საქართველოს მოქალაქე სერგო რიგვავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/5/211 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ შაშკინი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 28 თებერვალი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე სერგო რიგვავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს №622 დადგენილება ”საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის ს.ტ. რიგვავას სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ”.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – სერგო რიგვავა.
2002 წლის 2 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №211) მომართა მოქალაქე სერგო რიგვავამ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი და მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტი, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წლის 15 ოქტომბრის №1(2)174199 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის მოწვევის რწმუნებაშეწყვეტილ დეპუტატთა ჯგუფის სარჩელი და ”პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1989 წლის 24 ივნისს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი და 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ცნობილი იქნა არაკონსტიტუციურად. დეპუტატთა აღნიშნულ ჯგუფს სადეპუტატო რწმუნება ვადამდე შეუწყდა უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით. მიუხედავად იმისა რომ, იმ მოწვევის უზენაეს საბჭოში საქართველოს კომპარტიის სიით მოსარჩელეც იყო არჩეული, აღნიშნული გადაწყვეტილება მასზე არ გავრცელდა, რადგან მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა ცალკე, 1991 წლის 26 აგვისტოს №622 დადგენილებით, საქართველოს კომპარტის ცენტრალურ კომიტეტის მეორე მდივნის თანამდებობის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებულობის მოტივით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უზენაესი საბჭოს №622 დადგენილება ”საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის ს.ტ. რიგვავას სადეპუტატო უფლედამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” უნდა იქნეს ცნობილი ბათილად, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს №622 დადგენილებამ მისთვის უზენაესი საბჭოს წევრის რწმუნებათა ვადამდე შეწყვეტის შესახებ ხელჰყო მისი კონსტიტუციური უფლებები, დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე ნაწილის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც ”ადამიანების ღირსება და პატივი ხელშეუვალია”, შელახა მისი სახელი და ჯანმრთელობა, მიაყენა მორალური და მატერიალური ზარალი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 1990 წლის ოქტომბერში ჩატარებული უზენაესი საბჭოს დემოკრატიული, მრავალმანდატიანი და მრავალპარტიული არჩევნების დროს იგი მუშაობდა საქართველოს კომპარტიის კომიტეტის თავმჯდომარედ. დეპუტუტად არჩევის გამო 1991 წლის აპრილში გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან და შრომის წიგნაკი ჩააბარა უზენაესი საბჭოს საქმეთა მმართველობას.
1991 წლის ივნისში მოსარჩელე აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად საზოგადოებრივ საწყისებზე, რაც შრომის წიგნაკში არ არის ასახული.
მოსარჩელე თვლის, რომ უზენაეს საბჭოს არ ჰქონდა საფუძველი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნობა ჩაეთვალა დეპუტუტის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობად, რადგან ეს იყო საზოგადოებრივი დატვირთვა და არა ხელფასით უზრუნველყოფილი თანამდებობა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დადგენილება მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მიზნად ისახავდა პიროვნულად მის დისკრედიტაციას, უდანაშაულო ადამიანის მიმართ პოლიტიკური რეპრესიის განხორციელებას.
1991 წლის 19 აგვისტოს პოლიტიკური ბრალდებით მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თავისუფლების აღკვეთით. 13 დღის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
გენერალური პროკურატურის დადგენილებით მის მიმართ სამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმე შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს №622 დადგენილება მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის აზრით, აღნიშნული აქტი კანონსაწინააღმდეგოა იმითაც, რომ არ შეესაბამება კანონს ”საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ”.
სარჩელში აღნიშნულია, რომ უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს №622 დადგენილებაში არასწორედ არის განმარტებული ”პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებლო დაზღევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1989 წლის 24 ივნისს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად ”თუ უზენაესი საბჭოს წევრს უკავია თანამდებობა, რომელიც კანონით შეუთავსებელია უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებასთან, მაშინ უზენაეს საბჭოს წევრს ვადამდე უწყდება დეპუტატატის უფლებამოსილება”. მოსარჩელის თქმით, კანონში არ არის მითითებული, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში მონაწილეობა შეუთავსებელია უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებასთნ, უფრო მეტიც, არც მაშინდელი და არც ახლანდელი კანონმდებლობით დეპუტატებს არ ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში მონაწილეობა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან სასარჩელო განცხადებით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც საქმე ჩათვალა საოლქო სასამართლოს ქვემდებარედ, ხოლო ამ უკანასკნელმა – საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სერგო რიგვავამ მოითხოვა:
1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს №622 დადგენილების ”საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის ს.ტ. რიგვავას სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” ბათილად ცნობა.
2. დეპუტატობის პერიოდში მიუღებელი სადეპუტატო სარგოს, საქართველოს უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრისათვის – საქართველოს პარლამენტისათვის დაკისრება.
გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ სარჩელს და მოითხოვა სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა.
2003 წლის 19 თებერვალს, მოსარჩელე სერგო რიგვავამ სასამართლოს მიმართა წერილობითი განცხადებით სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ მისი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდა და არ მიაჩნია მიზანშეწონილად სარჩელის შემდგომი განხილვა. ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
იხელმძღვანელა რა ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტით, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ადგენს:
1. წარმოებით შეწყდეს სერგო რიგვავას კონსტიტუციური სარჩელი მოპასუხე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს №622 დადგენილების ”საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის ს.ტ. რიგვავას სადეპუტუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” კონსტიტუციურობის თაობაზე;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშივლი;
4. ზაურ ჯინჯოლავა;