მოქალაქე პააატა ბარბაქაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/12/196 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 26 ივლისი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 ივლისი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე:
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი:
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – მომხსენებელი მოსამართლე;
სხდომის მდივანი: ანა რევაზიშვილი
საქმის დასახელება: მოქალაქე პააატა ბარბაქაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივნისის №647 ბრძანებულების „საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1962-1995 წლებში მიღებულ ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ” მე-7 პუნქტის კონტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის ადვოკატი ნერსე კალანტაროვი.
2002 წლის 2 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №196) მომართა მოქალაქე პაატა ბარბაქაძემ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, საქართველოს ორგანული კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 23 თებერვლის №2/70-10 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის №131 „გ” განკარგულების პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი, რომლითაც საქართველოს ცეკავშირის სისტემიდან საკოლმეურნეო ბაზრები გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს სამოქმედო ზონის ქალაქებში. მათ შორის იყო ქ. ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი, რომელიც ცეკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი იურიდიული პირი იყო.
მოსარჩელე მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 26 თებერვლის №265 დადგენილების მეორე პუნქტით სახელმწიფომ, როგორც ძირითადმა მესაკუთრემ, კოოპერაციას, საკოლმეურნეო ბაზრები საკუთრების უფლებით უსასყიდლოდ გადასცა ბალანსიდან ბალანსზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მიეცა უფლება დაებრუნებინა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება ამის შემდგომ კი არავის ქონდა ისეთი სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება, რომელიც იგივე შინაარსის ნორმების შემცვლელი იქნებოდა და შეზღუდავდა მის საკუთრების უფლებას.
განმწესრიგებელ ხსდომაზე მოსარჩელის ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ აღუდგათ საკუთრების უფდება, მაგრამ ისინი რეალურად დღესაც არ არიან საკოლმეურნეო ბაზრების მეპატრონეები. მისი განმარტებით ისინი აღმოჩნდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემის წინაშე, ვინაიდან ხაშურის რაიონის გამგეობამ სადავო ბრძანებულებაზე დაყრდნობით უარი უთხრა მათ ბაზრების გადაცემაზე, იგივე საფუძვლით საოლქო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა მათი კანონიერი მოთხოვნა.
მოსარჩელე თვლის, რომ პრეზიდენტის 1999 წლის 6 დეკემბრის №647 ბრძანებულება, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტმა ძალადაკარგულად გამოაცხადა ის აქტი, რომლითაც თავის დროზე სამომხმარებლო კოოპერაციამ სახელმწიფოსგან საკუთრებაში მიიღო საკოლმეურნეო ბაზრები არაკონსტიტუციურია, ამასთან სადავო ბრძანებულებას იგივე შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, რაც არაკონსტიტუციურად ცნობილ აქტს, რის გამოც იგი მოითხოვს №647 ბრძანებულების „საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1962-1995 წლებში მიღებულ ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ” მე-7 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, აგრეთვე განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის ადვოკატის განმარტებათა საფუძველზე, მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 დეკემბრის №647 ბრძანებულებამ უგულვებელყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და აღადგინა ის განკარგულება, რომლითაც მოხდა საკოლმეურნეო ბაზრების ცეკავშირის სისტემიდან საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსათვის გადაცემა, ვინაიდან პრეზიდენტის ბრძანებულებას არ შეუძლია დაძლიოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამასთანავე საქართველოს პრეზიდენტის მიერ, №301 დადგენილების იმ ნუსხაში შეტანა, რომლითაც მოხდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1962-1995 წლებში მიღებულ ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლა არ ნიშნავს სამომხმარებლო კოოპერაციისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას, რადგან ზემოაღნიშნული ბრძანებულება არ ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 23 თებერვლის №2/70-10 გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს. ასევევ აღსანიშნავია, რომ სადავო ბრძანებულებამ №301 დადგენილება ძალადაკარგულად გამოაცხადა და არა ბათილად ანუ თავისი დანიშნულების შესრულების შემდგომ, რაც დამთავრდა ბაზრების სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისთვის გადაცემით მოხდა აღნიშნული დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 57-ე მუხლის თანახმად „საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყოფენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებთან შესაბამისობაში მოყვანას”. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი არათუ უფლებამოსილი არამედ ვალდებულიც იყო ეს დადგენილება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანა.
რაც შეეხება ხაშურის რაიონის გამგეობის მიერ სადავო ბრძანებულებაზე დაყრდნობით მოსარჩელისათვის საკოლმეურნეო ბაზრების საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიას მიაჩნია, რომ მათ მიერ არასწორადაა გაგებული ბრძანებულების შინაარსი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემასთან დაკავშირებით კი საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 25-ე მუხლზე, რომლის თანახმად „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით”.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით,, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” 21-ე მუხლის მეორე პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს არსებითად განსახილველად მოქალაქე პაატა ბარბაქაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 დეკემბრის №647 ბრძანებულების „საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1962-1995 წლებში მიღებულ ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ” მე-7 პუნქტის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
ასლი დედანთან სწორია.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი: ნიკოლოზ შაშკინი.