გეგი არღვლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/1303 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მაისი 2021 18:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე, მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გეგი არღვლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებითსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დიდი ოდენობით (0,00025 გ.) დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - გეგი არღვლიანი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: გიორგი ჩიფჩიური, ქრისტინე კუპრავა და ნინო ქოჩიაშვილი; სპეციალისტი - შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბათუმის ჩანაცვლებითი თერაპიისა და ამბულატორიის განყოფილების ექიმი-ნარკოლოგი, განყოფილების უფროსი - მაია კონცელიძე; შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ექიმი-ნარკოლოგი - გური მენაბდიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1303) მიმართა გეგი არღვლიანმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 30 მარტს. №1303 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 3 მაისს და 15 ივნისს.
2. №1303 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, მათ შორის, ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა და შენახვა ჩადენილი დიდი ოდენობით.
4. №1303 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომელიც ადგენდა, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
5. №1303 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის (0,00025 გრამის ოდენობით) უკანონოდ, დიდი ოდენობით დამზადებისა და შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის (0,00025 გრამის ოდენობით) უკანონოდ, არაერთგზის დამზადებისა და შენახვისთვის. სასჯელის სახედ და ზომად დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. 2017 წლის 13 დეკემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, მოსარჩელის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დეზომორფინის მოხმარება ხდება ინტრავენური გზით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების სრულად, 100%-ით მოხმარება შეუძლებელია და ინექციისთვის გამოყენებულ შპრიცში ყოველთვის რჩება მიკროსკოპული ოდენობის დეზომორფინი. 0,00025 გ. დეზომორფინი წარმოადგენს მის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში დარჩენილ ანაფხეკებს, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა, მით უფრო მათი გამოცალკევება და მოხმარება შეუძლებელია. შესაბამისად, დასახელებული ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა და შენახვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას.
7. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ დეზომორფინს არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც ნებისმიერი ოდენობის დეზომორფინი, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად. ამდენად, სადავო ნორმა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ დგას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისგან ან/და გავრცელებისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროება. სადავო ნორმის ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე, მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტების შეფასების საფუძველზე, თავად გადაწყვიტოს, შეუფარდოს თუ არა პირს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით უკვე იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც იგი №1303 კონსტიტუციური სარჩელის განხილვას ითხოვს ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს ნარკოტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
10. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმა არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას, რადგან აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთა 0,00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის, ხოლო განსახილველი სარჩელის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს უფრო დიდი ოდენობის – 0,00025 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის დაწესებული სანქცია. შესაბამისად, აუცილებელია საქმის არსებითი განხილვა და იმის დადგენა, წარმოშობს თუ არა 0,00025 გ. დეზომორფინის დამზადება, შეძენა და შენახვა სხვა ისეთ საზოგადოებრივ საფრთხეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ადგილი 0,00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვის შემთხვევაში.
11. საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბათუმის ჩანაცვლებითი თერაპიისა და ამბულატორიის განყოფილების უფროსმა და ექიმ-ნარკოლოგმა მაია კონცელიძემ განმარტეს, რომ დეზომორფინი წარმოადგენს სინთეზურ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მზადდება კოდეინის შემცველი აბებისგან და დამხმარე ნივთიერებებისგან. მისი ანელგეზიური ეფექტი ათჯერ აღემატება მორფინისას. დეზომორფინის მოხმარება სწრაფად იწვევს მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მას გააჩნია სედაციური ეფექტი. დღესდღეისობით დეზომორფინი მზადდება კუსტარული წესით, რის გამოც ერთი და იგივე ოდენობის ორი სხვადასხვა დეზომორფინი შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ნარკოგენული ეფექტის თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ოდენობის და რა საშუალებების გამოყენებით მოხდა მათი დამზადება. რაც უფრო მეტი იქნება კოდეინის შემცველი აბები, მით მეტი ნარკოგენული ეფექტის მქონე დეზომორფინი იქნება სახეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რთულია დეზომორფინის მოსახმარად განკუთვნილი დოზის განსაზღვრა, თუმცა ჩვეულებრივი ადამიანისთვის 200 მილიგრამი დეზომორფინი ითვლება ლეტალურ დოზად.
12. სპეციალისტის თქმით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი დეზომორფინის ოდენობა - 0,00025 გ. წარმოადგენს მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას. ჩვეულებრივი ადამიანის მიერ აღნიშნული ოდენობის დეზომორფინის მოხმარებას შეუძლია ნარკოგენული თრობის ეფექტის გამოწვევა, ხოლო ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირისთვის 0,00025 გ. დეზომორფინის მოხმარებას შეუძლია იმ დისკომფორტის გაქარწყლება, რასაც იწვევს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მოთხოვნილება. ამასთან, გაზავებული სითხის მეშვეობით შესაძლებელია, შპრიცში დარჩენილი 0,00025 გ. დეზომორფინის გამოცალკევება და მისი მოხმარება. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა შპრიცში არსებული დეზომორფინის ანაფხეკების გამოცალკევება, მათი გაერთიანება და მოხმარება. სპეციალისტის თქმით, პრაქტიკულად არ არსებობს დეზომორფინის იმდენად მცირე ოდენობა, რომლის მოხმარებაც ეფექტს არ იქონიებს ადამიანის ორგანიზმზე.
13. საქმეზე სპეციალისტად იქნა მოწვეული შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ექიმი ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი. სპეციალისტის განმარტებით, დეზომორფინი არის ცალკე აღებული ნივთიერება, რომელსაც გააჩნია თავისი ქიმიური ფორმულა, მასა და შესაბამისი მოქმედება. მან ერთმანეთისგან გამიჯნა დეზომორფინი და ე.წ. „კრაკადილი“. მისი თქმით, „კრაკადილი“ არის სუბსტანცია, ხსნარი, რომელიც შეიცავს დეზომორფინს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეისობით დეზომორფინი ქარხნული წესით აღარ იწარმოება, მისი დამზადება მხოლოდ კუსტარულადაა შესაძლებელი. მის დასამზადებლად ყველაზე მნიშვნელოვან ინგრედიენტს წარმოადგენს კოდეინის შემცველი პრეპარატი. დეზომორფინის მისაღებად კოდეინთან ერთად აუცილებელია სხა ძლიერტოქსიკური ნივთიერებების დამატება. განსაკუთრებული ტოქსიკურობით გამოირჩევა დეზომორფინის დასამზადებლად აუცილებელი ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა: მჟავა - ე.წ. „კროტი“, ბენზინი, წითელი ფოსფორი. დასახელებული მინარევებისგან მიღებულ სუბსტანციას ეწოდება ე.წ. „კრაკადილი“, რომელიც დეზომორფინთან ერთად შეიცავს სხვა, ადამიანის ორგანიზმისთვის გაცილებით მავნე ნივთიერებებს, რომელთა გაფილტვრა და სუფთა სახის დეზომორფინის გამოყოფა კუსტარული წესით შეუძლებელია.
14. სპეციალისტის თქმით, იმის გამო, რომ დეზომორფინი ქარხნული წესით აღარ იწარმოება, მისი მოსახმარად გამოსადეგი დოზების განსაზღვრა სირთულეებთანაა დაკავშირებული. ნარკოლოგი დეზომორფინის დოზის განსაზღვრის ყველაზე მართებულ მეთოდად მიიჩნევს მის შედარებას მორფინთან. კერძოდ, დეზომორფინი წარმოადგენს 9-10-ჯერ უფრო ძლიერ ნივთიერებას ვიდრე მორფინი. მორფინის ერთჯერად დოზად ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიჩნეულია 10-30 მგ. ამგვარი კალკულაციით გამოდის, რომ 0,00025 გ. დეზომორფინი უტოლდება დაახლოებით 2,5მგ მორფინს, რაც წარმოადგენს ერთი ამპულა მორფის მეოთხედს. ამგვარი მცირე ოდენობის მქონე მორფინი ვერ გამოიწვევს ნარკოგენულ ეფექტს არათუ მის მომხმარებელში, არამედ ჩვეულებრივ ადამიანშიც კი. ნარკოლოგის თქმით, მინიმუმ 0,003 გ. დეზომორფინის მოხმარებაა საჭირო, რათა მან ნარკოგენული ეფექტის მოხდენა შეძლოს ადამიანის ორგანიზმზე.
15. სპეციალისტის თქმით, შესაძლებელია, დეზომორფინის მოხმარებისთვის გამოყენებული შპრიცის გამორეცხვა და მასში დარჩენილი დეზომორფინის ამოღება. ამასთან, მან პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნია დეზომორფინის მოხმარებისთვის გამოყენებული იმდენი შპრიცის მოგროვება, რომელიც, რეალურად, შესაძლებელს გახდიდა მათში ჩარჩენილი დეზომორფინის იმ ოდენობის გამოყვანას და დაჯამებას, რომელიც გამოდგებოდა თუნდაც ერთჯერადი მოხმარებისთვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალისტმა დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი დეზომორფინის ოდენობა - 0,00025 გ. არ იქნებოდა გამოსადეგი ერთჯერადი მოხმარებისთვისაც კი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1303 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, დასახელებული ნორმით გარანტირებული უფლების ეკვივალენტური უფლება დაცულია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №1303 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის (0,00025 გრამის ოდენობით) დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ადგენს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის. „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ახლებურად ჩამოყალიბდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე გრაფა. დასახელებული ცვლილების შედეგად, დეზომორფინის ის ოდენობა, რომელიც არ აღემატება 0,001 გრამს, წარმოადგენს მცირე ოდენობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0,00025 გრამი წარმოადგენს არა დიდ (როგორც ამას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე გრაფის დასახელებულ ცვლილებამდე არსებული რედაქცია ითვალისწინებდა) არამედ მცირე ოდენობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი აღარ ადგენს სასჯელს 0,00025 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის. შესაბამისად, №1303 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი რეგულირება ძალადაკარგულია. ამავდროულად, გასაჩივრებული რეგულაციის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
8. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1303 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1303 კონსტიტუციურ სარჩელზე („გეგი არღვლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი