საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/1545 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2021 18:52 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბერის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1545) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1545 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 5 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. №1545 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
3. „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბერის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ (შემდგომში - დადგენილება) მე-2 მუხლი დადგენილების მიზნებისთვის განმარტავს გამოყენებულ ტერმინებს. კერძოდ, ამავე მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად მიიჩნევს საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს. დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია, წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია, ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ. ხოლო დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო რეგულირების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე საცნობი ნიშნის გაცემას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან ქვედა კიდურის ამპუტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავოდ გამხდარი ნორმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პარკირების სპეციალური პირობებს ავრცელებს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნაწილზე. კერძოდ, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებზე, ხოლო ქმედობაუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები კი (რომელთაც არ აქვთ ქვედა კიდურის ამპუტაცია) ვერ სარგებლობენ პარკირების სპეციალური პირობებით. ამდენად, შესადარებელ პირებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ესაჭიროებათ პარკირებისთვის სტანდარტულზე მეტი სივრცე, მეორე მხრივ კი, პირები, რომელთაც აქვთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები ან ქვედა კიდურის ამპუტაცია.
6. მოსარჩელის განმარტებით, სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის მიზნისთვის, შესაბამისი პირები ერთმანეთთან გათანაბრებულ უნდა იქნენ არა მათთვის მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, არამედ სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის რეალური საჭიროების მიხედვით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომლის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა გამოხატულია მნიშვნელოვნად ან ზომიერად, შესაძლებელია, აღენიშნებოდეს იმგვარი ფიზიკური შეზღუდვები, რომელიც საჭიროებს გადაადგილებისთვის/პარკირებისთვის სპეციალური პირობების შექმნას. თუმცა, მიუხედავად ამგვარი საჭიროებების არსებობისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი პარკირების ადგილით სარგებლობა კანონმდებლობით არ არის ნებადართული და იწვევს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას.
7. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, მათ შორის, სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლების მინიჭების საჭიროება უნდა განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, შესაბამისი ექსპერტული შეფასების შედეგად. ამასთან, სპეციალური საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა დაკავშირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალური სადგომით სარგებლობის ინდივიდუალურ საჭიროებასთან.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოსგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად აქტიურ მოქმედებას და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ამდენად, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეფექტური და შესაბამისი ზომები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის (მათ შორის ტრანსპორტით გადაადგილების) უფლების რეალიზების ხელშეწყობისთვის. საქართველოს სახალხო დამცველი ე. წ. სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლებას მოიაზრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის ფართო უფლების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ შესაბამისი სიკეთეებით სათანადოდ სარგებლობა. სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, მათ შორის, ხელს უნდა უწყობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მისაწვდომობის უფლების რეალიზებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვალდებულებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბერის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმა დადგენილების მიზნებისათვის განმარტავს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის“ ცნებას. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ მიიჩნევა საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
3. ზოგადად, ტერმინთა განმარტების მიზანი ამა თუ იმ კანონში გამოყენებული ცნების შინაარსის განსაზღვრაა. საკანონმდებლო დეფინიციები გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის №2/21/1305 განჩინება საქმეზე „კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/11/1276 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-8).
4. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა განმარტავს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის“ ცნებას. შესაბამისად, ნორმის მიზანია, სადავო დადგენილებაში განსაზღვროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის“ შინაარსი. ამდენად, სადავო ნორმა დამოუკიდებლად არ ადგენს რაიმე წესს, სამართლებრივ შედეგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის და, შესაბამისად, არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევის თვითმყოფად საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიფერენცირება არ გამომდინარეობს დასახელებული ნორმიდან.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მისი შინაარსის არასწორ აღქმას. შესაბამისად, №1545 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბერის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1545 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1545 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბერის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1545 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბერის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი