ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1-1/752 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 12:15 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე- წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა − წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №752) მიმართა ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 9 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 14 დეკემბერს. საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2017 წლის 22 მარტს და 20 აპრილს.
2.№752 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სადავო ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.
5.№752 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 2 აგვისტოს, ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“ №04/02152 განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საჯარო ინფორმაციის სახით, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 11 თებერვლის ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადაცემის თაობაზე. სამინისტრომ ნაწილობრივ გასცა ინფორმაცია და განმარტა, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი ზღუდავდა მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემას. ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“ სასამართლო წესით მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულება ადმინისტრაციული ორგანოსთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებმა მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და არ დააკმაყოფილეს, ხოლო საკასაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლო გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კომისიის დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია დაცულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით და, შესაბამისად, არ არის ხელმისაწვდომი.
6.მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი არღვევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცნობის უფლებას, რადგან შეზღუდულია გასაჩივრებულ ნორმაში მითითებული ინფორმაციის მიღება მესაკუთრის თანხმობის გარეშე. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოსდაცვითი ინფორმაცია გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მიწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი და ბუნებრივი ობიექტები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები და ამ ელემენტების ურთიერთქმედება. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ინფორმაცია წიაღისა და წიაღისეულის შესახებ მიეკუთვნება გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. მოსარჩელის თქმით, „გარემოს შესახებ“ საქართველოს კანონითა და ორჰუსის კონვენციის განმარტება გარემოს შესახებ ინფორმაციის თაობაზე მოიცავს წიაღის შესახებ ინფორმაციასაც.
7.მოსარჩელის აზრით, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, ამიტომ იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდვის გარეშე.
8.იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზნად ასახელებს კომერციული სახის ინფორმაციის შენახვას. კანონმდებლობა ითვალისწინებს ინფორმაციის კომერციულად მიჩნევის პროცედურებს, რითაც დაცულია მესაკუთრის ინტერესები. აღნიშნული პროცედურების გავლის გარეშე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერთმნიშვნელოვნად შეზღუდვა ლახავს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას. მოსარჩელის თქმით, სადავო ნორმა ავტომატურად ახდენს ყველა ტიპის ინფორმაციის დახურვას, მიუხედავად იმისა, იგი მიჩნეული არის კომერციულ ინფორმაციად თუ არა. მოსარჩელის პოზიციით, ინფორმაცია, რომელიც არის კომერციული ხასიათის, უნდა გამოცალკევდეს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთობლიობიდან.
9.მოსარჩელის განცხადებით, მინერალური რესურსების მოპოვება, გადამუშავება გარემოს დაცვითი თვალსაზრისით არის ყველაზე დესტრუქციული საქმიანობა, რაც, თავის მხრივ, აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს არაერთ დოკუმენტში. კერძოდ, მოსარჩელის თქმით, სამთო მოპოვებითი მრეწველობა გარემოსთვის საშიშ საქმიანობას წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც მან შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის, წყლების, ზედაპირული, მიწისქვეშა და ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება.
10. მოსარჩელის განმარტებით, საინფორმაციო ფონდებში შეტანილია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული წიაღის შესწავლის სამუშაოები; წიაღისეულის საბადოები, მისი მარაგები და რესურსები; მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია; წიაღის უბნების გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან. ამასთან, ფონდი აწარმოებს ყველა წიაღით მოსარგებლის კადასტრს და სასარგებლო წიაღისეულის ბალანსს. მოსარჩელის აზრით, საინფორმაციო ფონდებში, რასთან ხელმისაწვდომობაც არის შეზღუდული, მოთავსებულია სრული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო მართვის შესახებ. მოსარჩელის თქმით, ფონდის წარმოების მიზნებისათვის გარემოს ეროვნული სააგენტო აგროვებს იმ ინფორმაციას, რომელიც წიაღის სარგებლობასთან არის დაკავშირებული.
11. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბალანსის დამტკიცების დროს ხდება ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა მაღაროს აშენების ადგილი, აშენებისა და ექსპლუატაციის პირობები; რესურსების ღია კარიერული წესით მოპოვებისას რა ტექნიკა უნდა იქნეს გამოყენებული და სხვა. მოსარჩელის აზრით, ამგვარი ინფორმაცია მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად. ამასთან, მოსარჩელის აზრით კონკრეტული საქმიანობის ტექნოლოგიური პარამეტრების აღწერა წარმოდგენას იძლევა, რა ზემოქმედება ხორციელდება გარემოზე.
12. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს წიაღის დამმუშავებლისათვის საკუთრების უფლების დაცვის მყარი გარანტიების შექმნა, რაც არსებით კავშირშია წიაღის დამმუშავებლის მატერიალურ სარგებელთან. წიაღის მატერიალური ინტერესი ვლინდება, ერთი მხრივ, წიაღის პირადი მოხმარების მიზნით დამუშავებაში, მეორე მხრივ კი, წიაღის დამუშავებით ეკონომიკური სარგებლის მიღებაში. გასაჩივრებული ჩანაწერი მიმართულია წიაღის, ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, დამმუშავებლის ინტერესების დაცვისკენ.
13. პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ჩანაწერის მიზანია ავტომატურად დაიცვას წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და წიაღთან დაკავშირებული სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ არსებული მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მისი მომპოვებლის მიერ ხარჯების გაღებასთან, რადგან ეს ინფორმაცია არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. აღნიშნული ინფორმაციის განკარგვა შეუძლია მხოლოდ მის მესაკუთრეს. გასაჩივრებული ნორმით დაცული ინფორმაციის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამჟღავნება კომერციულ ღირებულებას გამოაცლის სასყიდლით მოპოვებულ ინფორმაციას და გამოიწვევს პირის საკუთრების უფლების დარღვევას.
14. პარლამენტის წარმომადგენლის თქმით, წიაღის დამმუშავებელი პირი შეიმუშავებს კონკრეტულ ბიზნესგეგმას და ბიზნესგრაფიკს, რომელიც კომპანიის სტრატეგიული საქმიანობის ნაწილია და ისეთივე კონფიდენციალურია, როგორც ამავე ინფორმაციაში შემავალი ცნობები წიაღის სამთო-ტექნიკური დამუშავების მეთოდების შესახებ. შესაბამისად, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია, შექმნას კომერციულად ღირებული ინფორმაციის მიმართ მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების დაცვის გონივრული მექანიზმი.
15. პარლამენტის პოზიციით, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლში დაცული ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. იგი თავისი ბუნებით არის კერძო ხასიათის და საჯარო ორგანოს გადაცემული აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პირობებით. გარდა სადავოდ გამხდარი ნორმით დაცული ინფორმაციებისა ასევე არსებობს წიაღის შესახებ სხვა სახის ინფორმაციებიც, რომლებზეც დაცვის აღნიშნული რეჟიმი არ მოქმედებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. ღია იქნება ინფორმაცია, რომელიც „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით არის განსაზღვრული და არ შეიცავს კომერციულ ინტერესებს.
16. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი ფართოდ არ უნდა იქნეს გაგებული, არამედ იგი მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც რელევანტურია ადამიანის როგორც გარემოს შემადგენელი სუბიექტის ცხოვრებისათვის. სადავო ნორმაში მოცემული ინფორმაცია ეხება პირობებს, რესურსებს, რაოდენობას, რაც არ არის გარემოს შესახებ ინფორმაცია და, შესაბამისად, არ არის დაცული კონსტიტუცის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით.
17. გარემოს ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის შორენა იოსებიძის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო არის პრაქტიკულად ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ფლობს წიაღისეულის შესახებ ინფორმაციას და გამონაკლისი არის მხოლოდ ნავთობისა და გაზის შესახებ ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება ენერგეტიკის რეგულირების სფეროს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში თავმოყრილი ინფორმაცია მოიცავს გეოლოგიურ ანგარიშებს, კონკრეტული სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში ჩატარებული კვლევების ანგარიშებს. მარაგების შესახებ ანგარიში მოიცავს კონკრეტული ადგილის შესახებ გეოგრაფიულ აღწერილობას, რა ტიპისა და წარმოშობის ქანებია, რა ფართობზეა და რა მოცულობის რესურსის მოპოვება არის შესაძლებელი და სხვა. მოწმემ აღნიშნა, რომ ზოგიერთი რესურსის შესასწავლად დიდი ხარჯების გაწევა უწევს ლიცენზიატს. ლიცენზიატის მიერ მომზადებული მარაგების ანგარიში წარედგინება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების უწყებათაშორის კომისიას, რომელიც განხილვის შემდგომ ამტკიცებს ან უარს ამბობს მარაგების დამტკიცებაზე.
18. მოწმის განცხადებით, იგი ცალსახად ვერ იტყვის, სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულად წარმოადგენს თუ არა კომერციულ საიდუმლოებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ მისი მოპოვებისთვის გაწეული ხარჯები მიუთითებს ინფორმაციის მიმართ კომერციული ინტერესის არსებობაზე. მოწმის თქმით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭების თაობაზე წარმოება არასდროს ჩაუტარებია. სადავო ნორმით ინფორმაციის გაცემის შეზღუდვისას აღნიშნულ ინფორმაციას არ განმარტავენ როგორც კომერციულ საიდუმლოებას, არამედ ინფორმაციას, როგორც პირის საკუთრებას არ გასცემენ მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე. შესაბამისად, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვა. მოწმის განცხადებით, ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებაში აისახება, რომელ საბადოზე რა ოდენობისა და სახეობის რესურსი არსებობს. მოწმის თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის ანგარიში მოცულობითია და მოიცავს როგორც ფიზიკურად შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას, ასევე მოპოვებული რესურსებისა და გადახდილი გადასახადების შესახებ ინფორმაციას.
19. მოწმის აზრით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიში არ უნდა განვიხილოთ დოკუმენტად, სადაც აღწერილია გარემოს მდგომარეობა. ამასთან, მოწმე აღნიშნავს, რომ საბადოს დამუშავების პირობები შეიძლება გავლენას ახდენდეს გარემოზე და საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობების შესახებ ინფორმაცია ორჰუსის კონვენციის მიზნებისთვის წარმოადგენდეს გარემოს შესახებ ინფორმაციას. მაგალითად, სად შეიძლება გამოიყენონ მძიმე ტექნიკა, ბურღვა და ფეთქებადი სამუშაოები, რა სიღრმიდან შეიძლება რესურსის ამოღება.
20. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მაია ზავრაშვილის განცხადებით პრობლემა აქვს არა სადავო ნორმას არამედ ამ ნორმის ინტერპრეტაციას. მოწმემ აღნიშნა, რომ გარემოს შესახებ ინფორმაციაზე საკუთრების უფლება არავის არ აქვს. უარყოფითი მორფოდინამიკური შედეგები გარემოზე უარყოფითი შედეგები ღია ინფორმაციაა. ამასთან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კონკრეტული მოქმედებით გარემოზე რა უარყოფითი შედეგები დადგება, თუმცა რა ტექნიკური პარამეტრები არის ამის გამომწვევი შეიძლება დახურული იყოს. მოწმის თქმით, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი წინადადება გარემოს დაცვით ინფორმაციასაც მოიცავს. ამასთან, გარემოს დაცვითი ინფორმაცია უფრო მეტად დაკავშირებულია შედეგებთან, რომელიც უნდა იყოს ღია და ხელმისაწვდომი.
21. მოწმის განცხადებით, სადავო ნორმის საფუძველზე არსებობს ინფორმაციის დამუშავების ვალდებულება. სადავო ნორმაში აღნიშნული სამთო-ტექნიკური პარამეტრები არ შეიძლება ისე ფართოდ იქნეს გაგებული, რომ მთლიანად დაიხუროს ანგარიში ან საბადოს შესახებ ინფორმაცია. მოწმემ აღნიშნა, რომ ლიცენზიატი ხარჯებს წევს შესწავლისა და შემდგომ კვლევების ჩატარებისთვის ანგარიშის მოსამზადებლად. ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდგომ კი ანგარიშის მფლობელი ყიდის ამ ანგარიშს.
22. N752 კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელმა მოსამართლემ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს წერილობითი შუამდგომლობით საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ №752 კონსტიტუციური სარჩელის („ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არსებითად განხილვის შემდგომ, გადაწყვეტილების პროექტზე მუშაობისას ჩამოუყალიბდა სამართლებრივი პოზიცია, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. N752 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემას სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაცია წიაღისა და წიაღისეულის შესახებ წარმოადგენს გარემოს შესახებ ინფორმაციას, რომლის დაფარვაც ზღუდავს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი - ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის … ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პირის უფლებას, მოიპოვოს ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაცია სხვა პირის ჯანმრთელობის, ფინანსების ან სხვა კერძო საკითხების შესახებ. თუ დავუშვებთ, რომ 41-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლების დასაცავად შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს კერძო სფეროს მიკუთვნებული ინფორმაცია, მივიღებთ პარადოქსულ სურათს – ნებისმიერ პირს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია სხვა პირის კერძო საკითხებზე, თუ ეს ინფორმაცია იმავდროულად არ არის სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოება. ეს, ლოგიკურად, აზრს უკარგავს 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის არსებობას, რომელიც „ტაბუს ადებს“ ინფორმაციას მისი კერძო სფეროსადმი კუთვნილების ნიშნით და არა იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას წარმოადგენს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
4. N752 კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელი მოსამართლე არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამკვიდრებულ პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ოფიციალურ ჩანაწერში არსებული პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცვა არ გამორიცხავს ასეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების გავრცელებას. ინფორმაციის ღიაობა უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ და მე-2 პუქნტებით დაცულ უფლებებს შორის ბალანსის დადგენის გზით.
5. საკონსტიტუციო სასამართოს პლენუმი მიიჩნევს, რომ მაღალი ალბათობით, N752 კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დადგება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუქნტით დაცული ინფორმაციის ღიაობის საკითხის გადაწყვეტის, შესაბამისად, დადგენილი პრაქტიკის გაზიარების ან შეცვლის საჭიროების წინაშე. ამავე დროს, მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების გათვალისწინებით, საკითხის დამატებითი გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს არსებული პრაქტიკის შენარჩულების საჭიროება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა გადაწყვიტოს დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის საკითხი, საჭიროა საქმის დამატებითი, სრულყოფილი გამოკვლევა პლენუმის მიერ და, შესაბამისად, N752 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი N752 მიღებულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი