გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1-3/1264 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 23 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 აგვისტო 2021 17:59 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) გიორგი მამალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში:
ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
ბ) გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში:
ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1264) მიმართეს გიორგი მამალაძემ, გიორგი ფანცულაიამ და მია ზოიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 20 და 21 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/10/1264 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 14 და 15 ნოემბერს და 2018 წლის 13 დეკემბერს.
2. №1264 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის სადავოდ გამხდარი მე-3 ნაწილი ადგენს სხდომის დახურვის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურებისათვის იმ პირის მიმართ, ვინც კანონით დადგენილი წესით, გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ.
4. №1264 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-6 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო გამოხატვის თავისუფლება, მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავდა ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განმტკიცებული იყო სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ადგენდა, რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, ხოლო მე-6 პუნქტი ითვალისწინებდა ბრალდებულის უფლებას, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთივე პირობებში გამოძიება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, მე-2 და მე-5 პუნქტებით დაცულია აზრისა და ინფორმაციის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით და მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს“. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
6. ამდენად, №1264 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: ა) გიორგი მამალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში: ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-4 პუნქტთან მიმართებით; ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ბ) გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში: ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით; ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
7. №1264 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გიორგი მამალაძე მსჯავრდებული პირია, ხოლო მოსარჩელეები - გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე - მისი ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებული იქნა სადავო ნორმები. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეებს აეკრძალათ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ცნობის გასაჯაროება. ამასთან, მოსარჩელეების სურვილის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომები სრულად დაიხურა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები არღვევს მათ კონსტიტუციურ უფლებებს.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი პროკურორს/გამომძიებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილეს აუკრძალოს ყველანაირი ინფორმაციის გაცემა ისე, რომ არ მოახდინოს ინფორმაციის დიფერენცირება მისი ტიპის, მნიშვნელობისა და რელევანტურობის გათვალისწინებით. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, პროცესის მონაწილეს, ბლანკეტურად, განუსაზღვრელი ვადით ეკრძალება ყველა ტიპის ინფორმაციის გამჟღავნება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მიმდინარე საქმეზე გამოძიება დასრულებულია. ამდენად, მოსარჩელეების პოზიციით, გამომძიებელს/პროკურორს იმაზე მეტი უფლებამოსილება ენიჭება, ვიდრე ამას გამოძიების ინტერესები მოითხოვს. ამასთან, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ დასახელებული ნორმის შინაარსი ბუნდოვანია, რის გამოც პირს უჩნდება საფუძვლიანი შიში, რომ არ გათქვას ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ გამოძიებას ეხება, რაც მსუსხავი ეფექტის მატარებელია და იმაზე მეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად არის საჭირო.
9. მოსარჩელეები ასევე აპელირებენ, რომ გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე, მათ ეზღუდებათ რიგი საპროცესო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა, მაგალითად, მოწმეთა სათანადოდ გამოკითხვის, ექსპერტიზის ჩატარების და სხვა. შესაბამისად, მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმა ასევე ზღუდავს სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას და უგულებელყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს.
10. მოსარჩელეთა შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე არღვევს სამართლის წინაშე თანასოწორობის კონსტიტუციურ უფლებას, რამდენადაც იგი გაუთქმელობის ერთნაირ სტანდარტს აწესებს სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისადმი, მაშინ, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს და მის ადვოკატს პროცესის სხვა მონაწილეებთან შედარებით, ინფორმაციის გავრცელების აღმატებული ინტერესი გააჩნიათ.
11. მოსარჩელეთა განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ამ ნორმით, დასჯად ქმედებას წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული გაუთქმელობის ვალდებულების დარღვევა, ხოლო მითითებული ნორმის შინაარსი ბუნდოვანია, განჭვრეტადი არ არის მისი ფარგლები და იწვევს გამოხატვის თავისუფლების საჭიროზე მეტად შეზღუდვას.
12. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილს. მოსარჩელეების განმარტებით, სასამართლო სხდომის საჯაროობა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან მომდინარე მნიშვნელოვანი გარანტიაა. სადავო ნორმის საფუძველზე კი, სასამართლო ზღუდავს სხდომის საჯაროობის პრინციპს და იღებს განჩინებას სხდომის დახურვის შესახებ იმგვარად, რომ არ ევალება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება. ამასთან, დასახელებული განჩინება არ საჩივრდება და მხარეს არ აქვს მინიჭებული პროცედურული გარანტიები, იშუამდგომლოს დახურული პროცესის გახსნის თაობაზე, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
13. 2021 წლის 16 ივლისს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №1264 კონსტიტუციური სარჩელის („გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
14. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ დასახელებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამარლომ უნდა იმსჯელოს ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული საკითხების კონსტიტუციურობის შესახებ, კერძოდ, ერთი მხრივ, გამოძიების მონაცემების გახმაურების დაუშვებლობისა და მისი გამჟღავნებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურობის, ხოლო, მეორე მხრივ, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლო სხდომის დახურვის, სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების შეუძლებლობის კონსტიტუციურობის საკითხზე. ამავდროულად, მანანა კობახიძე მიუთითებს, რომ სადავო საკითხები, სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, შესაფასებელია როგორც ბრალდებულის/მსჯავრდებულის, ასევე მათი ადვოკატების სამართლებრივი პოზიციიდან.
15. წერილობითი შუამდგომლობის ავტორის პოზიციით, სადავო საკითხების გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოსაგან მოითხოვს იმის შეფასებას, თუ ინფორმაციათა რა კატეგორიას მოიცავს „სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცნობები“ და არის თუ არა ამგვარი ინფორმაციის გავრცელება დაცული საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებით, აღნიშნული კი წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების სრულყოფილი და ამომწურავი განმარტების საჭიროებას.
16. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი განმარტავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხების სისტემური ანალიზი და სადავო საკითხების გადაწყვეტა იმგვარად, რომ არ დაირღვეს სამართლიანი ბალანსი კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა ფუნდამენტურ უფლებებს შორის. მისი პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა: გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მიღების/გავრცელების უფლება, საქმის ღია სასამართლო სხდომაზე განხილვის უფლება, პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება, ისევე როგორც ბალანსის დადგენა, ერთი მხრივ, ინფორმაციის მიღების/გავრცელების თავისუფლებასა და ბრალდებული პირის დაცვის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულის ეფექტურად გამოძიების საჯარო ლეგიტიმურ მიზანს შორის.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის პოზიციით, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმებისა და კონსტიტუციური უფლებების სისტემური ანალიზი და მათი შინაარსის განმარტება, შესაბამისად, სასამართლოს წევრი მიიჩნევს, რომ საქმე „გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1264) უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა №1264 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 23 ივლისს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს პლენუმი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მანანა კობახიძის მოსაზრებას, რომ №1264 კონსტიტუციური სარჩელის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამარლომ უნდა იმსჯელოს ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულ კომპლექსურ საკითხებზე, კერძოდ, გამოძიების მონაცემების გახმაურების დაუშვებლობისა და მისი გამჟღავნებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლო სხდომის დახურვის, სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების შეუძლებლობის კონსტიტუციურობაზე. გარდა იმისა, რომ დასახელებულ საკითხთა შეფასება უნდა მოხდეს, როგორც ბრალდებულის/მსჯავრდებულის, ასევე მათი ადვოკატების სამართლებრივი პოზიციიდან, სადავო საკითხების კონსტიტუციურობა შესაფასებელია საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებებთან, განსხვავებული შინაარსისა და ფარგლების მქონე ძირითად უფლებებთან მიმართებით, რამაც შესაძლოა, წარმოშვას მათი ახლებურად განმარტებისა თუ დაცული სფეროების გამიჯვნის აუცილებლობა.
2. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის პოზიციით, №1264 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხების სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმებისა და კონსტიტუციური უფლებების სისტემური ანალიზი, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების სრულყოფილი და ამომწურავი განმარტება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს იმგვარი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა მსჯელობა, კერძოდ, ინფორმაციათა რა კატეგორიას მოიცავს „სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცნობები“ და არის თუ არა ამგვარი ინფორმაციის გავრცელება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს წერილობით შუამდგომლობაში გამოხატულ მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს სამართლიანი ბალანსის დადგენა, ერთი მხრივ, ინფორმაციის მიღების/გავრცელების თავისუფლებასა და ბრალდებული პირის დაცვის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულის ეფექტურად გამოძიების საჯარო ლეგიტიმურ მიზანს შორის. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ „თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა“.
4. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1264 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს №1264 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
4. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 23 ივლისის №3/1-3/1264 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 23 ივლისის საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.
2. №3/1-3/1264 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის შუამდგომლობა საქმის პლენუმზე განხილვის თაობაზე. კერძოდ, პლენუმმა მიიჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შუამდგომლობა კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმისთვის გადაცემის თაობაზე იყო დასაბუთებული და კონსტიტუციური სარჩელი №1264, თავისი შინაარსით, წარმოშობდა საქართველოს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
3. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პლენუმისათვის საქმის გადაცემა ეფუძნება კოლეგიის/კოლეგიის წევრის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქმე საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტას საჭიროებს. ხსენებული თავისთავად გულისხმობს, რომ პლენუმისათვის გადასაცემი საქმე, თავისი არსით, გამორჩეული უნდა იყოს სხვა საქმეებისაგან, რომელთაც კოლეგია რუტინულად წყვეტს. ამდენად, პლენუმისათვის საქმის გადაცემის საფუძვლად არ გამოდგება არგუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ რომელიმე კონსტიტუციური უფლება არის განსამარტი ან/და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. შუამდგომლობა უნდა ასაბუთებდეს საქმის გამორჩეულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის პლენუმისთვის განსახილველად გადაცემა თვითნებურ ხასიათს იღებს და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ სარჩელზე, სხვადასხვა ფაქტორებით ნაკარნახევი მოსამართლეთა შეხედულებიდან (მაგალითად, ის, რომ იგი არ ეთანხმება კოლეგიის ფარგლებში საკითხის სავარაუდო გადაწყვეტას) და არა თავად საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
4. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე წერილობით შუამდგომლობაში საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის არსებობას ასაბუთებს ორი არგუმენტით: 1. სადავო საკითხების გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოსაგან მოითხოვს იმის შეფასებას, თუ ინფორმაციათა რა კატეგორიას მოიცავს „სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცნობები“ და არის თუ არა ამგვარი ინფორმაციის გავრცელება დაცული საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებით, აღნიშნული კი წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების სრულყოფილი და ამომწურავი განმარტების საჭიროებას; და 2. საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხების სისტემური ანალიზი და სადავო საკითხების გადაწყვეტა იმგვარად, რომ არ დაირღვეს სამართლიანი ბალანსი კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა ფუნდამენტურ უფლებებს შორის. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა – გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მიღების/გავრცელების უფლება, საქმის ღია სასამართლო სხდომაზე განხილვის უფლება, პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება, ისევე, როგორც უნდა განახორციელოს ბალანსის დადგენა, ერთი მხრივ, ინფორმაციის მიღების/გავრცელების თავისუფლებასა და ბრალდებული პირის დაცვის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულის ეფექტურად გამოძიების საჯარო ლეგიტიმურ მიზანს შორის.
5. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გაზიარებულ შუამდგომლობაში დასაბუთებული არ არის, კონკრეტულად რაში გამოიხატება განსახილველი საქმის სირთულე, რა განაპირობებს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ/განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. წერილობით შუამდგომლობაში მითითებულია მხოლოდ ის, რომ კონსტიტუციური სარჩელის გადაწყვეტა მოითხოვს ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულ, კომპლექსულ საკითხებზე მსჯელობას. თავის მხრივ, გადასაწყვეტ საკითხთა მრავალფეროვნება ავტომატურად არ მიუთითებს მის სირთულეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შესაძლოა, დასმული იყოს ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მრავალი საკითხი, თუმცა დამატებითი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ საკითხთა რაოდენობითი მდგენელი არ მიუთითებს გადასაწყვეტი საქმის სირთულესა ან/და განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შუამდგომლობაში ასევე მხოლოდ აბსტრაქტულად არის მითითება გადასაწყვეტი საქმის კომპლექსურობაზე, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატება საქმესთან დაკავშირებული იმგვარი სამართლებრივი სირთულის/მნიშვნელობის არსებობა, რომელიც მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის პლენუმისათვის გადაცემას, ახსნილი არ არის.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ასევე გაიზიარა წერილობითი შუამდგომლობის ავტორის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, დასახელებულ საქმეზე შესაფასებელია იმგვარი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე მსჯელობა არ ყოფილა. კერძოდ, ინფორმაციათა რა კატეგორიას მოიცავს „სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცნობები“ და არის თუ არა ამგვარი ინფორმაციის გავრცელება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, ეს კი წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების სრულყოფილი და ამომწურავი განმარტების საჭიროებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის განხილვის/გადაწყვეტისას მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ისევეა მნიშვნელოვან განმარტებებსა და გადაწყვეტილებათა მიღებაზე უფლებამოსილი, როგორც პლენუმი და კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საფუძველი ვერ იქნება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შესაბამისი კონსტიტუციური დებულებების შინაარსი საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე აქტებში არ არის განმარტებული. წარმოუდგენელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დამდგარი ყველა საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყოს წინარე აქტებით, არსებობდეს ზუსტი და ამომწურავი პასუხები გადასაწყვეტ მოცემულობასთან მიმართებით. ხშირ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს მსჯელობა სრულიად ახალ, მის პრაქტიკაში ჯერ არშეფასებულ/გადაუწყვეტელ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარ საქმეთა განხილვა a priori საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციაა. უფრო მეტიც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლი კონსტიტუციური სარჩელის პლენუმისათვის გადაცემის საფუძვლად expressis verbis მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემაზე და, ამ მხრივ, ორგანული კანონის დასახელებული ნორმის გამოყენების თვითკმარი საფუძველი ვერ იქნება ამა თუ იმ სამართლებრივ პრობლემაზე პირველად მსჯელობის საჭიროება.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის 2021 წლის 16 ივლისის შუამდგომლობა, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის №3/1-3/1264 საოქმო ჩანაწერი, ეფუძნება მსჯელობას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის საქმის გადაცემა გამართლებულია, მათ შორის, იმითაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს სამართლიანი ბალანსის დადგენა, ერთი მხრივ, ინფორმაციის მიღების/გავრცელების თავისუფლებასა და ბრალდებული პირის დაცვის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულის ეფექტურად გამოძიების საჯარო ლეგიტიმურ მიზანს შორის. საგულისხმოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება, თავისთავად, გულისხმობს სამართლიანი ბალანსის დადგენას ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესებს, ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს შორის. უფრო მეტიც, ყოველ ჯერზე, არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან საკითხის თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად გადაწყვეტის კონსტიტუციური ვალდებულება. ამ მხრივ, დასახელებული საქმე არ წარმოადგენს არც სიახლეს და არც რაიმე გამონაკლისს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების მიერ განხილულ სხვა საქმეებთან შედარებით. სხვადასხვა ძირითად უფლებებს შორის გონივრული/სამართლიანი ბალანსის პოვნა ამოსავალია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მდგარი საკითხების აბსოლუტური უმრავლესობის გადასაწყვეტად. ამდენად, გაუგებარია, რას ეფუძნება ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილება, რომ ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის ბალანსის დადგენა, რაიმე კუთხით, იშვიათი სამართლებრივი პრობლემაა და საჭიროებს პლენუმის მიერ მსჯელობას.
8. ამასთანავე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ №1264 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში განსახილველი საკითხი, ძირითადად, შეეხება გამოხატვის თავისუფლებასა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად და ხშირად განმარტებულ უფლებებს წარმოადგენს. იმავდროულად, №1264 კონსტიტუციური სარჩელიდან, ისევე, როგორც საქმის განხილვის არსებითი სხდომიდან, არ გამოკვეთილა ისეთი სამართლებრივი პრობლემის ან სხვაგვარი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებდა, რომ საქმის გადაწყვეტა შესაძლოა, კონსტიტუციის განმარტების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული.
9. ამავე დროს, შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს საქმის გადასაწყვეტად გამოხატვის თავისუფლების ამომწურავი განმარტების საჭიროებაზე. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, კონკრტულ საქმეზე არ ახდენს ამა თუ იმ უფლების ამომწურავ განმარტებას. უფლების შინაარსი და ფარგლები განიმარტება, კონკრეტულ საქმეზე გადასაწყვეტი საკითხის გათვალისწინებით. არც №1264 კონსტიტუციური სარჩელის გადაწყვეტა მოითხოვს გამოხატვის თავისუფლების ყველა ასპექტის განმარტებას. უფრო მეტიც, ხსენებული უფლების ფართო და მრავლისმომცველი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოუდგენელიც კია ერთი კონკრეტული საქმის ფარგლებში მისი სრულყოფილი განმარტება. შესაბამისად, გაურკვეველია, რას დაეფუძნა წარდგინების ავტორი და სასამართლო, როდესაც ხსენებულ საქმეზე გამოხატვის თავისუფლების ამომწურავი განმარტების საჭიროებაზე მიუთითეს.
10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი სირთულისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით არაფრით გამორჩეული კოლეგიის საქმე გახდა პლენუმის განსჯადი შუამდგომლობის ავტორისა და პლენუმის შემადგენლობის მიერ სათანადო დასაბუთების გარეშე. მსგავსი დასაბუთებით, სასამართლოს პლენუმს შეიძლება გადაეცეს კოლეგიის ნებისმიერი საქმე. თითოეული მათგანი მოითხოვს კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმის განმარტებას და უფლების შეზღუდვასა და შეზღუდვის შედეგად დაცულ სიკეთეს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენას.
11. საქმის განსახილველად პლენუმისთვის გადაცემა, თავისთავად, იწვევს საქმის გადაწყვეტის დროის გახანგრძლივებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავიდან უნდა განიხილოს საქმე არსებითად, პლენუმის თითოეულმა წევრმა უნდა შეისწავლოს იგი და მოემზადოს გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული პროცესი ობიექტურად საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოითხოვს, რაზეც მიუთითებს კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. №1264 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2017 წლის 16 ოქტომბერს, ხსენებულ საქმეზე კოლეგია უკვე მუშაობს 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში იმყოფება 2018 წლის 13 დეკემბრის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, როდესაც სასამართლოს კოლეგია არის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტის საჭიროების გამო, კოლეგიის განსახილველი საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. ბუნებრივია, რიგ შემთხვევებში შესაძლოა, ობიექტურად არსებობდეს პლენუმისთვის საქმის გადაცემის საჭიროება არსებითი განხილვის დასრულების შემდეგაც კი. თუმცა, ხსენებული უნდა ეფუძნებოდეს საქმის განსაკუთრებულობასთან დაკავშირებულ არგუმენტაციას. ამავე დროს, მინიმალური ხარისხით მაინც უნდა იყოს სარწმუნო, რომ საქმის პლენუმისათვის გადაცემის არგუმენტები მოსამართლეს გაუჩნდა არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. სათანადო დასაბუთების არარსებობის პირობებში, ერთი მხრივ, არ მიიღწევა საქმის პლენუმისთვის განსახილველად გადაცემის ინსტიტუტის არსებობის მიზანი, ხოლო, მეორე მხრივ, ვიღებთ საქმის გადაწყვეტის გაჭიანურებას, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება სასამართლოს ეფექტურობაზე, ავტორიტეტსა და სანდოობაზე.
12. ამდენად, წინამდებარე განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №1264 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
თეიმურაზ ტუღუში