მოსარჩელეები ლაშა ჭინჭარაული, შოთა გრიგალაშვილი, ალექსანდრე გულიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/13/197 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 26 ივლისი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 ივლისი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ანა რევაზიშვილი.
საქმის დასახელება: მოსარჩელეები ლაშა ჭინჭარაული, შოთა გრიგალაშვილი, ალექსანდრე გულიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, მე-4 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” “ე”, “ვ”, “ი” ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტის “ა”, “ბ” “გ” “დ”, “ე” ქვეპუნქტები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები ლაშა ჭინჭარაული, შოთა გრიგალაშვილი, ალექსანდრე გულიაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 9 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №197) მომართეს მოქალაქეებმა ლაშა ჭინჭარაულმა, შოთა გრიგალაშვილმა და ალექსანდრე გულიაშვილმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
მოსარჩელეთა აზრით, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, მე-4 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ე”, “ვ”, “ი” ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ე” ქვეპუნქტები ეწინაამღდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან “სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების – სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ” 1997 წლის 11 ნოემბრის საქართველოს კანონით, სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის განსაკუთრებული ზომა გაუქმდა, სიცოცხლის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და უნდა შეფასდეს, როგორც ანტიკონსტიტუციური.
სადავო ნორმებით გათვალისწინებულია პოლიციელების მიერ იარაღის გამოყენების, მათ შორის, გაფრთხილების გარეშე გამოყენების შემთხვევები.
სარჩელში აღნიშნულია, რომ იარაღის გამოყენება გულისხმობს გამიზნულ სროლას, რაც თავისთავად არ გამორიცხავს იმ პირის სიცოცხლის უფლების ხელყოფას ან საფრთხეში ჩაყენებას, ვის წინააღმდეგაც ხდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, მეტიც, საფრხე ემუქრება გარშემო მყოფ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც.
მოსარჩელეები საგანგებოდ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ პოლიციელი დამდგარი შედეგისათვის, თუნდაც ეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა იყოს, პასუხს არ აგებს, ვინაიდან მას იარაღის გამოყენების უფლებას ზუსტად სადავო ნორმები აძლევს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პოლიციელი საჯარო მოხელეა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოს სახელით მოქმედებს და აქედან გამომდინარე აღნიშნული ქმედება შეიძლება შეფასდეს, – “სახელმწიფოს სახელით, მისივე მოხელის სასჯელის უკვე გაუქმებული სახის “სიკვდილით დასჯის”, სახეშეცვლილი ფორმით გამოყენება. ეს კი საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის ხელშეუვალი უფლების ხელყოფაა”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები მოითხოვენ, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ე”, “ვ”, “ი” ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ე” ქვეპუნქტები ცნობილი იქნას არაკონსტიტუციურად და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედების შეჩერებას.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ შეძლო სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლიანობის დასაბუთება.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად: “საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს: საქართველოს მოქალექეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს, და საქართველოს სხვა იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი”.
მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შემოტანის უფლება აქვს იმ ფიზიკურ პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვას.
მოსარჩელემ კი სათანადო არგუმენტებით ვერ შეძლო იმის დასაბუთება, თუ როგორ დაარღვია ან დაარღვევს სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ უშუალოდ მის სიცოცხლის უფლებას. სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები და მოსარჩელეთა განმარტებები შეეხება მხოლოდ მესამე პირს და არა უშუალოდ მას.
აბსტრაქტული კონტროლის შესაძლებლობა გათვალისწინებულია “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად “საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: “საქართველოს სახალხო დამცველს, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი”.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის არგუმენტად მოიყვანა პოლიციელის მიერ იარაღის გამოყენების შესაძლებლობის ფარგლებს, კანონით არასათნადოდ დაკონკრეტება. იგი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით აუცილებელია კანონის დეტალური რეგლამენტაცია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის ამ მოსაზრებას, რადგან კანონის არასრულყოფილება არ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
სასამართლო კოლეგია ასევე ვერ დაეთანხმება სარჩელის ავტორთა მოთხოვნას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, “თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება”.
კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, რაც თავისთავად გამორიცხავს კანონის მოქმედების შეჩერებას.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციუო სასამართლო
ადგენს
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელეების ლაშა ჭინჭარაულის, შოთა გრიგალაშვილის, ალექსანდრე გულიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, მე-4 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ე”, “ვ”, “ი” ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ე” ქვეპუნქტები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი: ნიკოლოზ შაშკინი