არჩილ მორბედაძე და ამალია ბადალიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/1559 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 10 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 დეკემბერი 2021 15:19 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: არჩილ მორბედაძე და ამალია ბადალიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვალის №19/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მეორე პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1559) მომართეს არჩილ მორბედაძემ და ამალია ბადალიანმა. №1559 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 28 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 10 დეკემბერს.
2. №1559 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია განათლების მიღების და მისი ფორმის არჩევის უფლება. კონსტიტუციის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის მე-4 წინადადების თანახმად, „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება“.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმით, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირებაზე ნებისმიერი მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ერთმევათ უფლება, მოითხოვონ დამატებითი ტესტირების ჩატარება. სადავო ნორმა, მათ შორის, გამორიცხავს დამატებითი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობას იმ შემთხვევებშიც, როდესაც აბიტურიენტის ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით გამოწვეული ხელშემშლელი ობიექტური მიზეზებით.
6. მოსარჩელეთა პოზიციით, ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობით, აბიტურიენტი ახდენს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლებების რეალიზებას. კერძოდ, განათლების მიღების, მისი ფორმის არჩევის და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების უფლებების. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც აბიტურიენტი ობიექტური მიზეზით ვერ მონაწილეობს ერთიანი ეროვნული გამოცდის კონკრეტულ ეტაპზე და არ ეძლევა შესაძლებლობა, საგამოცდო ვადების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე მოითხოვოს დამატებითი ტესტირების გავლა, მას სასწავლო წლის განმავლობაში, მომდევნო ტესტირების ჩატარებამდე, ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლებები.
7. მოსარჩელის მითითებით, ერთიანი ეროვნული ან საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმოადგენს პროცედურას, რომელიც განსაზღვრავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისას მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული აბიტურიენტთა უფლებრივი ინტერესები. იმ შემთხვევაში, როდესაც აბიტურიენტი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვრულ დროს გამოცხადდეს ტესტირებაზე, იგი ერთი წლით კარგავს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. კერძოდ, გარდა იმისა, რომ აღნიშნული დროის მონაკვეთში აბიტურიენტი მოკლებულია საგანმანათლებლო პროცედურას, ასევე აბიტურიენტ მამაკაცთა ნაწილს შესაძლოა, მოუხდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, რაც მათ მიერ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას კიდევ უფრო გადაავადებს. ასევე, სადავო ნორმა გამორიცხავს ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვა დროს ჩატარებას იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთა საგამოცდო თარიღი დაემთხვა ისეთ ფორსმაჟორულ სიტუაციას, როგორსაც, მაგალითად, ადგილი ჰქონდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როდესაც გარკვეული ვადით საკარანტინო ღონისძიებები გამოცხადდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა თუ სოფლებში.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობისას კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების განსხვავებული თარიღის დანიშვნის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, როდესაც ფორსმაჟორის გამო საგამოცდო ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დადგენილ დროს ჩაატაროს ტესტირება. ხოლო ამგვარი გამონაკლისი არ დაიშვება აბიტურიენტზე, რომელიც ფორსმაჟორის გამო ვერ ცხადდება გამოცდაზე. ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირება თითოეულ საგანში ტარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, რაც უზრუნველყოფს აბიტურიენტისთვის, ტესტირების თარიღის გადატანის შემთხვევაში, წინასწარ არ გახდეს ცნობილი გასავლელი ტესტირების შესახებ არსებული ინფორმაცია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, რომელიც აბიტურიენტს, ობიექტური მიზეზის არსებობისას, ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტს და მეორე პუნქტის მე-4 წინადადებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1559 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1559 („არჩილ მორბედაძე და ამალია ბადალიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში