საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/765 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 23 აგვისტო 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 აგვისტო 2016 18:15 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №765) მომართა საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 3 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 23 აგვისტოს.
2. №765 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. სადავო ნორმები ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განაცხადის სასამართლოს მიერ დასაშვებობისა და შინაარსობრივი განხილვის საკითხებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადება განსაზღვრავს სასამართლოს უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საქმის განახლების შესახებ განაცხადის დასაშვებობა. 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს, რომ სასამართლოს მიერ „საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ამ საკითხზე მიღებული განჩინება კი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. 431-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი. თავიდან უნდა იქნეს განხილული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განსაზღვრავს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი კი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების ხელშეუხებლობას. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, მე-3 პუნქტი ადგენს დაცვის უფლების გარანტიას, ხოლო მე-7 პუნქტში დეკლარირებულია, რომ „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2012 წლის 28 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომელიც შპს „აკა“-ში დამფუძნებელი პარტნიორის 20%-იან წილზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას აღადგენდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2012 წლის 12 მარტს აღსრულდა და მოსარჩელეს კუთვნილ წილთან ერთად დაუბრუნდა დამფუძნებელი პარტნიორის უფლება-მოვალეობები. მოსარჩელის განცხადებით, 2015 წლის ოქტომბერში აღნიშნული შპს-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა სასამართლოში შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რაც სასამართლომ, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმების გამოყენებით, ცნო დასაშვებად, საფუძვლიანად და 2016 წლის 23 მარტის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა და განაახლა საქმეზე წარმოება. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ წარმოქმნილი მდგომარეობით ისარგებლეს შპს-ს სხვა პარტნიორებმა, ჩაატარეს პარტნიორთა კრება და მიიღეს გადაწყვეტილება დავით ძოწენიძის კუთვნილი 20%-ის ოდენობის წილის გადანაწილების შესახებ. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მოსარჩელე ჩამოშორდეს საწარმოს მართვას და ხანგრძლივი დროით დაკარგოს დივიდენდების მიღების შესაძლებლობა, რაც შელახავს მის ქონებრივ უფლებებსა და ინტერესებს.
6. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების პროცედურა ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალწარმოების ფუძემდებლურ პრინციპებს, როგორებიცაა კანონის წინაშე თანასწორობა და შეჯიბრებითობა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს და უფლებათა დაცვის გარანტიას.
7. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ პრინციპებთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო რეგულირება, სადაც ამგვარი გარემოებების გამოვლენა იწვევს საქმის გადასინჯვას. სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებული წესი, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამოვლენისას უშვებს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ, რამდენადაც სადავო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ საქმის განხილვა თავიდან იწყება კოდექსით დადგენილი ზოგადი წესებით, მხარეებს საშუალება ეძლევათ, წარმოადგინონ ახალი, განსხვავებული მტკიცებულებები საქმესთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ საქმის განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული არ ყოფილა. ამასთან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე განახლებულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ძველი გადაწყვეტილების იდენტურიც რომ იყოს, მხარეს მაინც აქვს ზედა ინსტანციებში გასაჩივრების უფლება, რაც იწვევს სამართალწარმოების გაჭიანურებას, მხარეთათვის სამართლებრივი შედეგის დაყოვნებას და ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელე თავისი არგუმენტების გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, თანასწორობისა და საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპებს.
10. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აყენებს შუამდგომლობას სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე და მიუთითებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე საქმის წარმოების განახლების პროცესში ისეთი ახალი მტკიცებულებების დაშვება, რაც არ იყო მითითებული საქმის განახლების შესახებ განცხადებაში, გამოიწვევს მისი უფლებების შეზღუდვას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. N765 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მათ შორის სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსკ) 430-ე მუხლის მესამე ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად „დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ვრცელდება არა მხოლოდ სისხლის სამართლის სფეროზე, არამედ ასევე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაზეც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56).
4. სსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ხოლო 431-ე მუხლი ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე თავიდან, ზოგადი წესებით განიხილება. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივ შედეგებს. ისინი არ წარმოადგენენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას საქმის განხილვაში მოსარჩელის მონაწილეობის და მის მიერ თავის დაცვის მარეგულირებელ წესებს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ხსენებული სადავო ნორმები მას ართმევს დაცვის უფლებით ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, N765 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ასევე ასაჩივრებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულება ადგენს, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს. აღნიშნული გარანტია სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი კომპონენტია და განსაზღვრავს, რომ სასამართლომ საქმის შეფასებისას მხოლოდ ის მტკიცებულებები უნდა გამოიყენოს, რომელთა მოპოვებისას კანონი არ დარღვეულა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე საქმის წარმოების განახლება განცხადების შემტან მხარეს საშუალებას აძლევს, თავიდან, საქმის ზოგადი წესებით განხილვისას სასამართლოში წარადგინოს ის მტკიცებულებებიც, რაც საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარმოდგენილი საქმის პირველად განხილვისას. თუმცა მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს, რა ფორმით ადგენს ან საერთოდ ადგენს თუ არა სადავო ნორმები კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის მესამე ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, N765 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. მოსარჩელე მიუთითებს რომ სსკ-ის 430-ე მუხლის მესამე ნაწილი და 431-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. დიფერენცირებული მოპყრობის დასასაბუთებლად კი იგი სადავო ნორმებით დადგენილ წესს საქართველოს სისხლის საპროცესო კოდექსის ნორმებს ადარებს, რომლებიც, თავის მხრივ, ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის პროცედურას არეგულირებენ.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
9. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ გამოკვეთს, თუ რომელ პირთა წრესთან მიმართებით ხდება მისი დიფერენცირება სადავო ნორმათა საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადახედვის წესზე მითითებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მოსარჩელე შესაძლოა დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფ პირებად მოიაზრებდეს სისხლის და სამოქალაქო სამართალწარმოების მონაწილე სუბიექტებს. თუმცა სარჩელში არ არის იდენტიფიცირებული, თუ რატომ წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის სისხლის და სამოქალაქო სამართალწარმოება შესადარებელ ურთიერთობებს. სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის განსხვავებულად მოწესრიგება თანასწორობის უფლების შეზღუდვის მტკიცებისათვის სათანადო არგუმენტად ვერ გამოდგება. კონსტიტუციის მე-14 მუხლი შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული რეჟიმია დადგენილი ან პირიქით. ამ შემთხვევაში სადავო ნორმა ნეიტრალური ხასიათისაა ნებისმიერ პირთა წრის მიმართ. მის საფუძველზე არ ხდება სამოქალაქო პროცესის გარკვეული სუბიექტების მიმართ უკეთესი უფლების დადგენა მოსარჩელესთან შედარებით. შესაბამისად, სარჩელში არ არის იდენტიფიცირებული არც დიფერენცირების ფაქტი და არც არსებითად თანასწორ პირთა წრე, რომელთა შორის დიფერენცირებაზეც მოსარჩელე მიუთითებდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთთან მიმართებით, N765 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. მოსარჩელე სსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას ასევე ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმებისა და კონსტიტუციის მოცემული დებულების შინაარსის არასწორ აღქმას. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმები განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის სასამართლო წარმოების პროცედურულ წესებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის შესაძლებლობას საკუთარი უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. შესაბამისად, სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეგულირების სფეროს წარმოადგენს პირის საკუთრების უფლების დასაცავად სათანადო საპროცესო კანონმდებლობის შექმნის ვალდებულება. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არასათანადო საპროცესო ნორმები მას საკუთრების დაცვის საშუალებას არ აძლევს, მათი კონსტიტუციურობის შემოწმება სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით უნდა მოითხოვოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ცხადია, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-5). სადავო ნორმების რეგულირება შემოიფარგლება ადამიანის უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით სასამართლო სამართალწარმოების წესების დადგენით და მის საფუძველზე არ ხდება თავად საკუთრების უფლების შეზღუდვა, მისი შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა. სადავო ნორმებს არა აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსკ-ის 430-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, N765 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №765 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.
14. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452, 453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
15. N765 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული შუამდგომლობის დასაბუთებისას მოსარჩელე ხაზს უსვამს არსებული რეგულირების შედეგად საქმის ხელახალი განხილვისას სამართლებრივი შედეგის დადგომის დროში გაჭიანურებისა და შეფერხების შესაძლებლობას. ამასთან, მიუთითებს საქმის თავიდან განხილვისას ისეთი ახალი მტკიცებულებების გამორიცხვის აუცილებლობაზე, რომლებიც ვერ მოიაზრება ახლად გამოვლენილი გარემოებების კონტექსტში. თუმცა მოსარჩელე არ მიუთითებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებზე, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სარჩელში არ არის აღნიშნული, თუ რატომ ვერ აღადგენს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოსარჩელის დარღვეულ უფლებას. მოსარჩელის მსჯელობაში არ იკვეთება ობიექტური გარემოებები, რაც ხაზს გაუსვამდა უფლებათა შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს. ხსენებულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N765 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის მესამე ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების და 430-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N765 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 430-ე მუხლის მესამე ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 429-ე მუხლის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის მესამე ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან და 430-ე მუხლის მესამე ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი