საქართველოს მოქალაქე ერასტი ჯაკობია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/17/739 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2017 19:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ერასტი ჯაკობია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციიის მე-16 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ერასტი ჯაკობია; მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თამარ მესხია, ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №739) მომართა საქართველოს მოქალაქე ერასტი ჯაკობიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 23 მარტს. №739 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 4 აგვისტოს.
2. №739 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.“ ამავე მუხლის პირველი ნაწილით კი, ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, ისჯება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საკუთრების, მფლობელობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით. თუმცა, ამ ნაწილის სადავო, მე-5 წინადადების თანახმად, „თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.“
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით, ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება და, იმავდროულად, ადგენს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.“
5. №739 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 25 მარტს სისხლის სამართლის №074011114802 საქმეზე მთავარმა პროკურატურამ მიიღო დადგენილება ერასტი ჯაკობიას ბრალდებულად ცნობის შესახებ. დადგენილების თანახმად, 2014 წლის 28 ოქტომბერს, შსს სსიპ „112“-ში მიხეილ ფანჩულიძის მიერ დაფიქსირდა შეტყობინება კუთვნილი ავტომანქანის გარეთა სარკის ქურდობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ერასტი ჯაკობია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულისგან მიიღო შეტყობინება დანაშაულის ფაქტზე, გაუხსნელი დანაშაულის შემცირების მიზნით, არ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და არ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მისი ქმედებით არსებითად დაირღვა როგორც დაზარალებულის, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. შესაბამისად, მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2014 წლის 3 ნოემბერს, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა განაცხადა, რომ ფლობდა მისი ერასტი ჯაკობიასთან ამავე წლის პირველი ნოემბერის შეხვედრის აუდიო ჩანაწერს, რაც წარმოუდგინა გამოძიებას CD დისკზე ჩაწერილი სახით. ერასტი ჯაკობიას ადვოკატმა 2015 წლის 8 აპრილს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ, რადგან დაზარალებულმა საუბარი ჩაიწერა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის ან მიყურადებისთვის, თუმცა ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებით მოპოვებული, შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი (მოსალოდნელი) სხვა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა. ამრიგად, დადგენილია, რომ ინფორმაციის მოპოვებისას, რომლის დაუშვებლად ცნობასაც დაცვის მხარე ითხოვს, კანონის დარღვევა არ მომხდარა.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტში საერთო სასამართლოები კითხულობენ იმგვარ შინაარსს, რომ თუკი უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების განმახორციელებელი პირი ჩანაწერს საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს, უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება არ იქნება დანაშაულებრივი და უკანონო. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული შესაძლებელს ხდის სისხლის სამართლის საქმეზე კონსტიტუციის დარღვევით მოპოვებული ჩანაწერის გამოყენებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, როდესაც ადამიანი კომუნიკაციას ამყარებს სხვა პირთან და აწვდის კონკრეტულ ინფორმაციას, არავითარი გონივრული მოლოდინი არ გააჩნია, რომ კომუნიკაციის ადრესატი ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებს, მესამე პირებს არ მიაწვდის. მეორე მხრივ, როდესაც საუბარი მიმდინარეობს ორ ადამიანს შორის და მესამე პირი, რომელიც ორმა ადამიანმა კომუნიკაციის მიღმა დატოვა, ამ საუბარს ფარულად აკვირდება ან იწერს, წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას, ვინაიდან საუბრის მონაწილეებს აქვთ მათი პირადი კომუნიკაციის დაცვის გონივრული მოლოდინი. მოსარჩელის მტკიცებით, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი ამ ორ შემთხვევას ერთმანეთისგან არ განასხვავებს. მეტიც, დანაშაულად არ მიიჩნევს მესამე პირის მიერ სხვისი საუბრის ჩაწერას, ისევე, როგორც საკუთარი საუბრის ჩაწერას და ამგვარი ჩანაწერის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემას. ორივე შემთხვევაში საუბრის ჩაწერა და მისი საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემა კანონიერია. აღნიშნული რეგულირება კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.
9. მოსარჩელის პოზიციის თანახმად, ორ ადამიანს შორის საუბრის ჩაწერისას, ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ მისი საუბარი იწერება, კარგავს საკუთარი პიროვნების ისეთ ასპექტთან დაკავშირებით კონტროლის შესაძლებლობას, როგორიც მისი ხმაა. ასევე, კარგავს შესაძლებლობას, გააკონტროლოს ის, თუ როგორ წარმოჩნდება ამ ჩანაწერის გავრცელებისას საზოგადოების წინაშე. აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის მე-16 მუხლის დარღვევას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი გადაუდებელი აუცილებლობის ინსტიტუტის ან წინასწარ სასამართლოს კონტროლის მექანიზმის არსებობა, თუ ჩაწერა ემსახურებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას და იმავდროულად კანონმდებლობა გაწერს შემთხვევებსა და პირობებს, როდესაც ამგვარი ჩაწერა იქნება ნებადართული.
10. მოსარჩელის მტკიცებით, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი, რომელიც არ ითვალისწინებს, რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს საუბრის ჩაწერა, ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს. საქმის განმხილველ სასამართლოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას არ აქვს საშუალება, შეაფასოს, რამდენად წარმოადგენდა პირის ქმედება ultima ratio ღონისძიებას. ამასთანავე, აღნიშნული მუხლი არ შეიცავს პროცესუალური დაცვის არანაირ საშუალებას, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის წინააღმდეგობას კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.
11. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმას გააჩნია მსუსხავი ეფექტი, რადგან ადამიანი თავს იკავებს კომუნიკაციის დამყარებისგან კონკრეტულ ადამიანთან იმის შიშით, რომ მისი საუბარი შეიძლება ჩაიწერონ. როდესაც პირი ამ შიშის გამო თავს იკავებს სოციალიზაციისგან და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლისგან, ირღვევა კონსტიტუციის მე-16 მუხლი.
12. მოსარჩელის მტკიცებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადება ადამიანს სრულ თავისუფლებას ანიჭებს, თავად ჩაიწეროს ან სხვა პირს განუცხადოს თანხმობა თანამოსაუბრესთან ნებისმიერი კომუნიკაციის ჩაწერის თაობაზე. ნორმა არ ითვალისწინებს წინასწარი სასამართლო კონტროლის განხორციელების ვალდებულებას, არ განსაზღვრავს, რაიმე შეზღუდვას და იძლევა შესაძლებლობას, ჩაწერილ იქნეს კომუნიკაციაში მონაწილე ყველა პირი იმის მიუხედავად, არის თუ არა დანაშაულთან დაკავშირებული. სადავო ნორმა არ განსაზღვრავს დანაშაულთა კატეგორიის წრეს, რომელთათვისაც ნებადართული იქნება კომუნიკაციის მიყურადება ან ფარულად ჩაწერა. შესაბამისად, ის ნებისმიერი საფუძვლით მოპოვებულ ჩანაწერს დასაშვებ მტკიცებულებად აცხადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
13. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი გულისხმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც მართალია, მოპოვებულია კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ის კანონი რომლის დაცვითაც არის მტკიცებულება მოპოვებული, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ პირადი ცხოვრების ორ სხვადასხვა კომპონენტს, ამ ნორმის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე უნდა გავრცელდეს ის სანქცია, რაც დადგენილია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით.
14. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ განიხილება სისხლის სამართლის საქმე და არსებობს შესაძლებლობა, რომ ერასტი ჯაკობიას მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი და შეეფარდოს პატიმრობა.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტს არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს დანაშაულს, რომელიც დამთავრებულია ტექნიკური საშუალების გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, მიყურადების ან კომპიუტერული მონაცემების გამოყენების მომენტიდან. ამ დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას ქმნის მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება. ხოლო ინფორმაციის გავრცელებაში იგულისხმება საუბრის შინაარსის სხვა, თუნდაც ერთი პირისათვის გადაცემა, ასეთი ინფორმაციის მიწოდება მასმედიისთვის და ა.შ. რაც შეეხება თავად სადავო პუნქტს, ის ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას და თავად მუხლის დისპოზიცია არ ვრცელდება ასეთი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების საკითხზე სისხლის სამართლის საქმეში. მოპასუხის მტკიცებით, სადავო პუნქტი ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენას, ინფორმაციის მიწოდებას საგამოძიებო ორგანოებისთვის და ის არ აწესრიგებს აღნიშნული ქმედების შემდგომ დამდგარ შედეგებს.
16. მოპასუხე მხარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნია ის შინაარსი, რაზეც მოსარჩელე აპელირებს და ეხება სასამართლოს განჩინებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით. საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ კანონით განსაზღვრული პირები და მოსარჩელე ან მოპასუხე ვერ გახდება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი პირი. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადება არ ანიჭებს პირს უფლებას, თვითონ ჩაიწეროს თანამოსაუბრის ნებისმიერი კომუნიკაცია, როგორც ამას მოსარჩელე განმარტავს. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ სადავო ნორმის მიერ მოსარჩელის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტს. ვინაიდან, მოსარჩელეს მტკიცებულებები არ მოუყვანია, მის მიმართ ეს ნორმა აბსტრაქტულია და სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა იქნას არსებითად განსახილველად მიღებული.
17. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია ის უფლებრივი კომპონენტები, რომლებიც არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული სხვა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი ნორმების დაცვის ქვეშ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ პირადი ცხოვრების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის ფარგლებში.
18. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან შეფასებისას, კონკრეტული ნორმის შინაარსი უნდა ეხებოდეს მტკიცებულების მოპოვებას, მის შექმნას და შემდგომში, ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობას. ის კი, რაც მოსარჩელეს სადავოდ მიაჩნია მტკიცებულებების საკითხთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე შეაფასა 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილებაში („საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და კონსტიტუციური სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.“ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ჩანაწერი შესაძლებელს ხდის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების სახით კონსტიტუციის დარღვევით მოპოვებული ჩანაწერის გამოყენებას, ვინაიდან უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების განმახორციელებელი პირის მიერ ჩანაწერის საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაცემის შემთხვევაში, უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება არ იქნება მართლსაწინააღმდეგო. ამდენად, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას სისხლის სამართლის საქმეზე.
3. სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი ადგენს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს და შემხებლობა არ აქვს კანონის დარღვევით მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების საკითხთან. სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს აწესრიგებს არა სადავო ნორმა, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში „სსსკ“). აღნიშნულ მსჯელობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მოსარჩელის მითითება, რომლის თანახმადაც საერთო სასამართლომ სადავო ნორმის საფუძველზე მართლზომიერად მიიჩნია მტკიცებულების მოპოვების ფაქტი. პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედების მართლზომიერად მიჩნევადაც რომ ჩაითვალოს იგი მაინც ვერ დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულების დასაშვებობის წესად. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის არაკოსნტიტუციურობა მოსარჩლემ შეიძლება მოითხოვოს იმ შემთხვევაში თუ მიიჩნევს, რომ პირი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობიდან არ უნდა თვისუფლდებოდეს. ხოლო თუ მის პრობლემას მოპოვებული ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენება განაპირობებს, მაშინ მან ის საპროცესო წესი უნდა გაასაჩივროს რომელიც ასეთი მტკიცებულების გამოყენებას უშვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის ისეთ შინაარსს, რომელიც მას არ გააჩნია. შესაბამისად, №739 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
5. მოსარჩელე, ასევე ასაჩივრებს სსსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმა ადგენს, რომ თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად. მოსარჩელის მითითებით, ის ფაქტი, რომ ნორმა არ ითვალისწინებს წინასწარი სასამართლო კონტროლის განხორციელების ვალდებულებას და ის ნებისმიერი საფუძვლით მოპოვებულ ჩანაწერს დასაშვებ მტკიცებულებად აცხადებს, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. მოსარჩელის მტკიცებით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დარღვევა ხდება იმის გამო, რომ სადავო ნორმის მიხედვით, შესაძლებელია, მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული კომუნიკაციის ერთ-ერთი მხარის მიერ კომუნიკაციის ფარული ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა აიძულებს პირს, თავი შეიკავოს სხვა პირებთან კომუნიკაციისაგან იმის შიშით, რომ მისი საუბარი იქნება ჩაწერილი. მსგავსი რეგულაცია მსუსხავი ეფექტის მატარებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლების რეალიზებასთან მიმართებით.
6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებით დაცული არაერთი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან ისეთ უფლებრივ კომპონენტებს, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა მუხლებით დაცულ სფეროებში.
7. მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც ის უშვებს პირადი კომუნიკაციის მიყურადებას სასამართლოს განჩინების გარეშე. ამავე დროს, მოსარჩელე, ერთი მხრივ, უთითებს მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებად ცნობის პრობლემურობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს სასამართლოს განჩინების გარეშე საუბრის ჩაწერის და მტკიცებულებად გამოყენების გამო სადავო ნორმიდან მომდინარე მსუსხავი ეფექტის შესაძლებლობას. ზოგადად, პირად ცხოვრების უფლების შეზღუდვას შესაძლოა მოჰყვეს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი, მათ შორის, მტკიცებულებათა კონსტიტუციის დარღვევით მოპოვება ან/და გარკვეული პირების მიერ პირადი კომუნიკაციისგან თავის შეკავება. თუმცა, იმისათვის რომ სასამართლომ გადაწყვიტოს ამა თუ იმ ნორმით პირადი ცხოვრების კონსტიტუციის რომელი მუხლით დაცული ასპექტი იზღუდება, საჭიროა მოხდეს შეზღუდვის არსის, მისი მიზანმიმართულების გაანალიზება.
8. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა ადგენს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირადი კომუნიკაციის შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე განხორციელების შესაძლებლობას. უფლების შეზღუდვის ამა თუ იმ გვერდით ეფექტზე მითითების მიუხედავად, მოსარჩელის მოთხოვნა, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების წინასწარი სასამართლოს კონტროლის აუცილებლობაზე აპელირებით შემოიფარგლება. აშკარაა, რომ იგი სხვა მხრივ სადავო ნორმას პრობლემურად არ ხდის და არ გამოკვეთს პირადი ცხოვრების უფლების რომელიმე ასპექტს, რომელიც სადავო ნორმის მოქმედებით დაირღვეოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის პირობებში. ამავე დროს, აშკარაა, რომ სადავო ნორმა არეგულირებს პირად კომუნიკაციაზე საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში წვდომის განხორციელების საკითხს და არა ერთი კერძო პირის მიერ მეორე კერძო პირთან საუბრის ფარულ ჩაწერას და საგამოძიებო ორგანოებისათვის წარდგენას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სადავო ნორმის საფუძველზე, პირად კომუნიკაციაზე წვდომის განხორციელებისას (კომუნიკაციის ერთი მხრის თანხმობით) სასამართლოს გადაწყვეტილების არარსებობა არღვევს თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
9. აღსანიშნავია, რომ პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულოების კონსტიტუციურსამართლებრივ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი. სწორედ კონსტიტუციის ეს დებულება ქმნის შეფასების მასშტაბს იმისათვის, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდეს, რა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში იქნება გამართლებული პირადი ცხოვრების ზემოთხსენებული ასპექტის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდვა და რა სახის გარანტიები უნდა გავრცელდეს მასზე. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება პირადი ცხოვრების ისეთ უფლებრივ კომპონენტს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, №739 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის, 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №739 („საქართველოს მოქალაქე ერასტი ჯაკობია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი