რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/1401 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მაისი 2021 18:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ე1 პუნქტისა და 11 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1401) მიმართა რემზი შარაძემ. №1401 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2019 წლის 25 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 22 აპრილს.
2. №1401 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასამართლოს შეუძლია გადასცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის ე1 პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვნის შესახებ. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, 268-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. ამასთან, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზეც.
4. საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლით დაცულია თანასწორობის უფლება, ხოლო მე-19 მუხლით გარანტირებულია საკუთრების უფლება.
5. №1401 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე, დაუყოვნებლივ აღსრულების გზით მოდავე მხარისათვის ქონების გადაცემით მესაკუთრე კარგავს საკუთრებას, მისით სარგებლობისა და მართვის შესაძლებლობას, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ძალაში არ შესულა სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს აქვს უფლება, გაასაჩივროს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო ან/და საკასაციო წესით. მოსარჩელის პოზიციით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების ამგვარ შეზღუდვას არ აქვს ლეგიტიმური მიზანი და სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
6. მოსარჩელე დამატებით განმარტავს, რომ მის მიმართ გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ შემთხვევაში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში კი არა, რაც იწვევს თანასწორობის უფლების შეზღუდვას.
7. №1401 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული ნორმის მოქმედებით მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, კერძოდ, დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში დაკარგავს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლებას.
8. №1401 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
3. მოსარჩელის არგუმენტაციით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების გზით მოდავე მხარისათვის ქონების გადაცემით მესაკუთრე კარგავს საკუთრებას, მისით სარგებლობისა და მართვის შესაძლებლობას, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ძალაში არ შესულა სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს აქვს უფლება, გაასაჩივროს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო ან/და საკასაციო წესით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის საკუთრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასადგენად უნდა შეფასდეს, რამდენად არეგულირებს იგი საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებთან დაკავშირებულ საკითხებს. ხდება თუ არა რაიმე ქონებრივი უფლების შეზღუდვა და უშუალოდ საკუთრებითსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების უფლებით სარგებლობის, საკუთრების შეძენის და განკარგვის წესს და ამ ფორმით ადგენენ საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს, ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №2/2/745 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“ II-7).
5. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს მეშვეობით საკუთრების დაცვის პროცესუალურ ასპექტებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, სადავო რეგულირებას საკუთრების უფლებასთან მიმართება ექნება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განსაზღვრავს საკუთრების მატერიალური უფლების ფარგლებს, ხოლო სასამართლოს მეშვეობით საკუთრების უფლების დაცვის პროცედურა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოწესრიგების სფეროს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
6. ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც ადგენს საკუთრებით წესრიგს, განსაზღვრავს საკუთრების შეძენის, მისით სარგებლობის და განკარგვის წესებს მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს. ხოლო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო დავების გადაწყვეტის საპროცესო წესრიგს მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
7. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არეგულირებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესს. ამავე დროს, უდავოა, რომ სათანადო წესით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არა მხოლოდ კონსტიტუციურ უფლებებს არ ზღუდავს არამედ სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კონსტიტუციით დასაშვები ფარგლების განსაზღვრას იმ პირობებში, როდესაც ქონებაზე დავა ზემდგომ ინსტანციებში გრძელდება. ამდენად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არსებითად მიემართება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური გასაჩივრების შეზღუდვის საკითხს, რაც უდავოდ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს და არა საკუთრების უფლებასთან მიმართებით შესაფასებელ მოცემულობას.
8. საკონსტიტუციო სასამრთლოს განმარტებით, სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეგულირების სფეროს წარმოადგენს პირის საკუთრების უფლების დასაცავად სათანადო საპროცესო კანონმდებლობის შექმნის ვალდებულება, შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არასათანადო საპროცესო ნორმები მას საკუთრების დაცვის საშუალებას არ აძლევს, მათი კონსტიტუციურობის შემოწმება სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით უნდა მოითხოვოს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის №3/2/1520 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163, 2164, 2165 მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილი მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროს და სადავო ნორმას არ აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან.
10. ამასთან, მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის პირველი ნაწილის ე1 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 პუნქტებთან და მე-11 მუხლთან მიმართებით. თუმცა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასაბუთება, თუ რატომ ეწინააღმდეგება აღნიშნული სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს. მოსარჩელე მხარეს არც ის დაუსაბუთებია, თუ რა განაპირობებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ე1 პუნქტის არაკონსტიტუციურობას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1401 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1401 კონსტიტუციური სარჩელი („რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი