(1) საქართველოს მოქალაქეების - დავით სილაგაძის, ლიანა დარსანიას და ეკატერინე წოწონავას 301-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი და (2) საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთინების 303-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/301,303 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 12 ოქტომბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: „(1) საქართველოს მოქალაქეების - დავით სილაგაძის, ლიანა დარსანიას და ეკატერინე წოწონავას 301-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი და (2) საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთინების 303-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: (1) 301-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 31 დეკემბრის N3211-რს საქართველოს კანონისა და (2) 303-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელის მიხედვით - აგრეთვე, „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2004 წლის 24 ივნისის N201 - რს საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: 301-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე - მოსარჩელეები: დავით სილაგაძე, ლიანა დარსანია და ეკატერინე წოწონავა, 303-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები - თამთა მამაიაშვილი და ანზორ თევზაია.
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები მათი არსებითად განსახილველად მიღებისა და გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა ამა წლის 23 სექტემებრს. 301-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2004 წლის 20 აგვისტოს, ხოლო 303-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ამავე წლის 8 სექტემებრს.
სასამართლო კოლეგიამ 2004 წლის 4 ოქტომბერს განმწესრიგებელ სხდომაზე ცალ-ცალკე იმსჯელა წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების შესახებ და დაადგინა სათანადო გარემოაბანი მათი არსებითად განსახილველად მიღებისა და გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით.
კონსტიტუციური სარჩელები შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 39-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-15 მუხლის საფუძველზე.
301-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მუშაობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს კონსულტანტებად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონით მოხდა ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების ლიკვიდაცია და ისინი დაექვემდებარნენ განთავისუფლებას.
303-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო აქტების მიღებამ გააუარესა იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც დათხოვნილ იქნენ სამუშოდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 31 დეკემბრის კანონთა და „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2004 წლის 24 ივნისის კანონით. ამჟამად შეჩერებულია იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებენ სახელფასო დავალიანებისა და გამოსასვლელი დახმარების მიღების უფლებას სამსახურიდან განთავისუფლებული მოქალაქეებისათვის. მართალია ეს დროებითი ღონისძიებაა, მაგრამ მოსარჩელის აზრით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ პირთა გარკვეული წრე უფრო მძიმე მდგომარეობაშია ჩაყენებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას და მათ წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 32-ე მუხლებთან.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე ფიზიკურმა პირებმა დააზუსტეს დავის საგანი. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშიდამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 31 დეკემბრის N3211-რს საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ჩამონათვალიდან მათ გამორიცხეს 47-ე მუხლის მოქმედების შეჩერების კონსტიტუციურობის საკითხი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელებისა და მასთან დაკავშირებული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე დამსწრე მოსარჩელეებისა და მათი წარმომადგენელების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
1. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ 301-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტებია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
2. სასამართლო კოლეგიის აზრით, 303-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე, მოსარჩელე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეიძლება იქნეს მიჩნეული უფლებამოსილ სუბიექტად. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება იურიდიულ პირებს გააჩნიათ იმ შემთხვევაში, „თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. არც კონსტიტუციური სარჩელიდან არ ჩანს და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ გამოიკვეთა, თუ როგორ შეილახა სადავო აქტებით პროფესიული კავშირების გაერთიანების - იურიდიული პირის, როგორც კერძო სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტის უფლება. წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში პროფესიული კავშირების გაერთიანების, როგორც მოსარჩელის, უფლებების დარღვევაზე (ან შესაძლო უშუალო დარღვევაზე) საერთოდ არაფერი არაა ნათქვამი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარგინებაა განსახილველად არ მიიღება, თუ შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ“.
3. ამდენად, 303-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით, სასამართლო კოლეგიის აზრით, არ არსებობს კანონიერი საფუძველი მისი არსებითად განსახილეველად მიღებისათვის, რაც იმავდროულად გამორიცხავს 301-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანებისა და მათი ერთად განხილვის შესაძლებლობას.
იხელძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებითა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1.მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - დავით სილაგაძის, ლიანა დარსანისა და ეკატერინე წოწონავას 301-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 31 დეკემბრის N3211-რს საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე (კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალში 47-ე მუხლის გამორიცხვით) საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით;
2.არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 303-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი (1) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 31 დეკემბერის N3211-რს საქართველოს კანონისა და (2) „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2004 წლის 24 ივნისის N201-რს საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 32-ე მუხლებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
3.პირველ პუნქტში გათვალისწინებულ სარჩელზე მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი;
4.საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოელგია;
5.საქმის არსებითად განხილვის სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
6.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი