საქართველოს მოქალაქე ლევან მამალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/15/713 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 20 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 დეკემბერი 2016 18:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
მაია კოპალეიშვილი − წევრი;
მერაბ ტურავა − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან მამალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №713) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლევან მამალაძემ. №713 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 29 იანვარს.
2. №713 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 20 დეკემბერს.
3. №713 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ „მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.“
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.“ კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულია კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპი, 39-ე მუხლი ადგენს, რომ „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით, მოსარჩელე, დაუსწრებლად, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისთვის. ლევან მამალაძეს დანაშაულთა და სასჯელთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შევიდა ცვლილება, რომლითაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი ჩაანაცვლა სასჯელთა შთანთქმის პრინციპმა. 2015 წლის 10 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მოსარჩელის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს ზემოხსენებული ახლად გამოვლენილი გარემოების გამო მოსარჩელის მიმართ დანიშნული სასჯელის გადასინჯვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 აგვისტოს განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე კვლავაც მიმალვაში იმყოფებოდა, რის გამოც, სადავო ნორმის საფუძველზე, მას კვლავ რჩებოდა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში. სწორედ აღნიშნული სასამართლო განხილვის ფორმატში უნდა წარმართულიყო მსჯელობა მოსარჩელის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნის თაობაზე.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა მოსარჩელეს არ აძლევს საშუალებას, მის მიმართ გამოტანილი სასჯელი გადაისინჯოს ახლად გამოვლენილი გარემოების გამო მანამ, სანამ არ მოხდება მისი დაპატიმრება ან სათანადო ორგანოში გამოცხადება, რაც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. №713 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი. სადავო ნორმა ადგენს სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრების წესს. აღნიშნული წესის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაასაჩივროს მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც მას დააპატიმრებენ ან იგი გამოცხადდება სათანადო ორგანოში, ხოლო თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, მაშინ გასაჩივრების ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა აითვლება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.
3. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ მის დაპატიმრებამდე ან სათანადო ორგანოში გამოცხადებამდე არ ხერხდება მისთვის დანიშნული სასჯელის გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო. მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი ვერ ახერხებს, მოითხოვოს მის მიმართ გამოტანილი სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად. აშკარაა, რომ ხსენებულ მოტივაციაზე დაყრდნობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის წესი განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით (310-3141 მუხლებით). სწორედ ამ ნორმების საფუძველზე განსაზღვრავს სასამართლო ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლის არსებობას. სადავო ნორმა კი არეგულირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების და არა გადასინჯვის წესს. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საჭიროებაზე, იგი პრობლემურად არ მიიჩნევს, ასეთი გარემოების არარსებობის პირობებში განაჩენის გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადებს. სწორედ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა მან სასამართლოს, რაზეც უარი ეთქვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-3141 მუხლების საფუძველზე. მაშასადამე, სადავო ნორმას არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რასაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, №713 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №713 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ლევან მამალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა