თამაზ წულაძე და დიანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1625 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თამაზ წულაძე, დიანა წულაძე |
თარიღი | 20 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მეცხრე თავის, 625 - ე მუხლის მე-2 ნაწილი: „მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.“ |
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. |
2.საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება. ადამიანის სიცოცხლე დაცულია. |
|
3.საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
|
4.საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, მუხლი 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არ მიღების საფუძველი, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელეებს წარმოადგენენ პენსიონერები, რომლებსაც უწვეთ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო საპენსიო სესხის აღება. საპენსიო სესხს გასცემს მხოლოდ ლიბერთი ბანკი, რომელიც პენსიონერებისთვის ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს ადგენს. კერძოდ, წლიური საპროცენტო განაკვეთი 2021 წლის მდგომარეობით ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 42,87 % - ს, მაშინ როცა, სამომხმარებლო სესხი არაპენსიონერის შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 20-22 პროცენტში გაიცემა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625 -ე მუხლის მე- 2 ნაწილით დადგენილია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რაც 50 % - ს არ უნდა აღემატებოდეს, რომლის ფაგლებშიც დასაშვებია განაკვეთის ნებისმიერი ოდენობა. წინამდებარე მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ გამსესხებელზე. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი „ლიბერთი ბანკს“ აძლევს საშუალებას ისარგებლოს დომინირებული მდგომარეობით საპენსიო გასაცემლების ნაწილში და ვინაიდან, ბანკი პენსიონერებს მაღალ რისკ კატეგორიად აფასებს, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის მიმართ იყენებს ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს.
საკითხისადმი აღნიშნული მიდგომა და საკანონმდებლო ნორმის პრაქტიკაში ამ ფორმით მოქმედება მოსარჩელეებს აგდებს უკიდურესად გაუსაძლის მდგომარეობაში, შესაბამისად ისინი, ვერ უზრუნველყოფენ მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ამდენად, მოსარჩელეები წარმოადგენენ სათანადო მოსარჩელეებს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელისთვის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელები წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს იდაონ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებით.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-9, მე-10,
მე -11 და მე -19 მუხლებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმატიული შინაარსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი განსაზღვრავს გამსესხებლის ვალდებულებასა და პროცენტს სესხისათვის, სადაც მეორე ნაწილით გათვალისწინებულია, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს. აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში აგდებს ასაკობრივ კატეგორიის მოქალაქეებს.
დავიწყოთ იმით, რომ დღეს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ 783,705 მოქალაქე (საქსტატის 2021 წლის მონაცემები) მიეკუთვნება იმ ხანდაზმულ კატეგორიას, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ სარგოს სახით იღებს ყოველთვიურ პენსიას. საქართველოში არესბული მძიმე ეკონომიკური პირობებისა და სხვადასხვა სოციალური საჭიროებების ფონზე, დღეის მდგომარეობით, პენსიონერთა მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს საპენსიო კრედიტით. სწორედ, საპენსიო კრედიტის გაცემისას, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები. ვინაიდან, საპენსიო კრედიტი, ისევე როგორც, სხვა ნებისმიერი სესხი წარმოადგენს ვალდებულების სახეს, რომელიც მოვალის მხრიდან უნდა შესრულდეს დათქმულ დროს, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. საპენსიო კრედიტის გაცემის შემთხვევაში სესხის დაფარვა ხდება იმ თანხიდან, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიური სარგოს სახით გასცემს ასაკობრივი კატეგორიის პირებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმის მიღმა რჩებიან.[1], [2], [3], [4]
საპენსიო სესხს მხოლოდ „ლიბერთი ბანკი“ გასცემს. საპენსიო კრედიტის გაცემისა და საპროცენტო განაკვეთის გონივრულობის საკითხის განსაზღვრისას, შესწავლის შედეგებმა აჩვენეს, რომ პენსიონერი უფლებამოსილია, 57 თვის ვადით ისარგებლოს საპენსიო კრედიტით, რომლის მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება ყოველთვიური სარგოს ცხრამაგ ოდენობას. სადაც, წლიური საპროცენტო განაკვეთი 2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 30,69 % -ს, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 42,87 % - ს, მაშინ როცა, სამომხმარებლო სესხი არაპენსიონერის შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 20-22 პროცენტში გაიცემა.[5] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625 -ე მუხლის მე- 2 ნაწილით დადგენილია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რაც 50 % არ უნდა აღემატებოდეს, რომლის ფაგლებშიც დასაშვებია განაკვეთის ნებისმიერი ოდენობა. წინამდებარე მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ გამსესხებელზე. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი „ლიბერთი ბანკს“ აძლევს საშუალებას ისარგებლოს დომინირებული მდგომარეობით საპენსიო გასაცემლების ნაწილში და ვიანიდან, ბანკი პენსიონერებს მაღალ რისკ კატეგორიად აფასებს, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის მიმართ გამოიყენოს ყველაზე მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.[6]
ჩვენს შემთხვეაშიც, მოსარჩელეები, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო იძულებულნი გახდნენ პენსია წინასწარ გამოეტანათ. საპროცენტო განაკვეთი კი, აღნიშნული ნორმის ფარგლებში იმდენად დიდია, რომ თითქმის ორმაგი თანხის დაფარვა უწევთ. შესაბამისად, ისინი ვერ უზრუნველყოფენ მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
საპენსიო კრედიტზე დადგენილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო ცხადყოფს პენსიონერთა მიმართ გამოვლენილ არაკეთილსინდისიერ მიდგომას. მაშინ როდესაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გაღებული ყოველთვიური დახმარება და ხელშეკრულების მხარედ გვევლინება სოციალური საჭიროების მქონე პირი, ცხადია აღნიშნული ციფრები არის არაგონივრული და არაკეთილსინდისიერი. დაუშვებელია პენსიონერს დაევალოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის გადახდა. მნიშვნელოვანია, საპროცენტო განაკვეთის რეგულირებასთან დაკავშირებით გულისხმიერი მიდგომა და კეთილსინდისიერი პირობების დადგენა პენსიონერთა მიმართ.
სწორედ ამგვარად, ირღვევა საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - პენსიონერთა უფლებები საქართველოში, მაშინ როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რომლის მე-4 პუნქტით დაცულია საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები. კერძოდ, რომ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. კონსტიტუციის ეს ზოგადი დებულება დაკონკრეტებულია „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, რომლის მიხედვით, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალურ ფიზიოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს, რომ საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება: („ბ“) მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის და („გ“) პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის.
სოციალური უფლებების გარანტია შესაბამის კანონებში უნდა აისახოს. ეს კონსტიტუციაში განმტკიცებული ყველა სოციალური უფლების მოთხოვნაა. კანონმდებელი აკონკრეტებს და განსაზღვრავს სოციალური უფლებების რეალიზების მოცულობას. ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, შექმნას ადამიანის ღირსეული არსებობისთვის შესაბამისი სოციალური პირობები.
შესაბამისად, აღნიშნული ნორმის (საქართველოს სამოქალქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ფარგლებში ირღვევა ხანდაზმულ პირთა მნიშვნელოვანი ნაწილის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. მოსარჩელეთა მოთხოვნაა, დარღვეული უფლებების დაცვა და აღდგენა.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
„ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“[7]. ადამიანის ღირსება ყველა ძირითადი უფლების საფუძველია. ადამიანის უფლებათა ბუნებითი წარმოშობის აღიარება სწორედ ადამიანის ღირსების აღიარებას გულისხმობს. ადამიანს რომ ღირსება აქვს, ამიტომ გააჩნია სიცოცხლის, თავისუფლების, თანასწორობის, ბედნიერების და ღირსეული სიცოცხლის უფლებები. სწორედ ადამიანის ღირსებაში ძევს უფლებათა ლეგიტიმურობის საფუძველი. ადამიანის უფლებათა არაერთ უნივერსალურ თუ რეგიონალურ სამართლებრივ აქტში ადამიანის ღირსებას სპეციფიური, სრულიად გამორჩეული როლი აქვს მიკუთვნებული ადამიანის უფლებათა შორის. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის პირველივე დებულებაში გაცხადებულია, რომ დეკლარაცია ეყრდნობა „ადამიანის ხელშეუვალი, თანაარსი ღირსების, თანასწორობისა და განუყოფელი უფლებების აღიარებას“. დეკლარაციის პირველივე მუხლიც ადამიანის ხელშეუვალ ღირსებას ეძღვნება. ადამიანის ღირსების პირველადი, წარმმართველი და ფართო მნიშვნელობა კარგად არის გამოკვეთილი ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიაში. [8]
ადამიანი, როგორც გონიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი მოცემულობა, არასოდეს უნდა იქცეს „მიზნის მიღწევის საშუალებად“, იგი ყოველთვის „მიზანი“ უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი საქმიანობა ცალკეული ინდივიდებისა და მთელი საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ადამიანის ღირსება გააჩნია უკლებლივ ყველა ადამიანს ასაკის, ეროვნების, წარმოშობის, სქესის, ქონებრივი მდგომარეობისა და ნებისმიერი სხვა სტატუსის მიუხედავად.[9]
ადამიანის ღირსება უზრუნველყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, როგორიცაა ადამიანის ფიზიკური და სულიერი ხელშეუხებლობა; ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფა; ადამიანისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. [10]
უკიდურესად მძიმე ცხოვრების პირობები, საკვების ნაკლებობა, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურეობისადმი ხელმიუწვდომლობა ადამიანის ღირსებას ეწინააღმდეგება. სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები ყველასათვის მინიმალური მატერიალური პირობების შესაქმნელად; ჰქონდეს სოციალური უზრუნველყოფის ადეკვატური სისტემა; იზრუნოს უმუშევრობის შესამცირებლად და უმწეოთა დასახმარებლად. სახელმწიფო, რომელიც არ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისათვის საარსებო მინიმუმს და გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს მათ, უხეშად არღვევს კონსტიტუციას. ეს იმავდროულად იმ პასუხისმგებლობის უარყოფაა, რაც მას სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე ეკისრება. აღსანიშნავია, რომ გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, ადეკვატური კვების, სამოსის, ცხოვრების პირობებისა და მათი მუდმივი გაუმჯობესებების უფლებებთან ერთად, ცალკე უფლებად აღიარებს ადამიანის ძირითად უფლებას, დაცული იყოს შიმშილისაგან.[11]
ამასთან, ევროპის სოციალური ქარტია, რომელსაც იზიარებს ევროსაბჭოს წევრი მთავრობები მიზნად ისახავს სოციალური და ეკონომიკური პროგრესისთვის ხელის შეწყობას, სადაც მე-12 მუხლით აღიარებს სოციალური უზრუნველყოფის უფლებას. სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც სულ მცირე თანაბარი უნდა იყოს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექისის რატიფიცირებისათვის აუცილებელი დონის; ამასთან, ქარტიის ხელშემკვრელი სახელმწიფოები მიზნად ისახავს ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა.[12]
უსამართლო კანონი თუ სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობა ადამიანის ღირსებას ლახავს. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ დემოკრატიულ სახელმწიფოში და გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი სამართლის უზენაესობის დაცვისა, მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი კანონები სამართლიანად და ადეკვატურად იქნება მათ მიმართ გამოყენებული და ისინი არ გახდებიან ხელისუფლების თვითნებობის მსხვერპლი. ქვეყანაში დამკვიდრებული სამართლებრივი სისტემა მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს დაუცველობის განცდას, რომელიც უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებანი, რომლებსაც ის გამოიყენებს თავისი დარღვეული უფლებების აღდგენა-გამოსწორებისათვის.[13]
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
კონსტიტუციის მე-10 მუხლი იცავს ადამიანის სიცოცხლეს. სიცოცხლის უფლება დამცავი უფლებაა. არავის აქვს უფლება წაართვას ადამიანს სიცოცხლე ან საფრთხე შეუქმნას მას. სიცოცხლის უფლების დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა მარტო ადეკვატური კანონმდებლობის არსებობით, არამედ ამ კანონმდებლობის შესაბამისი გამოყენებით. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტური დაცვა. სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას – არ ხელყოს ადამიანის სიცოცხლე და, ამასთანავე, პოზიტიურს – იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისაგან.[14]
სიცოცხლის დამცავი კანონმდებლობის არსებობა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. კანონით სიცოცხლის უფლების დაცვა იმას გულისხმობს, რომ ადამიანის მოკვდინება უკანონოდ (არამართლზომიერად) უნდა იქნეს გამოცხადებული.
კანონი უნდა კრძალავდეს არა მარტო ადამიანის სიცოცხლის უშუალო ხელყოფას, არამედ სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელ ნებისმიერ მოქმედებას, იმის მიუხედავად, გამოიწვია თუ არა მან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სიცოცხლის დამცავ ნორმებად უნდა მივიჩნიოთ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლებიც, სადაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებადაა აღიარებული გარკვეულ დანაშაულთა ჩადენა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით, ანდა, სიცოცხლისათვის საფრთხის სხვაგვარად შექმნით. თუმცა, კანონმდებლობის სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებები იმასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფომ დაარეგულიროს ნებისმიერი ისეთი სახის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანისათვის სიცოცხლის საფრთხის შექმნასთან, ან ასეთი საფრთხის შექმნის რისკთან და იქონიოს შესაბამისი კანონმდებლობა თუ ინსტრუქციები.[15]
ადამიანის სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიების სიცოცხლის უფლების დაცულ სფეროში მოქცევის მცდელობა იყო უფრო გვიანდელ 2009 წლის 27 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.[16] მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას (,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი) არ ასაჩივრებდა კონსტიტუციის მე-15 მუხლის (ძველი რედაქციით) პირველ პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა: ,,სახელმწიფომ უნდა გაწიოს, სულ მცირე, იმგვარი დახმარება, რაც უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლების შენარჩუნებას.” მოსარჩელე მხარის აღნიშნული არგუმენტი აისახა სასამართლოს კოლეგიის ორი მოსამართლის განსხვავებულ აზრში.[17] მოსამართლეებმა ადამიანის საარსებო საშუალებით უზრუნველყოფა განიხილეს სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან კავშირში. მათი განმარტებით, ეს პრინციპი ავალდებულებს სახელმწიფოს, ადამიანის უუნარობისა და სიღარიბის შემთხვევაში მისი ელემენტარული საარსებო (სასიცოცხლო) საშუალებებით უზრუნველყოფას. „ზოგადად, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ემსახურება უპირველესად უსაფრთხოების, ადამიანის ღირსების და თავისუფლების შენარჩუნებას...“ თუმცა ამ პრინციპის პრაქტიკული რეალიზაციისათვის პირველ რიგში უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები: „1) სოციალური უფლებების კანონმდებლობით აღიარება, 2) ადამიანის უუნარობისა და სიღარიბის შემთხვევაში მისი ელემენტარული საარსებო (სასიცოცხლო) საშუალებებით უზრუნველყოფა.[18]
4. საქართველოს კონსტიტუციის მე - 11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
„ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და სამართლის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა “. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ახდენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლების რეგლამენტირებას, არამედ, ასევე წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს “. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).[19]
„საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“.[20]
დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის წინაშე თანასწორობა ერთ-ერთი უმთავრესი სამართლებრივი პრინციპია. ყველა ადამიანი განურჩევლად მისი რასობრივი, ენობრივი, სოციალური, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა კუთვნილებისა, ექვემდებარება ერთი და იმავე კანონს, რომ ეს კანონი თანაბრად უნდა იქნეს მათ მიმართ გამოყენებული. ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის მე-7 მუხლის მიხედვით, ყველა ადმიანი თანსწორია კანონის წინაშე და გააჩნია თანაბარი სამართლებრივი დაცვა კანონის საფუძველზე.
კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს, რომ არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებებთან მიმართებაში კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. კანონის წინაშე თანასწორობა გულისხმობს მხოლოდ ადამიანთა იურიდიულ თანასწორობას, როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების პროცესში სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/1/439 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება N 1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის N1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-5).[21]
„თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4.).[22]
„საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, „თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისას და დადგენისას ის მიმართავს შემდეგ ძირითად მიდგომას: „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით შეფასებისათვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არიან თუ არა სადავო ნორმის მოქმედების ადრესატები/სუბიექტები არსებითად თანასწორნი ამ ნორმით განსაზღვრული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, არის თუ არა სახეზე არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორი მოპყრობა.[23]
შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის დასადგენად უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არიან კანონის საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი ან თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირები რამდენად არიან არსებითად არათანასწორ კონკრეტულ ურთიერთობაში. ამგვარად, უნდა არსებობდეს დიფერენცირების ფაქტი არსებითად თანასწორ პირებს შორის ან არსებითად არათანასწორ პირებს სახელმწიფო ერთნაირად უნდა ეპყრობოდეს. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა ერთგვაროვანია მისი დაარსების დღიდან, რაც ნათლად ჩანს მის გადაწყვეტილებებში.
ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელი ნიშნით დაირღვა მისი თანასწორობის უფლება, რათა სასამართლომ იმსჯელოს დარღვეული უფლების შესახებ. “სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულება ძირითადად მოიცავს ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. კერძოდ, უფლება დარღვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებაში მოცემული ჩამონათვალიდან რაიმე ნიშნის მიხედვით“.[24] ჩვენს შემთხვევაში სადავო ნორმა პრაქტიკაში გამოყენებისას განსხვავებულად არეგულირებს და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აგდებს სოციალური კუთვნილების მიხედვით საქართველოს მოქალაეებს (პენსიონერებს), რომლებიც სახელმწიფოსაგან იღებს სოციალური სარგებელს - ყოველთვიურ პენსიას. პენსიონერთა უმეტესი ნაწილი კი სარგებლობს საპენსიო კრედიტით, შესაბამისად ირღვევა ხანდაზმულ მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული სოციალური უფლებები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ადგენს ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას განურჩევლად მათი სოციალური კუთვნილებისა. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იცავს მოქმედი საკანონმდებლო ნორმის წინაშე ადამიანთა ამ ნიშნით თანასწორობას. იგი არ მოიაზრებს ადამიანის დაცვას მისი სოციალური წარმოშობის ან სადავო ნორმატიული აქტის მიღებამდე არსებულ მათ რომელიმე სტატუსთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულების დაცვა მიმართულია იმ პირებისკენ, რომელთა სოციალური კუთვნილება არსებობს დიფერენცირების დამდგენი ნორმის მიღების ან მოქმედების რომელიმე ეტაპზე. [25]
ამ საქმეში სასამართლომ განმარტა სოციალური ჯგუფის არსებობის დადგენის კრიტერიუმები. სასამართლომ განაცხადა: იმისთვის, რომ კანონი ახდენდეს პირთა სოციალური კუთვნილების ნიშნით დიფერენცირებას, საჭიროა მისი მიღების ან მოქმედების პერიოდში არსებობდეს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრობასაც უკავშირდება დიფერენცირება. შეიძლება თუ არა პირთა ამა თუ იმ წრის განხილვა სოციალურ ჯგუფად, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სოციალური ჯგუფის არსებობის დადგენის კრიტერიუმები არ არის ცალსახა და ამომწურავი, თუმცა ზოგადი სურათის შესაქმნელად, პირობითად შესაძლებელია რამდენიმე მათგანის მითითება: 1. ჯგუფის წევრებს უნდა ახასიათებდეთ საერთო, მუდმივი ბუნება, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს პირის არჩევანის ან მისგან დამოუკიდებელი გარემოებების (ფაქტორების) გამო. მისი შეცვლა არ არის დამოკიდებული ჯგუფის წევრებზე ან იმდენად ფუნდამენტურია მათი პიროვნებისათვის, რომ მისი შეცვლის მოთხოვნა გაუმართლებელია. 2. სოციალურ ჯგუფად შეიძლება მოვიაზროთ პირთა წრე, რომლის წევრებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული მსგავსი იმიჯის, ქცევების ან/და ინტერესების საფუძველზე. ამავე დროს, ორივე შემთხვევაში ჯგუფის წევრებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ბუნება (თვისებები), რომელიც საშუალებას მისცემდა გარეშე პირებს, მოეხდინათ მათი როგორც კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრების იდენტიფიცირება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ისეთ პირთა წრის არსებობას, რომელიც ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ ჯგუფად.[26]
,,კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს შეხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია: ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას (როგორებიცაა, სახელმწიფო უშიშროება, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციითვე დასახელებული კონკრეტული საჯარო ინტერესები); სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა; ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, მათ შორის, მაგალითად, კონკრეტული გარემოებების რეალურად თავიდან აცილების შეუძლებლობის მიზეზით გამოწვეული დიფერენციაცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დისკრიმინაციაზე საუბარი არ შეიძლება, თუ არათანასწორი მიდგომა ექვემდებარება გონივრულ ახსნას, გამართლებას, რაციონალიზაციას.”[27]
აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენს შემთხვევაში გვაქვს კერძო ინტერესის დაპირისპირება საჯარო ინტერესთან, სადაც უპირატესობა, რა თქმა უნდა, არა კერძო ბანკს არამედ საჯარო ინტერესს - პენსიონერთა დარღვეულ უფლებებს უნდა მიენიჭოს.
”განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის. კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”. [28]
”განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის. კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”.[29]
დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები
განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან.[30]
აღნიშნულ შემთხვევაში საქმე გვაქვს დიფერენციაციის მაღალ ინტენსივობასთან და შესაბამისად, სასამართლომ უნდა გამოიყენოს მისი შეფასების „მკაცრი ტესტი“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით დაცული უფლების სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირევლი ნაწილით უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლში მემკვიდრეობის უფლებაზეცაა მითითება, დასახელებული ნორმა რეალურად აღიარებულია, როგორც საკუთრების უფლების გარანტი.[31]
„საკუთრების უფლება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორეს მხრივ - მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“[32] განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო საკუთრებას განიხილავს, როგორც ბუნებით უფლებას: „საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზებას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას.“ [33]
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთრების უფლება ადამიანის ღირსების და თავისუფლების წონად კატეგორიად განიხილება და სასამართლო აღნიშნავს, რომ „... ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევასა და რეგულირების ფარგლების დადგენისას.“[34]
უპირველეს ყოვლისა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განვსაზღვროთ, თუ რამდენად წარმოადგენდა პენსია საკუთრებას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიზნებისათვის. ამ თვალსაზრისით მხედველობაშია მისაღები ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს პრეცენდენტული სამართალი. როგორც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა „... უფლება კონკრეტული ოდენობის... პენსიაზე... არ შედის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში და თავისუფლებებში.“ (“Aunola v. Finland”). „თუმცა „მოთხოვნა“ – მათ შორის პენსიასთან მიმართებით – შესაძლებელია წარმოადგენდეს საკუთრებას კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მნიშვნელობით, თუ კი იგი საკმარისად რეალიზებადია”.[35]
ამ თვალსაზრისით, მხდეველობაშია მისაღები, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკაც. 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე „CASE OF BÉLÁNÉ NAGY v. HUNGARY“. კერძოდ, 25–ე პარაგრაფშია აღნიშნულია: „განმცხადებელი დავობს, რომ მან დაკარგა არსებობის საშუალება („livelihood“), რომელიც მას გარანტირებული ჰქონდა ინვალიდობის პენსიით, ვინაიდან ახალი სისტემით მას აღარ ეძლევა უფლება კონკრეტულ ფულად დახმარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. აღნიშნული განხორციელდა კანონმდებლობის ცვლილებით დადგენილი ახალი პირობებით, რომლებსაც იგი აღარ აკმაყოფილებს.“. სასამართლომ, იგივე პარაგრაფში, ასევე განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული „საჩივარი უნდა შემოწმდეს პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით, რომელიც იკითხება შემდეგნაირად: „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.“
„დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმე ეხებოდა საკუთრების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების დაცვა ადამიანის ღირსების
პატივისცემაა. „უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების, ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლების სრულფასოვან რეალიზებაზე.[36]
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-10, მე-11, მე-19 მუხლის პირევლი პუნქტებით დაცულ უფლებებში ჩარევა
ა. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის განხილვის შემდეგ შესაძლებელია შემდეგი ძირითადი საკითხების განსაზღვრა:
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ღირსების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსტიტუტი გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე; ღირსება არის არა მხოლოდ უფლება, არამედ ამავე დროს ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება სხვა ძირითადი კონსტიტუციური უფლებები; სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის რეალიზება ემსახურება ადამიანის ღირსების პატივისცემას; სახელმწიფო კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როცა მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას; პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა აბსოლუტური უფლებაა; ამასთან, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სუბიექტია ადამიანი. შესაბამისად, კანონმდებლობა, რომელიც შეეხება და გავლენას ახდენს ადამიანის ღირსებაზე, უნდა შეესაბამებოდეს და პასუხობდეს ღირსების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს. აღნიშნული მუხლის პრაქტიკაში გატარება მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში აგდებს ასაკობრივ კატეგორიის მოქალაქეებს, რომელიც ლახავს მათ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, კერძოდ კონსტიტუციით დაცულ ადამიანის ღირსებას, სიცოცხლის უფლებას, თანასწორობის უფლებას და საკუთრების უფლებას.
აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობა.
ბ. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სიცოცხლის უფლება დამცავი უფლებაა. არავის აქვს უფლება წაართვას ადამიანს სიცოცხლე ან საფრთხე შეუქმნას მას. სიცოცხლის უფლების დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა მარტო ადეკვატური კანონმდებლობის არსებობით, არამედ ამ კანონმდებლობის შესაბამისი გამოყენებით. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტური დაცვა.
სიცოცხლის დამცავი კანონმდებლობის არსებობა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. კანონით სიცოცხლის უფლების დაცვა იმას გულისხმობს, რომ ადამიანის მოკვდინება უკანონოდ (არამართლზომიერად) უნდა იქნეს გამოცხადებული.
კანონი უნდა კრძალავდეს არა მარტო ადამიანის სიცოცხლის უშუალო ხელყოფას, არამედ სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელ ნებისმიერ მოქმედებას, იმის მიუხედავად, გამოიწვია თუ არა მან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები იმასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფომ დაარეგულიროს ნებისმიერი ისეთი სახის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანისათვის სიცოცხლის საფრთხის შექმნასთან, ან ასეთი საფრთხის შექმნის რისკთან და იქონიოს შესაბამისი კანონმდებლობა თუ ინსტრუქციები.
აქედან გამომდინარე სადავო ნორმატიული აქტის პრაქტიკაში გატარება ხანდაზმულ პირთა მიმართ სიცოცხლის საფრთხის შემქმნელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ადამიანის საარსებო საშუალებით უზრუნველყოფა განიხილება სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან კავშირში, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, ადამიანის უუნარობისა და სიღარიბის შემთხვევაში მისი ელემენტარული საარსებო (სასიცოცხლო) საშუალებებით უზრუნველყოფას.
გ. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი
„ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“.
„საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას.
სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით შეფასებისათვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არიან თუ არა სადავო ნორმის მოქმედების ადრესატები/სუბიექტები არსებითად თანასწორნი ამ ნორმით განსაზღვრული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, არის თუ არა სახეზე არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორი მოპყრობა.
ჩვენს შემთხვევაში სადავო ნორმა პრაქტიკაში გამოყენებისას განსხვავებულად არეგულირებს და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აგდებს სოციალური კუთვნილების მიხედვით საქართველოს მოქალაეებს (პენსიონერებს), რომლებიც სახელმწიფოსაგან იღებს სოციალური სარგებელს - ყოველთვიურ პენსიას. პენსიონერთა უმეტესი ნაწილი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მოქალქეები, როგორც აუცილებელი მოთხოვნილება სარგებლობს საპენსიო კრედიტით, რომელთაც უფლება არ აქვთ კრედიტის შემთხვევაში ისარგებლონ დაბალი საპროცენტო განაკვეთით, კერძოდ, 20-22%-ით, ისევე როგორც დანარჩენ, ჩვეულებრივ შემთხვევაში. შესაბამისად, ირღვევა ხანდაზმულ მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული სოციალური უფლებები. მაშინ როცა კონსტიტუციის მე-11 მუხლი ადგენს ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას განურჩევლად მათი სოციალური კუთვნილებისა. აღნიშნული შესაძლოა გამართლებულ იქნეს საჯარო და სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესების არსებობისას. ამასთან ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტია, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში ექცევიან. ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად აცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან.
აღნიშნულ შემთხვევაში საქმე გვაქვს დიფერენციაციის მაღალ ინტენსივობასთან და შესაბამისად, სასარჩელოს მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა.
დ. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი
„საკუთრების უფლება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორეს მხრივ - მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზებას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთრების უფლება ადამიანის ღირსების და თავისუფლების წონად კატეგორიად განიხილება და სასამართლო აღნიშნავს, რომ „... ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევასა და რეგულირების ფარგლების დადგენისას.
როგორც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა „... უფლება კონკრეტული ოდენობის... პენსიაზე... არ შედის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში და თავისუფლებებში.“ თუმცა „მოთხოვნა“ – მათ შორის პენსიასთან მიმართებით – შესაძლებელია წარმოადგენდეს საკუთრებას კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მნიშვნელობით, თუ კი იგი საკმარისად რეალიზებადია.
ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების, ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლების სრულფასოვან რეალიზებაზე.
ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს პრეცენდენტული სამართალის მიხედვით მოთხოვნა პენსიასთან მიმართებით წარმოადგენს საკუთრებას თუ კი იგი საკმარისად რეალიზებადია.
აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ხელყოფს საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი.
[1] https://netgazeti.ge/news/385391/
[2] https://www.facebook.com/netgazeti/posts/10157798974332044
[3] https://www.youtube.com/watch?v=Ijooi-hDtlU
[4] http://www.barristers.ge/ge/page/news_item/1604
[5] https://netgazeti.ge/news/422368/?fbclid=IwAR1eVu1wFGx0IhN4wA9IuURh94WDrdA04iGxatWu-FeQ1PReNkvXsk4C2yc
[6] http://www.barristers.ge/ge/page/news_item/1604
[7] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი მე - 9, I პუნქტი
[8] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, გვ. 108
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება, II.პ.30
[10] იქვე., გვ.112
[11] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 11
[12] ევროპის სოციალური ქარტია, სტრასბურგი 3.v. 1996
[13] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, თავი მეორე, გვ. 112
[14] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, გვ. 76
[15] იქვე.,
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს 1/2/434 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, I.პ.5
[17] სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს #1/2/434 გადაწყვეტილებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ქეთევან ერემაძისა და ბესარიონ ზოიძის განსხვავებული აზრი. პ.9
[18] ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თ.ტუღუში, გ.ბურჯანაძე, გ. მშვენიერაძე, გ.გოცირიძე, ვ.მენაბდე. სამეცნიერო რედაქტორი: მ.კოპალეიშვილი. 1996-2012 წლების სასამართლო პრაქტიკა
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/4/535 საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[20] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება N2/1/392 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2;
[21] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/4/535 საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/4/535 საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/4/535 საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის #2/10/383 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – ნორად ცოტნიაშვილი, ბადრი მაჭარაშვილი, შოთა სომხიშვილი, პეტრე საფნიანი, დიმიტრი გოგოლაძე; ჯარიბეკ პარადიანი, ლუდვიგ გრიგორიანი, შალიკო ბეჟუაშვილი, ასიმ ჩიტრეკაშვილი, ლევან თოკმაჭიანი, ნორიკ სუმბათიანი, ივანე როსტიაშვილი, რაფილ სხვაჩხიანი, არჩილ ფუხაშვილი, სერგო ეგიაზაროვი, გივი ჭაბუკიანი –– საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.1
[25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვტილება, II.პ.10;
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვტილება, II.პ.10
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება, II.პ.5
[28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება, II.პ.6
[29] იქვე;
[30] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება, II.პ.6
[31] ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თ.ტუღუშუ, გ. ბურჯანაძე, გ. მშვენიერაძე, გ. გოცირიძე, ვ. მენაბდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბ., 2013, გვ. 224
[32] იქვე, გვ.226
[33] იქვე, გვ. 227
[34] იქვე, გვ. 227
[35] (“Stran Greek Refineries and Stratis Andreadis v. Greece”).“ (“Pravednayav. Russia” აბზაცი 38)
[36] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.38
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა