თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1648 |
ავტორ(ებ)ი | თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო |
თარიღი | 8 სექტემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
ბ. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“
გ. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების - „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა [...] უნდა [...] განახლდეს“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენისას საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება (საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია). |
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების - „საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენისას საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება (საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია). |
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების - „საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენისას საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება (საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია). |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვები „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა [...] უნდა [...] განახლდეს. ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება „საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუქნტის მე-2 წინადადების შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე გიორგი და გურამ აკოფაშვილებისა და სულიკო და ლევან ბეჟუაშვილების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ლევან ბეჟუაშვილის მიმართ ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების სავარაუდო ჩადენის ფაქტზე.
სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში, კერძოდ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, დაცვის მხარემ მოწმის სახით გამოიძახა ბრალდებული გიორგი აკოფაშვილი. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ აუცილებელია ჩვენების მიცემამდე ბრალდებულის გაფრთხილება ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მტკიცებულების ძალა ვერ ექნება.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის არსებითი განხილვა და კონსტიტუციური წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოს (რეგისტრაციის N1478).
2021 წლის 11 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომლის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
2021 წლის 13 აგვისტოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მომართეს ბრალდებულებმა - გიორგი და გურამ აკოფაშვილებმა და სულიკო და ლევან ბეჟუაშვილებმა და ითხოვეს მათ მიმართ საქმისწარმოების განახლება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ხოლო მანამდე, კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლოში წარდგენილ იქნა დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, იგი თანხმობას აცხადებს ბრალდებულების მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
რადგან საქმეზე საქმისწარმოება უკვე შეჩერებულია, ხოლო ასეთ ვითარებაში დამატებითი კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას კანონი არ კრძალავს, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგინებით უნდა მიემართოს საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვები „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა [...] უნდა [...] განახლდეს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება „საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება „საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“, რომლებიც ტოტალურად გამორიცხავენ საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობას, გარდა ერთი შემთხვევისა, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების - „საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“, შეუსაბამოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს, თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველო ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რათა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
უპირველესად, ცალსახაა, რომ სამივე ზემოაღნიშნული ნორმა შეჩერებული საქმისწარმოების განახლებას მხოლოდ მას შემდეგ ითვალისწინებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს გადაწყვეტს, რაც ავტომატურად და უპირობოდ გამორიცხავს სხვა შემთხვევაში საქმისწარმოების განახლებას. საკითხის ამგვარი მოწესრიგება კი შესაძლოა, მოცემულ შემთხვევაში, შეუსაბამო იყოს კონსტიტუციის დებულებასთან საქმის დროული განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მოიცავდეს შესაძლებლობათა შემდეგ მინიმუმს: „პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სასამართლო განხილვა მოხდეს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1). ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ფართოა სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. მთავარი მოთხოვნა, რომლითაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლებები მკაცრადაა შებოჭილი, არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანობაში პასუხობდეს მის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას – უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება, რისთვისაც ის აღჭურვილი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ყველა საჭირო, ადეკვატური და საკმარისი ბერკეტით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557,571,576 საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარ. 91).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხს. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი, მათ შორის, მიემართება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. შესაბამისად, ამ საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის არსებითი განხილვისას დასაშვებია. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე არსებობს საერთო სასამართლოების მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკა.
აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი შესაბამისი პირობების არსებობისას უალტერნატივოდ ითვალისწინებს ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, თუ იგი ამას ითხოვს. ამიტომ, ვინაიდან, ეს პირობები მოცემულ საქმეში ოთხივე ბრალდებულის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დაკმაყოფილებულია, მათ მიმართ ამ ნაწილში საქმისწარმოება უნდა დასრულდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ სამ ბრალდებულს ბრალდებულის სტატუსი მოეხსნება დაუყოვნებლივ, ხოლო ერთის მიმართ ბრალდების ნაწილში მოხდება საქმისწარმოების დასრულება (ბრალდებულ ლევან ბეჟუაშვილს ბრალად ედება ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა). გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ ხსენებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. ამ თვალსაზრისითაც გამორიცხულია ბრალდებულების მიმართ აღნიშული ამნისტიის სხვაგვარი გავრცელება.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სახეზეა შეჩერებული საქმისწარმოება, რომლის განახლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველ წარდგინებაში დასმული საკითხის გადაწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ხოლო, მეორე მხრივ, შეჩერების პერიოდში გამოვლინდა გარემოება, რომელიც უალტერნატივოდ იწვევს ბრალდებულთა მიმართ საქმის დასრულებას და დევნის შეწყვეტას, რაც არსებული საკანონმდებლო ბაზის პირობებში ამ ეტაპზე სასამართლოს უფლებამოსილების მიღმაა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეებში, [ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის] მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზანი, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს მოსმენის უფლება გონივრულ ვადაში, არის იმის უზრუნველყოფა, რომ ბრალდებულებს არ მოუწიოთ ბრალდებულად ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Kart v. Turkey, #8917/05, პარ. 68). საქმეში Boddaert v. Belgium (#12919/87, პარ 39) სასამართლომ განმარტა, რომ მე-6 მუხლი მოითხოვს სასამართლო პროცესის დაჩქარებას, მაგრამ ის ასევე აწესებს მართლმსაჯულების სწორად განხორციელების უფრო ზოგად პრინციპს. სამართლიანი ბალანსი უნდა შეიქმნას ამ ფუნდამენტური მოთხოვნის სხვადასხვა ასპექტებს შორის.
ამიტომ, საქმისწარმოების განახლების სხვა საფუძვლების გაჩენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ახლად გამოვლენილ გარემოებებზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელება, რომლითაც დაცული სიკეთე გადაწონიდა კონსტიტუციურ წარდგინებაში დასმული საკითხით საქმის გადაწყვეტის ინტერესს (ან ქვევით მოყვანილი მაგალითების პირობებში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისგან დამოუკიდებლად არსებული ფაქტორების გათვალისწინებით), რისი განჭვრეტაც შეუძლებელია საქმისწარმოების შეჩერების მომენტში. ამასთან, იგი უფრო მეტად პრაქტიკულს და „ხელმისაწვდომს“ გახდიდა თავად კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტს. ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითის მოყვანა უფრო აშკარას გახდის სასამართლოს მოსაზრების საფუძვლიანობას. უპირველესად, მოცემული შემთხვევა, ამნისტიის გავრცელებით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე თავისთავად წარმოადგენს ფანჯარას სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული მრავალრიცხოვანი ჩამონათვალის დროული აღსრულებისთვის. ასევე შესაძლოა, ის საკითხი, რომელიც კონსტიტუციურ წარდგინებაში დაისვა ეხება მხოლოდ ერთ ბრალდებულს, ხოლო სხვა ან დანარჩენმა ბრალდებულებმა, შეჩერების პერიოდში, მიაღწიეს საპროცესო შეთანხმებას, რაც სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი საშუალებაა (ამ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკაში საქმე გამოიყოფა იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც სასამართლოში შესულია შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საქმის დროული დასრულების მიზნით), რაც ასევე შეუძლებელია მოცემული საკანონმდებლო ბაზის პირობებში. გარდა ამისა, საქმის შეწყვეტა თავისთავად ნიშნავს გირაოს თანხის დაბრუნებას, ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტას და ა.შ. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ბრალდებულის სტატუსი შეიძლება რეპუტაციული თვალსაზრისითაც იყოს აქტუალური, ასევე ამან იმოქმედოს აღნიშნულ პირზე სხვა სამართალწარმოებაში (მიუხედავად უდანაშაულობის პრეზუმფციისა). ასევე შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სადავოდ გამხდარმა ნორმამ, მისი ცვლილების გამო, აქტუალობა დაკარგოს შესაბამისი საქმისთვის. ბუნებრივია, ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში, საქმისწარმოების განახლების მომწესრიგებელი ნორმების ზედმეტად ვიწრო და რეალობასთან (მათ შორის, საქმის განხილვის სისწრაფესთან) დისონანსში არსებული შინაარსი იწვევს იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა [...] უნდა [...] განახლდეს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენისას საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობას, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან - „საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“, შეუსაბამოდ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა