საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1-3/5/707 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ნოემბერი 2016 18:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-16 მუხლებთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №707) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ილია კოკაიამ და გიორგი კაპანაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 3 იანვარს.
2.№707 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს, რომ „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“.
4.საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. მე-16 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციურ უფლებას. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
5.№707 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავის მოსარჩელე მხარეს. მათ, სადავო ნორმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაეკისრათ 3,449,754 აშშ დოლარის და ამ თანხის 2005 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიური 10%-ის გადახდა.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული ქმედების საყოველთაო თავისუფლებას, კერძოდ, კერძოსამართლებრივი გარიგებების დადების თავისუფლებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქმედების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით უნდა ხდებოდეს. სადავო ნორმა კი, მოსამართლეებს ნორმის საკუთარი შეხედულებისამებრ ინტერპრეტაციის ფართო მიხედულების საშუალებას აძლევს.
7. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს, რადგან გააჩნია სუბიექტური შინაარსი და მის საფუძველზე შეუძლებელია, პირმა წინასწარ განსაზღვროს, რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და რა სახის ქცევა შეიძლება იყოს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების შეუსაბამო. აგრეთვე, სადავო ნორმა ქმნის საფრთხეს, რომ სასამართლოებმა მას შესძინონ არაერთგვაროვანი, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტება.
8.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლს, მე-16 მუხლს და 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.
9.მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და მე-16 მუხლებთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნორმის პრობლემა გამოხატულია მის განუჭვრეტად ბუნებაში, რაც შეუძლებელს ხდის მისი შინაარსის გაგებას. კერძოდ, შეუძლებელია პირმა წინასწარ განსაზღვროს, რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და რა სახის ქცევა შეიძლება იყოს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების შეუსაბამო. სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ქმნის საფრთხეს, რომ სასამართლოებმა მას შესძინონ არაერთგვაროვანი, მათ შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტება.
2. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით უკვე წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის №1/3/679 საოქმო ჩანაწერით სასამართლომ მიიღო არსებითად განსახილველად N679 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740, 764 საოქმო ჩანაწერით, სხვა კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთად, მოხდა N679 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად მიღება, იმ საფუძვლით, რომ განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტთან სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება წარმოშობდა კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
4. უფრო კონკრეტულად, ზემოაღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, დასაშვებია თუ არა სამოქალაქო კოდექსი შეიცავდეს ზოგად ზნეობრივ მოთხოვნებს როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კრიტერიუმებს. ქმნის თუ არა ასეთი ნორმების არსებობა სასამართლოს მიერ თვითნებური განმარტებისა და გამოყენების და, შესაბამისად, კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკებს. რამდენად აქვს კანონმდებელს უფლება სახელშეკრულებო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შემუშავებისას გამოიყენოს რეგულირება, რომელიც შესაძლებელია ეყრდნობოდეს ზოგად კრიტერიუმებს (მათ შორის ჩვეულებას, ზოგად-ზნეობრივ ღირებულებებს და სხვა), თუ მას გააჩნია სამართლებრივი ურთიერთობის ამომწურავად და ზედმიწევნით დეტალურად რეგულირების ვალდებულება“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740,764 საოქმო ჩანაწერი, II-3).
5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებულია იგივე სადავო ნორმა იმავე კონსტიტუციურ დებულებებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას არ აქვს მიზეზი დაასკვნას საწინააღმდეგო და მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმე განიხილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №707 განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა