსვლელობისას პირმა, რომელმაც ქრთამი გადასცა გოგიაშვილს (მ.გ.), 2019 წლის 16 იანვრის სხდომაზე მართალია აღიარა ქრთამის აღიარების ფაქტი, მაგრამ უარყო მისთვის გოგიაშვილისთვის გადაცემა (იხ. დანართი #7 - სასამართლო სხდომის სტენოგრამა, ფაილი „მხარე 2“). ამდენად, მოსარჩელის ღვაწლი და დამსახურება სახელმწიფოს წინაშე უფრო მეტად წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან მისი ღირსების საწინააღმდეგო მოპყრობას და არაპროპორციული აკრძალვის დაწესებას.
სადავო ნორმა არ ახდენს ჩადენილი დანაშაულის დიფერენციაციას და ყველა დანაშაულის ჩამდენზე ერთნაირად ვრცელდება. კანონი ერთნაირად უკრძალავს კომპენსაციის მიღების უფლებას პირს, რომელმაც: ჩაიდინა განზრახ მკვლელობა თუ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით; განსაკუთრებით მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაული, დანაშაული სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროების წინააღმდეგ თუ სხვა რომელიმე დანაშაული, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პირის საქმიანობასთან სახელმწიფო სამსახურში და ვერ იქნება რაიმე ფორმით გაწეული ღვაწლის წონადი, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ადგილსამყოფლის მოშლა, ტყის ან ნარგავის გაუფრთილებლობით დაზიანება ან განადგურება და სხვ.შესაძლოა სახელმწიფომ აღნიშნულ აკრძალვას რაიმე გამართლება მოუძებნოს, მაგალითად, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი განზრახი დანაშაულისთვის, მაგრამ გაურკვეველია რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს დამსახურებული სტაჟის მქონე პირისთვის კომპენსაციის მიღების აკრძალვას, თუ მან გაუფრთხილებლობით დააზიანა ნარგავი ან უხარისხოდ გაარემონტა სატრანსპორტო საშუალება.
პატივისა და ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-181). სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს პირის მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოყენებისაგან, არამედ უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა მესამე პირთა ჩარევისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-182). მოპყრობა ან სასჯელი ჩაითვლება დამამცირებლად, თუ ის გამოიხატება ადამიანის ნების და სინდისის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის იძულებაში. ამასთან, სასჯელის დამამცირებლად მიჩნევისთვის, ადამიანზე ზემოქმედების (ფსიქოლოგიური, მორალური), მისი შეზღუდვის და იძულების ფარგლები უნდა სცდებოდეს იმ ბუნებრივ ზღვარს, რომელიც თავისთავად თანმდევი და თანაარსია კონკრეტული სასჯელისა (რომელიც პირს შეფარდებული აქვს). დამამცირებელია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლში აღძრავს შიშს, ძლიერ ტანჯვას და დამცირებას, რომელიც შეურაცხყოფს მსხვერპლს. ამ დროს მხედველობაშია მისაღები, რამდენად არის ქმედების მიზანი პირის დამცირება და შეურაცხყოფა, ამასთან, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რამდენად სერიოზულ გავლენას ახდენს აღნიშნული ქმედება მსხვერპლის პიროვნებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). მიგვაჩნია, რომსადავო ნორმა იწვევს პირის დამცირებას და მის მორალურ გატეხვას. მოსარჩელის მხრიდან სახეზეა სახელმწიფოს ინტერესების დაცვის სადარაჯოზე ძალოვან უწყებებში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე 26 წლიანი წარმატებული მუშაობა (ფაქტიურად ეს არის პერიოდი სტუდენტობის შემდეგ საპენსიო ასაკის მიღწევამდე), ხოლო სახელმწიფოს მხრიდან განუსაზღვრელი ვადით და უპირობოდ უარის თქმა მისი პიროვნების შემდგომ დაფასებაზე და დაცვაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ღირსების უფლება აბსოლუტურ ხასიათს ატარებს და მასში ჩარევა არცერთი მიზნით არ შეიძლება. „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ, კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება თავისი შინაარსით აბსოლუტური უფლებაა და მასში ჩარევა, იმის მიუხედავად, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ხორციელდება იგი, დაუშვებელია ნებისმიერ დროსა და ვითარებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-186).
„საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული „პატივისა და ღირსების“ უფლება ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა ძირითადი უფლებების სისტემა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, „ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები წარმოადგენენ ადამიანის ღირსების დაცვის სამართლებრივ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II, პ.3) ამასთანავე, “კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე.“ (საქართველს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილება, II .პ.16)
„შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსების უფლების ფართო შინაარსობრივი განმარტების გამოყენებით უნდა შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს პიროვნებისთვის სოციალურ დახმარებასთან და შესაბამის კომპესაციასთან წვდომის ბლანკეტური აკრძალვა სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპისა და ადამიანის ღირსეული ყოფის მოთხოვნებს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ერთგვარ „სადამსჯელო მოქმედებებზე“, რომელთა შედეგად ინდივიდი რჩება სახელმწიფო დაცვის მიღმა, ყოველგვარი მინიმალური სოციალური დახმარების და არსებობისთვის აუცილებელი პირობების გარეშე.
ამ მხრივ, საინტერესოა საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი ღირსების უფლების შინაარსსა და მიზნებთან დაკავშირებით. საქართველოს მსგავსად რიგი ქვეყნები აღიარებენ „პატივისა და ღირსების“ კონსტიტუციურ უფლებას. მათ შორის ყველაზე მდიდარი პრაქტიკით გამოირჩევა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო. გერმანიის ძირითადი კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ღირსება სამართლებრივი წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, საკონსტიტუციო სასამართლო მას განმარტავს როგორც „უმაღლეს კონსტიტუციურ ღირებულებას“, რომელსაც ყველა სხვა უფლება ეფუძნება (BVerfGE 5, 85; BVerfGE 6, 32; BVerfGE 45, 187; BVerfGE 109, 279; BVerfGE 115, 118). აღიარებულია ღირსების უფლებიდან გამომდინარე სახელმწიფოს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ვალდებულებები, რომლებიც კრძალავენ ერთი მხრივ, უფლებაში ჩარევას და ამავდროულად, ავალდებულებენ სახელმწიფოს განახორციელოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები (BVerfGE 125, 175 (Hartz IV)). სასამართლოს აზრით, ღირსების უფლებისა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება ავალდებულებს სახელმწიფოს შექმნას ადამიანის ღირსეული არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები. (BVerfGE 82, 60) შესაბამისად, სწორედ ღირსების კონტექსტში აფასებს გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო პატიმრის სოციალური ინტეგრაციის თუ სათანადო საცხოვრებელი პირობების უფლებას. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სასამართლოს 2010 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სოციალური დახმარების სახით გასაცემი თანხის გაანგარიშების მეთოდიკას. სასამარლომ, „საარსებო მინიმუმთან წვდომის უფლება“, ცალკე აღებული, ღირსების უფლების შემადგენელ ნაწილად აღიარა და დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მეთოდიკა ეწინააღმდეგებოდა ღირსების კონსტიტუციურ უფლებას. (BVerfGE 125, 175 (Hartz IV); ()
გერმანიის მსგავსად, ისრაელის ძირითადი კანონი ასევე ითვალისწინებს ღირსების უფლებას. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ღირსების უფლების ჭრილში დეტალურად იმსჯელა სოციალურ დახმარებასთან წვდომის შესაძლებლობაზე და განმარტა, რომ: „ისრაელის სახელმწიფოში ადამიანის ღირსებას განსაზღვრავს სათანადო საცხოვრებლის პირობები, ვინაიდან ეს უკანასკნელი ასახულია იმ ღირებულებებსა და ძირითად პრინციპებში რომლითაც საზოგადოება ხელმძღვანელობს. ადამიანის ღირსება ირღვევა, როდესაც პირს სურს იცხოვროს და თავი იგრძნოს საზოგადოების ნაწილად, მაგრამ ამას ვერ ახერხებს სათანადო პოტენციალისა და შესაძლებლობების არარსებობის გამო. ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო იმოქმედებს მისი ღირსების დასაცავად. თუ სათანადო სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების არსებობის პირობებში დადგინდება, რომ სახელმწიფომ მაინც დაარღვია ეს უფლება, იქნება ეს საკანონმდებლო თუ სხვა ნებისმიერი აქტით, ინდივიდს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და დაავალდებულოს სახელმწიფო შეუქმნას მას ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო პირობები.“ (HCJ 366/03 Commitment to Peace and Social Justice Society v. Minister of Finance 60(3) PD 464 [2005])
სოციალური უფლებების განმარტების პროცესში ღირსების უფლება რელევანტური იყო ასევე უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელმაც განაცხადა, რომ „ადამიანის ღირსების უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია მინიმალურ საარსებო საშუალებებთან წვდომა“ (Hungary’s Constitutional Court, Decision 43/1995 (VI. 30) AB.)
ეროვნულ პრაქტიკასთან ერთად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს ღირსების უფლებისა და სოციალური ვალდებულებების ურთიერთკავშირზე: „ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნების თავისუფალი განვითარებისათვის.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა სოციალურ დახმარებასთან წვდომის ბლანკეტური აკრძალვა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლსა და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისობაში. ღირსების უფლების განხილვა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულების სახით შეუსაბამოდ დააკნინებდა უფლების არსსა და მიზნებს. მართალია, სახელმწიფოს გააჩნია გარკვეული დისკრეცია სოციალური პოლიტიკის განხორციელების ეტაპზე, თუმცა, ინდივიდისთვის ელემენტარული საარსებო (სასიცოცხლო) საშუალებებით უზრუნველყოფასთან წვდომის აკრძალვა, სახელმწიფო საკუთრების დაცვის მიზნით, უთუოდ იწვევს ადამიანის დამცირებას, მისი ღირსების შელახვას, ინდივიდის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას“ (იხ. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდარაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №663, ავტორი- საქართველოს სახალხო დამცველი, 2015 წლის 9 დეკემბრის ac663 )
გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდარაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №663, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ღირსების კონსტიტუციური უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციური ჩარევა, იმსჯელა რა სოციალურად დაუცველ პირთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის კონსტიტუციორობასთან დაკავშირებით, დაადგინა, „მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა მნიშვნელოვნად მიემართება სოციალური დახმარების გაცემის წესის რეგულირებისაკენ, მოცემული დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ადამიანის სოციალურ უფლებებთან კონსტიტუციურობის შეფასების საჭიროების წინაშე. შესაბამისად, არც იმის გამოკვლევის აუცილებლობა არსებობს, აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაბამისი ფინანსური სახსრები, რათა დააკმაყოფილოს ადამიანის სოციალური საჭიროებები. განსახილველ შემთხვევაში პირი მოკლებულია შესაძლებლობას, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში და, შესაბამისად, მიიღოს სოციალური დახმარება, იმის გამო, რომ სახელმწიფო ცდილობს დაიცვას სახელმწიფო საკუთრება. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად არის უფლებამოსილი სახელმწიფო, პირის სოციალური დახმარების გარეშე დატოვება გამოიყენოს სახელმწიფო საკუთრების დაცვის საშუალებად."(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე თამარ თანდარაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.", II-4.1.).
საკონსტიტუციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა, „გასათვალისწინებელია ისიც, რომ „საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას. საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლების მზღუდავი რეგულირების შინაარსის, მიზნის და შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით ადგენს გასაჩივრებული ნორმის (ნორმების) შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის [დღევანდედლი რედაქციით კონსტიტუციის მე-9 მუხლი] პირველი პუნქტით დაცულ უფლებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11).“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე თამარ თანდარაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.", II-4.3.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით საკითხი უნდა შეფასდეს მათ შორის თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით. შესაბამისად უნდა დადგინდეს ჩარევა არის თუ არა თანაზომიერი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 15). ამასთან, შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იყოს გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/393,397 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1)“.
თანაზომიერების შეფასებამდე უნდა გაირკვეს რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა. სახელმწიფოს ინტერესი პირდაპირ არ იკვეთება კანონის მიზნიდან. კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: „ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს“. ეს პუნქტი ეხება არა მიზანს, არამედ კანონით მოსაწესრიგებელ სფეროს.
კანონის მიზანი და მიზეზი არ იკითხება არც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან, ვინაიდან არც კანონპროექტში იყო მოცემული კანონის მიზნები. ნიშანდობლივია, რომ 2005 წელს - კანონპროექტის განხილვის დროს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, აუცილებლად ჩათვალა რა კანონის მიზნებში გარკვევა, თავის დასკვნაში პირდაპირ აღნიშნა: „განმარტებითი ბარათი, რომელიც კანონპროექტებს თან ახლავს, არასრული ფორმითაა წარმოდგენილი. მასში მოცემულია მხოლოდ ფინანსური გაანგარიშება. არაფერია ნათქვამი ამ ნორმატიული აქტის მიღების მიზეზზე“ (დანართი #3).[1]
კანონის მიზანი უნდა ამოვიკითხოთ კანონის პრინციპებიდან, რაც კანონის მე-3 მუხლში არის მოცემული: „ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) სამართლიანობა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) მუდმივობა; დ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია“. შემთხვევითი არ არის, რომ კანონმა სპეციალურად ხაზი გაუსვა კომპენსაციის მიღების უფლების მუდმივობას და კომპენსაციას, როგორც სახელმწიფო გარანტიას. სწორედ პრინციპებიდან გამომდინარე, ეს კანონი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს წინაშე დამსახურების შემთხვევაში კომპენსაციის მიღების, მით უმეტეს, მუდმივად მიღების გარანტია.
ამდენად, კანონის ლეგიტიმურ მიზნად უნდა ჩაითვალოს იმ პირთა უფლებების დაცვა და გარანტირება, ასევე გაწეული ღვაწლის დაფასება, რომელთაც მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე. სწორედ იმის გამო, რომ კანონი მხედველობაში იღებს მათ დიდ ღვაწლს სახელმწიფოს წინაშე და ხანგრძლივ მუშაობას სახელმწიფო დაწესებულებებში, ცდილობს განსხვავებული, უფრო დაფასებული, უფრო ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას ასეთ პირებს სამსახურის დატოვების შემდეგ. ეს არის კანონის ლეგიტიმური მიზანიც - დამსახურებული სახელმწიფო სამსახურისთვის ღირსეული პირობების გარანტირება ცხოვრების ბოლომდე.
ამ მხრივ საინტერესოა კანონპროექტის განხილვის დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა კანონპროექტის თანმდევ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტს (დანართი #4).[2] კომიტეტი აკრიტიკებს კანონპროექტის პრეამბულას, სადაც ხაზგასმულია კანონის რეგულირების სფერო. დასკვნაში ვკითხულობთ: კრიტიკას იმსახურებს კანონის პრეამბულა, როგორც კანონის ძირითადი იდეისა და მიმართულებების გამომხატველი ძირითადი დებულება. „საპენსიო უზრუნველყოფის შინაგან ბუნებას წარმოდგენილი კანონის პროექტი უკავშირებს მხოლოდ საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის უფლებას, რაც გარკვეულწილად აკნინებს საპენსიო უზრუნველყოფის როლს საზოგადოებრივ შეგნებაში, რადგან იგი უკვე აღარ უკავშირდება თითოეული ადამიანის პირად ღვაწლს, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე გაწეულ სამსახურს, შრომითი მოღვაწეობის სტაჟს და სხვა ინდივიდუალურ დამსახურებებს“. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხაზი გაუსვა სწორედ ჩვენივე მიდგომას, რომ ამ კანონის მიხედვით საპენსიო უზრუნველყოფის მიზანი არა სოციალური უფლებების დაცვაა, არამედ პირის ღირსების შენარჩუნება, სახელმწიფოსა წინაშე გაწეული სამსახურისა და ღვაწლის დაფასება. პენსიის დანიშვნამ პირის მხოლოდ მატერიალური დახმარება კი არ უნდა უზრუნველყოს, არამედ მას უნდა აჩვენოს, რომ სახელმწიფო მადლიერია მისი გაწეული სამსახურის.
რაც შეეხება თვით გასაჩივრებული ნორმის ლეგიტიმურ მიზანს, არც მისი მიზანი და დასაბუთებაა მოცემული კანონში და განმარტებით ბარათში. უნდა ვივარაუდოთ, რომ კანონმდებლის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების და წესრიგის დაცვა, დანაშაულის ჩამდენი პირის დასჯა და ზოგადი პრევენცია სახელმწიფო სამსახურში, ვინაიდან ყველამ გაითვალისწინოს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ვეღარ მიიღებენ აღნიშნულ კომპენსაციას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი, შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-51). თუმცა ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ,: „ამ მიზნის ასეთი ფუნქცია თავისთავად საეჭვო ხდება, აღარაფერს ვამბობთ, მისი რეალურად მიღწევის შესაძლებლობის საეჭვოობაზე, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაწესებული სასჯელი მხოლოდ ამ მიზნითაა პირობადებული და შედეგად არაპროპორციულად მკაცრი, არაადეკვატური, გაუმართლებელი, უსამართლოა. რადგან ასეთ პირობებში, სამართალს ექნება ცდუნება, საზოგადოებაში შეთანხმებული წესებისადმი და ერთმანეთისადმი პატივისცემა უზრუნველყოს მხოლოდ შიშზე დაყრდნობით. ასეთი მიდგომა კი თავისთავად შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას და სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალს უკარგავს მთავარ ფუნქციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55).
მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83).
„სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშაულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. ანუ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
შესაძლოა კომპენსაციის გარკვეული ვადით აკრძალვის მიზანს მართლაც წარმოადგენდეს ზოგადი პრევენცია და სახელმწიფო უსაფრხოების დაცვა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამდენად მიიღწევა სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი კონპენსაციის მიღების უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვით.
თუ ვივარაუდებთ, რომ კანონმდებლის მიზანია კომპენსაციის მიმღებ პირთა მაქსიმალურად შემცირება და ამის მიღწევის საშუალებად მოფიქრებულ იქნა კომპენსაციის მიმღებ პირთაგან დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოკლება, ამ შემთხვევაში მოსარჩელე არა უფლების სუბიექტი, არამედ მისი ობიექტი გამოდის. „ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-54).
ანალოგიური შინაარსის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გადაუხვიოს ადამიანის, როგორც მთავარი კონსტიტუციური ღირებულების აღიარების ვალდებულებას და განიხილოს ადამიანი, როგორც შიშველი ობიექტი და მიზნის მიღწევის საშუალება იმის მიუხედავად, თუ როგორი მნიშვნელოვანი კერძო ან საჯარო ინტერესის მიღწევას ისახავს მიზნად. სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, რომ განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები ეროვნული უშიშროების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლება-თავისუფლებებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად, ზღვარდადებულია ამ უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).
საკითხის უკეთ გააზრებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კომპენსაციის არსში გარკვევა. როგორც კანონის პირველი მუხლის პრველი პუნქტიდან ჩანს, კომპენსაციის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი და მიზეზია „სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლა“. ესე იგი „განსაკუთრებული სამსახური“ შეიძლება გამოიხატოს სამსახურის ფარგლებში გაწეულ მის დამსახურებაში, სამსახურში გატარებული წლების რაოდენობაში, სამსახურში მიღებულ ჯილდოებში, ღირსეულ სახელმწიფო საქმიანობაში. შესაბამისად, კომპენსაციის დაკისრების საფუძველი სრულად მის სამსახურს უნდა უკავშირდებოდეს. ამ კომპენსაციას ვერ მიიღებს პირი, თუ ის საზოგადოებაში მოიქცევა გმირულად, გადაარჩენს სხვა პირთა სიცოცხლეს და ასე შემდეგ. აუცილებელია, რომ პირის საქმიანობა დაკავშირებული იყოს მის მიერ სამსახურის გავლასთან სხვადასხვა დაწესებულებებში. სადავო ნორმა კი სცდება კომპენსაციის არსს და დანიშნულებას, მის მიღებას უკრძალავს პირს, რომელმაც კონკრეტული ქმედება - დანაშაული ჩაიდინა სამსახურს გარეთ. ამდენად, კომპენსაცია ამ შემთხვევაში უკავშირდება არა მის საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებაში, არამედ მის ზოგად ქცევას საზოგადოებაში.
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა (ჩვენ შემთხვევაში - აკრძალვა) იყოს მიზნის მიღწევის ა) გამოსადეგი და ბ) აუცილებელი საშუალება და ამასთან გ) უფლების შეზღუდვის ინტენსივობა უნდა იყოს მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 65).
კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების სფერო მიზნის შერჩევისას შეზღუდულია და დამოკიდებულია შესაბამისი ჩარევის სიმძიმესა და არსზე. საკმარისი არ არის კანონით ჩარევის მიზნის მხოლოდ დასახელება. მიზანსა და ჩარევას შორის უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამდენად, კანონმდებელი შეეცადა ახალი რეგულაციების შემოღებით - აკრძალვებით გარკვეული ბალანსის დაცვას სახელმწიფო ინტერესებს და დასაქმებულთა შემდგომ კომპენსირებას შორის, თუმცა შედეგად გარკვეული კატეგორიის დასაქმებულთა უფლებები დაარღვია.
კანონით გათვალისწინებული ძირითად უფლებაში ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსადეგი საშუალება. ის უნდა უწყობდეს ხელს და შესაძლებელს ხდიდეს სასურველი მიზნის მიღწევას. არც გამოსადეგობა იკვეთება აღნიშნულ შემთხვევაში, ვინაიდან ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსადეგი არ არის საშუალება, რომელიც აშკარად არაეფექტურია, რომლის იგნორირებაც აშკარად შესაძლებელია ან რომელიც მიზნის მიღწევას გამორიცხავს. სადავო ნორმა, განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა, ვერ იქნება რეალურად მიზნის მიღწევის სათანადო საშუალება, ვინაიდან აღნიშნული რეგულირებით ვერანაირად ვერ მოხდება სახელმწიფო უსაფრთხოების და წესრიგის დაცვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანონი კომპენსაციის მიღების უფლებას უკრძალავს ყველა დანაშაულის ჩამდენ პირს, იგი არ ახდენს არც დანაშაულთა და არც პიროვნებათა დიფერენციაციას. შესაძლოა სახელმწიფო დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სახელმწიფო სამსახურში გაწეული მუშაობის მიუხედავად გარკვეული დასჯა - დროებითი აკრძალვა მართლაც ყოფილიყო ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება, მაგრამ პირთა იმ კატეგორიის მიმართ, რომელთან ჩაიდინეს გაუფრთხილებლობითი დანაშაული ან ისეთი დანაშაული, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება მათ საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში და რომლებიც შესაძლოა თავისი შეგნებიდან გამომდინარე ნანობდნენ მომხდარ შემთხვევას, მათთვის ვერ იქნება დაწესებული აკრძალვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება. მაგალითად, პირი რომელმაც ავტოავარიის შედეგად ჩაიდინა სხეულის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რატომ უნდა კარგავდეს კომპენსაციის მიღების უფლებას იმ სამსახურისა და ღვაწლისთვის, რაც მან სახელმწიფოსთვის გაწია. მით უმეტეს, რომ აკრძალვას აქვს აბსოლუტური ხასიათი და განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა ვერცერთი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ვერ უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი უნდა უზრუნველყოს დამნაშავე პირის სათანადო დასჯამ - მისთვის ვადიანი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებამ, რაზეც ჩვენ არ ვდავობთ. ამ შემთხვევაშიც კი დასჯა უნდა განხორციელდეს სასამართლო წესით ყველა ინდივიდუალური შემთხვევის გათვალისწინებით, და, რაც მთავარია, ვადიანი სასჯელის სახით. შესაბამისად, არჩეული საშუალებით მიზნის მიღწევა გამორიცხულია, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ პირთა ნაწილი, რომელთაც ეხებათ კანონის სადავო ნორმა მუდმივად კარგავს კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც თვისთავად გამორიცხავს სამართლებრივი ურთიერთობების სამართლიანობას. აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია ბევრად ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენება, თუკი კანონმდებელი მიზნად ისახავს გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების დაბალანსებას.
ამ მხრივ ასევე საინტერესოა, თუ რა აკრძალვებს უწესებს სხვა კანონები დანაშაულის ჩამდენ პირებს საჯარო სამსახურში. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია დანაშაულის ჩამდენი პირის კვლავ დასაქმება სახელმწიფო სამსახურში და მისთვის სახელმწიფო ფუნქციის განხორციელების დაკისრება. ეს წესი უფრო მეტი საფრთხის შემცველია სახელმწიფოსთვის, ვიდრე კომპენსაციის მიღების აკრძალვა. დანაშაულის ჩამდენი პირის ხელახლა დასაქმების შემთხვევაში კანონმდებლობა ძალიან ფრთხილია მკაცრი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, აბსოლუტურ აკრძალვებთან მიმართებით და ბევრ შემთხვევაში იმასაც კი უშვებს, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა კვლავ იმუშაოს სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის, ძალოვან უწყებებში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლი არ უკრძალავს პირს საჯარო სამსახურში მუშაობას, თუ მან ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული ან განზრახ დანაშაული, თუ ის გაქარწყლებულია, ან თუ სასამართლომ ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება, მაგრამ ეს ვადა გავიდა. ანალოგიური შეზღუდვებია „პოლიციის შესახებ“ კანონის 38-ე მუხლით პოლიციაში მისაღებ პირებთან დაკავშირებით. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედო მოსამსახურე თანამდებობიდანაც კი არ თავისუფლდება თუ ჩაიდენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლის, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არ არის შეზღუდული შესაბამისად პროკურატურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და სამხედრო პოლიციაში პირის დასაქმება, თუ მას გაქარწყლებული აქვს ნასამართლეობა. როგორც ჩამოთვლილი ნორმებიდან ჩანს, სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის ძალოვან უწყებებშიც კი კანონმდებლობა არ თვლის შეუძლებლად პირის ხელახალ დასაქმებას იმავე სისტემაში, თუ დანაშაულის ჩადენიდან გარკვეული ვადა გავიდა, დანაშაული გაქარწყლდა და აღარ აქვს ნასამართლეობის სტატუსი. ამ დროს კანონმდებლობა აღარ თვლის საჭიროდ მისთვის რაიმე აკრძალვის დაწესებას. ამდენად, გაურკვეველია ისეთი რა საფრთხის ხარისხი დაინახა კანონმდებელმა კომპენსაციების გაცემის საკითხში, რომ დანაშაულის გაქარწყლების შემთხვევაშიც კი აღარ ეძლება დანაშაულის ჩამდენს პირს კომპენსაციის მიღების უფლება.
ჩარევა არ არის აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როდესაც ამის გაკეთება შესაძლებელია სხვა თანაბრად ეფექტური, მაგრამ უფრო რბილი საშუალებით. თანაბრად ეფექტურია საშუალება, რომელიც წარმატების შანსებს არსებული ჩარევის თანაბრად უზრუნველყოფს და საგნობრივად მსგავსი ეფექტი აქვს. უფრო რბილი ალტერნატიული საშუალება შესაბამის ძირითად უფლებას საერთოდ არ უნდა ზღუდავდეს ან უნდა ზღუდავდეს აშკარად უფრო მსუბუქად. გარდა ამისა, მსუბუქი საშუალება მესამე პირებსა და საზოგადოებას უფრო მძიმე ზიანს არ უნდა აყენებდეს. შეზღუდვა არ არის დაბალანსებული კანონმდებლობით პირდაპირ გაწერილი რაიმე საპირწონე უფლებით, რომელიც გაამართლებდა დაწესებულ აკრძალვას და პირებს, რომლებიც იმსახურებენ კომპენსაციის მიღებას, შესთავაზებდა გარკვეულ დაბალანსებულ ნორმას - ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. კომპენსაციის მიღების უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც შეზღუდვის დამაბალანსებელი საშუალება. აშკარაა რომ უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით. კანონმდებელს დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ შესაძლოა გამოეყენებინა უფრო დაბალი ინტენსივობის მქონე ჩარევები, მაგალითად, აეკრძალა მათთვის კომპენსაციის მიღების უფლება გონივრული ვადით, ან სასამართლოს ჰქონოდა გარკვეული ვადით აკრძალვის უფლება როგორც დამატებითი სასჯელის სახე, ან კომპენსაციის ოდენობა ყოფილიყო მცირედით შეზღუდული.
ჩარევასა და მის მიზანს შორის უნდა იყოს პროპორციული ურთიერთმიმართება. ჩარევის სახის, სიმძიმის, ინტენსიურობის და მასშტაბების ანალიზის შედეგად სახეზეა, რომ ჩარევა არ არის მიზნის პროპორციული. პროპორციულობა იმთავითვე გამორიცხულია დაბალანსდეს იმ პირობებში, როდესაც ურთიერთობის ერთ-ერთი მონაწილე საერთოდ კარგავს კომპენსაციის მიღების უფლებას.
სადავო ნორმა არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს იმითაც, რომ უფლების შეზღუდვის ინტენსივობა არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ბლანკეტური, აბსოლუტური ხასიათის აკრძალვა. თუ განვახორციელებთ აწონ-დაწონვას ჩარევის სიმძიმესა და დასახული მიზნის მნიშვნელობას შორის, ნათელია, რომ მათ შორის არ არსებობს კავშირი და პროპორციულობა.
ღირსების უფლებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რა ნორმის არაკონსტიტუციურობა, აღნიშნა: „ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105).
ასევე, ანალოგიურ საქმეზე, სადაც განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო, სასამართლომ აღნიშნა: „სადავო ნორმების ანალიზის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების შემოღებით, კანონმდებელმა მოსარჩელის და მის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ ისეთი სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა, რომლის პირობებშიც აღნიშნული პირები სამართლის სუბიექტის ნაცვლად განიხილებიან სამართლის ობიექტებად და წარმოადგენენ კონკრეტული მიზნების მიღწევის საშუალებას. სადავო ნორმების საფუძველზე პირები ხდებიან სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევი ღონისძიებების ეფექტურობის მსხვერპლნი. სახელმწიფო ასეთ პირებს იყენებს ეროვნული უშიშროების დაცვისა და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის მიზნების მიღწევის საშუალებად. ამგვარი მოპყრობა არ შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).
აქედან გამომდინარე, პირველ რიგში არ არსებობს გამოკვეთილი და დასაბუთებული სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ასეთ მკაცრ ჩარევას გაამართლებდა და დაასაბუთებდა, თუ რატომ არის სამუდამო აკრძალვა მიზნის მიღწევის საშუალება. შეზღუდვაც არ არის გამოსაგეგი და აუცილებელი საშუალება მიზნის მისაღწევად, კანონმდებელს შეუძლია გამოიყენოს უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მიგვაჩნია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს.
[1] საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა #16647/4-3, 06.12.2005, იხ. https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/5259?.
[2] საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა (არ აქვს რეკვიზიტები, იხ. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/5259?,
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა