საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/707 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 30 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 მარტი 2018 18:53 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №707) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ილია კოკაიამ და გიორგი კაპანაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 3 იანვარს.
2. 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №707 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
3. 2016 წლის 16 ნოემბრის №3/6-1/707საოქმო ჩანაწერით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიჩნია, რომ №707 კონსტიტუციურმა სარჩელმა თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების იშვიათი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა და იგი განხილული უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
4. №707 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, მე-16 მუხლი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს, რომ „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს პირველ პუნქტში დასახელებულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
7. №707 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი გურულის სასარგებლოდ დაეკისრათ 3,449,754 აშშ დოლარის და ამ თანხის 2005 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიური 10%-ის გადახდა.
8. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული ქმედების საყოველთაო თავისუფლებას, კერძოდ, კერძოსამართლებრივი გარიგების დადების თავისუფლებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქმედების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით უნდა ხდებოდეს. სადავო ნორმა კი მოსამართლეებს ნორმის საკუთარი შეხედულებისამებრ ინტერპრეტაციის ფართო მიხედულების საშუალებას აძლევს.
9. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს, რადგან გააჩნია სუბიექტური შინაარსი და მის საფუძველზე, შეუძლებელია, პირმა წინასწარ განსაზღვროს, რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და რა სახის ქცევა შეიძლება იყოს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების შეუსაბამო. აგრეთვე, სადავო ნორმა ქმნის საფრთხეს, რომ სასამართლოებმა მას შესძინონ არაერთგვაროვანი, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლს, მე-16 მუხლს და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. №707 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ფიზიკური პირებს – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
3. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე. კონსტიტუციის მე-7 მუხლი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მე-2 თავში, შესაბამისად, მოსარჩელეები არ არიან უფლებამოსილი სუბიექტები, მოითხოვონ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №707 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
6. მოსარჩელე მხარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი გურულის სასარგებლოდ დაეკისრათ 3,449,754 აშშ დოლარის და ამ თანხის, 2005 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველწლიური 10%-ის გადახდა, რადგანაც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ №707 კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მიერ წილის შეძენა მოხდა შეუსაბამოდ დაბალ ფასად, რაც ეწინააღმდეგებოდა ზნეობრივ ნორმებს, საჯარო წესრიგის სტანდარტებს. წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეთა მხარე ასევე მიუთითებს, რომ გარიგების მეშვეობით სამართლის სუბიექტები უშუალოდ აწესრიგებენ ერთმანეთს შორის ურთიერთობას, პირველ რიგში, იძენენ და განკარგავენ ქონებას, სადავო ნორმით კი იზღუდება ქმედების საყოველთაო თავისუფლება.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის „მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არიან მოცული. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55). აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ უფლებრივ კომპონენტებს, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა მუხლებით დაცულ სფეროში. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, არამედ - იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც მოცემული უფლებრივი კომპონენტის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს.
8. საქართველოს კონსტიტუციის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი საგანგებოდ იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების ისეთ კომპონენტს, როგორიც არის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში პირის შესაძლებლობას, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, აირჩიოს ხელშეკრულების მხარე და განსაზღვროს ხელშეკრულების სხვადასხვა პირობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
9. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებების ბათილობას. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების შეძენა-განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების თავისუფლად დადების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სახელშეკრულებო თავისუფლების შეზღუდვის ისეთ უფლებრივ კომპონენტს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, №707 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმა განუსაზღვრელი ხასიათისაა და იძლევა სასამართლოს მიერ მისი სხვადასხვა შინაარსით, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს, რადგან გააჩნია სუბიექტური შინაარსი და მის საფუძველზე, შეუძლებელია, პირმა წინასწარ განსაზღვროს, რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და რა სახის ქცევა შეიძლება იყოს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების შეუსაბამო.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებაში საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ N679 კონსტიტუციური სარჩელი არ დააკმაყოფილა.
14. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართლის მრავალფეროვნების, მხარეთა ავტონომიურობისა და სამოქალაქო ბრუნვის დივერსიფიცირებული ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა შესაძლო სამოქალაქო ხასიათის დავასთან დაკავშირებული გადაწყვეტის საკანონმდებლო მოწესრიგების არსებობა. ამგვარ პირობებში კი, „ზოგადი ნორმები წარმოდგენს ერთადერთ ინსტრუმენტს, რომლითაც შესაძლებელია, კანონმდებელმა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად მოაწესრიგოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები და მინიმუმამდე დაიყვანოს კანონის ანალოგიის გამოყენების შემთხვევები. ის გარემოება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოხდება ნორმის შინაარსის დადგენა, ვერ გამოდგება ამ ნორმის განუსაზღვრელად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად მიჩნევის თვითკმარ საფუძვლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-51). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება ზოგადი ნორმების საფუძველზე შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის ზოგადი ხასიათი მისი განსაზღვრულობის მოთხოვნის დარღვევაზე არ მიუთითებს. თუმცა, ამავე დროს, რა თქმა უნდა, ვერ გამოირიცხება ზოგადი ნორმების კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს თითოეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას და ამ გზით უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს არაკონსტიტუციური შინაარსის ნორმების გამოყენება. სწორედ ასე მიიღწევა, ერთი მხრივ, ურთიერთობათა მეტ-ნაკლებად ამომწურავი სამართლებრივი მოწესრიგება, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ ნორმის საფუძველზე გაკეთებული თითოეული სამართლებრივი განმარტება არ დარჩება კონსტიტუციური კონტროლის მიღმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოსარჩელემ ამტკიცოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, მან უნდა მიუთითოს იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც, მისი აზრით, უფლების დარღვევას იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73,74)
16. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ სადავო ნორმის ზოგადი ხასიათით გამოწვეულ განუსაზღვრელობაზე, როგორც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველზე. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სახელშეკრულებო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სადავო სიტყვების ზოგადი ხასიათი მისი განსაზღვრულობის მოთხოვნის დარღვევაზე არ მიუთითებს. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს არ მოუხდენია სადავო ნორმის რაიმე კონკრეტული, მისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსის იდენტიფიცირება. შესაბამისად, №707 კონსტიტუციურ სარჩელში დასმული საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას.
17. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №707 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №707 („საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას თან დაერთოს მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების -
ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 30 მარტის №3/1/707 განჩინებაზე
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 30 მარტის №3/1/707 განჩინებაზე, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
2. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ განუსაზღვრელ ხასიათზე და მიუთითებს, რომ ეს სიტყვები იძლევა სასამართლოს მიერ სხვადასხვა შინაარსით, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპებს, რადგან გააჩნია სუბიექტური შინაარსი და მის საფუძველზე, შეუძლებელია, პირმა წინასწარ განსაზღვროს, რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და რა სახის ქცევა შეიძლება იყოს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმებთან შეუსაბამო. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, №707 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ ეწინააღმდეგება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ სადავო ნორმა, ერთი მხრივ, იმდენად ზოგადი ხასიათისაა, რომ შეუძლებელია ნორმის ადრესატმა საკუთარი ქცევა შეუსაბამოს ნორმის მოთხოვნებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი იძლევა სამართალშემფარდებლის მიერ მისი სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული და, რიგ შემთხვევებში, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2018 წლის 30 მარტის №3/1/707 განჩინებით №707 კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად და მიუთითა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საკითხები უკვე შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიცია და საჭიროდ არ მიიჩნია, დამატებით ემსჯელა მის შეცვლაზე.
4. წინამდებარე განსხვავებული აზრი შეეხება იმის დასაბუთებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №707 კონსტიტუციური სარჩელი და შეეცვალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის სადავო სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ შეუფასებია ის სამართლებრივი რეალობა, რომელიც სადავო ნორმიდან გამომდინარეობს.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2018 წლის 30 მარტის თებერვლის №3/1/707 განჩინებაში აღნიშნა, რომ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების ზოგადი ნორმებით მოწესრიგება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტზე. თუმცა მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ უმსჯელია, თუ რატომ არის სადავო ნორმა განჭვრეტადი კონსტიტუციურობის თვალსაზრისით.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში შემოიფარგლა მხოლოდ იმის დასაბუთებით, რომ ზოგადი ნორმები წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისათვის მისაღებ ფორმას და კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი ნორმების განჭვრეტადობის ხარისხის მოთხოვნები შედარებადი ვერ იქნება საჯარო სამართალში მოქმედი (პასუხისმგებლობის დამდგენი) ნორმების განჭვრეტადობის სტანდარტებთან. ამის საპირისპიროდ მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ნორმის მოქმედების სფეროს განსაზღვრით და ნორმის განსაზღვრულობის სტანდარტის ერთადერთ კრიტერიუმად არ უნდა მიეჩნია ნორმის კერძოსამართლებრივი ხასიათი. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ცხადად იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის გავლენა მხარეთა შორის დადებულ გარიგებაზე და მისი სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება არ შეესაბამება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს, იგი ბათილად მიიჩნევს გარიგებას, რაც იწვევს უკვე დასრულებული სამართლებრივი ურთიერთობის შედეგების ცვლილებას, რიგ შემთხვევებში პირმა/პირებმა შეიძლება დაკარგონ უკვე მოპოვებული საკუთრების უფლება, რაც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მოწესრიგებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივ სტაბილურობას.
7. მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი ნორმები გარკვეული მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს, უკვე დასრულებული სამართლებრივი ურთიერთობის გამაბათილებელი, შედეგების გამაუქმებელი ნორმა უნდა შეიცავდეს მკაფიო მოწესრიგებას, რათა, ერთი მხრივ, ნორმის ადრესატმა შეძლოს საკუთარი ქცევა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს, და მეორე მხრივ, სამართალშემფარდებელ მოსამართლეს გააჩნდეს კონკრეტული მითითება, ნორმის მკაფიო ფორმულირება, რათა მან შეძლოს ნორმის არასწორი და არაკონსტიტუციური შინაარსით გამოყენების თავიდან აცილება.
8. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის მკაფიო სტანდარტები, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელოს ნორმათშემფარდებელმა ზოგადი ნორმების გამოყენებისა და განმარტებისას და კვლავ არსებობს მოსამართლის განუსაზღვრელი დისკრეციული უფლებამოსილება ზოგადი ნორმის ინტერპრეტაციისას, კვლავ აქტუალურია მხარეთა მიერ გამოვლენილი თავისუფალი ნების და პირთა ავტონომიის, საჭიროზე მეტად, დაუსაბუთებლად, არაკონსტიტუციურად შეზღუდვის საფრთხე. მოსამართლის მიერ ზოგადი, განუსაზღვრელი ნორმების გამოყენება ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად, რაც, რიგ შემთხვევებში, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას შეიძლება იწვევდეს, საჭიროებს მკაცრ რეგლამენტაციას მისი გამოყენების მასშტაბთან, მიზანმიმართულებასა და ინტერპრეტაციის ზღვართან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს მისი შინაარსის იმდენად გაფართოება, რომ დაირღვეს კონსტიტუციით დადგენილი ბალანსი.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია ზემოხსენებულ საკითხებზე, სათანადოდ არ არის შეფასებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის განჭვრეტადობა, მისი გამოყენების რა მასშტაბის პირობებში იქნება შესაძლებელი, სამართლებრივი უსაფრთხოების, როგორც კონსტიტუციური ღირებულების დაცვა. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №707 კონსტიტუციური სარჩელი და ემსჯელა არა აბსტრაქტულად ზოგადი ნორმების გამოყენების შესაძლებლობაზე, არამედ კონკრეტული სადავო ნორმის განსაზღვრულობასა და მისი კონსტიტუციის შესაბამისად გამოყენების პირობებზე.
10. დამატებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ზოგადი ხასიათის საკანონმდებლო ნორმა, როდესაც ის არ ითვალისწინებს კონსტიტუციური უფლებების დაცვის საკმარის გარანტიებს, შესაძლოა განაპირობებდეს არაგონივრული, მხარისათვის წინასწარ განუჭვრეტელი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ გონივრულად დასაბუთებადი და მიზნის მკაცრად პროპორციული საკანონმდებლო ნორმებით, რათა თავად უფლებით სრულყოფილად სარგებლობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სადავო შინაარსი ვერ პასუხობს განჭვრეტადობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ მოთხოვნებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს უნდა დაეძლია 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი და სათანადოდ, სადავო ნორმის შინაარსთან კავშირში შეეფასებინა მისი კონსტიტუციურობა.
11. №707 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში ზოგადი ნორმების გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხს, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ განსაზღვრულობას და მიუთითებს, რომ აღნიშნული ტერმინები ძალიან ფართო შინაარსისაა და იძლევა სხვადასხვაგვარი, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს საერთო სასამართლოს პრაქტიკაზე და უთითებს, რომ იგი არაერთგვაროვანია და არ ადგენს რაიმე სტანდარტს, თუ რა წინაპირობების არსებობისას შეიძლება იქნეს გამოყენებული „საჯარო წესრიგთან“ და „ზნეობის ნორმებთან“ წინააღმდეგობა გარიგების ბათილობის საფუძვლად. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო მუხლის ის დებულება, რომელიც ბათილად აცხადებს გარიგებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ წესსა და აკრძალვებს, წარმოადგენს ობიექტურ კრიტერიუმს, ტერმინები - „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობის ნორმები“ კი მსგავსი ობიექტურობით არ ხასიათდება და მოსამართლის სუბიექტურად შეფასებადი კატეგორიაა.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679გადაწყვეტილებაში მიიჩნია, რომ დასახელებული სადავო ნორმა ადგენს სამართლებრივ წესს, რომლის განმარტება უნდა მოხდეს ნორმის მიზნიდან გამომდინარე, სხვა ნორმებთან და, ასევე, ზოგადად, სამართლის სისტემასთან, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ღირებულებებთან კონტექსტში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსამართლის მიერ გაკეთებული თითოეული განმარტების სისწორე ობიექტურად შეფასებადი და გადამოწმებადია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
13. საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური დავის ფარგლებში უნდა დაედგინა ნორმის ან მისი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურად განმარტების ფარგლებიც, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. საერთო სასამართლო ყოველი კონკრეტული დავის პირობებში ადგენს, რამდენად შეესაბამება მხარეთა შორის დადებული გარიგება „საჯარო წესრიგსა“ და „ზნეობის ნორმებს“, რომელთა შინაარსის განსაზღვრისასაც მას უწევს, გადაწყვეტილება მიიღოს ერთ-ერთი მოდავე მხარის სასარგებლოდ და, რიგ შემთხვევებში, შეზღუდოს მეორე მხარის საკუთრების უფლება. რამდენადაც სადავო ნორმა არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას მისი გამოყენების წინაპირობების, ინტერპრეტაციის ფარგლებისა და მასშტაბის შესახებ, სამართალშემფარდებელს ეძლევა განუზომელი დისკრეცია, საკუთარი შეხედულების შესაბამისად, „საჯარო წესრიგსა“ და „ზნეობაში“ მოიაზროს, მათ შორის, საზოგადოებაში არსებული მორალური წესები და პრინციპები. ამ შემთხვევაში ჩნდება რეალური საფრთხე, რომ კანონში გამოყენებული ტერმინი „ზნეობა“ მიიღებს კონვენციური მორალის მნიშვნელობას და მოსამართლეს დაეკისრება ვალდებულება, აღნიშნული მორალური წესები გამოიყენოს ცალკეული საქმეების გადაწყვეტისას.
14. რამდენადაც „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობა“ თავისი არსით განუსაზღვრელი, ფართო შინაარსის მატარებელი ტერმინებია, საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა საერთო სასამართლოს მიერ მათი გამოყენების პრაქტიკაზე და არსებულ განმარტებებზე. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტების თანახმად, ამორალური და, შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც „ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ, გაბატონებულ, საზოგადოების წევრისთვის შესისხლხორცებულ წესებს.“ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო მართლწესრიგს უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი“. გარიგება, რომელიც კანონის შესაბამისია, შესაძლოა გაბათილდეს, თუ ის „სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს“ (თბილისის საქალაქო სასამართლო, 2015 წლის 3 ნოემბერი, საქმე N2/15651-15). ასევე საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა (თბილისის სააპელაციო სასამართლო, 2014 წლის 15 აპრილი, საქმე N 2ბ/4686-13).
15. საერთო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სადავო დებულებების გამოყენების პრაქტიკა ნათლად მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს კონვენციური მორალი, საზოგადოებაში ან მის ცალკეულ ჯგუფებში არსებული ისეთი შეხედულებები, რომლებსაც არ მიუღწევიათ ობიექტურობის იმ ხარისხისათვის, რომ საზოგადოებას ისინი კონსტიტუციით ან სამართლის სისტემით სავალდებულოდ ეღიარებინა. სადავო ტერმინების გამოყენებით სამართალშემფარდებელს საშუალება აქვს, სამართლებრივ იმპერატივად აქციოს საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში მისი სუბიექტური შეხედულებით გაბატონებული მორალური წესები და მსგავსი ინტერპრეტაციით შეზღუდოს საკუთრების კონსტიტუციური უფლება.
16. გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას და სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის სამართლებრივად სწორი ან/და ამომწურავი განმარტება, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ვალდებულებაა, მინიმუმამდე შეამციროს ნორმების ან მათი კონკრეტული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო ტერმინები - „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობა“, როგორც კერძო სამართალში გარიგების ბათილობის საფუძველი, შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ კონსტიტუციური სისტემისა და მართლწესრიგის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების კონტექსტში. ხოლო მათი განმარტება კონვენციური მორალისა თუ საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის წესების ჭრილში, ისევე როგორც ამ განმარტების შესაბამისად საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს და შეიცავს პირთა განუსაზღვრელი წრისადმი ძირითადი უფლების დარღვევის გაუმართლებელ რისკს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს 54-ე მუხლის სიტყვები „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“, ისე რომ არ უმსჯელია მის ცალკეულ ნორმატიულ შინაარსზე, არ დაუდგენია მისი კონსტიტუციის შესაბამისად გამოყენების კონკრეტული სტანდარტები. შესაბამისად, დღემდე არსებობს სამართალშემფარდებლის მიერ სადავო დებულების იმგვარად გამოყენების საფრთხე, რომ კონსტიტუციური უფლება შეიზღუდოს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ პრინციპებზე მოსამართლის სუბიექტური შეხედულების შესაბამისად.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება და სადავო ნორმის სამართლებრივი ანალიზი ადეკვატურად არ ასახავს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №707 კონსტიტუციური სარჩელი და დაეძლია სასამართლოს წინარე პრაქტიკა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის წევრები:
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
30 მარტი, 2018 წელი.