გიორგი ჯობავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1600 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ჯობავა |
თარიღი | 18 მაისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის, „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის (საოქმო) განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის, „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის (საოქმო) განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311-ე მუხლები, აგრეთვე 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს მოქალაქის მიერ - თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი;
2020 წლის 28 ივლისს, სისხლის სამართლის #007250720005 საქმის ფარგლებში, გიორგი ჯობავას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით (იხ. ბრალდების შესახებ დადგენილება). 28 ივლისს გიორგი ჯობავას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო მის ოდენობად 4000 ლარი განესაზღვრა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 17 სექტემბერი განისაზღვრა (იხ. #10ა/3144 განჩინება)
წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობა გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. შედეგად, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული ინფორმაცია სრული მოცულობით დასაშვებად ცნო, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა (იხ. საჩივარი). სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე წინასასამართლო სხდომაზე მიღებული მოსამართლის განჩინება. მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასჩივრების მექანიზმი კი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძებო კოლეგიის #1გ/1606-20 განჩინება). სასამართლოს შეფასებით, მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით საკმარისობა და სანდოობა, აგრეთვე კანონიერების საკითხი არსებითი განხილვისას მოსამართლის შესაფასებელი და გადასაწყვეტია.
დღეის მდგომარეობით, გიორგი ჯობავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიული შინაარსი გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან. ამდენად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობის მოსპობით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
შესაბამისად, საქმეში არსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ გიორგი ჯობავა არის უფლებამოსილი სუბიექტი.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმების შინაარსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის, „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის (საოქმო) განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში საპროცესო კოდექსი ან სსსკ) 95-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის თაობაზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას (ისევე როგორც არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას), ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, პირველ რიგში, უნდა მოხდეს მისი შინაარსის სწორად განსაზღვრა, რისთვისაც მნიშვნელოვანია სადავო ნორმის განმარტება სისტემურად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა შესაბამისი ნორმების კონტექსტში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი მოხდეს მისი პრაქტიკაში გამოყენების კუთხითაც.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“.[1]
სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება.
სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსიდან, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს განმარტებებიდან ირკვევა, რომ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების გასაჩივრების შესაძლებლობას კანონი არ იძლევა.[2] იგივე პოზიცია აქვს საერთო სასამართლოებს საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის პროცესის უმნიშვნელოვანესი სტადიაა, რა დროსაც, სხვა საკითხების გარდა, სასამართლო განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე და წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს. ამდენად, წინასასამართლო სხდომის მთავარი მიზანი ერთი მხრივ გამოძიების პროცესში ჩატარებული მოქმედებების კანონიერების შესწავლა, ხოლო მეორე მხრივ იმის დადგენაა, თუ რამდენად არსებობს მტკიცებულებათა სტანდარტი იმაში დასარწმუნებლად, რომ ვარაუდის მაღალი ხარისხით გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
მტკიცებულება დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით.[3] კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენების დაუშვებლობა მიზნად ისახავს პროცესის მონაწილეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის ღირსების დაცვას, სამართლიან სასამართლოზე ბრალდებულის უფლების რეალიზაციას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოების თვითნებობის პრევენციას.[4]
საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს „დასაშვები მტკიცებულების“ ცნებას. მტკიცებულებათა დაუშვებლობა ე.წ. ნეგატიური ენუმერაციის პრინციპით არის გადაწყვეტილი და მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნევა, თუ მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობს.[5] საპროცესო კანონმდებლობა სწორედ დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებების გასაჩივრების შესაძლებლობას იძლევა.
სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს“. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების მიხედვით კი, „თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში“. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადება ადგენს, რომ „წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს“.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების რეგულირების ფარგლები ამოიწურება მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გასაჩივრების შესაძლებლობით და იგი არ შეეხება მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებისა და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს. ამის საპირისპიროდ, სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეებს აღჭურავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით. თუმცა აღნიშნული ნორმა გამორიცხავს მხარეთა მიერ ისეთი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული.
ამდენად, სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის საფუძველზე იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.[6] სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრეს მოთხოვნას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს. „თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.“[7]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, რადგან მისი მიზანი ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. „თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული).“[8]
სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან.“[9]
საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სასამართლოს, პროკურორის ან გამომძიებლის ქმედებისა თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს, მხოლოდ საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზოგადად, გასაჩივრება უზრუნველყოფს სამართალწარმოების უფრო სასურველი შედეგით დასრულებასა და სამართლიანობის დაცვას. ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი ხელს უწყობს კანონის ერთგვაროვან განმარტებასა და სასამართლო გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობას. ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება შემდგომ გადასინჯვას, პრევენციულ ხასიათს ატარებს. ამდენად, გასაჩივრების უფლებასა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმების არსებობა პირს იცავს უკანონო ანდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შედეგად უფლებების დარღვევისაგან. იგი კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციისა და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვის უზრუნველმყოფი უნდა იყოს.[10] „კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ფორმალურად ახდენს უფლების რეალიზაციის რეგლამენტირებას, მაგრამ სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო მისი ეფექტიანი, ქმედითი განხორციელება ვერ ხდება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა.“[11]
ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის პირს უნდა ჰქონდეს ფაქტზე რეაგირების ეფექტური, ქმედითი და არა ილუზორული მექანიზმი.[12] ამასთანავე, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი თავის თავში მოიაზრებს ყველა იმ უფლებრივ კომპონენტს, რომლებიც დაცული არაა ამავე მუხლის სხვა პუნქტებით, თუმცა სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია.[13]
შეფასების ტესტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო ინტერესიდან გამომდინარე.[14] შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“.[15]
ამდენად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად აუცილებელია დადგინდეს თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა და აუცილებლობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.“[16]
მოპასუხე მხარე, გასაჩივრების სადავო ნორმის მოქმედების გასამართლებლად სავარაუდოდ მიუთითებს ისეთ ლეგიტიმურ მიზნებზე, როგორებიცაა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, აგრეთვე სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილება.
ლეგიტიმური მიზნის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის - რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.“[17]
სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება
სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს წარმოადგენს. მასში საქმის გონივრულ ვადაში განხილვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედითი ბერკეტების არსებობა იგულისხმება. „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას.“[18]
გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება იქნეს უზრუნველყოფილი სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობის პირობებში. წინასასამართლო სხდომის მიზანი გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ადეკვატური რეაგირებაა. მტკიცებულებათა დასაშვებობის შეფასება მართლმსაჯულების განხორციელებისას პიროვნული თავისუფლების და ადამიანის ღირსების პატივისცემიდან გამომდინარეობს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეათე პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.“ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების აკრძალვით საქართველოს კონსტიტუცია მიზნად ისახავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებების დაცვას, მართლმსაჯულებისადმი მოსახლეობის და პროცესის მონაწილეების ნდობის და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოების პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მთლიანად პროცესის სამართლიანობას და სამართლიან სასამართლოზე ბრალდებულის უფლების რეალიზაციას.“[19]
ამდენად, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობით, იქმნება პროცესის მონაწილეების მხრიდან თვითნებობის პრევენციისა და ბრალდებულის უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ უკანონო ანდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დასაშვებად ცნობს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და საქმეს არსებითად განსახილველად გადასცემს, ეჭვქვეშ დადგება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების საკითხი. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ობიექტი, მიზნის მიღწევის საშუალება, არამედ იგი თავად უნდა იყოს ის მიზანი, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფოს პოლიტიკა ნებისმიერი მიმართულებით.[20] კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა და მისი გასაჩივრების მექანიზმის არარსებობის პირობებში კი იქმნება თვითნებობისა და ადამიანის უფლებათა არათანაზომიერი შეზღუდვის საფრთხე.
შეუძლებელია, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგ საშუალებად მივიჩნიოთ ისეთი მოცემულობა, როდესაც წინასასამართლო სხდომა ვერ ასრულებს მის უმთავრეს ფუნქციას. უფრო მეტიც, სათანადო საფუძვლების არარსებობისას მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობა ან საქმის არსებითად გადაცემა იწვევს პროცესის გაჭიანურებას, ბრალდებულის უფლებების დარღვევასა და სახელმწიფოს რესურსების არაეფექტიანად ხარჯვას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.“[21]
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის პარალელურად, შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს ისეთი შემზღუდავი ღონისძიება (მაგ. პატიმრობა, თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება, ყადაღა, პასპორტის მოქმედების შეჩერება), რომელიც ერთი-ორად ზრდის პირის უფლებებში ჩარევის ინტენსივობას. ამდენად, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ეფექტური პრევენციისა და სამართლიანი სასამართლოს უზრუნელყოფის რეალური გარანტიების არსებობისათვის, აუცილებელია გასჩივრების შესაძლებლობის არსებობა.
წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების შეზღუდვა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგ საშუალებად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერების სათანადო შემოწმება და უდანაშაულო პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დროული შეწყვეტა სწორედ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
სასამართლოს გადატვირთულობა
სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილება, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. საქმეთა სიმრავლე გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ეფექტიანობასა და ხარისხზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს გადატვირთულობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რომელიც, ერთი მხრივ, იწვევს საქმეების განხილვის დაგვიანებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უშლის სასამართლოს საქმეთა სრულყოფილად გამოკვლევაში. ამდენად, სასამართლოს გადატვირთულობის პრევენცია პირდაპირ კავშირშია მართლმსაჯულების გამართულ ფუნქციონირებასთან.“[22]
საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სწრაფი მართლმსაჯულება და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილება, პროცესის ეკონომიურობა, ისევე, როგორც არდაშვება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნებია, ვინაიდან თითოეული მათგანის დაცვა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას ემსახურება.“[23]
ბუნებრივია, სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში გაიზრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიისათვის მიმართვის რიცხვი. ამიტომ, მოპასუხე მხარემ შეიძლება ამტკიცოს, რომ გასაჩივრების შესაძლებლობის შეზღუდვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა.
თუმცა პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის ან წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევები მნიშვნელოვნად დაზოგავს საქალაქო და რაიონული სასამართლოების დროსა და ადამიანურ რესურსს. მხოლოდ ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიისადმი მიმართვიანობა გაიზრდება, არ შეიძლება შეფასდეს სასამართლოს გადატვირთულობის ინდიკატორად. მართლმსაჯულების სისტემის გადატვირთულობის საკითხი ერთიანობაში უნდა შეფასდეს. დაუშვებელი მტკიცებულებების ამორიცხვა ანდა წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა როგორც პირველი ინსტანციის ასევე აპელაციისა და კასაციის ეტაპზე საქმეთა განტვირთვასა და პროცესის ეკონომიურობას შეუწყობს ხელს.
გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა.“[24]
მხარემ შესაძლოა მიუთითოს, რომ არ იკვეთება უფლების ნაკლებად მზღუდავი რომელიმე ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც არანაკლები ეფექტურობით უზრუნველყოფდა სასამართლოს განტვირთვას. ამიტომ შესაძლებელია, განავითაროს მსჯელობა, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს. თუმცა გადატვირთულობის თავიდან აცილება მოსამართლეთა რაოდენობის ზრდითაცაა შესაძლებელი.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საჩივარის შინაარსი უნდა პასუხობდეს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.[25] მისი შეუსრულებლობა კი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია. შესაბამისად, a priori იმის მტკიცება, რომ სადავო ნორმების ნორმატიული შინაარის არაკონსტიტუციურად ცნობას ავტომატურად სასამართლოთა გადატვირთულობა და მართლმსაჯულების ხარისხის გაუარესება მოყვება, არასწორია.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, თუ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის რომელიმე ელემენტს, სასამართლო ადგენს შეზღუდვის არათანაზომიერებას და აღარ მსჯელობს თანაზომიერების პრინციპის სხვა კომპონენტებთან შესაბამისობაზე.[26] მიუხედავად ამისა, რომ სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს, საჭიროდ მიგვაჩნია თანაზომიერებაზე მსჯელობაც.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
პროპორციულობა ვიწრო გაგებით, მოითხოვს, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის.“[27] მართალია, სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, თუმცა იგი ვერ გაამართლებს გასაჩივრების უფლების მოსპობას, თუ ამის შედეგი პირის უფლებების დარღვევა იქნება. „სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა არ წარმოადგენს თვითმიზანს, ის არის მხოლოდ შესაძლებლობა სხვა უფლებების დაცვისა. შესაბამისად, მისი უფლებრივი კომპონენტებიც იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისთვის/დარღვევის თავიდან აცილებისთვის.“[28]
მოპასუხე მხარემ შესაძლოა ამტკიცოს, რომ გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას და ხელს უწყობს სააპელაციო სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილებას, რაც მეტი დროისა და რესურის დაზოგვაში შეიძლება ითარგმნებოდეს. შესაძლებელია, მხარემ მიუთითოს, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ საჩივრის განხილვა შეაფერხებს მართლმსაჯულების პროცესს.
მოპასუხე მხარე ალბათ აქცენტს იმ მოცემულობაზეც გააკეთებს, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. საქმის არსებითი განხილვისას ხდება მტკიცებულებათა შეფასება მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რაც განაჩენის გამოტანისას კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების არგაზიარებისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი შეიძლება გახდეს.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს მიხედულების ფარგლები და შეუძლია სისხლის სამართლის პროცესის წარმოების კონცეპტუალურად განსხვავებული მოდელი და მეთოდი დანერგოს. თუმცა კანონმდებელს მოეთხოვება თავიდან აიცილოს სამართლიანი სასამართლოს უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რამდენად არის შესაძლებელი სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილება სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებით. ბუნებრივია, სახელმწიფო რესურსების დაზოგვის ინტერესი და სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილება, ლეგიტიმურ საჯარო ინტერესად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა დასადგენია, რამდენად არსებობს ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესს შორის.
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი იმაზე უფრო ინტენსიურად ზღუდავს პირის უფლებებს, ვიდრე ეს საჭიროა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის ან წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაიზოგება საქალაქო და რაიონული სასამართლოების დრო და ადამიანური რესურსი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობით ანდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით ხდება ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების საფრთხის პრევენცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“[29] ამდენად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა ამცირებს შეცდომის დაშვების რისკსა და ქმნის დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტიან მექანიზმს.
მნიშვნელოვანია, ბრალდებისა და დაცვის მხარის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონტექსტის გათვალისწინებაც. წინასასამართლო სხდომის მიზანი უმეტესწილად ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის შემოწმებაა. გარდა ამისა, სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამდენად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მთავარი ორიენტირი ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლიანობის შემოწმებაა.[30]
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადექვატური და რეალური შესაძლებლობა, რაც პირველ რიგში გულისხმობს როგორც უფლებას ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე. [...] მხარეთა თანასწორობა ფარდობითი ხასიათისაა და მოწინააღმდეგე მხარესთან შედარების მიზანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა მხარეებს შორის.“[31]
წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების კონტექსტში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის შესაფასებლად საინტერესოა ორი ჰიპოთეტური მაგალითის განხილვა. პირველ შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მხარის საკვანძო მტკიცებულებების დაუშვებლობის თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული კი ამავე სხდომაზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი გახდა. ბრალდების მხარეს ენიჭება უფლებამოსილება, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს და სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დაარწმუნოს მისი მსჯელობის მართებულობაში. შედეგად, დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებები ისევ დასაშვებ მტკიცებულების სტატუსს იძენს და პირის სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება.
მეორე შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის არგუმენტირებული შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ არასწორად განმარტა საქართველოს კანონმდებლობა ანდა არაჯეროვნად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები, რაც უკანონო ანდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და მის მიმართ გრძელდება სისხლისსამართლებრივი დევნა. შედეგად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლომ სრული მოცულობით განიხილა მტკიცებულებები და დაადგინა (ა) გამამართლებელი განაჩენი, (ბ) გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შემდგომში სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენით შეცვალა.
პირველ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს ეძლევა არასწორი სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლისა და საქმეზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე შემთხვევაში დაცვის მხარეს არ აქვს ბრალდებულის დარღვეული უფლების ეფექტიანად აღდგენის შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მეორე მაგალითში ბრალდებულის უფლებების დარღვევის პარალელურად, იფლანგება სახელმწიფო რესურსი და იქმნება სასამართლოს გადატვირთულობის საფრთხე. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს მიეცემოდა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების შესაძლებლობა, ყველა ეს საკითხი მარტივად გადაიჭრებოდა.
ამდენად, სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი იმაზე უფრო ინტენსიურად ზღუდავს პირის უფლებებს, ვიდრე ეს საჭიროა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. დაცვისა და ბრალდების მხარეთა თანასწორობის კონტექსტში, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ჩართულობა მინიმალურ ხასიათს ატარებს, აუცილებელია მტკიცებულებათა შეფასებისა და მისი დასაშვებობის წესი განისაზღვროს იმგვარად, რომ კანონმდებლობამ უზრუნველყოს დაცვის მხარის უფლებების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობა.
მოპასუხე სავარაუდოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და მხარეს აქვს შესაძლებლობა მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააყენოს ეჭვქვეშ. ბუნებრივია, ასეთ დროს საქმის არსებითი განხილვის მოსამართლე არ არის შებოჭილი წინა გადაწყვეტილებებით და შეუძლია კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება არ გაიზიაროს, რაც მისი ფაქტობრივად დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის ტოლფასი ქმედება იქნება. თუმცა მოპასუხე მსჯელობის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ამ მოცემულობით იკარგება წინასასამართლო სხდომის ფუნქციური დატვირთვა. სისხლის სამართლის პროცესის ამ ეტაპის მთავარი მიზანი დაუშვებელ მტკიცებულებათა იდენტიფიცირებაა. მისი მთავარი მიზანი სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის საფრთხის თავიდან აცილება და პირთა უფლებების დაცვაა.
როგორც წესი, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმეეტაპიან სასამართლო კონტროლს გადის. მაგალითად, ისეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ექვემდებარება წინასწარ (ex ante) და შემდგომ (ex post) სასამართლო კონტროლს. გარდა პირველადი შემოწმებისა, საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესწავლა წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის სხდომის მოსამართლის მიერაც ხდება,[32] რა დროსაც იგი შეზღუდული არ არის გამოძიების ეტაპზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.[33] ბრალდებული პირის კონსტიტუციური უფლებების მიზანია, თავიდან აიცილოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება და არა დამნაშავის მიმართ ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის შეფერხება. მნიშვნელოვანია, ბრალდებულს ჰქონდეს დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტიანი შესაძლებლობა. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. თავისი არსით დაუშვებელი მტკიცებულების არსებით სხდომაზე დაშვება და გასაჩივრების შესაძლებლობის მოსპობა კი ამ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერების წესის დარღვევაზე სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო არც თუ იშვიათად მიუთითებენ.[34] ეს სწორედ ის მტკიცებულებებია, რომელიც წინასასამართლო სხდომის ეტაპზევე უნდა ამორიცხულიყო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობის გამო, მხარეს ამ უფლების რეალიზაციის საშუალება არ მისცემია. ამდენად, დაუშვებელი მტკიცებულებების დროული იდენტიფიცირებითა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით დაცულია როგორც სახელმწიფოს, ასევე ინდივიდის კანონიერი ინტერესები.
გარდა ამისა, გასაჩივრების შესაძლებლობის მოსპობით, შეიძლება დაირღვეს პროცესის ეკონომიკურობის პრინციპი. იმ შემთხვევაში თუ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე არსობრივად დაუშვებელ მტკიცებულებას დასაშვებად ცნობს, არსებით სხდომაზე მისი გამოკვლევა გარდაუვალია (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა). საბოლოოდ, მოსამართლემ ეს მტკიცებულება რომც არ გაიზიაროს, მისი გამოკვლევა რესურსებთანაა დაკავშირებული, რაც უდავოდ დაიზოგებოდა იმ შემთხვევაში თუ მტკიცებულება სათანადო საფუძვლის არსებობის პირობებში დასაშვებობის ეტაპს ვერ გადალახავდა.
ამდენად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების მოსპობა არათუ ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას და ხელს უწყობს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არამედ ქმნის პროცესის გაჭიანურების, სახელმწიფო რესურსების გაფლანგვისა და ბრალდებულის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვის საფრთხეს.
პირის ინტერესი, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, პირდაპირ არის დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული უფლების ინტენსივობაზე. რაც უფრო ინტენსიურია სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა, მით უფრო მაღალია ხსენებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი.[35] როგორც აღინიშნა, წინასასამართლოს სხდომის მოსამართლის უკანონო ანდა დაუსაბუთებელმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება ანდა საპროცესო იძულების ერთ-ერთი სახე, მის უფლებებში ჩარევის ინტენსივობა განსაკუთრებით მაღალია.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობა ხშირად ბრალდებულის ქცევის შეზღუდვასთანაა დაკავშირებული (მაგალითად, ქვეყნის ტერიტორიის დატოვების აკრძალვა, გარკვეულ დროს საცხოვრებელი ადგილის დატოვების შეზღუდვა და ა.შ.). ამდენად, მხარეს ინტერესებშია, რომ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განსახორციელებლად მტკიცებულებათა სიიდან ამოირიცხოს ის მტკიცებულება, რომელიც კანონის დარღვევითაა მოპოვებული.
გასაჩივრების შესაძლებლობის დაშვებით არა მარტო კონკრეტული პირის უფლების დაცვის ეფექტიანი რეალიზაცია მოხდება, არამედ იგი ხელს შეუწყობს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გაკეთებული განმარტებებისგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ფორმალურად პრეცედენტული ბუნება არ აქვს, მაგრამ იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და ნორმის სწორად განმარტების საკითხში.[36] პირველი ინსტანციის სასამართლოების რაოდენობის გათვალისწინებით, არსებობს იმის ალბათობა, რომ ნორმის სხვადასხვაგვარი განმარტება მოხდეს, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საფუძველია. ამდენად, სააპელაციო წესით გასაჩივრების მომეტებული ინტერესი პირთა უფლებების დაცვის პარალელურად, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნიდანაც გამომდინარეობს. გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის შეფასების საგანი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება წარმოადგენს, რაც ნაკლებ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვს, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადატვირთვას შედარებით ნაკლებად გამოიწვევს.[37] საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს გადატვირთულობისაგან დაცვის არგუმენტი ვერ გაამართლებს გასაჩივრების შეზღუდვას იმ პირობებში, როდესაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. ზოგადად, სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის მთავარი მიზანია მისი ფუნდამენტური ფუნქციის ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა და არა პირიქით, ამ ფუნქციებზე უარის თქმაა.“[38]
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს აქვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. როგორც წესი, დასაბუთების ვალდებულება ვრცელდება არა მხოლოდ განაჩენზე, არამედ სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. ყოველგვარი მიზეზების მოყვანის გარეშე მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს. გასაჩივრების უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის პირს უნდა ჰქონდეს იმ მიზეზების შესწავლის საშუალება, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამდენად, სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის მოქმედების პირობებში არათანაზომიერად იზღუდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი, რაც ამ ნორმის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი უნდა გახდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის, „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის (საოქმო) განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების გარდა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად განსახილველად იქნა გადაცემული.
როგორც მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით მსჯელობისას აღვნიშნეთ, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი არ შეიძლება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება იყოს. გასაჩივრების შესაძლებლობის მოსპობით, მნიშვნელოვნად იზღუდება ბრალდებულის უფლება, რადგან ისეთი საქმის არსებითმა განხილვამ, რომელიც წინასასამართლო სხდომაზევე უნდა შეწყვეტილიყო ლახავს ბრალდებულის უფლებებს, ეწინააღმდეგება პროცესის ეკონომიურობის პრინციპსა და ძირს უთხრის წინასასამართლო სხდომის არსს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანაც კი ვერ გახდება დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტიანი საშუალება.
მიუხედავად იმისა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ არ უდრის გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ბრალდებულს არ უნდა წაერთვას ამ განჩინების გასაჩივრებისა და მოსამართლის გადაწყვეტილების გადამოწმების შესაძლებლობა.
პირველ რიგში, არსებითი განხილვა მნიშვნელოვან დროისა და რესურსების ხარჯვასთანაა დაკავშირებული. ისეთი საქმის წარმოება, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე უნდა შეწყვეტილიყო, ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებული შესაძლოა პატიმრობაში იმყოფებოდეს. ბრალდებულის თავისუფლების პირობებშიც კი, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებული იყოს ისეთი შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ზრდის ბრალდებულის უფლებებში ჩარევის ინტენსივობას.
წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მნიშვნელოვანი გარანტიაა, რომ თავიდან აცილებული იქნეს პროცესის გაჭიანურება, ბრალდებულის უფლებების შეზღუდვა და სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა.
ამდენად, სადავოდ გამხდარი ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსი, ლეგიტიმური საჯარო მიზანის არსებობის მიუხედავად, ვერ პასუხობს თანაზომიერების კრიტერიუმებს. თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის მოქმედების პირობებში არათანაზომიერად იზღუდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი, რაც ამ ნორმის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი უნდა გახდეს.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის #1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16.
[2] იხ. განჩინება #1გ/1606-20 და #1გ/879-19 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
[3] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4 და 6.
[5] იქვე, II-13.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის #2/5/879 გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის #1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14.
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის #1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის #3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59.
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება 1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1.
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის #1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6.
[12] იქვე.
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის #1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9.
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის #1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15.
[15]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60.
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15.
[17] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის #3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48.
[18] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის #3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7.
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-4.
[20] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის #1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41.
[21] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-5.
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4.
[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის #3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-90.
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30.
[25] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი.
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის #1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33.
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის #3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43.
[28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის #3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-66.
[29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55.
[30] რა თქმა უნდა ამავე სხდომაზე ფასდება დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დასაშვებობაც.
[31] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის #1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7,9.
[32] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, I-26.
[33] იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2016 წლის 14 ივლისის #1გ/1197 განჩინება http://library.court.ge/judgements/5232016-07-20.pdf [ბოლოს ნანახია: 27.04.2021]
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის #1გ/1614-16 განჩინება http://library.court.ge/judgements/98182016-10-24.pdf [ბოლოს ნანახია: 27.04.2021];
[34] ხინთიბაძე როინი, დაუშვებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში, 2017. ხელმისაწვდომია http://library.court.ge/upload/14952017-10-17.pdf [ბოლოს ნანახია 27.04.2021].
[35] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-25.
[36] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის #2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31.
[37] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50.
[38] იქვე, II-51.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა