იბრაჰიმ მუხტაროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1592 |
ავტორ(ებ)ი | იბრაჰიმ მუხტაროვი |
თარიღი | 16 აპრილი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი: “7. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი: „1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 31¹-ე მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 31³-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რომელიც სარჩელის განსახილველად არმიღების წინაპირობა იქნებოდა.
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელეს წარმოადგენს აზერბაიჯანის მოქალაქე, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირი: იბრაჰიმ მუხტაროვი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გარანტირებული აქვს თავისი უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციური მოქმედების შედეგად მას დაერღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებები.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა კონსტიტუციურობის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში შედის, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხს წარმოადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმის წინააღმდეგობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებასთან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე იბრაჰიმ მუხტაროვი დაიბადა 1990 წლის 24 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბარდას რაიონში. საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო ქალაქ ბაქოში, სადაც დაამთავრა სპორტის აკადემია. ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. მოსარჩელე არის პროფესიონალი სპორცმენი და სპორტის ოსტატი, ამასთან 2010 წლიდან აქტიურად მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის ოპოზიციური პარტია "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" აქტიური წევრი, 2013-2015 წწ. იყო აღნიშნული პარტიის ქალაქ ბაქოს ნიზამის რაიონის ახალგაზრდული ფრთის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანში 2013 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდასაჭერად, ასევე "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" სახელით ხელმძღვანელობდა წინასაარჩევნო პროცესებს აზერბაიჯანში 2015 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებისას. იბრაჰიმ მუხტაროვი არის ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და ასევე ოპოზიციონერის აფგან მუხტარლის ძმისშვილი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ავტორიტარული და დიქტატორული ხელისუფლების მიერ ოპოზიციურად განწყობილი პარტიებისა და მათი წევრებისადმი საჯაროდ ცნობილი აგრესიული და არაადამიანური დამოკიდებულების გამო, იბრაჰიმ მუხტაროვი აზერბაიჯანში ყოფნისას პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის დაწყების დღიდან მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას სახელისუფლებო ორგანოთა მიერ, რაც გამოიხატებოდა მის ფარულ მიყურადებასა და თვალთვალში. ხდებოდა მისი უსაფუძვლოდ და უკანონოდ დაკავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ და "ვითარებაში გარკვევის მიზნით" მრავალსაათიანი დაკითხვები პოლიციისა და უშიშროების ორგანოებში, რასაც ყოველთვის მოჰყვებოდა არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა, წამება და ფსიქოლოგიური ტერორი ერთადერთი მოთხოვნით იბრაჰიმ მუხტაროვ ყოფილიყო სახელმწიფოში მოქმედი მმართვალი გუნდის "მონამორჩილი" და ეთანამშრომლა ხელისუფლებასთან ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელთა და სხვა აქტივისტთა წინააღმდეგ. იბრაჰიმ მუხტაროვი მრავალსაათიანი ე.წ. "ინკვიზიციების" განმავლობაში შესაძლებლობას მოკლებული იყო ესარგებლა ადვოკატის ან/და დამცველის დახმარებით. ყოველი მიმართვა აზერბაიჯანის სახალხო ომბუდსმენისათვის იყო უშედეგო "საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო".
აზერბაიჯანში ყოფნისას იბრაჰიმ მუხტაროვი უსაფუძვლოდ დადანაშაულებული იყო სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული ქმედების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა იბრაჰიმ მუხტაროვის პოლიტიკური განეიტრალება. მოგონილი, ცრუდასმენილი დანაშაულის, ისეთი როგორიცაა ე.წ. "მარიხუანის შეძენა-შენახვა-ტარება", "ხულიგნობა", "პოლიციის თანამშრმლებისადმი დაუმორჩილებლობა" და ა.შ. რეალურად არარსებული მტკიცებულებების გამო ე.წ. "ჩაწყობა" აზერბაიჯანის შსს მაღალი თანამდებობის პირი თანამშრომლების მიერ ხდებოდა სოლიდური მატერიალური "ჯარიმის" მიღების შემდეგ, რაც კლასიკური გაგებით წარმოადგენდა "ქრთამს".
მიუხედავად არნახული არაადამიანური მოპყრობისა, დაშინების, შანტაჟისა და მუქარის აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან, იბრაჰიმ მუხტაროვი აქტიურად აგრძელებდა პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობას და ყველა კანონიერი ხერხითა და მეთოდით, რაც "მხოლოდ ფორმალურად" არის გარანტირებული აზერბაიჯანში, ებრძოდა ხელისუფლებას "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" ინტერესებისათვის.
აზერბაიჯანში 2015 წელს დაინიშნა მორიგი საპარლამენტო არჩევნები. 2014 წლიდან აზერბაიჯანში "მოქმედი" ოპოზიციური პარტია "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი" აქტიურად ჩაირთო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადებაში, რაც თავის მხრივ გულისხმობდა რესპუბლიკური, რეგიონალური და რაიონული დანაყოფების წინასაარჩევნო მობილიზაციასა და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება - განხორციელებას. ამ მიზნით იბრაჰიმ მუხტაროვი დაინიშნა ქალაქ ბაქოს საბუნჩუს რაიონის საარჩევნო შტაბის აღმასრულებელ მდივნად და აქტიურად ჩაერთო საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში და სწორედაც რომ 2014 წლიდან იბრაჰიმ მუხტაროვის ცხოვრება პირდაპირი მნიშვნელობით იქცა „ჯოჯოხეთად“. იბაჰიმ მუხტაროვი მუდმივად იყო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კონტროლისა და თვალთვალის ქვეშ, პერიოდულად ხდებოდა მისი თავისუფლების აღკვეთის მცდელობები და 2014 წლის 18 თებერვალს შსს ბაქოს მთავარი სამმართველოს უფროსის ისმაილ გაჯიევის მხრიდან მას მიეცა 48 საათი რათა იბრაჰიმ მუხტაროვს დაეტოვებინა აზერბაიჯანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა მისი „საბოლოოდ განეიტრალება“ და ქვეყნიდან „იძულებითი გაძევება“.
2014 წელს ოჯახის წევრებთან უქმე დღეების გატარების მიზნით ქალაქ ბაქოსთან ახლოს მდებარე კურორტული ზონის მიმდებარედ შეესწრო პირთა ჯგუფისა და პოლიციელების კამათსა და ჩხუბს. იბრაჰიმ მუხტაროვმა ამოიცნო პარტიის აქტივისტები და ეცადა მოეხდინა ვითარების განმუხტვა, ვინაიდან თვითონ იცოდა რომ პოლიციისა თუ სხვა პროვოკაციული ორგანოთა მხრიდან წინასაარჩევნოდ ხშირად ეწყობა პროვოკაციები. მრავალრიცხოვანი ჯგუფის ჩხუბის შედეგად დღესაც დაუდგენელი პირის მიერ მოხდა ერთ-ერთი მონაწილის დაჭრა, რასაც შეესწრო იბრაჰიმ მუხტაროვი და სწორედაც რომ მან აღმოუჩინა დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოიძახა სასწრაფოს ბრიგადა. როგორც შემდგომ გაირკვა დაზარალებული - „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ აქტივისტი მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე იბრაჰიმ მუხტაროვმა დაუყოვნებლივ გააკეთა განცხადება აზერბაიჯანის მასმედიისა და პარტიის წინაშე და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რამაც მიიღო სერიოზული რეზონანსი და ნეგატიურად იმოქმედა ხელისუფლების იმიჯზე. საპასუხოდ ხელისუფლების დაკვეთით სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე და იბრაჰიმ მუხტაროვი ცნობილ იქნა ჯერ მოწმედ აღნიშნულ საქმეზე. გამოძიების ეტაპზე იბრაჰიმ მუხტაროვს გულწრფელად სჯეროდა რომ გამოძიება იქნებოდა ობიექტური და დადგინდებოდა პარტიის აქტივისტის მკვლელის ვინაობა. მალევე საქმის პროკურორმა აიდინ ალიევმა პირდაპირ განუცხადა და შესთავაზა იბრაჰიმ მუხტაროვს გარიგების დადება, კერძოდ იგი დაუყოვნებლივ დატოვებდა პარტიას, გააკეთებდა მასმედიასთან საჯარო განცხადებას, რომ პარტიის ხელმძღვანელობა თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების დისტრუქციულ ძალებთან, მიაწვდიდა გამოძიებას სრულ სიას ატივისტებისა, როგორც საშტატო ისე შტატგარეშე და დაასახელებდა კონკრეტულად იბრაჰიმ მუხტაროვის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციის ფინანსურ წყაროებს, გეგმებს და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იბრაჰიმ მუხტაროვის სტატუსი მალე შეიცვლებოდა.
პარტიული იდეებისა და პრინციპებისადმი ერთგულმა იბრაჰიმ მუხტაროვმა კატეგორიული უარი განუცხადა პროკურორს, რაზედაც მალევე იბრაჰიმ მუხტაროვს ადვოკატის მეშვეობით ეცნობა, რომ მას შეეცვალა სტატუსი და ის უკვე ეჭვმიტანილია. აღნიშნულის შემდეგ იბრაჰიმ მუხტაროვი ყოველდღიურად იძულებული გახდა ევლო პოლიციაში „ჩვენებების“ მისაცემად და საქმე მიდიოდა ბრალის წარდგენისკენ.
ოპოზიციური პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ხელმძღვანელის ალი ქერიმლის გადაწყვეტილებით იბრაჰიმ მუხტაროვი მივლინებულ იქნა ქალაქ განჯაში, სადაც კურიერირებდა განჯის ქალაქისა და მიმდებარე რაიონების პარტიის აქტივისტების მდგომარეობას. იგი იძულებული გახდა თავისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩამოსცილებოდა აქტიურ პარტიულ როლს და გადასულიყო ე.წ. ქვეშეთში. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2015 წელს ჩატარებული საპარლამენტი არჩევნებში ტოტალური გაყალბებისა, საზოგადოების დაშინების და ტერორის შედეგად ხელისუფლებაში (საპარლამენტი აბსოლუტურ უმრავლესობაში) კვლავ მოვიდა მმართველი პარტია, რომლის სათავეშია შეუცვლელი ალიევის ოჯახის კლანი. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და პოსტსაარჩევნო ვითარებიდან გამომდინარე იბრაჰიმ მუხტაროვის საქმე შემოდებულ იქნა პროკურატურის „თაროზე“ და 2016 წ-მდე იბრაჰიმ მუხტაროვი ფაქტიურად პასიურად ცხოვრობდა და პოლიტიკურად საქმიანობდა ქ. განჯაში, ხოლო 2014 წელს მომხდარი შემთხვევა დღემდე არის გამოუძიებელი სრულყოფილად.
2016 წელს აზერბაიჯანში ჩატარდა კონსტიტუციური რეფერენდუმი, რომლითაც ავტორიტარული ხელისუფლებამ ფაქტიურად დააკანონა თავისი შეუზღუდავი უფლება ყოფილიყო სათავეში და პრეზიდენტს - ალიევს მიანიჭა უფლება ერთპიროვნულად დაითხოვოს პარლამენტი. ამასთან გაიზარდა პრეზიდენტის მართვის ვადა და თავისი მეუღლე მეხრიბან ალიევი დაინიშნა ფაქტიურად მეორე პრეზიდენტად.
2015 წელს რეფერუნდუმზე გასატან საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიამ „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა“ კატეგორიულად საჯაროდ გამოხატა თავისი აზრი და აქტიურ ფაზაში შევიდა პარტიის კანონიერი მცდელობა საზოგადოების ინფორმირება რეფერენდუმზე გატანილი საკითხების მიუღებლობასთან დაკავშირებით. ამავე წელს აზერბაიჯანიდან განიდევნა იბრაჰიმ მუხტაროვის ბიძა აფგან მუხტარლი, რომელმა დატოვა აზერბაიჯანი თავის ოჯახთან ერთად და პოლიტიკური დევნილის სტატუსით დაბინავდა საქართველოში.
2016 წლის დასაწყისში იბრაჰიმ მუხტაროვი პარტიის გადაწყვეტილებით დაინიშნა „სახალხო პრონტის“ ქალაქ განჯის ორგანიზაციის კურატორად. მალევე იგი დაკავებულ იქნა განჯის შს სამმართველოსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომელთან მიერ და წარდგენილ იქნა გამომძიებელთან, სადაც მრავალი საათის განმავლობაში მოხდა მისი ცემა, წამება და მის მიმართ გამოჩენილ იქნა არაადამიანური მოპყრობა ერთადერთი მოტივით, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა თავისი პოლიტიკური აქტივობა და საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურორმა განუცხადა, რომ მალევე მოხდებოდა მისი ბრალდებულად ცნობა „ჯერ კიდევ ცოცხალ საქმეზე“, იგი გასამართლდებოდა და მოხდებოდა „ჯოჯოხეთში“, საიდანაც არ ბრუნდებიან არც პარტიაში და არც საკუთარ ოჯახებში.
მიუხედავად ჩაგვრის, დაშინების, წამების და უბედურების არაერთი წლისა, ამჯერად იბრაჰიმ მუხტაროვმა მკაფიოდ და ნათლად გაიგო, რომ საფრთხე იმუქრება არა მხოლოდ მის პოლიტიკურ კარიერას, პრინციპებს, მოსაზრებებს და ა.შ. არამედ შეიქმნა რეალური რისკი მისი სიცოცხლის მოსპობის კუთხით.
ვინაიდან იბრაჰიმ მუხტაროვი იმყოფებოდა მუდმივი თვალთვალისა და კონტროლის ქვეშ, ხოლო მისი ქვეყნიდან გასვლა იყო ფიზიკურად შეუძლებელი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იგი იძულებული გახდა უკანონოდ გადმოეკვეთა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი და საქართველოში ეძია დაცვა, მსგავსად საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე მრავალი ოპოზიციონერ აზერბაიჯანელი პოლიტიკოსებისა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იბრაჰიმ მუხტაროვი დაბინავდა თავის ბიძასთან აფგან მუხტარლისთან ქალაქ თბილისში, საიდანაც მათ დაიწყეს აქტიური საქმიანობა ჟურნალისტიკის სფეროში, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხებოდა აზერბაიჯანში შექმნილი ანარქიულ, ავტორიტარულ და დიქტატორულ ვითარებას.
2017 წელს საქართველოში გააქტიურდა აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა საქმიანობა, რის შედეგაც იბრაჰიმ მუხტაროვის ბიძა გაუჩინარდა და მეორე დღეს აღმოჩნდა აზერბაიჯანში ბაქოს ციხეში, ხოლო იბრაჰიმ მუხტაროვი დაკავებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სასამართლოს მიერ მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მან მოიხადა და საპატიმრო დატოვა 2020 წლის სექტემბერში.
2020 წლის 24 სექტემბერს საპატიმროს დატოვებისთანავე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ მოთხოვნის საფუძველზე იბრაჰიმ მუხტაროვი ისევ დაკავებულ იქნა და მოთავსდა საექსტრადაციო პატიმრობაში. აზერბაიჯანის პორკურატურის მიერ იბრაჰიმ მუხტაროვი ბრალდებულად არის ცნობილი მკვლელობის მუხლით, რაც არის სრული აბსურდი და აღნიშნული ბრალდება ემსახურება ერთად-ერთ მიზანს მოხდეს იბრაჰიმ მუხტაროვის საბოლოოდ ნეიტრალიზაცია და ფიზიკური განადგურება, ვინაიდან საჯაროდ და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ცნობილია ის დამოკიდებულება, რაც ხორციელდება ოპოზიციურად დამოკიდებულ წარმომადგენელთა მიმართ აზერბაიჯანის საპყრობილეებში.
იბრაჰიმ მუხტაროვი თავის წარმოშობის ქვეყანაში აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და სურდა (დღესაც სურს) რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, მაგრამ მისი პოლიტიკური სტატუსიდან, მის მიმართ აზერბაიჯანში სახელისუფლებო ორგანოების მრიდან არსებული დამოკიდებულებიდან და აზერბაიჯანის საპყრობილეებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იბრაჰიმ მუხტაროვს არ სურვს დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში და ისარგებლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მფარველობით, ვინაიდან იგი უეჭველი დაექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და მის სიცოცხლეს დაემუქრება რეალური საფრთხე.
2020 წლის 23 ოქტომბერს იბრაჰიმ მუხტაროვმა განცხადებით მიმართა საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი.
აღნიშნული განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და მიგრაციის დეპარტამენტმა ფორსირებულ რეჟიმში განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება იბრაჰიმ მიაროვისათვის თავშსაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ განცხადების განხილვის პროცესში იბრაჰიმ მუხტაროვთან ანკეტირების და გასაუბრების პროცედურა ჩატარდა დისტანციურად (სატელეფონო კავშირის) საშუალებით #8 პენიტენციურ დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ვითარებაში იბრაჰიმ მუხტაროვი შესაძლებლოას იყო მოკლებული ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოედგინა მის ხელთ არსებული სრული მტკიცებულებები და ინფორმაცია. ამასთან ადმინისტრაციულმა ორგანომ შეუზღუდა იბრაჰიმ მუხტაროვს უფლება ესარგებლა სამართლიანი საქმის განხილვის უფლებით და შეზღუდა ვადა საქმის განხილვისა. ადმინისტრაციული პროცესის მსვლელობის დროს იბრაჰიმ მუხტაროვის არაერთხელ განცხადებულ იქნა თარჯიმნის აცილება, ვინაიდან თარჯიმანმა განზრახ თუ უნებლიედ ფიზიკურად არ თარგმნიდა არც იბრაჰიმ მუხტაროვის განცხადებებს და არც მიგრაციის სამსახურის თანამშრომლის განმარტებებს. იბრაჰიმ მუხტაროვის ყველა მოთხოვნა ოქმების თარგმანთან და ნათარგმნ მდგომარეობაში იბრაჰიმ მხუტაროვისათვის გადაცემასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველად და იგნორირებულად. აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმ მუხტაროვთან განხორციელებული ანკეტირების და გასაუბრების პროცედურების აუდიო ჩანაწერი არ ხორციელდებოდა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაგებელზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ოქმები და ჩანაწერები რადიკალურად განსხვავედება იბრაჰიმ მუხტაროვის მიერ მოწოდებული ინფორმაციისაგან, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ განზრახ თუ უნებლიედ, თარჯიმნის ბრალეულობის გამო თუ სხვა გაუგებარი მიზეზებიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებები გადმოცემულია არასწორედ ან/და არასრულად. ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ შეაფასა და არ განიხილა არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაცია წარმოადგენს არალევანტურ ინფორმაციას და ასახავს აზერბაიჯანის რეალობის რადიკალურად განსხვავებულ მხარეს, რომელსაც იბრაჰიმ მუხტაროვთან არავითარი კავშირი და შემხებლობა არ გააჩნია.
27.11.2020 წელს საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ გამოცემულ იქნა გადაწყვეტილება MIA 5 20 02765107, რითაც იბრაჰიმ მუხტაროვს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმნისტრაციული კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები, მტკიცებულებების გამოკვლევისას და მათი შეფასების დროს უგულველყოფილ იქნა საქართველოს შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ნორმები.
ზ.ა. გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჩაბარდა 03.12.2020 წელს.
საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ გამოცემული 27.11.2020 წლის გადაწყვეტილება MIA 5 20 02765107 გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს საქმის განხილვა (მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი).
მიგვაჩნია, რომ სადაო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში: „1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის წესსა და ვადებს, კერძოდ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ჩვეულებრივი წესით უნდა განიხილოს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით, თუ: ა) გამოვლინდა რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები; ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტროს ერთდროულად მრავალმა უცხოელმა ან/და მოქალაქეობის არმქონე პირმა წარუდგინა, რაც ართულებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების 6 თვის ვადაში განხილვას“., ხოლო ამავე კანონის მე-4 პუნქტის თანახმად: „4. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 21 თვეს.“ ამასთან სადაო ნორმა, კერძოდ კი კანონის 29-ე მუხ. მე-7 პუნქტი ადგენს, რომ: „7. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“ სახეზეა აშკარა არათანაბარ საპროცესო პირობებში ჩაყენება ექსტრადაციისადმი დაქვემდებარებული პირის, კერძოდ მოსარჩელის სხვა პირებთან მიმართებაში, როდესაც ორივე შემთხვევაში თავშესაფრის მინიჭების საფუძვლები და გარანტირებული უფლებები არის იდენტური.
მიგვაჩნია, რომ სადაო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში: „1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: „1. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია) და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. თავშესაფრის მაძიებელი აგრეთვე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი“, ასევე 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „3. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვების დასმით უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ხელი უნდა შეუწყოს თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაციის (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის) და მტკიცებულებების სრულყოფილად წარდგენაში.“, შესაბამისად თავშესაფრის მინიჭების საკითხთან მიმართებაში მოსარჩელეს მნიშვნელოვან წილად კანონით აკისრია მტკიცების ტვირთი, ამასთან საგულისხმოა, რომ მოსარჩელე განსახილველ შემთხვევაში იმყოფება პენიტენციური დეპარტამენტის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, იგი ფიზიკურად არის შეზღუდული თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თავისუფლად ჰქონდეს ურთიერთობა თავის წარმომადგენელთან (ადვოკატთან) წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში), პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შეზღუდული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1 თვიანი ვადის განსაზღვრა ფაქტიურად შეუძლებელს ხდის მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის უნაკლოდ შეუსრულებლობის პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის შესაძლებლობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა