საქართველოს მოქალაქეები – კობა კობახიძე, ირაკლი ლეკვეიშვილი და კობა გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/3/138,171,179 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 1 მაისი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – კობა კობახიძე, ირაკლი ლეკვეიშვილი და კობა გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (1) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების“ მე–10 მუხლის მე–7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის პირველ პუნქტთან; (2) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 86–ე მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – კობა კობახიძე, ირაკლი ლეკვეიშვილი და კობა გოცირიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 16 აპრილს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების: კობა კობახიძის 138–ე და 179–ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები და ირაკლი ლეკვეიშვილისა და კობა გოცირიძის 171–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მათი არსებითი განხილვისათვის მიღებისა და გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2002 წლის 25 აპრილს. სასამართლო კოლეგიამ ცალ–ცალკე იმსჯელა განმწესრიგებელ სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ კონსტიტუციური სარჩელების შესახებ.
კონსტიტუციური სარჩელები შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის, 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლისა და 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე–2 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის, მე–10 მუხლის პირველი პუნქტისა და მე–16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე.
138–ე და 171–ე ნომრებით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელეები მოითხოვენ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების“ მე–10 მუხლის მე–7 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. 179–ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში კი დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852–ე მუხლის პირველი პუნქტი.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებთან მიმართებითაც ისინი მოითხოვდნენ სადავო აქტების კონსტიტუციურობის დადგენას. 171–ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელის ავტორებმა გაზარდეს დავის საგანი და მოითხოვეს ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის შემოწმება, ისევე როგორც ამას ადგილი აქვს 179–ე კონსტიტუციურ სარჩელში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის, განმწესრიგებელ სხდომაზე თვით მოსარჩელეების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებისა და მათი ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტები არიან, სარჩელებში მითითებული სადავო საკითხები კი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მიაჩნია, რომ 138–ე. 171–ე და 179–ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები შეიძლება გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული, ვინაიდანაც სამივე სარჩელში საქმე გვაქვს თვისობრივად ერთგვაროვან დავის საგანთან.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–2, მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტის პირველი წინადადებით, მე–17 მუხლის მე–5 პუნქტით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22–ე მუხლით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – კობა კობახიძის, ირაკლი ლეკვეიშვილისა და კობა გოცირიძის კონსტიტუციური სარჩელები (1) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების“ მე–10 მუხლის მე–7 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29–ე მუხლის პირველ პუნქტთან, 41–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და (2) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 86–ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით;
2. გაერთიანდეს 138–ე, 171–ე და 179–ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები მათი ერთობლივად განხილვის მიზნით ერთ საქმედ – „საქართველოს მოქალაქეები – კობა კობახიძე, ირაკლი ლეკვეიშვილი და კობა გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე);
ა. აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ი. ფუტკარაძე;
ნ. შაშკინი.