საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე გერლიანი, თამარ ონიანი, ელისაბედ შენგელია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/18/759 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2017 19:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე გერლიანი, თამარ ონიანი, ელისაბედ შენგელია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ირაკლი კუპრაძე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №759) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა – თორნიკე გერლიანმა, თამარ ონიანმა, ელისაბედ შენგელიამ, ეკატერინე მუზაშვილმა, ირაკლი კუპრაძემ, გიგლა ვეკუამ და დეა მინაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 25 მაისს. №759 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 22 თებერვალს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს – აკადემიური საბჭოს დაკომპლექტების წესს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრული წესის თანახმად, აკადემიური საბჭოს წევრების არჩევაში მონაწილეობას იღებენ, მათ შორის, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო - ძირითადი საგანმანათლებო ერთეულის საბჭოს შემადგენლობაში შედიან, მათ შორის, სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ხოლო ამავე მუხლის, მე-3 პუნქტი ადგენს, რომ „ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის ¼-ზე ნაკლები“. ზემოხსენებული კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გაწერილია სტუდენტური თვითმმართველობის ისეთი უფლებამოსილებები, როგორებიცაა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში წარმომადგენლის არჩევა. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილია განახორციელოს თავისი დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან სტუდენტური გაერთიანება – „აუდიტორია 115-ის“ წევრები. მათი განცხადებით, სადავო ნორმების თანახმად, სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ერთადერთ სტუდენტურ გაერთიანებს, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს წევრები და ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლები ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში. იმის გამო, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს ისინი მოკლებულნი არიან უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების მართვის პროცესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
6. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები უგულებელყოფს გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტს, რადგან, უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მიღების მსურველი სტუდენტები ვალდებულნი ხდებიან გაერთიანდნენ იმ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობა, ღირებულებები, მსოფლმხედველობა და პოლიტიკური იდეოლოგია მიუღებელია მათთვის. დასახელებული ფაქტორის გამო, რეალურად, უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობს სტუდენტთა მხოლოდ ერთი, განსაზღვრული მსოფლმხედველობის მქონე ჯგუფი, ხოლო, ყველა სხვა სტუდენტი მოკლებულია აღნიშნულის შესაძლებლობას.
7. მოსარჩელეთა აზრით, სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგირებულ მდგომარეობას სხვა სტუდენტურ გაერთიანებებთან მიმართებით ვერ გაამართლებს ის გარემოება, რომ თვითმმართველობის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების შედეგად, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. გაერთიანების თავისუფლება იცავს არა მხოლოდ უმრავლესობის მიერ მოწონებულ იდეებს, არამედ მისი მიზანია დაიცვას არაპოპულარული იდეების გამავრცელებელი დისიდენტური ჯგუფებიც.
8. განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელეთა წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არ არის იურიდიული პირი. იგი არ წარმოადგენს საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოს. შესაბამისად, სტუდენტური თვითმმართველობა უნდა განვიხილოთ, როგორც არარეგისტრირებული კაშირი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ გაერთიანებას კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის.
9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კანონმდებლის მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა და ფაკულტეტის საბჭოს დაკომპლექტება მოხდეს სტუდენტების მხრიდან სათანადო ლეგიტიმაციის მქონე პირების მიერ. თუმცა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. მოსარჩელეები პარალელს ავლებენ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევის წესთან და მიიჩნევენ, რომ სტუდენტების მიერ ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევა უნდა მოხდეს სტუდენტური თვითმმართველობის გვერდის ავლით, სტუდენტთა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნებით, ხოლო აკადემიური საბჭოს დაკომპლექტება – ფაკულტეტის საბჭოში არჩეული სტუდენტების მიერ. აღნიშნული წესი საშუალებას მისცემს სტუდენტებს რეალური მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მართვაში ისე, რომ არ გახდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და არ მოხდეს მათი ასოცირება აღნიშნულ გაერთიანებასთან. ფაკულტეტის საბჭო დაკომპლექტდება სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პირებისგან, რომლებიც იქნებიან საკუთარი ამომრჩევლების ინტერესების გამომხატველნი.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი არ პასუხობს ნორმის განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რადგან იგი სტუდენტურ თვითმმართველობას ანიჭებს განუსაზღვრელ მონოპოლიურ უფლებამოსილებას. კერძოდ, აღნიშნული დანაწესის საფუძველზე მიღებულ იქნა სტუდენტური თვითმმართველობის დებულება, რომელიც სტუდენტურ თვითმმართველობას აძლევს სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების მიღების შესაძლებლობას. მოსარჩელეთა აზრით, გაერთიანების თავისუფლებაზე ზემოქმედების არმქონე ღონისძიება იქნებოდა ამა თუ იმ პროექტზე კონკურსის ჩატარების წესი, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა ექნებოდა წარედგინა საკუთარი საპროექტო განაცხადი, განურჩევლად იმისა იქნებოდა თუ არა იგი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ გაერთიანების თავისუფლების უფლებას.
11. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა. სტუდენტური თვითმმართველობა იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყველა სხვა სტუდენტურ გაერთიანებასთან შედარებით. კერძოდ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აკადემიური ან/და ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებაში თუ იგი წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობის წევრს. ამასთან, სტუდენტური თვითმმართველობის აქტივობების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების გამოყოფა. მოსარჩელეთა აზრით, დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს გაერთიანების წევრობა. მართალია, აღნიშნული ნიშანი არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი, მაგრამ სადავო ნორმებით დადგენილი წესის დისკრიმინაციულობის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მკაცრი შეფასების ტესტით, რადგან უფლებაში ჩარევის ინტენსივობა არის ძალიან მაღალი – სტუდენტი, რომელიც არ არის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი სრულიად მოკლებულია უნივერსიტეტის მართვის მნიშვნელოვან ორგანოებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე, სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ის სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს სტუდენტურ თვითმმართველობას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრობა, თავისი არსით, წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურს. ისინი აპელირებენ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მთელ რიგ ისეთ უფლებამოსილებებზე, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები იმ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას.
13. განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
14. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანება წარმოადგენს სტუდენტის უფლებას და არა ვალდებულებას. სტუდენტური თვითმმართველობა არ განეკუთვნება ტიპურ გაერთიანებათა რიგს. აღნიშნულზე მეტყველებს მისი დაკომპლექტების წესი. კერძოდ, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების შერჩევა ხდება არა თავად ამ გაერთიანების მიერ, რომელიც დაემყარებოდა რაიმე კონკრეტულ შეხედულებებს ან/და მახასიათებლებს, არამედ მის წევრებს ირჩევენ თავად სტუდენტები, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების გზით. მისი, როგორც გაერთიანების განსაკუთრებულ ბუნებაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები, ამოცანები და დანიშნულება, წინასწარაა დეკლარირებული კანონმდებლის მიერ და ის ვერ შეიცვლება თავად თვითმმართველობის მიერ.
15. მოპასუხე მხარის პოზიციით, სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა არ უკავშირდება ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნების მიღწევას ისევე, როგორც რაიმე კონკრეტული შეხედულებების ჩამოყალიბებას. სადავო ნორმები არ აიძულებს სტუდენტს შეიცვალოს მსოფლმხედველობა, რწმენა, პოლიტიკური შეხედულებები. სტუდენტს თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებები ნებისმიერ, მათ შორის, უნივერსიტეტის მართვასთან დაკავშირებულ, საკითხზე. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი №759 დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
16. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არჩევითი ორგანოა, რომლის დაკომპლექტებაც ხდება საყოველთაო არჩევნების გზით, არალოგიკურია აღნიშნული გაერთიანების წევრის უფლებამოსილებების შედარება სხვა სტუდენტური გაერთიანების წევრების უფლებამოსილებებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი №759 დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
17. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრობა არ არის სახელმწიფო თანამდებობა, ვინაიდან ის არ არის დაკავშირებული არც ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებასთან და არც უნივერსიტეტის ფინანსების განკარგვასთან. აღნიშნული საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრი სტუდენტი არ იმყოფება შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი №759 დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
18. მოპასუხის აზრით, განჭვრეტადობის თვალსაზრისით პრობლემური არ არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. ტერმინში „სხვა უფლებამოსილება“ მოიაზრება ისეთი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც კანონით არ არის გაწერილი, მაგრამ გამომდინარეობს კანონმდებლობის საერთო სულისკვეთებიდან და ემსახურება კანონით უკვე დადგენილი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობა გამოსცემს რაიმე ისეთ აქტს ან განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც ლეგიტიმაციას არ იღებს კანონიდან, მაშინ თავად აღნიშნული აქტი ან/და ქმედება მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდებლობასთან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად: „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №759 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩლე მხარე ითხოვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში არჩევისათვის მათ მოეთხოვებათ სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ რომ სადავო ნორმების საფუძველზე ხდება მათი საზოგადოებრივ გაერთიანებაში გაწევრიანების იძულება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს.
3. გასაჩივრებული რეგულაციები ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების: ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოსა და აკადემიური საბჭოს დაკომპლექტების წესს. სადავო ნორმების თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს შემადგენლობაში შედიან, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც, ამავდროულად მონაწილეობას იღებენ აკადემიური საბჭოს წევრების არჩევაში. შესაბამისად, სტუდენტი, რომელიც არ არის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი, უშუალო მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს საქმიანობაში და ვერც აკადემიური საბჭოს დაკომპლექტების პროცესში. ამდენად, სადავო ნორმებით დადგენილია წინაპირობა უნივერსიტეტების ორგანოებში ასარჩევად და უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა სახეზე არ არის ვინმეს დავალდებულება გაწევრიანდეს ამა თუ იმ ორგანიზაციაში. სადავო ნორმები შემხებლობაში არ მოდის გაერთიანების თავისუფლებით დაცულ უფლებასთან. გასაჩივრებული რეგულაციებით არ ხდება მოსარჩელეთა სტუდენტურ თვითმმართველობაში გაერთიანების იძულება და გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტის შეზღუდვა. ნებისმიერი სტუდენტი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს მიიღოს თუ არა მონაწილეობა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში და გახდეს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია მოსარჩელეთა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმები ზღუდავს მათი გაერთიანების თავისუფლების უფლებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №759 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები აყალიბებს დიფერენცირებულ მიდგომას არსებითად თანასწორი სუბიექტების მიმართ. კერძოდ, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისგან განსხვავებით, სხვა სტუდენტური გაერთიანების წევრებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს საქმიანობაში და აკადემიური საბჭოს დაკომპლექტების პროცესში. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი დიფერენცირება გაუმართლებელია და, ამდენად, ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „იმისთვის, რომ კონკრეტულ სადავო ნორმას გააჩნდეს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, აუცილებელია მოსარჩელემ დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმით ხდება არსებითად თანასწორი პირების განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება. სხვაგვარად, გასაჩივრებული რეგულაცია უნდა ადგენდეს შესადარებელი პირების ან პირთა ჯგუფის მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის №2/3/795 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები განსაზღვრავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების: ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოსა და აკადემიური საბჭოს დაკომპლექტების წესს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სადავო ნორმის მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელეები ვალდებულნი არიან დაასაბუთონ, რომ დადგენილია ხსენებულ თანამდებობათა დაკავების დისკრიმინაციული წესი და მათ სხვა არსებითად თანასწორ პირებზე უარესი უფლება აქვთ დადგენილი.
6. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი შემოტანილია ფიზიკური პირების და არა რომელიმე ორგანიზაციის მიერ. შესაბამისად, მოსარჩელე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ იდავონ მხოლოდ მათ დიფერენცირებაზე სხვა არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ მიმართავენ რომელიმე სხვა იურიდიული პირის თუ ორგანიზაციის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად. მსგავსი მოთხოვნა actio popularis-ს წარმოადგენს, რომელიც საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში არ არის დაშვებული. შესაბამისად, N759 კონსტიტუციურ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმები რამდენად განაპირობებს მოსარჩელეთა, როგორც ფიზიკური პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
7. გასაჩივრებული ნორმების თანახმად, ძირითადი საგანმანათლებო ერთეულის საბჭოს შემადგენლობაში შედიან, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც, ამავდროულად მონაწილეობას იღებენ აკადემიური საბჭოს წევრების არჩევაში. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „სტუდენტს უფლება აქვს: ... საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში“. აღნიშნული რეგულაცია ცხადყოფს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სტუდენტი, თანასწორობის საწყისებზე. თითოეულ სტუდენტს უწევს ერთნაირი გზის გავლა, რათა არჩეულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური თვითმმართველობისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრად, ასევე, იმისთვის, რათა მონაწილეობა მიიღოს აკადემიური საბჭოს დაკომპლექტების პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას, რომლის თანახმადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების დაკომპლექტების სადავო ნორმებით განსაზღვრული წესი, მიმართულია გარკვეული კატეგორიის სტუდენტების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებისკენ. ამგვარად, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია ნეიტრალური შინაარსისაა პირთა ნებისმიერი წრის მიმართ და ის არ ადგენს არსებითად თანასწორ პირებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად განსხვავებულ პირობებს.
8. შესაბამისად, №759 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. №759 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრობა წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობას კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველა სტუდენტს განურჩევლად იმისა არის თუ არა იგი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.
10. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „ამდენად, კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „წარმოადგენს თუ არა კონკრეტული თანამდებობა სახელმწიფო თანამდებობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის, ასევე ამ თანამდებობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური გარანტიის ფარგლების განსაზღვრა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განხორციელებული ან განსახორციელებელი სამსახურის შინაარსის, მისი სპეციფიკისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით შეფასდება. ... „სახელმწიფო თანამდებობა“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით და საკანონმდებლო დეფინიციებს ამ თვალსაზრისით მხოლოდ დამხმარე ხასიათი აქვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრის საქმიანობა „სახელმწიფო თანამდებობას“ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის.
13. უპირველეს ყოვლისა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს (შემდგომში - საბჭოს) დანიშნულება და მისი ბუნება, საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები, რომლებსაც ის ასრულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიმართებით. „განხორციელებული საქმიანობის ხასიათი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრავს საქმიანობის შინაარსობრივ მიმართებას „სახელმწიფო თანამდებობასთან“ კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
14. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ16“ პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამის განმახორციელებელ სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. ამავე მუხლის „ჰ19“ პუნქტის მიხედვით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. დასახელებული კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს, შეიმუშავებს აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის (მისი არსებობის შემთხვევაში) სამსახურში მიღების წესს, სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე, კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის, აგრეთვე ანიჭებს კოეფიციენტებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს; ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს, საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასთან და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში.
15. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ20“ პუნქტი ადგენს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო: განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს; დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის დირექტორს; ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს; ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის დებულებას და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს; ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
16. საბჭოს კანონით დადგენილი ფუნქციების ანალიზი მიუთითებს, რომ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის პროცესში. აღნიშნულ ორგანოს გააჩნია მთელი რიგი ხელმძღვანელობითი და ადმინისტრაციული ფუნქციები უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში. შესაბამისად, უნდა დადგინდეს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს თუ არა საჯარო ფუნქციის განხორციელებას.
17. ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და განათლების დონის ზრდა, სახელმწიფოს წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანეს საჯარო ამოცანას წარმოადგეს. შესაბამისად, ამ მიმართულებით, სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, გააჩნია გარკვეული ქმედებების განხორციელების ვალდებულება. ამავე დროს, განათლების სექტორის მართვა სრული მოცულობით არ წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების ნაწილს. აშკარაა, რომ საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება კერძო ინიციატივის ნაწილი იყოს, მათ შორის, წარმოადგენდეს სამეწარმეო საქმიანობასაც. ამდენად, ის ფაქტი, რომ საზოგადოების განათლება მნიშვნელოვან საჯარო ამოცანას წარმოადგენს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მმართველს თავისთავად ვერ აქცევს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირად. ზოგადად, საჯარო ინტერესის ნაწილი შეიძლება იყოს, მათ შორის, კერძო პირების მიერ თავიანთი საქმიანობის სათანადოდ წარმართვა (მაგალითად, ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირება, სამშენებლო სექტორში უსაფრთხოების დაცვა და ა.შ.). ამა თუ იმ სფეროში საჯარო ინტერესის არსებობა და სახელმწიფოს მიერ მისი რეგულირება, რა თქმა უნდა, ამ სფეროში მოქმედ თითოეულ პირს საჯარო პირად არ აქცევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული თანამდებობების სახელმწიფო თანამდებობად მიჩნევის საკითხი უნდა გადაწყდეს თავად საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე და არა საგანმანათლებო დაწესებულების დამფუძნებლის ვინაობის ან სამართლებრივ სტატუსზე მითითებით.
18. საქართველოს კანონმდებლობა აყალიბებს უმაღლესი განათლების სფეროში თითოეული სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციასა და ფუნქციებს. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მართვის ძირითად მიმართულებებს და იღებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე პერიოდულად ისმენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიშს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ფინანსური საქმიანობისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების შესახებ. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში.
19. უდავოა, რომ უმაღლესი განათლების პოლიტიკის განსაზღვრა, იმპლემენტაცია და მის შესრულებაზე გარე კონტროლი ნამდვილად წარმოადგენს საჯარო მნიშვნელობის ფუნქციის განხორციელებას. თუმცა, მნიშვნელოვანია არ მოხდეს განათლების სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, იმპლემენტაციისა და საგანმანათლებო დაწესებულების მართვის ერთმანეთში აღრევა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო არ წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ სუბიექტს და განიხილება ამ ურთიერთობის მონაწილე სხვა სუბიექტების თანასწორად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის N3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-19). სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობა კერძო ინიციატივის ფარგლებში საგანმანათლებო სერვისის მიწოდების ანალოგიურია. იგი თავისი არსით, იგივე საქმიანობას ახორციელებს, რასაც კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. ამ თვალსაზრისით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მისი განსაკუთრებული ბუნების წყალობით, შესაძლოა, განხილულ იყოს როგორც ძირითადი უფლებების სუბიექტი და არა როგორც მათი ადრესატი. იგი წარმოადგენს არა საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოს, არამედ საჯარო რეგულირებას დაქვემდებარებულ პირს, რომელიც სხვა კერძო უნივერსიტეტების მსგავსად უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის განათლების სერვისის მიწოდებას.
21. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა ორგანოს, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს ამ დაწესებულების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც აღინიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა, იმის მიუხედავად, ეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ არის შექმნილი თუ კერძო ინიციატივის საფუძველზე, არ წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილებას. სახელმწიფო საგანანმანათლებლო დაწესებულებაზე გარე კონტროლი, მათ შორის, ფინანსური კუთხით, წარმოადგენს საჯარო ფუნქციას, თუმცა დაწესებულების მართვა, შიდა საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენს დაწესებულების ავტონომიის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებას და არა საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას. ამგვარად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში საქმიანობა არ მიეკუთვნება სახელმწიფო სამსახურს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის და სადავო ნორმებს არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებასთან.
22. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, №759 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №759 („საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე გერლიანი, თამარ ონიანი, ელისაბედ შენგელია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი