საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/5/166 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 26 სექტემბერი 2001 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ავთანდილ აბაშიძე (წევრი);
3. იაკობ ფუტკარაძე (წევრი);
4. ნიკოლოზ შაშკინი (წევრი).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ;
დავის საგანი: “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 აგვისტოს განკარგულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-5 და 44-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის – საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, მოსარჩელის წარმომადგენელი საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის იურიდიული სამსახურის უფროსი გიოგი გუგავა და ადვოკატი ავთანდილ ტყებუჩავა.
საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს (რეგისტრაციის №166). საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით 17 სექტემბერს იგი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მისი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაჭრელად. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 21 სექტემბრის განმწესრიგებელ სხდომაზე იმსჯელა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “დ” პუნქტსა და საქართველოს ორგანული კანონის –“საქართველოს საარჩევნო კოდექსისი” 77-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით.
კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანა გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 აგვისტოს განკარგულებამ “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის შესახებ”, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები დაინიშნა 2001 წლის 4 ნოემბერს. მოსარჩელის აზრით, აღნიშნულ განკარგულებაზე ხელის მოწერით პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად: “პრეზიდენტი ნიშნავს პარლემენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კანონით დადგენილი წესით”. “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, “საკრებულოების არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოების უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ოთხი თვისა”. მოსარჩელის მტკიცებით, პრეზიდენტმა დაარღვია აღნიშნული ოთხთვიანი ვადა. ვინაიდან დღეს მოქმედი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების უფლებამოსილების ვადა წყდება 2001 წლის 15 დეკემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები პრეზიდენტს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაენიშნა არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.
მოსარჩელე პრეზიდენტის ქმედებას მიიჩნევს არაკონსტიტუციურად, მაშინაც, თუკი იგი განკარგულებაზე ხელმოწერისას ხელმძღვანელობდა “საქართველოს საარჩევნო კოდექსით”, ვინაიდან განკარგულებაზე ხელის მოწერის დროისათვის ე.ი. 21 აგვისტოსათვის პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ეხელმძღვანელა ამ კოდექსით, რომელიც ძალაში შევიდა 22 აგვისტოს.
მოსარჩელის მტკიცებით, პრეზიდენტმა კანონი დაარღვია იმითაც, რომ მან სადავო აქტს ხელი მოაწერა მაშინ, როდესაც იგი შვებულებაში იმყოფებოდა. შვებულების პერიოდში კი მას დროებით მოხსნილი ჰქონდა ნებისმიერ იურიდიულ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება. ამით პრეზიდენტმა დაარღვია “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც კანონმდებლობის დარღვევით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი ბათილია.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა მოსარჩელემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელეა საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია. მოსარჩელის წარმომადგენელმა კი, პოლიტიკური პარტიის სასარჩელო უფლებაუნარიანობის მტკიცებულებად, ასევე დამატებით დაიმოწმა საარჩევნო კოდექსის პირველი მუხლი და მესამე მუხლის “თ” და “კ” პუნქტები.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 აგვისტოს განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-5 და 44-ე მუხლებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული დოკუმენტების, სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის, მისი წარმომადგენლისა და ადვოკატის ახსნა-განმარტებათა მოსმენის საფუძველზე გამოარკვია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შემოტანის ერთ-ერთი მთავარ საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტისა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის „დ” პუნქტის გარდა, მიიჩნევს “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც: “საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ დავას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 15 დის ვადაში ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების დანიშვნის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების აღნიშნული უფლება უშუალოდ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შინაარსიდან. ამ პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო “იხილავს რეფერენდუმებისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებულ დავას”. არჩევნების კონსტიტუციურობაში კი, იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების კონსტიტუციურობა. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა, კერძოდ, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონი არ აწესრიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმების მექანიზმს. საარჩევნო კოდექსის საფუძველზე ნაწილობრივ გამოსწორდა ეს საკანონმდებლო ხარვეზი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმების უფლება დაფიქსირდა ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტში.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობის შემოწმება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნა, რომ საჭირო იყო შესაბამისი ცვლილებები შესულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაშიც და სრულყოფილად მოწესრიგებულიყო ეს საკითხი.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების ერთ-ერთი საუფძველი ისაა, რომ იგი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი სუბიექტის თაობაზე. მასში მხოლოდ არჩევნების დანიშვნის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლებაა დაფიქსირებული. თუმცა, ვინაიდან არ არსებობს უფლება მისი მატარებელი სუბიექტის გარეშე, მოსარჩელეთა აზრით, პოლიტიკური პარტიის სასარჩელო უფლებამოსილება გამომდინარეობს საარჩევნო კოდექსის პირველი მუხლიდან და მესამე მუხლის “თ” და “კ” პუნქტებიდან. საარჩევნო კოდექსის პირველი მუხლი მხოლოდ ზოგადად განსაზღვრავს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს და პირდაპირ არაფერს არ იტყობინება პოლიტიკური პარტიის სასარჩელო უფლებაუნარიანობაზე, ხოლო კოდექსის მესამე მუხლის “თ” და “კ” პუნქტებში საუბარია მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებზე, მათი სასარჩელო უფლებამოსილების განსაზღვრის გარეშე. ერთ-ერთი ასეთი სუბიექტი მათ შორის პოლიტიკური პარტიაა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა იმ პოზიციას, რომ რადგანაც პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს. ამიტომაც იგი ავტომატურად ითვლება მოსარჩელედაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე. საარჩევნო სუბიექტი ყოველთვის არ გულისხმობს მოსარჩელე სუბიექტს. ასე მაგალითად, პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო სუბიექტია, მაგრამ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5. იგივე უნდა ითქვას პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებითაც. აქაც, დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო სუბიექტია, მაგრამ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება ამავე კანონის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე აქვთ საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.
აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ დავებთან დაკავშირებით მოსარჩელე სუბიექტად შეიძლება ჩაითვალოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სუბიექტი. მართალია საარჩევნო კოდექსი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ განსაზღვრავს ასეთ სუბიექტებს, მაგრამ იგი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით. რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო თავის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს იხილავს “...საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, სახალხო დამცველის და მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით”. ამდენად, პოლიტიკური პარტია, როგორც მოსარჩელე სუბიექტი, არ ჩანს არც საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით განსაზღვრულ სუბიექტთა წრეში. იგი არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაშია მოხსენიებული. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია მივიჩნიოთ სასარჩელო უფლებამოსილების მქონე პირად დასახელებულ სარჩელთან დაკავშირებით.
იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტითა და 21 მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და 40-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის კონსტიტუციური სარჩელი “ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 აგვისტოს განკარგულების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-5 და 44-ე მუხლებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოო და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გაკმოქვეყნდეს პრესაში.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
ავთანდილ აბაშიძე (წევრი);
იაკობ ფუტკარაძე (წევრი);
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი).
ა. აბაშიძის განსხვავეუბლი აზრი
კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომლის დასახელებაა “საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია საქართველოს პრეზიდენტის წინაამღდეგ”, სადაც დავის საგანს წარმოადგენს “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 აგვისტოს განკარგულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-5 და 44-ე მუხლებთან მიმართებით, სასამართლო კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი უნდა მიეღო არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია იმ პირობების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც განსაზღვრულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლში.
კერძოდ: 1. კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ ფომით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სარჩელი მითითებულ მოთხოვნას აბსოლუტურად აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ მიმართებით კონსტიტუციური სარჩელის მიღების საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს.
2. კონსტიტუციური სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ. ამ პირთა და ორგანოთა წრეს, აგრეთვე საკითხთა წრეს, რომელსაც განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლი. კერძოდ, “დ” პუნქტით დადგენილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს რეფერენდუმებისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი. იგივეს ადგენს აგრეთვე “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 19-ე მუხლის “დ” პუნქტიც. ლეიბორისტული პარტიის სარჩელი სწორედ თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობას ეხება, ანუ საკითხი, რომელიც დასმულია წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში, მისი განხილვა საქართველოს კონსტიტუციის და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის – მითითებული ნორმებით, აგრეთვე ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის კომპეტენციას. მაგრამ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და ის კონკრეტდება შემდეგ ნორმატიულ აქტებში: ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს კანონი “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველი წრე და სუბიექტი, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით, განსაზღვრულია “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 37-ე მუხლში, მაგრამ აღნიშნული ნორმა არ ცნობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც შეიძლება განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ და არ ცნობს აგრეთვე “პარტიას”, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს, როგორც უფლებამოსილ პირს, შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი. აღნიშნული საკითხი გადაწყვიტა ორგანული კანონის – “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მესამე პუნქტმა, რომელშიც განისაზღვრა საკითხი, რომელიც შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი, კერძოდ, აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ “საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ დავას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 15 დღის ვადაში”. ნორმის შესაბამისად წარმოდგენილ საკონსტიტუციო სარჩელში სწორედ ის საკითხია დასმული, რომლის განხილვის პრეროგატივაც საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. მაგრამ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ნორმატიულ აქტებს შორის არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები. კერძოდ, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 37-ე მუხლი არ ცნობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვას საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე. აღნიშნულ საკითხთა წრე შემოიტანა ორგანული კანონის – საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-3 პუნქტმა, რომელიც ამოქმედდა უფრო გვიან, ვიდრე “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონი. მითითებული წინაამღდეგობის დაძლევის პრობლემა გადაწყვეტილია საქართველოს კანონით “ნორმატიული აქტების შესახებ”, კონკრეტულად 25-ე მუხლით. 1. – ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს. 2. იერარქიის ერთ და იმავე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებულ მოცემული) აქტით დადგენილი ნორმა”. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული ნორმატიული აქტები კანონით დადგენილი იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე იმყოფება, მაგრამ ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” უფრო გვიან მიღებული ნორმატიული აქტია, კერძოდ, 2001 წლის 2 აგვისტოს. ბუნებრივია, უპირატესობა ენიჭება აღნიშნულ ორგანულ კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა იხელმღძვანელოს ორგანული კანონის – “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-3 პუნქტით. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ორგანული კანონის – “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლი ადგენს და აფართოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხთა წრეს, მაგრამ უშუალოდ ეს ნორმა არ ადგენს იმ პირთა და ორგანოთა წრეს, რომელნიც უფლებამოსილი სუბიექტები იქნებიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ მიმართებით უპრიანი იქნება, გაანალიზებულ იქნეს თავად ორგანული კანონის – “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” არსი, მიზანი, საკითხთა სფერო, რომელსაც არეგულირებს ის და სუბიექტთა წრე, რომლებსაც ეხება და რომელთა უფლება-მოვალეობებსაც აღიარებს. ორგანული კანონის – “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 1-ლი მუხლის შესაბამისად ეს კანონი, სხვა საკითხთა გარდა, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. უფლების ზოგადი სამართლებრივი განსაზღვრება, ბუნებრივია, თავისთავად გულისხმობს სასამართლოსთვის მიმართვას და თავად ამ წესით უფლების რეალიზაციას. და თუ კანონი განსაზღვრავს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებს, ეს ბუნებრივია, შეეხება სასამართლო მიმართვასა და სასამართლო წესით უფლების რეალიზაციასაც, ანუ კანონმდებელმა კანონის მიზნებში დააკონკრეტა იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც შეუძლიათ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სადავო საკითხის განსახილველად მიმართონ სასამართლოს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს.
ამასთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია აღნიშნავს, რომ “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მიღების პარალელურად საქართველოს პარლამენტს ცვლილებები და დამატებები უნდა შეეტანა ორგანულ კანონში “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” და კანონში “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”, რომელსაც მე ვეთანხმები. მაგრამ აღნიშნული ცვლილებები არ გაკეთდა, რადგანაც კანონმდებელმა აშკარად გააფართოვა კონსტიტუციური სარჩელის შემტან სუბიექტთა წრე. იმის გასაგებად, არის თუ არა პარტია არჩევნებში მონაწილე სუბიექტი და ექცევა თუ არა ამ კანონის რეგულირების სფეროში, უნდა მივმართოთ თავად ნორმატიულ აქტს, სადაც მოცემულია ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინების განმარტებები, არჩევნების სუბიექტები და სხვა.
ა. აბაშიძე.
26.09.2001 წელი.