საქართველოს მოქალაქეები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე და სოფიკო ვერძეული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/749 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 27 იანვარი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 იანვარი 2017 13:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე და სოფიკო ვერძეული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლის № 45 00; 45 01; 45 02; 45 03; 45 06; 45 08; 45 09; 45 11; 45 12; 45 13 კოდით განსაზღვრული ასიგნებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 21–ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №749) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ეკატერინე აღდგომელაშვილმა, ლინა ღვინიანიძემ და სოფიკო ვერძეულმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2016 წლის 27 აპრილს. №749 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 27 იანვარს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი, 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
3. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლი ადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, რომლის თანდართული რედაქციის N 45 00; 45 01; 45 02; 45 03; 45 06; 45 08; 45 09; 45 11; 45 12; 45 13 პროგრამული კოდებით განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების გაცემა საქართველოს საპატრიარქოსთვის და მასთან არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის, ასევე სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტები და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება,“ ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი დაუშვებლად არის მიჩნეული „ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“. 21–ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, მე-2 პუნქტის თანახმად კი, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეებს წარმოადგენენ უფლებამოსილი სუბიექტები, ვინაიდან მათი შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დაუბეგრავ მინიმუმს აღემატება და სადავო ნორმების მოქმედების შედეგად ირღვევა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
6. მოსარჩელეთა მტკიცებით, ეკლესია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად არა კომპენსაციას, არამედ პირდაპირ დოტაციურ დაფინანსებას იღებს. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი დაფინანსების ოდენობა არ ეფუძნება რაიმე ობიექტურ, განჭვრეტად და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა განმარტებით, კონსტიტუციის მე–19 მუხლით დაცული თავისუფლების, ასევე კონსტიტუციის 21–ე და მე–14 მუხლებით დაცულ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომელიც კონსტიტუციის მე–9 მუხლიდან გამომდინარეობს.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კონსტიტუციის მე–19 მუხლით დაცული უფლება მოიცავს როგორც აბსოლუტურ, ასევე რელატიურ ასპექტებს და იცავს პირის სურვილს, უარი თქვას რელიგიური ორგანიზაციების გაძლიერებაში მონაწილეობის მიღებაზე. მოსარჩელეთა მტკიცებით, ერთ–ერთი რელიგიური ორგანიზაციის პირდაპირი დაფინანსებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლით დაცულ რწმენის თავისუფლებაში, რადგან მოსარჩელე პირების შემოსავლებიდან დაბეგრილ თანხას სახელმწიფო კონფესიური მიზნების განხორციელებისკენ მიმართავს, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათ რწმენასა და შეხედულებებთან.
8. როგორც კონსტიტუციურ სარჩელშია აღნიშნული, სადავო ნორმებით ხდება რელიგიის და რწმენის თავისუფლების უგულებელყოფა, რადგან ათეისტისა და აგნოსტიკოსის რწმენა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციების კონფესიურ მიზნებთან, ხოლო მართლმადიდებელი სეკულარისტის შემთხვევაში, თვით ასეთი დაფინანსების ფაქტი, როგორც იძულების ფორმა ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის განხორციელების ინსტრუმენტი, იწვევს წინააღმდეგობას.
9. მოსარჩელეთა განმარტებით, შემოსავლების დაბეგვრა წარმოადგენს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას. მათი განმარტებით, ვინაიდან სადავო ნორმებში მოაზრებული მიზნები არ ემსახურება საჯარო ინტერესის დაცვას, ასევე ხდება მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დარღვევა.
10. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმები არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანაბარ მოპყრობას ადგენს, რაც არღვევას კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. მათი განმარტებით, დისკრიმინაციის ნიშანს წარმოადგენს ამავე მუხლით გათვალისწინებული „რელიგია და სხვა შეხედულებები“.
11. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები არსებითად უთანასწორო პირებისგან თანაბრად ითხოვს მონაწილეობის მიღებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაში, კერძოდ კი, ისეთ მიზნებში მონაწილეობის მიღებას, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანების გარკვეული კატეგორიისათვის მისაღებ მიზანს, მათი რელიგიის სახელმწიფოს მიერ გაძლიერებასა და პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის პოლიტიკას ემსახურება, ხოლო მოსარჩელე პირების მსგავს მდგომარეობაში მყოფი ინდივიდებისათვის წინააღმდეგობას იწვევს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირებს წარმოადგენენ მხარდაჭერილი რელიგიის ბენეფიციარები და პირები, რომელთაც მსოფლმხედველური წინააღმდეგობა გააჩნიათ მასთან.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 21–ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე–14 მუხლთან მიმართებით.
13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელეები იშველიებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტისა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად”.
2. №749 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლის № 45 00; 45 01; 45 02; 45 03; 45 06; 45 08; 45 09; 45 11; 45 12; 45 13 კოდით განსაზღვრული ასიგნებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან და 21–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, 2017 წლის 1 იანვრიდან „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული.
3. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და რაც ასევე გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, №749 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №749 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქეები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე და სოფიკო ვერძეული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი