საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/714 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 დეკემბერი 2016 20:42 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის სიტყვების „ქალისა და მამაკაცის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №714) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2016 წლის 29 იანვარს. №714 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 29 დეკემბერს.
2. №714 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური)“.
4. კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.
5. №714 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 21 მაისის №01/114488 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა 2015 წლის 6 მაისის №62965 განაცხადზე, რომლითაც ითხოვდა ქორწინების რეგისტრაციას მამრობითი სქესის პირთან. სააგენტოს უარი დაეფუძნა სწორედ სადავო ნორმას.
6. N714 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ფართოდ მიმოიხილავს ქორწინებისა და ოჯახის ცნებას ადრინდელ ქართულ საეკლესიო სამართლის წყაროებში და აღწერს მისი მარეგულირებელი ნორმების შემოღებას საქართველოს 1921 და 1995 წლის კონსტიტუციებში.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი ხაზს უსვამს მხოლოდ მეუღლეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობას. მისი მითითებით მსგავსი დანაწესი გვხვდება გერმანიის კონსტიტუციის მე-6 მუხლში, ხოლო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო მიჯნავს ქორწინებას ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა თანაცხოვრების ინსტიტუტიდან. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დღეს ზოგ ადამიანს საქართველოში ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინების ინსტიტუტის შემოღების სურვილი უჩნდება. ისინი ეყრდნობიან, ძირითადად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფუძემდებლურ პრინციპებს თანასწორობის შესახებ. თუმცა მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კანონმდებლის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მომავალში აბსოლუტურად შეუთავსებელი იქნება ქართულ რეალობასთან.
8. მოსარჩელე მხარის აზრით სადავო ნორმის განმარტებისას ირღვევა იმ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების უფლებები რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი აქვთ ოჯახი და აქვთ ოჯახისთვის დამახასიათებელი თანაცხოვრება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი ურთიერთ თანაცხოვრების ლეგალური რეგისტრაციის უფლება შემდგომი სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულებების აღიარებისა და იმპლემენტაციისათვის.
9. დასკვნის სახით მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შემადგენლობაში არსებული სიტყვები "ქალისა და მამაკაცის" აწესებს არამართლზომიერ და დისკრიმინაციულ მიდგომას ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების მიერ ქორწინების რეგისტრაციის განხორციელებაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტს.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის თქმით, სასამართლოს მიერ შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში დაირღვევა არაერთი პირის კონსტიტუციური უფლება, სახელმწიფომ კი თავიდან უნდა აიცილოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის სიტყვების „ქალისა და მამაკაცის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რადგან მიაჩნია, რომ სადავო ნორმით, პირთა სქესის დაკონკრეტება არღვევს ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა კავშირის უფლებას. კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად მოსარჩელე გაუმართლებლად და ქართულ რეალობასთან შეუთავსებელ ნაბიჯად მიიჩნევს ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინების დაკანონებას, თუმცა ამავე დროს მიუთითებს, რომ არსებული, დისკრიმინაციული რეჟიმი არღვევს იმ ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა უფლებებს რომლებსაც ფაქტობრივად გააჩნიათ ოჯახისათვის დამახასიათებელი თანაცხოვრება.
3. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ის უფლება-მოვალეობები, რომელთაც წარმოშობს ქორწინება, უნდა გააჩნდეთ არამხოლოდ სადავო ნორმით გათვალისწინებულ წყვილს, ანუ ქალსა და მამაკაცს, არამედ ნებისმიერი სქესის მქონე პირთა წყვილს. მოსარჩელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს რა ტერმინით მოიხსენიებს კანონმდებლობა მისი და იმ პირის კავშირს, რომელთანაც სურს წარმოეშვას ზემოაღნიშნული უფლება-მოვალეობები, იქნება ეს „ქორწინება“, „ოჯახი“ თუ „მეუღლეები“. მისთვის ამოსავალი წერტილია ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც გააჩნია ქალისა და მამაკაცის რეგისტრირებულ ოჯახს. მოსარჩელე მიაჩნევს, რომ იგი დისკრიმინირებულია იმ პირებთან მიმართებით რომელთაც სურთ იქორწინონ განსხვავებული სქესის ადამიანთან. შესაბამისად, იგი, როგორც სადავო ნორმის შედეგად მისივე სქესის პირთან ქორწინების სუბიექტობიდან გამორიცხული პირი მიიჩნევს, რომ სხვა ადამიანებთან მიმართებით იმყოფება უარეს უფლებრივ მდგომარეობაში.
4. არსებითად თანასწორი პირებისათვის თანაბარი უფლებრივი მდგომარეობა და თანაბარი წვდომა კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებზე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით. კონსტიტუციის ხსენებული მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით.
5. სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნული კონსტიტუციური ნორმით გარანტირებული „თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
7. შესაბამისად, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარაშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
8. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან დაყენება გამოწვეულია მის მიერ დასახელებული კონსტიტუციური ნორმის ფარგლების არასწორი აღქმით. შესაბამისად, ის, რასაც რეალურად მოსარჩელე მხარე ითხოვს, ანუ თანასწორობა კანონის წინაშე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და არა 36-ე მუხლით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №714 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი