რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგო მუშლიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/14/212 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 31 დეკემბერი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგო მუშლიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (1) 1997 წლის 27 ივლისის „საქართველოს იმიგრაციის კანონის“ მე–5 მუხლის, (2) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის №21 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის იმიგრაციის საკითხების განხილვა–გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების 32–ე პუნქტის, (3) „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე–6 მუხლის, (4) „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე–6 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ა.დ.“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან და 22–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებთან მიმართებით იმ ნაწილებში, რომლებიც შეეხება ვიზების გაფორმებას საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგო მუშლიანი და მისი წარმომადგენელი გიორგი ჩხეიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 13 დეკემბერს გადმოეცა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის სერგო მუშლიანის 212–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2002 წლის 25 დეკემბერს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39–ე მუხლი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი და მე–16 მუხლი.
მოსარჩელის აზრით, სადაო აქტები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე–14 და 22–ე მუხლებს, რამდენადაც, მას როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქესა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ იმიგრანტს, უზღუდავენ საქართველოში თავისუფლად, უვიზოდ შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის უფლებას.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა გიორგი ჩხეიძემ დააზუსტა საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებთან მიმართებითაც იგი ითხოვდა სადაო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სადაო ნორმატიული აქტებით აგრეთვე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 47–ე მუხლის პირველი პუნქტიც.
მართალია, მოსარჩელე მოითხოვს სადაო აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან მიმართებით, მაგრამ საქმის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლთან მისი საგნობრივი შემხებლობა. ამდენად, სასამართლო კოლეგია ვერ იმსჯელებს მასთან მიმართებით სადაო აქტების კონსტიტუციურობაზე.
განმწესრიგებელ სხდომაზე ასევე გამოირკვა, რომ „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის შინაარსი არ შეეხება მოსარჩელე მხარეს. ამდენად, სასამართლო კოლეგია ვერ იმსჯელებს მისი კონსტიტუციურობის თაობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე გამოარკვია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სუბიექტია, სარჩელში მითითებული სადაო საკითხები კი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22–ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად რუსეთის ფედერაციის მოქალაქის სერგო მუშლიანის 212–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარცელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (1) საქართველოს 1997 წლის 27 ივლისის „საქართველოს იმიგრაციის კანინის“ მე–5 მუხლის, (2) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის №21 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის იმიგრაციის საკითხების განხილვა–გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების 32–ე პუნქტის, (3) „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 24–ე მუხლის მე–2 პუნქტისა და (4) „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე–6 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ა.დ.“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 22–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებთან და 47–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით იმ ნაწილებში, რომლებიც შეეხება ვიზების გაფორმებას საქართველოში შემოსვლასა და საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 22–ე მუხლთან და 47–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ა. აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი