ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1654 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ალექსანდრე კობაიძე, მირანდა შალამბერიძე |
თარიღი | 18 ოქტომბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება - ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. |
1)საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. 31-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. მე-3 ნაწილი - დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. მე-4 ნაწილი - ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი, პირველი წინადადება - თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. |
2)საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 31-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. მე-3 ნაწილი - დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. მე-4 ნაწილი - ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის ,,ბ’’ პუნქტი - ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: ბ) იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს; |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი- დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. მე-4 ნაწილი - ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ე)საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კონკრეტული ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას. იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის II თავით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ სარჩელით და შესაბამისი მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეებს.
გარდა ამისა, სახეზე არ არის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძვლები შემდეგი გარემოებების გამო: ა)იგი ფორმით და შინაარსით სრულად შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ)იგი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ, ვინაიდან განსახილველი საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას და აღნიშნული შინაარსის სარჩელის შეტანის უფლებამოსილება ფიზიკურ პირებს გააჩნიათ; გ)მასში მითითებული და განსახილველი საკითხები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული და გარანტირებული უფლებების დარღვევას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; დ)მასში მითითებული არც ერთი საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე)მასში მითითებული საკითხები საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე დებულებითაა გათვალისწინებული; ვ)მისი შეტანისთვის არ არის დარღვეული კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან აღნიშნული ვადა არ არის დადგენილი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით. ზ)სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს არ აქვს ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, შესაბამისად, ამ მოტივითაც არ არსებობს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიუღებლობის საფუძვლები და იგი დასაშვებად უნდა იქნას მიჩნეული.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის მიერ განიხილებოდა საქმე N1ბ/1722-20 ნიკა კვარაცხელიას მიმართ, რომელიც მსჯავრდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში. მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იყო ბექა წურწუმია, რომელიც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტში იმყოფებოდა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. მისი გამოკითხვის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში ვიზიტი განახორციელა ნიკა კვარაცხელიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ, რომელმაც დაცვის ორდერის საფუძველზე მოინახულა ბექა წურწუმია, გამოკითხა, შეადგინა შესაბამისი გამოკითხვის ოქმი, რომელზეც გამოკითხულმა პირმა კანონით დადგენილი წესით ხელი მოაწერა. ამის შემდეგ, აღნიშნული ოქმი ადვოკატმა წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლო პროცესზე, პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის საფუძველზე ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის აცილების შესახებ და განაცხადა, რომ ვინაიდან იგი ბექა წურწუმიას დაცვის ორდერის საფუძველზე შეხვდა, იურიდიული კონსულტაცია გაუწია დაზარალებულს და ამდენად, ვეღარ დაიცავდა ნიკა კვარაცხელიას ინტერესებს. ალექსანდრე კობაიძემ განმარტა, რომ დაცვის ორდერის საფუძველზე ნამდვილად მოინახულა ბექა წურწუმია, მაგრამ მისი მიზანი იყო ნიკა კვარაცხელიას ინტერესების დაცვა. მხოლოდ ორდერის საფუძველზე არ შეიძლება დადგინდეს რომ მან იურიდიული კონსულტაცია გაუწია დაზარალებულს. ადვოკატს არ აქვს სხვა ბერკეტი იმისათვის, რომ ამგვარი საპროცესო მოქმედება განახორციელოს, როცა მნიშვნელოვანი მტკიცებულება (მოწმე) გახლავთ ციხეში შეუძლებელია დაცვის ორდერის გამოწერის გარეშე მოინახულო პატიმარი. გარდა ამისა, ადვოკატმა ნიკა კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წარუდგინა ბექა წურწუმიას გამოკითხვის ოქმი, რაც ასევე ადასტურებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ვიზიტის მიზანი არა ბექა წურწუმიას, არამედ ნიკა კვარაცხელიას ინტერესების დაცვა იყო. ამის მიუხედავად მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე განსახილველი საქმიდან აცილებული იქნა.
ამის შემდეგ, დაზარალებულმა ბექა წურწუმიამ პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოგზავნა, რომლშიც აღნიშნავდა, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა ნიკა კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით და ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესზე დაეკითხათ. ასევე, ნიკა კვარაცხელიას ადვოკატმა მირანდა შალამბერიძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, რომ დაზარალებულ ბექა წურწუმიას დაკითხვა მომხდარიყო სასამართლო სხდომაზე ან მიღებულიყო განჩინება, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით მოეპოვებინა მტკიცებულება, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში განეხორციელებინა ვიზიტი ბექა წურწუმიას გამოკითხვის მიზნით. აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურორმა მხარი არ დაუჭირა. მოსამართლემ კი შუამდგომლობა არც ერთ ასპექტში არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს უკვე ჰქონდა შუამდგომლობა დაყენებული ბექა წურწუმიას სასამართლო სხდომაზე დაკითხვის თაობაზე, რაზეც უარი ეთქვა და იგივე შუამდგომლობას მეორედ არ განიხილავდა, ხოლო რაც შეეხება განჩინების გამოცემას და მის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტს მოწმის გამოკითხვის მიზნით, მართალია, ეს საკითხი დარეგულირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგრამ ამ სახის განჩინებას ვერ მიიღებდა, ვინაიდან ამგვარი პრაქტიკა არ არსებობს (იხ. სხდომის ოქმის დისკები).
მართალია, ალექსანდრე კობაიძემ დააყენა შუამდგომლოა ბექა წურწუმიას სასამართლო სხდომაზე დაკითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ მოსამართლეს ამ საკითხზე მაშინ არ უმსჯელია ადვოკატის აცილების გამო, ამიტომ არ იყო უფლებამოსილი, რომ არ ემსჯელა ხელახლა დაყენებულ შუამდგომლობაზე. რაც შეეხება განჩინების გამოცემაზე უარის თქმის მოტივს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 მუხლით დარეგულირებულია, რომ თუ ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მუხლის გამოყენებაზე უარი განაცხადა ამგვარ საკითხზე პრაქტიკის არ არსებობის გამო. საყურადღებოა, რომ აღნიშნული განმარტება გააკეთა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს და მის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას იურიდიულ პრაქტიკაში სახელმძღვანელო მნიშვნელობა აქვს.
მოთხოვნა N1. არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ადვოკატის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოწმესთან ვიზიტის განხორციელებას მისი გამოკითხვის მიზნით.
შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესის მნიშვნელოვანი პრინციპია. მასზეა დაფუძნებული ის საგამოძიებო და შემდეგ სასამართლო პროცესზე განხორციელებული მოქმედებები, რომელსაც დაცვისა და ბრალდების მხარე თავიანთი პოზიციის გასამყარებლად იყენებენ. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, დაცვის მხარე უფლებამოსილია დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები, წარადგინოს სასამართლოში და პროცესზე ამგვარი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების თანასწორად იქნას გამოკვლეული. აღნიშნული წესი მეტად მნიშვნელოვანია საქმის ობიექტურად და სამართლიანად გამოკვლევისათვის, თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის პრინციპი იგივე სახით იქნას გამოყენებული არა მხოლოდ სასამართლო პროცესზე, არამედ მტკიცებულების მოპოვების ეტაპზეც. ადვოკატი, ბრალდების მხარის მსგავსად, უფლებამოსილია დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარის უფლებამოსილების ტოლფასია.
პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ, იმ შემთხვევისთვის, თუ მოწმე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ვიზიტი განახორციელონ მასთან და გამოკითხონ იგი, რაც შემდეგში სასამართლო პროცესზე მოწმის დაკითხის საფუძველია. ადვოკატი კი - ამგვარ შესაძლებლობას მოკლებულია. მის მიერ პატიმრის მონახულების ერთადერთი საშუალება დაცვის ორდერის გამოწერაა. ამგვარი დოკუმენტის არსებობის მიზეზი კი უშუალოდ ორდერში მითითებული პირის ინტერესების დაცვაა, ხოლო ადვოკატის მიერ ისეთი პატიმრის მონახულების შესაძლებლობა, რომლის გამოკითხვაც უნდა განხორციელდეს, კანონმდებლობით არ არსებობს. ერთი შეხედვით, კი - განსახილველი ნორმა დაცვისა და ბრალდების მხარეს თანაბარ საპროცესო ვითარებაში აყენებს, მაგრამ პრაქტიკაში ადვოკატი ვერ ახორციელებს თავისი კლიენტის უფლებების მაღალ დონეზე დაცვას და მტკიცებულებების სრულყოფილად მოპოვებას, რადგან მოწმის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა მნიშვნელოვანი ბარიერია. შედეგად კი ირღვევა დაცვის მხარის უფლება, კერძოდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების დარღვევა იმაში გამოიხატება, რომ მის საქმეზე სრულყოფილად ვერ მოხდება მტკიცებულებების მოპოვება და შესაძლოა ამ მოტივით დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, როცა რეალურად, გამამართლებელი მტკიცებულებები შესაძლოა არსებობდეს; ადვოკატის უფლების დარღვევა გამოიხატება იმაში, რომ ირღვევა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის უფლება და ბრალდების მხარის თანასწორად, მას არ შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში მოწმესთან ვიზიტი განახორციელოს და მოიპოვოს მტკიცებულება. ცხადია, მას შეუძლია მოწმის გამოკითხვის მიზნით დაცვის ორდერის საფუძველზე განახორციელოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, რაც შესაძლოა სამომავლოდ მისი აცილების საფუძველი გახდეს და ეს ისევ დაცვის მხარის უფლებების დარღვევამდე მიგვიყვანს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების დარღვევა - კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული ადვოკატის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში იმ პირის მონახულების საკითხი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის. შედეგად, ადვოკატს შესაძლებლობა არ აქვს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების დასაცავად პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი განახორციელოს მოწმესთან და გამოკითხოს იგი. განსხვავებით ადვოკატისგან, პროკურორისა და გამომძიებლის პენიტენციურ დაწესებულებაში ნებისმიერი პირის ვიზიტი დარეგულირებულია. შედეგად, მათ შეუძლიათ ნებისმიერი პირის მონახულება და გამოკითხვა, შესაბამისად, გამოძიების სრულყოფილად წარმოება. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ დაცვისა და ბრალდების მხარე საკანონმდებლო თვალსაზრისით თანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა დაცვის მხარე პრაქტიკაში ამ უფლებას ვერ ახორციელებს და ბრალდების მხარესთან მიმართებაში უთანასწორო ვითარებაში იმყოფება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა - როცა ბრალდებისა და დაცვის მხარე არათანაბარ ვითარებაში იმყოფებიან, დაცვის მხარის უფლებები მნიშვნელოვნად ირღვევა, რასაც შედეგად მოსდევს მტკიცებულების მოპოვებაში ხელშეშლა და ადვოკატის მიერ მტკიცებულების არასრულყოფილად მოპოვება. ცხადია, რომ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე თავს ვერ მოიყრის ის მტკიცებულებები, რომლის მეშვეობითაც მოსამართლე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის მიღებას შეძლებს. შედეგად, მართალია, ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქმეს შესაბამისი ინსტანციის სასამართლო განიხილავს, მაგრამ იგი ვერ იქნება სამართლიანი არასრულად მოპოვებული მტკიცებულებების გამო. ამგვარად წარდგენილი მტკიცებულებების გამო, ვერ მოხდება საქმის გარემოებების ობიექტური გამოკვლევა და სამართლიანი განაჩენის დადგომა, რაც ცალსახად სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა - მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით ბრალდებისა და დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ყოფნა, მნიშვნელოვნად ზღუდავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვის უფლებას. ამ ხარვეზის შედეგად, მისი დაცვის უფლება თავიდანვე შეზღუდულია. გარდა ამისა, ადვოკატის შეზღუდვა, დაცვის ორდერის ამოწერის გარეშე, პირის გამოკითხვის მიზნით, ვიზიტი განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ზღუდავს მისი თვითორგანიზების უფლებასა და სხვა უფლებების შეუფერხებლად განხორციელებას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევა - მტკიცებულების მოპოვების ეტაპზე, თუ რომელიმე სავარაუდო მოწმე ვერ გამოიკითხება, ეს გარემოება გამორიცხავს სასამართლო პროცესზე მის დაკითხვას. დაცვის მხარისათვის პენიტენციურდაწესებულებაშიმყოფი პირის გამოკითხვაზე უარის თქმა მნიშვნელოვნად ზღუდავს ბრალდებულის იმ უფლებას, რომელიც თავისი მოწმეების ბრალდების მხარის მოწმეების თანასწორ პირობებში გამოძახებას და დაკითხვას გულისხმობს. ვინაიდან ამ შემთხვევაში, არა პირდაპირი გზით ხდება დაცვის მხარის უკვე არსებული მოწმის არათანაბარ პირობებში დაკითხვა, არამედ პრაქტიკული საფუძველი ეცლება მათგან ინფორმაციის მიღებას და შემდეგ სასამართლოში დაკითხვას.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა - შესაძლებელია, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები შეიზღუდოს სხვა, იმ მომენტში უფრო მნიშვნელოვანი უფლების დაცვის მიზნით. საყურადღებოა, რომ ამგავრი შეზღუდვა ლეგიტიმურ და აუცილებელ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია, თუ რატომ იზღუდება ბრალდებულის უფლება, რომ მოიპოვოს მტკიცებულება, მათ შორის კი - პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მოწმის გამოკითხვის გზით. ასევე, მეტი სიცხადისთვის აღვნიშნავთ, რომ ის უფლებები, რაც ბრალდებულს გააჩნია, მათი შინაარსის გათვალისწინებით, გააჩნია ადვოკატსაც.
მოთხოვნა N2. არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს მიერ ისეთ საგამოძიებო საკითხზე განჩინების მიღებას, რომელიც განსაზღვრავს ადვოკატის ან ბრალდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწმის გამოკითხვის მიზნით ვიზიტის განხორციელებას.
გამოძიების ეტაპზე მტკიცებულების მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დაცვის მხარის თავისუფლება, შეუზღუდავად მოიპოვოს გამამართლებელი მტკიცებულებები და კანონით დადგენილ ვადაში და წესით წარადგინოს სასამართლოში, მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან სრულყოფილად მოპოვებული მტკიცებულებები არა მხოლოდ საქმეზე ობიექტური განაჩენის დადგომის საფუძველია, არამედ ბრალდებულის გამართლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ცხადია, კანონმდებლობა ადგენს განსაზღვრულ დაწესებულებებში შესვლის წესსა და შესვლის უფლების მქონე პირთა წრეს. ასეთს წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულება. მოქმედი კანონმდებლობით ბრალდებული ვერ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში მოწმის გამოკითხვის მიზნით, ხოლო ადვოკატს მხოლოდ ორდერის საფუძველზე, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულების უფლებამოსილება გააჩნია. გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე, საჭიროება იქმნება, რომ ადვოკატი ან ბრალდებული შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და სავარაუდო მოწმე გამოკითხოს. ცხადია, აღნიშნულ საჭიროება დასაბუთებული უნდა იყოს და შესაბამისი შუამდგომლობა წარდგენილი უნდა იქნას სასამართლოში, რის შემდეგაც, მოსამართლემ უნდა მიიღოს განჩინება, რის საფუძველზეც დაცვის მხარემ ვიზიტი უნდა განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებაში. იურიდიულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს არის ე.წ. ,,მკვდარი ნორმა’’, რომელიც ვერ ხორციელდება და დაცვის მხარე არათანაბარ პოზიციაში იმყოფება ბრალდების მხარესთან მიმართებაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა - პროკურორს/გამომძიებელს უფლებამოსილება გააჩნია, რომ მოწმის გამოკითხვის მიზნით ვიზიტი განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დაცვის მხარეს ამის უფლება მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე აქვს და პრაქტიკაში ვერ ახორციელებს. შედეგად ირღვევა თანასწორობის უფლება. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პროცესში მხარეებს არათანაბარი საწყისი პირობები აქვთ, რაც სამომავლოდ საქმის საბოლოო შედეგზე აისახება. მართალია, მხარეებს საკანონმდებლო დონეზე თანაბარი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ პრაქტიკაში ამგვარი უფლების განუხორციელებლობა თანასწორობის უფლების პირდაპირი შემლახველია და დაცვის მხარე არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება ბრალდების მხარესთან მიმართებაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა - პირისთვის უფლების მინიჭება, იმასთან დაკავშირებით, რომ მან თავისი უფლებისა და თავისუფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის შექმნით სრულდება აღნიშნული უფლება. მისი საქმე სამართლიანად და დროულად უნდა იქნას განხილული. სამართლიანი განხილვა სრულყოფილ და ობიექტურ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. თუ დაცვის მხარეს არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ გამამართლებელი მტკიცებულებები მოიპოვოს, მათ შორის კი - შევიდეს ისეთ დაწესებულებებში, სადაც ჩვეულებრივ ვითარებაში ეკრძალება ვიზიტის განხორციელება და პირის გამოკითხვა, რომლისთვისაც შეიძლება რაიმე გარემოების შესახებ იყოს ცნობილი, აღნიშნულ ჩანაწერს აზრი ეკარგება. დაცვის მხარეს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ სრულყოფილად გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და ნებისმიერი მტკიცებულების მოპოვების ეტაპზე, როცა კანონმდებლობით განსაზღვრულ სირთულეს წააწყდება, მათ შორის კი - პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის განხორციელების საჭიროება დადგება, მოსამართლემ ობიექტური მსჯელობის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება და დაცვის მხარის მოთხოვნა არ უნდა უარყოს იმ მოტივით, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის განხორციელების პრაქტიკა არ არსებობს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა - როცა ადვოკატს არ ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კი მოიპოვოს ნებისმიერი მტკიცებულება მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად, ირღვევა დაცვის უფლება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზანი არის აღმოფხვრას ის ფაქტობრივი უთანასწორობა, რაც სხვადასხვა სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე წააწყდება მტკიცებულების მოპოვების ეტაპზე. ადვოკატის შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, კერძოდ კი - გამოიცეს განჩინება, რომლის საფუძველზეც შესაძლებლობა მიეცემა დაკითხოს მოწმე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, არ შეიძლება უარყოფილ იქნას პრაქტიკის არ არსებობით. სასამართლოს ასეთი დამოკიდებულება პირდაპირ ლახავს ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას და ასევე ხელს უშლის მისი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევა - იმ პირობებში, როცა დაცვის მხარეს ეზღუდება მოწმის გამოკითხვის უფლება, რისი საფუძველსაც ის გარემოება წარმოადგენს, რომ მოსამართლე კანონს ვერ განმარტავს და პრაქტიკაში მისი განხორციელება ვერ წარმოუდგენია, ცხადია ის სავარაუდო მოწმე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ვერ იქნება გამოძახებული სასამართლო პროცესზე და ვერ დაიკითხება, გამოკითხვის ოქმის არ არსებობის გამო. ასევე, სასამართლოში, მათ შორის კი - საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, უკვე გამოკითხული პირის მოწმის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის და გამოკითხვის შუამდგომლობა ან სასამართლო პროცესზე დაკითხვა უარყოფილი უნდა იყოს არგუმენტირებული მსჯელობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახად ირღვევა ბრალდებულის უფლება, მისი მოწმეები ისეთი პირობებში გამოძახებული და დაკითხული იქნენ, როგორშიც ბრალდების მხარის მოწმეები იკითხება.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა - საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე მოსამართლის მიერ განჩინების მიღებაზე უარის თქმა არა მხოლოდ დასაბუთებული უნდა იყოს, არამედ უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც ადვოკატის მიერ აღნიშნული საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანზე აღმატებული იქნება და მას ობიექტურად მეტი მნიშვნელობა მიენიჭება.
მოთხოვნა N3. არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის,,ბ’’ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელშიც ადვოკატის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში პირის გამოკითხვის მიზნით დაცვის ორდერის საფუძველზე განხორციელებული ვიზიტი შეფასებულია როგორც მოწმისთვის იურიდიული დახმარების გაწევა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია, რომ დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მსგავსად, შეუძლია მოიპოვოს მტკიცებულება, გაუცვალოს მეორე მხარეს და წარადგინოს სასამართლოში. მტკიცებულების მოსაპოვებლად ადვოკატმა შესაძლოა ვიზიტი განახორციელოს სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის კი - ისეთ დაწესებულებაში, რომელში შესასვლელადაც სპეციალური ნებართვაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისათვის დაცვის ორდერის გარდა, სხვა შესაძლებლობა არ გააჩნია. მეორე მხრივ, კი - დაცვის ორდერი იმთავითვე არ ნიშნავს, რომ იურიდიული დახმარება გაწეული იქნა. ამისათვის საჭიროა, მათ შორის არსებული კომუნიკაციის შინაარსის თაობაზე ინფორმაციის ფლობა. ორდერი მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ ადვოკატმა პატიმარი ინახულოს, ხოლო იურიდიული დახმარება გაუწია თუ არა, ეს უნდა შეფასდეს იმით, თუ მათ შორის რა მიზნით შედგა კომუნიკაცია და რა შინაარსის საუბარი განხორციელდა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა - ადვოკატის შეზღუდვა, მის ხელთ არსებული ნებისმიერი კანონიერი გზით მოიპოვოს მტკიცებულება, პირველ რიგში ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვის უფლების შემზღუდველია. ადვოკატის აცილება იმ მოტივით, რომ მის მიერ მტკიცებულების მოპოვების გზა მართალია კანონიერი, მაგრამ კონკრეტული პირთა წრისათვის მიუღებელია, დაუშვებელია და პირდაპირ ზღუდავს დაცვის უფლებას. გარდა ამისა, ადვოკატის თვითორგანიზების უფლების მნიშვნელოვანი შემზღუდველია. დაუშვებელია ადვოკატი აცილებულ იქნას იმ საფუძვლით, რომლის ფაქტობრივი გარემოება დაუსაბუთებელია. იურიდიული კონსულტაციის გაცემა დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტურად, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, იმ პირის მეშვეობით, ვისაც სავარაუდოდ გაეწია იურიდიული კონსულტაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ უნდა დადგინდეს, იურიდიული კონსულტაციის გაცემის უტყუარი ფაქტი და შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება ადვოკატის აცილების შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 ნაწლის დარღვევა - თუ ადვოკატს შეეზღუდება პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო მოწმის გამოკითხვის უფლება, მას თავის დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ერთად მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოიპოვოს კონკრეტული მტკიცებულება, ამ შემთხვევაში კი - მოწმის ჩვენება, რასაც შედეგად მოჰყვება ადვოკატის აცილება თუ უარი თქვას მტკიცებულების მოპოვებაზე და სანაცვლოდ კონკრეტულმა ადვოკატმა გააგრძელოს მისი ინტერესების დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდებულს უწევს არჩევანის გაკეთება მტკიცებულების მოპოვებასა და კონკრეტული ადვოკატის არჩევას შორის, ეს იმთავითვე ამ კონსტიტუციური უფლების შემზღუდველია.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა - ნებისმიერ შემთხვევაში, ადვოკატის აცილება უნდა დასაბუთდეს და მის შედეგად დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს აღნიშნული შეზღუდვით დაცულ სიკეთეს. მეტად მნიშვნელოვანია, რომ დაცული სიკეთე ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. გარდა ამისა, რომ ადვოკატის აცილება დასაბუთებული უნდა იყოს, მანამდე კი - დეტალურად უნა იქნას გამოკვლეული აცილების ფაქტობრივი საფუძვლები და მხოლოდ შემდეგ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა